სამართალი

პოლიციელის თქმით, ძვირადღირებულ ნივთებს ინახავდა მანქანაში, რომლის დაწვაშიც ლაზარეს ადანაშაულებენ

13 ივნისი, 2023 • 5213
პოლიციელის თქმით, ძვირადღირებულ ნივთებს ინახავდა მანქანაში, რომლის დაწვაშიც ლაზარეს ადანაშაულებენ

დღეს, 13 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7-8 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა. სხდომა ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით დაიწყო.

პროცესზე დაიკითხა 2 მოწმე: ექსპერტი და შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი მაისურაძე.

დაკითხვის საგანს წარმოადგენდა პოლიციის კუთვნილი ავტომობილი, რომელზე ცეცხლის წაკიდებასაც ლაზარე გრიგორიადისს ედავებიან.

ლაზარე გრიგორიადისი 13.06.2023 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

როგორც ექსპერტმა განმარტა, ექსპერტიზის მიზანს წარმოადგენდა თბილისში, მარტის აქციების დროს, რუსთაველის გამზირზე დაზიანებულ მანქანაში ცეცხლის გაჩენის მიზეზის დადგენა. ექსპერტმა აღნიშნა, რომ თავად ქიმიური ექსპერტიზის ნაწილში იყო ჩართული და უნდა დაედგინა, მოხდა თუ არა ეს ნავთობპროდუქტების გამოყენების შედეგად.

მოწმის თქმით, ჩატარებული კვლევების შედეგად, ტოიოტა კოროლას მარკის მანქანიდან ამოღებულ ანასხლეტში ნავთობპროდუქტების კვალი არ აღმოჩნდა. დაცვის მხარემ ექსპერტს ჰკითხა, გამორიცხავდა თუ არა მის მიერ მომზადებული დასკვნა მანქანის ნავთობპროდუქტების გამოყენებით განადგურების შესაძლებლობას, რაზეც მოწმემ განაცხადა, რომ ავტომობილი სრულად იყო დამწვარი და შესაძლოა კვალი აორთქლებულიყო, თუმცა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მის მიერ ამოღებული ანასხლეტის კვლევისას ნავთობპროდუქტების კვალი არ აღმოჩენილა.

აღნიშნულის შემდეგ პროცესი ბრალდების კიდევ ერთი მოწმის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, გიორგი მაისურაძის დაკითხვით გაგრძელდა.

ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი მაისურაძე. 13.06.23 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი მაისურაძე. 13.06.23 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

მაისურაძის თქმით, სამსახურებრივი ავტომობილი, რომელიც მის განკარგვაში იყო, რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო თბილისი მერიოტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰქონდა დატოვებული, თავად კი პარლამენტის შენობის მიმდებარედ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა. შსს-ს სხვა თანამშრომლების რაციაში შევიდა შეტყობინება, რომ აქციის მონაწილეები მანქანებს აზიანებდნენ.

მაისურაძის თქმით, აღნიშნულის გაგონების შემდეგ ინტერნეტის საშუალებით კადრები ნახა, სადაც საკუთარი მანქანა ამოიცნო და მის სანახავად ქაშვეთის ტაძრის მიმართულებით გაემართა, სადაც დაინახა, რომ რამდენიმე პირი მის მანქანას დაზიანებებს აყენებდა, შემდეგ კი რუსთაველის გამზირზე ამოიტანეს.

მოწმის თქმით, დაინახა, რომ ავტომობილს ცეცხლი ერთმა პირმა წაუკიდა, თუმცა განაცხადა, რომ ამ პირის არც ამოცნობა შეუძლია და არც აღწერა.

დაცვის მხარის კითხვაზე, თავად რატომ იმყოფებოდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდების მოწმემ განაცხადა, რომ იქ მართლწესრიგს იცავდა, თუმცა სამსახურებრივი მოწმობა, ფორმის ნაწილი და ხელის რადიოგადამცემი, რომელიც მისი თქმით, დატენილი არ იყო, მანქანაში ჰქონდა დატოვებული.

მოსამართლე ზვიად შარაძე 13.06.23 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

გრიგორიადისის ადვოკატები ასევე დაინტერესდნენ, როგორ იცავდა მართლწესრიგს გიორგი მაისურაძე, თუ სამსახურებრივი მოწმობა მანქანაში ჰქონდა დატოვებული, რადგანაც მოქალაქეების დაკავებისას პოლიციელს აქვს ვალდებულება, დაკავებულს ეს მოწმობა წარუდგინოს. მაისურაძემ თქვა, რომ მას პირადად არავინ დაუკავებია, თუმცა ეს პრობლემას არ წარმოადგენდა, ვინაიდან, მისი თქმით, პოლიციის ფორმა ეცვა, მოწმობა კი იქვე, საფულესთან ერთად მანქანაში ჰქონდა შენახული.

კითხვაზე, რატომ არაფერი მოიმოქმედეს მაისურაძემ და მისმა კოლეგებმა, როდესაც დაინახეს, რომ მის განკარგვაში არსებულ ავტომობილს, როგორც მოწმე ამბობს, რამდენიმე პირი საღებავებით აზიანებდა, პოლიციელი პასუხობს, რომ იქ იყვნენ პირები, რომლებიც ისროდნენ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს.

გრიგორიადისის ადვოკატმა შსს-ს თანამშრომელს პირვანდელ ჩვენებასთან შეუსაბამობაზეც მიუთითა. კერძოდ, ადვოკატის თქმით, გიორგი მაისურაძეს თავდაპირველ ჩვენებაში ნათქვამი ჰქონდა, რომ საკუთარი მანქანის დაზიანების კადრები ინტერნეტში ნახა და ის, რომ ეს ყველაფერი თავადაც დაინახა, ამის შესახებ მითითებული არ ჰქონდა.

ქ. თბილისის პოლიციის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი მაისურაძე 13.06.23 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ამასთან, ადვოკატის თქმით, ჩვენებაში პოლიციელს მითითებული აქვს, რომ ავტომობილში შენახული ჰქონდა 1 300 ლარის ღირებულების Zegna-ს სათვალე, 3 200 ლარის ღირებულების „ეფლ ვოჩი“ და სხვა ძვირადღირებული ნივთები, მაგალითად, 1000-ლარიანი ლაკოსტას ბრენდის ფეხსაცმელი. მოწმემ ეს გარემოებები დაადასტურა და აღნიშნა, რომ ყველა მათგანი ბანკის პირადი ბარათით შეიძინა და გადახდების ისტორია შენახული აქვს.

ამის შემდეგ დაცვის მხარემ მოწმეს ჰკითხა, რამდენი ლარი აქვს ხელფასი საჯარო მოხელეს, რომელიც ასეთი ძვირადღირებული ნივთების შეძენას ახერხებს. ამას ბრალდების მხარის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა, მოსამართლემ კი განაცხადა, რომ ამ კითხვას საქმესთან შემხებლობა არ ჰქონდა.

გიორგი მაისურაძე ამჟამინდელ თანამდებობას 2022 წლის 14 დეკემბრიდან იკავებს. 2023 წლის დეკლარაციის მიხედვით, რომელიც 2022 წლის პერიოდს მოიცავს, 14 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ხელფასის სახით მას 1 781,25 ლარი აქვს მიღებული. შესაბამისად, თუ ნახევარ თვეში მან ეს თანხა მიიღო, გამოდის, მისი ყოველთვიური ხელფასი დაახლოებით 3 500 ლარს უნდა შეადგენდეს.

დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის დეპარტამენტში გადმოყვანამდე, გიორგი მაისურაძე რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უფროსის მოადგილე იყო, სადაც 2022 წელს ხელფასის სახით  23 375,9 ლარი ჰქონდა მიღებული.

ლაზარე გრიგორიადისი 13.06.2023 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

პროცესის დასასრულს, ბრალდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა მოსამართლეს ჰკითხა, თუ შეეძლო განცხადება გაეკეთებინა, რაზეც ზვიად შარაძისგან უარი მიიღო. მოსამართლის თქმით, პროცესი უკვე დასრულებული იყო და ბრალდებული განცხადებას ვეღარ გააკეთებდა.

გრიგორიადისის ადვოკატების თქმით, ლაზარე საზოგადოებას შემდეგ სასამართლო სხდომაზე მიმართავს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში 27 ივნისს, 12:00 საათზე გაიმართება.


21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტის ღამით დააკავა. მას ედავებიან რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას. დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 31 მარტს მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი