სამართალი

ექსპერტიზის დასკვნაში საუბარია 39 დაზიანებაზე – ადვოკატი დიღომში დაღუპულ ბავშვზე

28 აპრილი, 2023 • 4702
ექსპერტიზის დასკვნაში საუბარია 39 დაზიანებაზე – ადვოკატი დიღომში დაღუპულ ბავშვზე

ადვოკატის და ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ წარმომადგენლის, ელისო რუხაძის თქმით, ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ დიღომში დაღუპულ 12 წლის ანა იანუშაიტიტეს სხეულზე 39 დაზიანება აღენიშნება.

ორგანიზაციის ინფორმაციით, დღეს, 28 აპრილს, ადვოკატებს გადაეცათ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის ასლი.

„ექსპერტიზის დასკვნაში ასახულია 39 დაზიანება, რაც ნიშნავს იმას, რომ გოგონამ საკმაოდ მძიმე გზა გაიარა სიკვდილამდე. დაზიანებები არის ძალიან მრავლობითი – არის როგორც სახის არეში, ასევე ყურის სხვადასხვა მხარეს. ყელზე არის საკმაოდ დიდი მოცულობით დაზიანებები, ასევე არის ფეხის, ზურგის და სხეულის სხვა ნაწილებზე.. თითქმის მთელ სხეულზე არის როგორც წვრილი მრავლობით დაზიანებები, ასევე დიდი“, – ამბობს „ტვ პირველთან“ ელისო რუხაძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ბავშვს გარდაცვალებამდე სცემეს, ადვოკატი დასძენს, რომ დასკვნაში საუბარია „სისხლნაჟღენთებსა და ნაჭდევებზე, რომელიც არის სიცოცხლის დროინდელი და გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მიყენებული“.

ელისო რუხაძის ცნობით, დასკვნაში მითითებულია, რომ გარდაცვალების მიზეზი ასფიქსიაა, რაც სუნთქვის შეჩერებას ნიშნავს. თუმცა, ადვოკატის თქმით, დასკვნით შესაძაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ასფიქსიას წინ უძღოდა დაზიანებების მიღება გარკვეულ გარემობებში”.

“უნდა დადგინდეს, რა გარემოებებში მოხდა დაზიანებების მიღება”, – აცხადებს ადვოკატი.

ამავე ტელეკომპანიასთან მოკლე კომენტარში ანას დედა, ნატო ხუტაშვილი ამბობს, რომ დაზიანებები ბლაგვი, მკვრივი საგნითაა მიყენებული და ასევე აცხადებს, რომ მისი რწმენით, ბავშვი მოკლეს.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, „უფლებები საქართველო“ ამბობს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა საჭიროებს დეტალურ ანალიზს, მათ შორის, შესაბამისი დარგის სპეციალისტების ჩართულობას, რის შემდეგაც „უფლებები საქართველოს“ ადვოკატები საგამოძიებო უწყებას მიაწვდიან იმ კითხვების ჩამონათვალს, რომელთა დასმის საჭიროებასაც დაინახავენ დამატებითი ექსპერტიზის მიზნებისათვის.

„ამ ეტაპზე ცალსახად იკვეთება კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების საჭიროება, რომელიც უნდა დაეფუძნოს იმ კითხვების სრულ ჩამონათვალს, რაზედაც პასუხი არსებულ დასკვნაში არ არის, ან/და არასრულია“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.


17 მარტს, დიდ დიღომში რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ 12 წლის გოგო იმავე უბანში გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შესაძლოა, 12 წლის ანას გვამის გადამალვა სცადეს – „უფლებები საქართველო“

 

მასალების გადაბეჭდვის წესი