ნეტგაზეთი | საპყრობილეები ზაფხულში საპყრობილეები ზაფხულში – Netgazeti

საპყრობილეები ზაფხულში

”მონიტორინგი მიმდინარეობდა ზაფხულის განსაკუთრებით ცხელ პერიოდში, შესაბამისად, მონიტორინგის ჯგუფს საშუალება მიეცა, საკნებში არსებული აუტანელი უჰაერობა და სიცხე დაეფიქსირებინა, რაც პატიმრების ყოფას არაადამიანურს ხდის”- ასე აღწერს სახალხო დამცველი ზუგდიდის #4 საპყრობილის მდგომარეობას ზაფხულში.

”მონიტორინგი მიმდინარეობდა ზაფხულის განსაკუთრებით ცხელ პერიოდში, შესაბამისად, მონიტორინგის ჯგუფს საშუალება მიეცა, საკნებში არსებული აუტანელი უჰაერობა და სიცხე დაეფიქსირებინა, რაც პატიმრების ყოფას არაადამიანურს ხდის”- ასე აღწერს სახალხო დამცველი ზუგდიდის #4 საპყრობილის მდგომარეობას ზაფხულში.

ზუგდიდის (#4)და ბათუმის (#3) სააპყრობილეების გეგმური მონიტორინგის შედეგები სახალხო დამცველმა 20 აგვისტოს გაავრცელა.  ორივე საპყრობილე ომბუდსმენის წინა ანგარიშების რეკომედაციების შესაბამისად ლიკვიდაციას ექვემდებარება.

რეკომენდაციები, ჯერჯერობით, გათვალისწინებული არ არის, ორივე საპყრობილე კი გადატვირთულია.  ამჟამად ზუგდიდის საპყრობილეში  453 პატიმარია მოთავსებული (მათ შორის, 15 ქალი და 8 არასრულწლოვანი), რაც აღემატება დადგენილ ლიმიტს – 305 პატიმარს. გადატვირთვაა ბათუმის საპყრობილეშიც -სახალხო დამცველის  მონიტორინგის პერიოდში საპყრობილეში   697 პატიმარი იყო მოთავსებული, მათ შორის, 29 ქალი და 5 არასრულწლოვანი.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ზუგდიდის საპყრობილის საყოფაცხოვრებო პირობები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს: ”ინფრასტრუქტურა იმდენად მოძველებული და ამორტიზებულია, რომ ფაქტობრივად არ ექვემდებარება გარემონტებას. ამავე მიზეზის გამო, შეუძლებელია მღრღნელებისა და პარაზიტების გაქრობა დაწესებულების ტერიტორიიდან”.

უჰაერობას და სიცხეს საპატიმროში უწყლობაც ემატება – ზუგდიდის საპყრობილეში პატიმრებმა ომბუდსმენის წარმომადგენლებს განუცხადეს, რომ წყალი საკნებს დღეში სამჯერ, სხვადასხვა ხანგრძლივობით, მაქსიმუმ  3 საათით მიეწოდება.  

ანგარიშის მიხედვით,  ზუგდიდის საპყრობილე ერთ–ერთი ყველაზე პრობლემურია სამედიცინო მომსახურების კუთხით – პაციენტები ვერ იღებენ ექიმ-კონსულტანტთა  კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას. ადგილობრივი ე.წ. სამედიცინო სტაციონარი, რომელსაც ორი საკანი აქვს დათმობილი, არ შეესაბამება ელემენტარულ სტანდარტებს. მათში შეუძლებელია სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვა.  ამასთან, ზუგდიდის საპყრობილეში 2010 წლის თებერვლიდან აღარ ხორციელდება ფსიქიატრის ვიზიტები.

”პატიმრები ასევე აღნიშნავენ, რომ მათთან მოპყრობა უკანასკნელ პერიოდში საგრძნობლად გაუმჯობესდა და ამ კუთხით რაიმე მნიშვნელოვანი პრეტენზია თანამშრომელთა მიმართ  არ გამოუთქვამთ. მხოლოდ ერთეულებმა აღნიშნეს, რომ პატიმრების მიმართ გრძელდება არასათანადო მოპყრობა, თუმცა კონკრეტული მაგალითების დასახელებისგან თავი შეიკავეს” – ნათქვამია ომბუდსმენის ოფისის მიერ დღეს გავრცელებული მონიტორინგის ანგარიშში.

 ზუგდიდის საპყრობილეს შეახებ ანგარიშში დადებითადაა შეფასებული ის ფაქტი, რომ  კარცერში მოთავსებულ პატიმრებს ჰქონდათ ლეიბი და თეთრეული. თუმცა აღნიშნულმა პატიმრებმა განაცხადეს, რომ კარცერში ყოფნის პერიოდში ვერ სარგებლობენ გასეირნების უფლებით და აბანოთი. დანარჩენი პატიმრები გასეირნების უფლებით  ყოველდღიურადსარგებლობენ, კვირის გარდა, ხოლო აბანოთი – კვირაში ერთხელ.

ზუგდიდის საპყრობილის მსგავსად, ფსიქიატრული დახმარებით ვეღარ სარგებლობენ პატიმრები ბათუმის #3 საპყრობილეშიც.

სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის ანგარიშის მიხედვით, განსხვავებით სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებისაგან, ბათუმის საპყრობილეში არ ხორციელდება სხვადასხვა ექიმ სპეციალისტთა სისტემატური ვიზიტები, რის გამოც ადგილობრივი პატიმრები მოკლებულნი არიან სამედიცინო  სერვისს. საპყრობილეში დადიან მხოლოდ – რენტგენ-ლაბორანტი, ექოსკოპისტი და ლაბორანტი.

ბათუმის საპყრობილეში პრობლემურია წყლის მიწოდება, რაც ანგარიშის მიხედვით,  ზოგადად, ბათუმის წყლის მომარაგებაში არსებულ პრობლემებს უკავშირდება, თუმცა სახალხო დამცველის ოფისი ასევე აღნიშნავს, რომ  ადმინისტრაცია რეგულარულად ამარაგებს პატიმრებს წყლით, რომელიც დაწესებულებაში ცისტერნებით მიაქვს ადგილობრივი წყლის მომარაგების სამსახურს. ამ ფაქტს, მონიტორინგის ჯგუფთან ერთად,  პატიმრებიც ადასტურებენ.

 #3 საპყრობილეში კიდევ ერთი პრობლემა სატელეფონო კავშირია, რომელიც მონიტორინგის დროს უზრუნველყოფილი არ იყო.

მონიტორინგის დროს საპყრობილეში აუტანელი სიცხე იყო – ნათქვამია ანგარიშში. სახალხო დამცველის ცნობით, ეს კლიმატურ პირობებთან იყო დაკავშირებული, ყველა საკანსა და დერეფანში  გამწოვებია დამონტაჟებული და ყველა საკანს აქვს ვენტილატორები. სასურველია, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, პარაზიტებისა და მწერების საწინააღმდეგო ზომების მიღების გახშირება.

ზუგდიდისა და ბათუმის საპყრობილეებამდე, სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა   მონიტორინგი    ქუთაისის N#2, ასევე გეგუთის #8 და ხონის #9 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებებში განახორციელა.

მონიტორინგის მიხედვით, გეგუთის საპყრობილეში, სადაც რამდენიმე თვის წინათ გავრცელებული ინფორმაციით, განსაკუთრებით მძიმე ვითარება იყო,  ახლა მდგომარეობა გაუმჯობესდა.

აქ მოთავსებული მსჯავრდებულები სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან გასაუბრებისას აღნიშნავენ, რომ მდგომარეობა, მათთან მოპყრობის მხრივ, საგრძნობლად გაუმჯობესდა. თანამშრომლები მათ აღარ ექცევიან გამომწვევად და დამამცირებლად, აღარ ხდება მსჯავრდებულთა უმიზეზოდ დასჯა. კარცერში მოთავსებულმა მსჯავრდებულებმა  განაცხადეს, რომ არც კარცერში ყოფნისას, არც მას შემდეგ, მათ მიმართ რაიმე სახის ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.

თებერვალში გეგუთის #8 საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმართა უმეტესმა ნაწილმა შიმშილობა გამოაცხადა. როგორც მაშინ პატიმრებმა ომბუდსმენის წარმომადგენლებს უთხრეს, შიმშილობიდან მესამე დღეს, 28 თებერვალს, მსჯავრდებულებთან მივიდნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლები. მსჯავრდებულებმა მათ განუმარტეს, რომ აღნიშნულ დაწესებულებაში სისტემატური ხასიათი ჰქონდა პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობას. კერძოდ, მსჯავრდებულთა კარცერში უმიზეზოდ მოთავსებას  და მათზე ფიზიკურ ზეწოლას. მსჯავრდებულთა განმარტებით, მასობრივი შიმშილობის მიზეზი  აღნიშნული დაწესებულების კარცერში მოთავსებული მსჯავრდებულის გიორგი კვანტრიშვილის გარდაცვალება იყო.

ამ შეხვედრის შემდეგ  გეგუთის ციხეში შევიდა სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის რამდენიმე ათეული თანამშრომელი.  საცხოვრებელ კორპუსებში მათ  ჩხრეკაჩაატარეს, შემდეგ  რამდენიმე პატიმარი სიით გამოიძახეს, ხოლო დანარჩენებს უთხრეს, რომ საკვების მიღების დრო იყო. მსჯავრდებულთა განმარტებით, ის მსჯავრდებულები, რომლებმაც საკვებზე უარი განაცხადეს,  სპეცრაზმის ე.წ. „კორიდორში“ გაატარეს და   ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს . ამის შემდეგ 200–მდე მსჯავრდებული, პირველ რიგში კი ის პატიმრები,  რომლებმაც შიმშილობის შეწყვეტაზე უარი განაცხადეს,  სხვადასხვა დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ამ ფაქტებთან დაკავშირებით მოპოვებული მასალები  სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა რეაგირებისთვის საქართველოს მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავასმარტში გადაუგზავნა.

ომბუდსმენის ოფისის მიერ 13 აგვისტოს გავრცელებულ ინფორმაციით, პატიმრების მიმართ არასათანდო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ომბუდსმენის მიერ ზოდელავასთვის მასალების გადაგზავნიდან თითქმის ხუთი თვე გავიდა.  ჯერჯერობით, არ დამდგარა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, თუმცა გიორგი ტუღუში იმედოვნებს, რომ გამოძიება ეფექტურად და გონივრულ ვადებში წარიმართება.

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნესტან ცეცხლაძე