ახალი ამბები

ავეჯის მწარმოებელი კომპანია “მელაძის” დამფუძნებელზე პროკურატურამ ძებნა გამოაცხადა

9 ნოემბერი, 2022 • 3400
ავეჯის მწარმოებელი კომპანია “მელაძის” დამფუძნებელზე პროკურატურამ ძებნა გამოაცხადა

ავეჯის მწარმოებელი კომპანია “მელაძის” მფლობელ ვაჟა მელაძეზე პროკურატურამ ძებნა გამოაცხადა. მას ბრალი ედება დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებაში. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულია კიდევ ორი პირი, მათ შორის ერთ-ერთია ვაჟა მელაძის მეუღლე ლელა ქვილითაია. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ვაჟა მელაძე, მეუღლესთან და კიდევ ერთ პირთან ერთად, სასურველი ავეჯის დამზადების პირობით, 26 მოქალაქის კუთვნილ 473 252 ლარს მოტყუებით დაეუფლა.

ბრალდების წარდგენის შემდეგ სასამართლომ ვაჟა მელაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 7000-ლარიანი გირაო შეუფარდა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტის ჩაბარება დაევალა, ასევე აეკრძალა პროკურორის ან გამომძიებლის ნებართვის გარეშე საზღვრის გადაკვეთა. თუმცა, როგორ პროკურატურა აცხადებს, ბრალდებული გამოძიებას მიემალა, რის შემდეგაც აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეიცვალა და მასზე ძებნა გამოცხადდა.

თავდაპირველად მელაძის ბრალი წარედგინა 2022 წლის 25 ივნისს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით (სამი ეპიზოდი) და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია). თუმცა, პროკურატურის განცხადებით, მას შემდეგ, რაც საგამოძიებო ორგანოს კიდევ ათეულობით დაზარალებულმა მიმართა, 25 ოქტომბერს ბრალდება დაზუსტდა და ბრალი წარედგინა სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩადენილ დიდი ოდენობით თაღლითობასა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

პროკურატურის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ ბრალდებულმა საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, მისი ბრალდება დამძიმდება.

გარდა ვაჟა მელაძისა, 2022 წლის 31 ოქტომბერს ბრალდება წარედგინა კიდევ ორ პირს, მათ შორის მის მეუღლეს, სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) (17 ეპიზოდი) და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).

“საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბრალდებულის მეუღლე უშუალოდ იყო ჩართული თაღლითურ სქემაში, იყო კომპანია “მელაძის” დამფუძნებელი, პირადად მონაწილეობდა საწარმოს მართვაში და მისი მითითებით ხდებოდა დაზარალებულების თანხების განკარგვა. ვინაიდან აღნიშნული პირიც თავს არიდებდა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მას გადაკვეთილი აქვს საქართველოს საზღვარი და იმყოფება მიმალვაში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

რაც შეეხება მეორე პირს, ბრალი მასაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად დიდი ოდენობით თაღლითობის მუხლებით აქვს წარდგენილი, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია. მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია გირაო 15 000 ლარის ოდენობით.

პროკურატურის ცნობით, საგამოძიებო უწყებას თითქმის ყოველდღე მიმართავენ ახალი დაზარალებულები. უწყების ინფორმაციით, ამ დროისათვის საქმეში ფიგურირებს 47 დაზარალებული და მათ მიმართ მიყენებული ზიანი, ჯამში, შეადგენს 719 408 ლარს.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე სხვების პერსონალური მონაცემები გაასაჯაროვა, რასთან დაკავშირებითაც გამოძიება დაიწყო საგამოძიებო სამსახურში სხვისი პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების, შენახვის და სოციალურ ქსელის მეშვეობით გავრცელების ფაქტზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი