სამართალი

ახალი საკონსტიტუციო პროექტი

12 მაისი, 2010 •
ახალი საკონსტიტუციო პროექტი
საკონსტიტუციო პროექტის თანახმად, რომელიც სამუშაო ვარიანტად კომისიამ აირჩია, აღმასრულებელი ხელისუფლება მთლიანად კონცენტრირებულია მთავრობაში  და მას ხელმღვანელობს პრემიერ–მინისტრი. მთავრობის ფორმირებაში პრეზიდენტი არ მონაწილეობს.
გუშინ  საკონსტიტუციო კომისიამ საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ დემეტრაშვილისა და კომისიის მდივნის თენგიზ შარმანაშვილის მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო პროექტი  სამუშაო ვარიანტად აირჩია. 
თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ პროექტის მიზანია პრეზიდენტის ინსტიტუტის დისტანცირება აღმასრულებელი ხელისუფლებიდან.
„პრეზიდენტს დაუბალანსებელი და კონცენტრირებული ძალაუფლება აქვს”,-აცხადებს შარმანაშვილი.  
დემეტრაშვილის თქმით, ქვეყნის მმართველობის  ეს მოდელი შეიცავს ევროპული ქვეყნების მოდელის ელემენტებს, მაგრამ არ არის კონცენტრირებული, განსაკუთრებით, რომელიმე მოდელზე. როგორც დემეტრაშვილი ამბობს, მოდელები არა კალკირებული ან კოპირებულია, არამედ „გატარებულია ქართული სინამდვილის პრიზმაში და  მორგებულია  მის სინამდვილეს.“ 
პროექტის თანახმად, აღმასრულებელი ხელისუფლება მთლიანად კონცენტრირებულია ხელისუფლებაში  და მას ხელმღვანელობს პრემიერ–მინისტრი. მთავრობის ფორმირებაში პრეზიდენტი საერთოდ არ იღებს მონაწილეობას. მის ნებაზე არ არის დამოკიდებული მთავრობის ფორმირება. მთავრობას ირჩევს პარლამენტის უმრავლესობა.  პრეზიდენტი მხოლოდ ფორმალურ მონაწილეობას იღებს გადაწყვეტილებაში.  
დემეტრაშვილი ამბობს, რომ ხალხის მღელვარება პრეზიდენტის ძალაუფლების მომატებამდეც  იყო, როცა მან მეორე რევოლუციაზეც დაიწყო  საუბარი. 
„ჩვენ ამას არ ვეთანხმებოდით და გადავწყიტეთ, რომ საჭირო იყო სისტემური ცვლილებები“,  -ამბობს დემეტრაშვილი. 
2004 წლის კონსტიტუციის ცვლილებებში ძალაში შევიდა  შესწორება, რომელშიც საუბარია იმის შესახებ, რომ ძალაუფლება კონცენტრირებულია პრეზიდენტის ინსტიტუტში.
ამის გამოსწორების მიზნით, მათ ჯერ კიდევ  წელიწადნახევრის წინ პრეზიდნეტს მიწერეს წერილი საკონსტიტუციო კომისიის შესახებ, თუმცა,  პრეზიდენტმა თავიდან ყურადღება არ მიაქცია ამ განცხადებას, მოგვიანებით კი, პრეზიდენტის მხრიდან დიმიტრი შაშკინთან საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ მოლაპარაკების შემდეგ, შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია, რომლის მიზანი მისი ძალაუფლების დეცენტრალიზაცია იყო. 
„ჩვენ ვთვლით, რომ ქვეყანა ევოლუციურად უნდა ვითარდებოდეს და არა რევოლუციურად. ესაა გამოსავალი. მან დასაწყისშივე  იცოდა, თუ  რა გეზს აიღებდა ეს კომისია. 
გარკვეული მცირე ჯგუფი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ამ პროექტზე, რომელიც მაქსიმუმ ერთ კვირაში გადაეგზავნება ვენეციის კომისიას,“ ამბობს თენგიზ შარმანაშვილი
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ   ქვეყნის მმართველობის შერეულ მოდელს კომისიის 31 წევრმა დაუჭირა მხარი, მათ შორის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავდმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, პეტრე ცისკარიშვილმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ და დიმიტრი ძაგნიძემ.
თუმცა,  დემეტრაშვილი–შარაშენიძის პროექტს  საკონსტიტუციო კომისიის ნაწილმა მხარი არ დაუჭირა. საკონსტიტუციო კომისიის წევრი ზურაბ ჯიბლაშვილი ამბობს, რომ პრობლემა თავად  ფორმაზე ჰქონდა და ამიტომ შეიკავა თავი. მისი თქმით,
კომისიაში შესულია არაერთი პროექტი. კომისიაც განსაკუთრებულ პოლიტიკურ ფონზე შეიქმნა და, ასევე, განსაკუთრებულ პოლიტიკურ სიტუაციაში უწევს მუშაობა. 
„კონსტიტუცია, პირველ რიგში, პოლიტიკური კომპრომისის საგანია. მათ, ვინც თავისი კონკრეტული პოლიტიკური მოსაზრებების გამო არ შემოვიდა ამ კომისიაში, ჩემი აზრით, არ გვაქვს იმის უფლება, რომ ამ ხალხს ვუთხრათ, რადგან ამ კომისიის წევრი არ ხარ, ამ თემაზე ფიქრის უფლებაც არ გაქვს“,  ამბობს ზურაბ ჯიბლაშვილი  და აღნიშნავს  რომ საუბარია დამოკიდებულებაზე, რომ კენჭისყრაზე გამოვიდა მხოლოდ ის პროექტები, რომლებიც კომისიის წევრების მიერ იქნა მომზადებული. მისივე თქმით, ეს პროექტი, დღევანდელ კონსტიტუციასთან შედარებით, უკეთესია, იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის სამუშაო ვარიანტი. თუმცა, რედაქცია საკმაოდ კონფლიქტურია და დახვეწას საჭიროებს.
რამიშვილის და გონაშვილის პროექტები, ზურაბ ჯიბლაშვილის თქმით, საპრეზიდენტო რესპუბლიკას ითვალისწინებს. 
”ჩემი აზრით, 2004 წელს საპრეზიდეტო რესპუბლიკამ პირველივე კრიზისის დროს ამოწურა თავისი რესურსი, რასაც მოჰყვა ვარდების რევოლუცია. იმ კონსტიტუციამ ერთ კრიზისსაც ვერ გაუძლო. პირველივე კრიზისისთანავე კონსტიტუციური რეჟიმი პრაქტიკულად ქმედითუუნარო აღმჩნდა, რომ გაეძლო ამ კრიზისისათვის და  განემუხტა იგი,“ ამბობს ზურაბ ჯიბლაშვილი და აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის ფუნქცია, პოლიტიკურ ფუნქციათა შორის,  პირველ რიგში, ის უნდა იყოს, რომ კრიზისი არ  მოხდეს, და თუ ის მოხდება, მაშინ მას ჰქონდეს ამ კრიზისის ეფექტური განმუხტვის საშუალებები.
საკონსტიტუციო კომისია 2009 წელს შეიქმნა პრეზიდენტის ბრძაბენულებით. როგორც საკონსტიტუციო კომისიის ვებ-გვერდზე წერია, კომისიის ამოცანებია,  ქვეყნის მდგრადი და  სტაბილური განვითარების, სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფისათვის შესაბამისი შინაარსის კონსტიტუციური კანონის პროექტის მომზადება.

მასალების გადაბეჭდვის წესი