საზოგადოებასამართალი

როდის გამოაქვეყნებენ სასამართლოს განაჩენებს – „კორპორატივიზმს მზის შუქი არ აწყობს“

1 აპრილი, 2023 • 5603
როდის გამოაქვეყნებენ  სასამართლოს განაჩენებს – „კორპორატივიზმს მზის შუქი არ აწყობს“

„კორპორატივიზმს არ აწყობს საჯაროობა,“ – ამბობს იურისტი კახა წიქარიშვილი, რომელსაც სასამართლო გადაწყვეტილებების საჯაროობაზე ვესაუბრეთ: ვნახავთ თუ არა განაჩენებს, თუკი „ქართული ოცნება“ იმ კანონპროექტს მიიღებს, რაც სასამართლო აქტების გასაჯაროებას ითვალისწინებს კონკრეტული პირობით?

ვენეციის კომისია ახალ დასკვნაში საქართველოს შესახებ „კორპორატივიზმს“ არქმევს კლანს სასამართლოში და მკაფიოდ ამბობს, რომ „ოცნების“ მიერ დაგეგმილი სასამართლო რეფორმა არ მოიტანს ფუნდამენტურ ცვლილებებს. გაკრიტიკებულია ეს ნაწილიც – განაჩენების საჯაროობა.

კონკრეტული განაჩენები და სასამართლოს სხვა გადაწყვეტილებები საქართველოში 2019 წლიდან აღარ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საჯარო უნდა იყოს, მხოლოდ პერსონალური მონაცემების დაცვის პირობით.

თუმცა უკვე 3 წელია პარლამენტმა კანონი არ შეცვალა. სასამართლოებმა კი, გადაწყვეტილებების გამოქვეყნება საერთოდ შეწყვიტეს.

პრობლემურია სასამართლოებიდან გადაწყვეტილებების გამოთხოვაც: ის შესაძლოა იმ მოტივითაც არ მოგცენ, რომ მონაცემებს დაფარვა სჭირდება, შესაბამის მასალებს მოძიება და ამისთვის რესურსი არ ჰყოფნით. პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები დაშტრიხული ფორმითაც აღარ ქვეყნდება 2020 წლის შემდეგ. დაშტრიხული ფორმით ქვეყნდება მხოლოდ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები.

„მაგალითად, ჩვენ გვაინტერესებდა რა წერია ე.წ. გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენში, ამ მიზნით მივმართეთ საქალაქო სასამართლოს და მოვითხოვეთ განაჩენი. სასამართლომ გვითხრა უარი პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით, გავასაჩივრეთ და კვლავ უარი მივიღეთ,“ – ამბობს იურისტი კახა წიქარიშვილი.

„ქართული ოცნების“ კანონპროექტის მიხედვით კი, საქმის განხილვის დროს სასამართლო პროცესში მონაწილე თითოეულ ადამიანს უნდა დაუკავშირდეს და ჰკითხოს, არის თუ არა თანახმა, მისი ვინაობა და მაიდენტიფიცირებელი მონაცემები გამჟღავნდეს. თუ პირი პერსონალური მონაცემების დაფარვის მომხრეა, ამის შემდეგ სასამართლომ უნდა იმსჯელოს და გადაწყვიტოს დაიფაროს თუ არა ამ პირის ვინაობა სასამართლოს აქტებში.

დამოუკიდებელი იურისტების პოზიცია „ოცნების“ კანონპროექტზე ცალსახაა: სასამართლოს მეტი შესაძლებლობა ეძლევა, მინიმუმ გააჭიანუროს სასამართლო გადაწყვეტილების გაცემა, ან საერთოდ არ გასცეს გადაწყვეტილება იმ მოტივით, რომ გადაწყვეტილებაში მოხსენიებული პირების თანხმობის საკითხი არ არის გარკვეული.

მართლმსაჯულების სექტორში მომუშავე ორგანიზაციებმა პარლამენტს რამდენიმე ალტერნატივაც შესთავაზეს, რაც მარტივად აწესრიგებს სასამართლოს აქტების გაცემას/გამოქვეყნებას ისე, რომ იმავდროულად პირადი ცხოვრების ხელყოფა არ მოხდეს, თუმცა „ოცნება“ ექსპერტების მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ კანონპროექტებს არც კი იმჩნევს.

„ვენეციის კომისიამ თავის დასკვნაში ამ ნაწილზე თქვა, რომ პროცედურა უნდა გამარტივდეს,“ – გვიყვება „დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფის“ წევრი კახა წიქარიშვილი. მან ჩამოგვითვალა რისკები, რა შეიძლება მოხდეს, თუ პარლამენტი ვენეციის კომისიის კრიტიკასაც არ გაითვალისწინებს და არსებულ კანონპროექტს დაამტკიცებს.

  • გადაწყვეტილება გაიცემა მხოლოდ მას შემდეგ, როცა იგი კანონიერ ძალაში შევა – „ეს არ არის სწორი, რადგან როდესაც პირველი ინსტანციით გამოდის გადაწყვეტილება, შეიძლება ორი-სამი წელი დასჭირდეს აპელაციას და შემდეგ კასაციას. ფაქტობრივად, საზოგადოება ორი და სამი წელი უნდა ელოდოს, როცა ეს საქმე შეიძლება რეზონანსული იყოს და საერთოდ დაიკარგოს მის მიმართ ინტერესი 3 წლის შემდეგ. კანონიერ ძალაში პირველი ინსტანციის დასრულების შემდეგ მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეები შედის.

როდესაც სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, ის აღარ ექვემდებარება მოდიფიკაციას. შეიძლება, ეს გადაწყვეტილება სააპელაციომ გააუქმოს ან შეცვალოს, მაგრამ ის უკვე რჩება ისტორიას და არ ნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ტექსტი უნდა შეიცვალოს. ჩვენი აზრით, არ არის დასაბუთებული ეს ნაწილი.

უმთავრესი რისკი აქ უმიზეზოდ გაჭიანურებაა გადაწყვეტილების გასაჯაროების მაშინ, როცა საქმის მიმართ მაღალი ინტერესი არსებობს.“

  •  საქმის მასალები ხელმისაწვდომი არ იქნება – იურისტი კახა წიქარიშვილი განმარტავს, რომ „ოცნების“ კანონპროექტი შეეხება უშუალოდ გადაწყვეტილებებს და არ ეხება საქმის მასალებს, მაგალითად, მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, სხდომის ჩანაწერებს. სასამართლოს ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ვერ მოვთხოვთ გაასაჯაროვოს საქმის მასალები. „ბევრ ქვეყანაში, მაგალითად, აშშ-ში საქმის მასალები ისევეა ხელმისაწვდომი, როგორც გადაწყვეტილებები. შემოთავაზებული კანონპროექტი კი, ეხება მხოლოდ გადაწყვეტილებებს. სასამართლოები გვეტყვიან, რომ გასაჯაროება ეხება მხოლოდ გადაწყვეტილებებს და ჩვენ საქმის მასალებს არ გავცემთ,“ – ამბობს კახა წიქარიშვილი.
  • დახურულ სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებები დახურული დარჩება – იურისტები ამ ნაწილში ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ სხდომის დახურვა არ ნიშნავს გადაწყვეტილების დახურვას და „გადაწყვეტილების დახურვა, როგორც სამართლებრივი კატეგორია, არ არსებობს.“
  • 2025 წლამდე სასამართლოს ძველ გადაწყვეტილებებს ვერ ვნახავთ – კიდევ ერთი პრობლემა დედლაინია, რომელსაც კანონპროექტი აწესებს და ეს 2025 წელია. კანონის მიღებამდე სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ისევ თაროებზე შემოდებული დარჩება. კანონპროექტის მიხედვით, 2023 წლის 1 მაისამდე მიღებული გადაწყვეტილებების გაცემა შესაძლებელი გახდება მხოლოდ 2025 წლის 1 მაისიდან.

    კახა წიქარიშვილი

  • როგორ გამოქვეყნდება განაჩენები? – „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში პირდაპირ წერია, რომ ყველა გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს… მოსალოდნელი იყო ის, რომ კანონპროექტში გაჩნდებოდა ჩანაწერი, რომელიც დააკონკრეტებდა, გამოქვეყნების დროს როგორ უნდა დამუშავდეს პერსონალური მონაცემები, მაგალითად, დაიშტრიხოს თუ არა, უნდა დაიშტრიხოს მუნიციპალიტეტი, ან ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება?“ – კითხულობს კახა წიქარიშვილი და ხაზს უსვამს იმას, რომ დღეს, როცა, მაგალითად, უზენაესი სასამართლო აქვეყნებს გადაწყვეტილებებს, ზოგჯერ რთული გასაგები ხდება მისი შინაარსი, იმდენად მასობრივად არის დაშტრიხული მონაცემები იურისტები განმარტავენ, რომ „ოცნების“ კანონპროექტი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამოქვეყნებას არ აწესრიგებს და იგი მხოლოდ გადაწყვეტილებების გაცემას ეხება.
  •  სასამართლოს დასჭირდება თანხმობა – იურისტების აზრით, ეს საკვანძო საკითხია, რადგან კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, განაჩენებსა თუ სასამართლოს ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე წვდომა კი არ გაიოლდება, პირიქით, გართულდება და შესაძლოა, გადაწყვეტილებები დღის შუქზე აღარც კი გამოვიდეს. კანონპროექტის მიხედვით, თითოეული საქმის შემთხვევაში სასამართლო უნდა დაუკავშირდეს პროცესში მონაწილე თითოეულ პირს და გაარკვიოს ამ პირის პოზიცია მის შესახებ პერსონალური მონაცემის გამჟღავნებაზე.

„ეს ძალიან რთული მექანიზმია… არსებობს სუბიექტის ნების გარკვევის ე.წ. პასიური მეთოდი, რომლის მიხედვითაც თუ პირს არ აქვს პრეტენზია მისი ვინაობის დაფარვასთან დაკავშირებით, მისი სახელი და გვარი ავტომატურად ხდება საჯაროდ ხელმისაწვდომი.  შემოთავაზებული მოდელი კი, ართულებს გადაწყვეტილებების გაცემის პროცედურას.

წარმოიდგინეთ, პირველი ინსტანციის სასამართლოებში ყოველწლიურად განიხილება დაახლოებით 130 ათასი საქმე [ყველა კატეგორია]. თუ დავუშვებთ, რომ თითო საქმეში მინიმუმ ორი ადამიანი მაინც ფიგურირებს, გამოვა, რომ სასამართლომ ყოველწლიურად სათითაოდ უნდა გაარკვიოს მინიმუმ 260 ათასი ადამიანის ნებამისი ვინაობის დაშტრიხვასთან დაკავშირებით.

მე ეჭვი მეპარება, რომ  ამ კანონპროექტთან დაკავშირებით კონსულტაცია არ იქნა გავლილი სასამართლოების ადმინისტრაციულ პერსონალთან, ვინაიდან ეს შეაფერხებს ისედაც გადატვირთული სასამართლოების საქმიანობას,“ – ამბობს კახა წიქარიშვილი.

„ფაქტია, რომ ამით საქმე ემატება სასამართლოს, ვნახოთ, თუ ამის დაძლევა შეუძლიათ. მე არ მგონია, რომ ეს საკითხი გავლილი იყოს მოსამართლეებთან. თუ პარლამენტმა კონსულტაცია გაიარა მხოლოდ კონკრეტულ ჯგუფთან, დაწინაურებულ მოსამართლეებთან, რომლებსაც არ აწერიათ 500 საქმე განსახილველად, მათ შესაძლოა უთხრეს, რომ ეს დაძლევადია,“ – გვიყვება ნაზი ჯანეზაშვილი, „სასამართლოს გუშაგის“ ხელმძღვანელი.

ნაზი ჯანეზაშვილი

„საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ ბალანსი უნდა იყოს გამჭვირვალობის სასარგებლოდ, როცა საქმე ეხება პერსონალური მონაცემების დაცვას. „ოცნების“ კანონპროექტი კი, კარგავს ამ ბალანსს, როცა თითოეული პირის ნების გარკვევას ითხოვს. კონსტიტუციური სტანდარტი არის ის, რომ პირს ჰქონდეს მოთხოვნის უფლება, დაიცვან მისი პერსონალური მონაცემები, მაგრამ თუ ადამიანი არ შეავსებს ამისთვის გათვალისწინებულ სპეციალურ ფორმას, უნდა ივარაუდებოდეს, რომ ის ადამიანი არის გამჭვირვალობის მომხრე.

მთავარი უცნაურობა ამ კანონპროექტში არის ის, რომ ზოგადად მმართველი პოლიტიკური პარტია პრობლემად მიიჩნევს სასამართლოების გადატვირთულობას. ამ დროს კი სასამართლოს უმატებს საქმეს და არამხოლოდ ტვირთავს, უფლებრივადაც ცუდ გავლენას ახდენს. შეუძლებელია, არსებულმა წესმა საქართველოში იმუშაოს ნორმალურად,“ – ამბობს გიორგი დავითური, IDFI-ის კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელი.

გიორგი დავითური

რატომ შეიძლება არ აწყობდეს სასამართლო კლანს, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებებს გავეცნობით? 

„მთავარი ხარვეზია ჩახლართული ფორმულირებები, განუჭვრეტადი ნორმები… გამოქვეყნების დროს ეს წარმოშობს მთელ რიგ ხარვეზს და შესაძლოა, ვერც ვერასდროს მოიპოვო სასამართლოს გადაწყვეტილება,“ – ამბობს ეკა ბესელია, ორგანიზაცია „მართლმსაჯულების სახლის“ ხელმძღვანელი და ხაზს უსვამს საფრთხის მასშტაბის გაზრდას, როცა სასამართლოს კლანზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი გვესაუბრება და ვენეციის კომისიაც კორპორაციას ხედავს ქართულ სასამართლოებში.

ეკა ბესელია

„არ ვიცი, ვის არ სურს ეს: პარლამენტს, სასამართლოს თუ ორივეს ერთად, მაგრამ ჩანს აქტიური მცდელობა, მაქსიმალურად დააყოვნონ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჯაროება, მაქსიმალურად გაიწელოს ეს პროცედურები, რომ მისი მიღება იყოს ძალიან რთული ან შეუძლებელი,“ – ასე აჯამებს თავის შთაბეჭდილებას გიორგი დავითური, IDFI-ის კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელი, რომელსაც ვკითხეთ, რაში აწყობს სასამართლოსთვის საქმის დამატება და მოუქნელი სისტემა, როცა საქმე განაჩენების გამოქვეყნებას ეხება?

გიორგი დავითური მიიჩნევს, რომ „ოცნების“ კანონპროექტი სასამართლო კლანის ხელში ახალ შესაძლებლობასაც აჩენს: ვერც კი გაასაჩივრო მოსამართლის გადაწყვეტილება, როცა ის გადაწყვეტს, რომ საქმე დახურული უნდა დარჩეს.

„როცა გადაწყვეტილება მიიღება არა სასამართლოს ადმინისტრაციის მიერ [რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს], არამედ უშუალოდ მოსამართლის მიერ, ამას ვერც გაასაჩივრებ, ეს იგივეა, როცა კონკრეტული სხდომის დახურვაზე იღებს მოსამართლე გადაწყვეტილებას და ალბათ, თქვენთვისაც, როგორც ჟურნალისტისთვისაც უთქვამთ, რომ უნდა დატოვოთ სხდომის დარბაზი. მესამე პირი, მათ შორის, ჟურნალისტი, იურისტი, მკვლევარი ამ გადაწყვეტილებას ვერ გაასაჩივრებს,“ – განმარტავს გიორგი დავითური.

„კლანის არსებობას ხელს უწყობს ბევრი ფაქტორი, ერთ-ერთია სასამართლოს ნაკლები გამჭვირვალობა. რაც უფრო სიბნელე და უკუნი იქნება, მით უფრო თავისუფლად მოახერხებს კლანი მანევრირებას. სასამართლომ იცის, რომ თუ ის არ იღებს სამართლიან და კანონიერ გადაწყვეტილებას და ეს მაშინვე ქვეყნდება, მეორე დღესვე შეიძლება აღმოჩნდეს თავისუფალი პრესის ფურცლებზე…“, – თავის მოსაზრებას გვიზიარებს იურისტი კახა წიქარიშვილიც.

ნაზი ჯანეზაშვილი კი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, მიიჩნევს, რომ მოსამართლეებზე იქნება დამოკიდებული, როგორ იმუშავებს ახალი რეგულაცია: „წინასწარ მიჭირს ამის თქმა, რა იქნება, ჩვენ ამის გამოცდილება არ გვაქვს და არ ვიცით, მოსამართლეები მართლაც შესძენენ სიცოცხლისუნარიანობას ამ ნორმებს და საჯარო ინტერესის გათვალისწინებით იმოქმედებენ, თუ სხვა ინტერპრეტაციას მისცემენ, მერე შეგვიძლია შეფასება,“ – გვითხრა ნაზი ჯანეზაშვილმა, რომელსაც შედარებით ოპტიმისტური მოლოდინი აქვს:

„მათ ასეთი მანიპულირების მექანიზმი რომც არ ჰქონდეთ, სხვადასხვა მიზეზით ახლაც შეუძლიათ უარი თქვან ინფორმაციის გაცემაზე. ამას ისინი ისედაც აკეთებენ ახლა, როცა, მაგალითად, შიდაგანაწესს ითხოვ და გწერენ, რომ რესურსი არ აქვთ.

ვფიქრობ, რაღაც ტიპის ცვლილებები მაინც მოუწევთ, რადგან ეს ცვლილებები, რაც მიიღო პარლამენტმა, აშკარაა, რომ არ პასუხობს ევროკომისიის პირობას, განხორციელდეს სასამართლო სისტემის ფუნდამენტური რეფორმა. ამ ცვლილებებით ეს არ მიიღწევა,“ – აღნიშნა ნაზი ჯანეზაშვილმა „ბათუმელებთან“.

რა ალტერნატივას სთავაზობდა „ოცნებას“ სამოქალაქო სექტორი? 

„ჩვენ შევთავაზეთ პარლამენტს მოდელი, რომელიც ითვალისწინებს მარტივ პროცედურას,“ – გვიყვება ეკა ბესელია, „მართლმსაჯულების  სახლის“ ხელმძღვანელი, – „სასამართლო თითოეულ საქმეზე, ვიდრე მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, აძლევს პროცესის მონაწილეებს ვადას, დააფიქსირონ პოზიცია და აირჩიონ, მათი პერსონალური მონაცემების გასაიდუმლოება უნდა მოხდეს თუ არა, ან რა ნაწილი უნდა დაიფაროს.

ადამიანმა ასევე უნდა დაასაბუთოს, რატომ სურს კონკრეტული მონაცემის დაფარვა… თუ არ ითვალისწინებს ადამიანი ამ საფრთხეს, ეს უკვე მისი რისკია, მთავარია, ის იყოს ინფორმირებული ამის შესახებ.

თუ არ არის პერსონალური ინფორმაცია, რაც კანონითაა განსაზღვრული, ეს ისედაც საჯაროა. ეს კანონპროექტი ჩვენ გავუგზავნეთ პარლამენტს, მაგრამ უკუკავშირი არ მიგვიღია,“ – უთხრა ეკა ბესელიამ „ბათუმელებს“, ორგანიზაცია „მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა.

პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს ამ კუთხით კონკრეტული ალტერნატივა შესთავაზა IDFI-მაც, პარლამენტმა არც ეს დოკუმენტი გაიზიარა.

IDFI-იმ წელიწად-ნახევრის წინ სამუშაო შეხვედრაც მოაწყო სასამართლო აქტების საჯაროობაზე სამსჯელოდ. შეხვედრას პარლამენტის იურიდიული კომიტეტიც დაესწრო, საკონსტიტუციო სასამართლო და საერთაშორისო ორგანიზაციებიც, თუმცა „ოცნების“ კანონპროექტში ამით არაფერი შეცვლილა.

„ჩვენ მიერ შეთავაზებული მოდელის მიხედვით, უნდა იყოს ე.წ. პასიური მეთოდი, ანუ როცა პროცესში მონაწილე პირი თავად მიმართავს სასამართლოს და ითხოვს მისი პერსონალური მონაცემის დაფარვას და მეორე: მოსამართლე არ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას სასამართლო აქტების გასაჯაროებაზე. როგორც კი მოსამართლე იღებს ამ გადაწყვეტილებას, ეს უკვე ხდება მართლმსაჯულების ნაწილი, გადაწყვეტილება უნდა მიიღებოდეს ადმინისტრაციის დონეზე,“ – ამბობს გიორგი დავითური, IDFI-ის კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელი.

გიორგი დავითურის აზრით, პრობლემაა ისიც, რომ კანონპროექტი ტოვებს შესაძლებლობას, კონკრეტული დროის გასვლის შემდეგ მოითხოვოს პროცესში მონაწილე პირმა, თავისი მონაცემების დაფარვა.

„შესაძლოა, ამ დროს გაჩნდეს საჯარო ინტერესი კონკრეტული საქმის მიმართ, ვთქვათ, კორუფციული ინტერესია და ამ დროს გადაწყვეტილება დარჩეს ხელმიუწვდომელი,“ – გვიყვება გიორგი დავითური.

რას აპირებს პარლამენტი „ვენეციის კომისიის“ კრიტიკული დასკვნის შემდეგ? 

„თქვენ რას ფიქრობთ, ჩვენ არ გვაქვს ნამსჯელი ამაზე?“ – გვითხრა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა, რომელსაც ვთხოვეთ კომენტარი ვენეციის კომისიის მორიგ კრიტიკულ დასკვნაზე და იმაზე, რომ „პროცედურა უნდა გამარტივდეს“.

„კიდევ რა შეიძლება გამარტივდეს, თან ისე, რომ პირის უფლებები იყოს დაცული, თუ შემოგვთავაზებენ, ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ. ჩვენი ამოცანაა ის, რომ, ერთი მხრივ, მოქალაქის პირადი ცხოვრება იყოს დაცული, მეორე მხრივ კი, სასამართლო გადაწყვეტილებებზე ხელმისაწვდომობა იყოს გაზრდილი. ბალანსი ჩვენ აქ ვნახეთ და ეს ავსახეთ,“ – გვითხრა ანრი ოხანაშვილმა.


ანრი ოხანაშვილი

ანრი ოხანაშვილი დაგვპირდა, რომ საკომიტეტო განხილვის დროს მიუბრუნდებიან ამ საკითხს და „დისკუსიებიც იქნება“.

„ეს საკითხები იქნება ნამსჯელი, ამ საკითხზე გვექნება დისკუსია საკომიტეტო განხილვების ფარგლებში. ჩვენი ამოცანაა, რომ ის, რაც კონსტიტუციასთან თანხვედრაშია და საუკეთესო ევროპულ სტანდარტს შეესაბამება, ასეთი საკითხები ავსახოთ,“ – ამბობს ანრი ოხანაშვილი.


მასალების გადაბეჭდვის წესი