სამართალი

რა სამართლებრივი პოზიცია აქვს ვაჟა მელაძეს

9 ნოემბერი, 2022 • 2476
რა სამართლებრივი პოზიცია აქვს ვაჟა მელაძეს

ადვოკატ ზვიად გადელიას თქმით, ავეჯის მწარმოებელი კომპანია “მელაძის” დამფუძნებელი ვაჟა მელაძე და მისი მეუღლე არ ეთანხმებიან პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალს თაღლითობასთან დაკავშირებით. ამის შესახებ გადელიამ “ნეტგაზეთთან” დღეს, 9 ნოემბერს განაცხადა.

თუმცა, მისი განმარტებით, მელაძე ადასტურებს, რომ კომპანიის ბიუჯეტიდან თანხა გაიფლანგა. ადვოკატი მიიჩნევს, რომ გამოძიება სწორედ ამ მიმართულებით უნდა მიმდინარეობდეს.

ავეჯის მწარმოებელი კომპანია “მელაძის” მფლობელ ვაჟა მელაძეზე პროკურატურამ ძებნა გამოაცხადა. მელაძეს ბრალად ედება დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლება. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულია კიდევ ორი პირი, მათ შორის ერთ-ერთია ვაჟა მელაძის მეუღლე ლელა ქვილითაია. პროკურატურა არ ასაჯაროებს მესამე ბრალდებულის ვინაობას, თუმცა ის არის “მელაძე 2021”-ის დირექტორი როლანდ ლუკაშვილი. ეს ცნობა ნეტგაზეთს ლუკაშვილის ადვოკატმა დაუდასტურა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ვაჟა მელაძე, მეუღლესთან და კიდევ ერთ პირთან ერთად, სასურველი ავეჯის დამზადების პირობით, 26 მოქალაქის კუთვნილ 473 252 ლარს მოტყუებით დაეუფლა. ამასთან, პროკურატურის ცნობით, საგამოძიებო უწყებას თითქმის ყოველდღე მიმართავენ ახალი დაზარალებულები. პროკურატურის განცხადების თანახმად, ამ დროისათვის საქმეში ფიგურირებს 47 დაზარალებული და მათ მიმართ მიყენებული ზიანი, ჯამში, შეადგენს 719 408 ლარს.

მელაძის ადვოკატის განმარტებით, ერთი ბრენდის (“მელაძე”) სახელით რამდენიმე კომპანია ფუნქციონირებდა. მისი განცხადებით, ამ კომპანიებიდან დაზარალებულები ჰყავს სამს:  შპს-ს – “მელაძე 2021”, “მელაძე” და “ინტერიერი 2022”.

ზვიად გადელიას მტკიცებით, პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც ვაჟა მელაძემ შპს “მელაძე 2021”-ის ბიუჯეტიდან კომპანიის დირექტორის როლანდ ლუკაშვილის დასახმარებლად გარკვეული თანხა გაიტანა. მისი თქმით, ამან გამოიწვია ის, რომ “მელაძე” მიღებული შეკვეთების შესრულებას ვეღარ ახერხებდა, რადგან ახალი დამკვეთებისგან მიღებული თანხებით ძველი კლიენტების შეკვეთებს ასრულებდნენ, ბიუჯეტში თანხის შევსება კი ვერ ხდებოდა.

“მელაძე აღიარებს დარღვევებს საწარმოს ბუღალტერიაში და იმას, რომ თანხის ნაწილი გამოყენებული იყო არადანიშნულებისამებრ როლანდ ლუკაშვილის ზარალის დასაფარად [ერთ-ერთ ბანკთან შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო]… ის, რომ თითქოს თაღლითობისთვის შექმნეს ფირმა, არ ეთანხმება”, – აცხადებს მელაძის ადვოკატი.

გადელიას თქმით, კომპანიაში ფინანსური პრობლემების შექმნის პარალელურად, თანხების მითვისება დაიწყეს სხვა კომპანიების დირექტორებმა და თანამშრომლებმაც. კერძოდ, ადვოკატის განცხადებით, ისინი კომპანიის სალაროდან ფულს რიცხავდნენ საკუთარ და სხვების ანგარიშზე, ასევე, დამკვეთებს თანხას არიცხვინებდნენ არა კომპანიის, არამედ პირად ანგარიშზე. გადელიას მტკიცებით, ამ საკითხში ათეულობით ადამიანი იყო ჩართული, რის დასადგენადაც მან ფინანსურ პოლიციასაც მიმართა.

“სინამდვილეში ეს არის მითვისება-გაფლანგვა, რასაც უნდა გამოძიება და დადგენა, ვინ რამდენი წაიღო. ამათ [საგამოძიებო უწყებებს] საქმე მიჰყავთ თაღლითობაზე. ეს არ არის წინასწარ განზრახული თაღლითობა. ჩვეულებრივი ფირმა იყო, ჩვეულებრივად მუშაობდა, უბრალოდ სალაროდან ფული შეიჭამა, მერე ვიღაცებმა კიდევ მეტი შეჭამეს და მოხდა გაფლანგვა. გამოსაძიებელია, ვინ რამდენი მიითვისა. იმის თქმა, რომ ყველაფერი ვაჟამ მიითვისა, ეს აბსოლუტური სიცრუეა”, – აცხადებს ადვოკატი.

რაც შეეხება მის მეუღლეს, ზვიად გადელიას თქმით, ლელა ქვილითაია კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო, თუმცა ფინანსებთან შეხება არ ჰქონია. შეკითხვაზე, თუ ასეა, რატომ ედავება პროკურატურა თაღლითობას ქვილითაიასაც, ადვოკატმა განაცხადა, რომ მელაძის ცოლის წინააღმდეგ საქმე აღძრეს, რათა მიმალვაში მყოფი “მელაძე ჩამოეყვანათ”.

გადელიას განცხადებით, ლელა ქვილითაია ამჟამად საქართველოში არ იმყოფება და მან ქვეყანა იქამდე დატოვა, სანამ ბრალს წაუყენებდნენ.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” როლანდ ლუკაშვილის ადვოკატსაც დაუკავშირდა, თუმცა ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

მელაძის მხარის მიერ გასაჯაროებულ საქმის მასალებში (რომლის ავთენტურობასაც ნეტგაზეთი ამ ეტაპზე დამოუკიდებლად ვერ ადასტურებს) ფიგურირებს, სავარაუდოდ, სწორედ როლანდ ლუკაშვილის ჩვენება, სადაც ის აცხადებს, რომ თავდაპირველად შპს “მელაძეში” იყო დასაქმებული ხელოსნის პოზიციაზე, თუმცა კომპანიას ბევრი შეკვეთა ჰქონდა აღებული, რის შესრულებასაც ვერ ახერხებდა. ლუკაშვილის თქმით, ამის გამო მან კომპანიიდან წასვლა გადაწყვიტა, თუმცა მელაძემ შესთავაზა ახალი შპს-ს შექმნა და მისი დირექტორობა. ლუკაშვილის განცხადებით, ორივე კომპანია ერთად ახორციელებდა საქმიანობას, კლიენტებთან ხელშეკრულებების გაფორმების საკითხს კი ვაჟა მელაძე წყვეტდა. მისი განმარტებით, ორივე კომპანიას ჰყავდა საერთო იურისტი, ბუღალტერი და ამზომველი, რომელთა ხარჯებსაც ლუკაშვილი და მელაძე ინაწილებდნენ, ხელოსნების ხარჯებს კი ლუკაშვილი იხდიდა.

ლუკაშვილის ჩვენების მიხედვით, ვაჟა მელაძეს ჰქონდა წვდომა შპს “მელაძე 2021”-ის ინტერნეტბანკთან და ნებისმიერ დროს შეეძლო თანხის გადარიცხვა სხვადასხვა ანგარიშზე, “რაც განახორციელა კიდეც რამდენჯერმე”.

ლუკაშვილის თქმით, ამის შედეგად კომპანიას აღარ ჰქონდა საკმარისი თანხები შეკვეთების შესასრულებლად, რაზეც ლუკაშვილი პრეტენზიას გამოთქვამდა, თუმცა მელაძე ეუბნებოდა, რომ თანხებს დააბრუნებდა “უახლოეს ვადაში”. ამის მიუხედავად ლუკაშვილის თქმით, მელაძემ არც თანხები დააბრუნა და არც შეკვეთები დაასრულა, რის შედეგადაც კომპანიას მიადგა ზარალი 90 000 ლარის ოდენობით. ამის გამო კი მან საკუთარი ბინა იპოთეკით დატვირთა, რათა დამკვეთების წინაშე ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინათ.


ავეჯის მწარმოებელი კომპანია “მელაძის” მფლობელ ვაჟა მელაძეზე პროკურატურამ ძებნა გამოაცხადა. მას ბრალი ედება დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებაში. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულია კიდევ ორი პირი, მათ შორის ერთ-ერთია ვაჟა მელაძის მეუღლე ლელა ქვილითაია. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ვაჟა მელაძე, მეუღლესთან და კიდევ ერთ პირთან ერთად, სასურველი ავეჯის დამზადების პირობით, 26 მოქალაქის კუთვნილ 473 252 ლარს მოტყუებით დაეუფლა.

ბრალდების წარდგენის შემდეგ სასამართლომ ვაჟა მელაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 7000-ლარიანი გირაო შეუფარდა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტის ჩაბარება დაევალა, ასევე აეკრძალა პროკურორის ან გამომძიებლის ნებართვის გარეშე საზღვრის გადაკვეთა. თუმცა, როგორ პროკურატურა აცხადებს, ბრალდებული გამოძიებას მიემალა, რის შემდეგაც აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეიცვალა და მასზე ძებნა გამოცხადდა.

თავდაპირველად მელაძის ბრალი წარედგინა 2022 წლის 25 ივნისს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით (სამი ეპიზოდი) და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია). თუმცა, პროკურატურის განცხადებით, მას შემდეგ, რაც საგამოძიებო ორგანოს კიდევ ათეულობით დაზარალებულმა მიმართა, 25 ოქტომბერს ბრალდება დაზუსტდა და ბრალი წარედგინა სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩადენილ დიდი ოდენობით თაღლითობასა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

პროკურატურის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ ბრალდებულმა საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, მისი ბრალდება დამძიმდება.

გარდა ვაჟა მელაძისა, 2022 წლის 31 ოქტომბერს ბრალდება წარედგინა კიდევ ორ პირს, მათ შორის მის მეუღლეს, სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) (17 ეპიზოდი) და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).

“საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბრალდებულის მეუღლე უშუალოდ იყო ჩართული თაღლითურ სქემაში, იყო კომპანია “მელაძის” დამფუძნებელი, პირადად მონაწილეობდა საწარმოს მართვაში და მისი მითითებით ხდებოდა დაზარალებულების თანხების განკარგვა. ვინაიდან აღნიშნული პირიც თავს არიდებდა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მას გადაკვეთილი აქვს საქართველოს საზღვარი და იმყოფება მიმალვაში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

რაც შეეხება მეორე პირს, ბრალი მასაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად დიდი ოდენობით თაღლითობის მუხლებით აქვს წარდგენილი, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია. მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია გირაო 15 000 ლარის ოდენობით.

პროკურატურის ცნობით, საგამოძიებო უწყებას თითქმის ყოველდღე მიმართავენ ახალი დაზარალებულები. უწყების ინფორმაციით, ამ დროისათვის საქმეში ფიგურირებს 47 დაზარალებული და მათ მიმართ მიყენებული ზიანი, ჯამში, შეადგენს 719 408 ლარს.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე სხვების პერსონალური მონაცემები გაასაჯაროვა, რასთან დაკავშირებითაც გამოძიება დაიწყო საგამოძიებო სამსახურში სხვისი პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების, შენახვის და სოციალურ ქსელის მეშვეობით გავრცელების ფაქტზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი