სამართალი

შაშკინის გასაიდუმლოებული საჯარო ინფორმაცია

13 აგვისტო, 2010 • 1500
შაშკინის გასაიდუმლოებული საჯარო ინფორმაცია

,,ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ ადამიანი, რომელიც სხვა მინისტრების ფინანსური დოკუმენტების შესწავლას სთხოვს პროკურატურას, თავად მალავს თავის მინისტრობის პერიოდში წარმოებულ საფინანსო-საბიუჯეტო დოკუმენტებს”- ამბობს თეა თუთბერიძე, რომელმაც 12 აგვისტოს მთავარ პროკურატურას მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

სკოლის დირექტორების ასცოციაციის თავმჯდომარემ და თავისუფლების ინსტიტუტის წევრმა დიმიტრი შაშკინის წინააღმდეგ წინასწარი გამოძიების დაწყების თხოვნით საქართველოს მთავარ პროკურატურას მას შემდეგ მიმართა, რაც განათლების სამინისტროსგან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია ვერ მიიღო. თეა თუთბერიძესთან ერთად  შაშკინის უწყებას  იურისტი  რევაზ რიჟამაძეც უჩივის.  ისინი  შაშკინს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს 2009-2010 წლის საფინანსო-საბიუჯეტო ხარჯების ოფიციალურ, საჯარო დოკუმენტაციის გასაიდუმლოებაში ადანაშაულებენ.

თეა თუთბერიძემ და რევაზ რიჟამაძემ განათლების სამინისტროდან 23 ივლისს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ბრუნვის ამსახველი საჯარო დოკუმენტაცია გამოითხოვეს,- სამინისტროს ცენტრალური საშტატო განრიგები სახელფასო განაკვეთების ჩვენებით, სახელმწიფო შესყიდვების ამსახველი დოკუმენტაცია, სამინისტროს საბიუჯეტო გეგმა მასში შეტანილი ყველა ცვლილებით და ა.შ, – თუმცა სამინისტროს დღემდე არც საჯარო დოკუმენტაცია და არც უარის წერილი გაუცია.

,,გვაქვს ინფორმაცია, რომ არის დარღვევები შესყიდვებთან დაკავშირებით, შესყიდვები არის განხორციელებული საბაზრო ღირებულებაზე უფრო მაღალ ფასად, ასევე შესყიდული არის სარემონტოდ უხარისხო პროდუქცია,  გაზრდილია შტატები საზოგადოებასთან ურთიერთობის სექტორში. როდესაც ყველაფერი წესრიგში გაქვს, არ უნდა გქონდეს პრობლემა, მოქალაქე გაეცნოს საჯარო დოკუმენტებს”, – განმარტავს თუთბერიძე.

თუთბერიძე ამბობს, რომ 27 ივლისს  სამინისტროს საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირს, თინათინ ერქვანიას დაუკავშირდნენ, რომელმაც მათ განუმარტა, რომ აღნიშნული დოკუმენტაციის დედნები გატანილი იყო საქართველოს მთავარი პროკურატურისა და კონტროლის პალატის მიერ.

,,ეს აშკარად ცრუ ინფორმაცია იყო, რადგან დედნების გატანა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პროკურატურა ატარებს ჩხრეკა-ამოღებას. სხვა შემთხვევაში გადის მხოლოდ დამოწმებული ასლები. ასევე დედნები არ გააქვს არც კონტროლის პალატას, როგორც შერჩევითი, ასევე გეგმური შემოწმების დროს”, – ამბობს რევაზ რიჟამაძე.

ოფიციალური წერილით თუთბერიძემ და რიჟამაძემ მთავარ პროკურატურასა და კონტროლის პალატასაც მიმართეს. ამ უწყებებმა  საფინანსო-საბიუჯეტო დოკუმენტაციის დედნების სამინისტროდან გატანის ფაქტი არ დაადასტურეს.

 

ამის შემდეგ თუთბერიძე და რიჟამაძე ისევ დაუკავშირდნენ განათლების სამინისტროს:

,,სატელეფონო საუბარში მან (თინათინ ერქვანიამ) გვითხრა, რომ გადმოგვცემდა სამინისტროს ხელძღვანელობის აზრს და სხვა განმარტებაზე კატეგორიულ უარს ამბობდა. მომდევნო დღეებში სამინისტროს საკონტაქტო ტელეფონი სისტემატურად გათიშული იყო”, – წერია განცხადებაში, რომელიც თუთბერიძემ და რიჟამაძემ პროკურატურას მისწერეს.

თინათინ ერქვანიას ,,ნეტგაზეთიც” დაუკავშირდა და სთხოვა განემარტა,  თუ რატომ არ გასცა სამინისტრომ საჯარო საფინანსო დოკუმენტაცია. ერქვანიამ ფაქტი პროვოკაციად შეაფასა და თქვა, რომ მსგავს ცილისწამებებსა და პროვოკაციებზე არანაირი რეაგირება არ შეიძლება იყოს გარდა სამართლებრივისა. კითხვაზე, თუ რატომ აფასებს საჯარო ინფორმაციის მოუპოვებლობის ფაქტს ცილისწამებად და პროვოკაციად, ერქვანიამ განაცხადა, რომ ჟურნალისტთან სამართლებრივ ნორმებით ვერ ილაპარაკებს და სატელეფონო საუბარი გაწყვიტა.

,,როცა შემოდის საჯარო ინფორმაციაზე მოთხოვნა, ის დაუყოვნებლივ უნდა გაიცეს. თუ იმ ეტაპზე არ არის ინფორმაცია ხელმისაწვდომი, პასუხი კანონდადგენილ ვადაში (10 დღეში) გაიცემა. საჯარო ინფორმაციის გაუცემლობა დადგენილ ვადაში ნიშნავს უარს საჯარო ინფორმაციაზე. ეს სამართლებრივი სტანდარტებია და ვერ დაგელაპარაკებით ჟურნალისტს სამართლებრივი ნორმებით. კომენტარისაგან თავს ვიკავებ, დიდი მადლობა ყურადღებისთვის…”

სამართლებრივი სტანდარტით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორმოცე მუხლის მეორე პუნქტით, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, აცნობოს განმცხადებელს მიღებული გადაწყვეტილების, მისი საფუძვლის და ნორმატიული აქტის შესახებ.

,,ოფიციალური პასუხი არ მიგვიღია, რაც პირდაპირ მიუთითებს მინისტრ დიმიტრი შაშკინის მიერ დოკუმენტაციის დამალვის განზრახვაზე, რაც ჩვენი, როგორც მოქალაქეების, საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავის 24-ე მუხლისა (ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია) და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლით (ყველას აქვს უფლება მოითხოვოს ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად… ასევე გაეცნოს მას დედანში) გათვალისწინებული უფლების უხეში დარღვევაა” – წერია განცხადებაში.

თუთბერიძე და რიჟამაძე საქართველოს პროკურატურას წინასწარი გამოძიების დაწყებას სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლის პირველი ნაწილით თხოვენ.

,,დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება, გადამალვა, განადგურება ან დაზიანება, ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე”.

განათლების სამინისტროს თხოვნით, 5 აგვისტოს სამინისტროში მთავარ პროკურატურა შევიდა. სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა ჩაატარა შემოწმება და დაადგინა, რომ 2007-2009 წლებში სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ დაწესებულებებში დებატორულ-კრედიტორული დავალიანებებია. დიმიტრი შაშკინის თხოვნით, მთავარი პროკურატურა ყოფილი განათლების მინისტრების პერიოდის საფინანსო დარღვევებს სწავლობს.

,,სავარაუდოდ, აღნიშნული დავალიანებების წარმოქმნა განპირობებულია არამართლზომიერი გარემოებებით. დიმიტრი შაშკინის ოფიციალური თხოვნის საფუძველზე, სამინისტროში შემოსულია მთავარი პროკურატურა, რომელიც აწარმოებს თემატურ შემოწმებას”, – წერია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერზე.

თუთბერიძე ”საინტერსოდ” მიიჩნევს ფაქტს, რომ ”ადამიანი, რომელიც სხვა მინისტრების ფინანსური დოკუმენტების შესწავლას სთხოვს პროკურატურას, თავად მალავს თავის მინისტრობის პერიოდში წარმოებულ საფინანსო-საბიუჯეტო დოკუმენტებს”

იგი ამბობს, რომ  ეს პირველი შემთხვევაა, შაშკინისა და სხვა მინისტრების პერიოდშიც, როცა განათლების სამინისტროდან საჯარო ინფირმაციის მიღებაზე მას პრობლემა შეექმნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი