სამართალი

გვაცნობეს, რომ საპატიმროში ვიდეოკამერები არ მუშაობდა – ომბუდსმენი გოგაშვილის საქმეზე

24 აგვისტო, 2022 • 2071
გვაცნობეს, რომ საპატიმროში ვიდეოკამერები არ მუშაობდა – ომბუდსმენი გოგაშვილის საქმეზე

საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს იოსებ გოგაშვილის საქმეზე, რომელშიც წერია, რომ ომბუდსმენის აპარატმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა, პატიმრის წინააღმდეგ შესაძლო მუქარის საქმეზე დაწყებულიყო გამოძიება და დაარქივებულიყო ვიდეოკამერების ჩანაწერები, რაზეც სამსახურმა განაცხადა, რომ ვიდეოკამერები მწყობრიდან იყო გამოსული.

„იოსებ გოგაშვილმა და მისმა ადვოკატებმა N12 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით 2022 წლის 11 აგვისტოს გააკეთეს განცხადება. მათი ცნობით, გოგაშვილს სააბაზანო ოთახში, შინაგან საქმეთა მინისტრთან მობილური ტელეფონით საუბრების დროს დაემუქრნენ.

სახალხო დამცველმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა და იმავე დღეს მოითხოვა N12 დაწესებულების შესაბამის პერიმეტრზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების დაარქივება.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2022 წლის 23 აგვისტოს წერილით სახალხო დამცველის აპარატს აცნობეს, რომ მითითებულ თარიღებში N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მწყობრიდან იყო გამოსული ჩამწერი მოწყობილობები, რის გამოც სახალხო დამცველის აპარატის მოთხოვნა ვიდეოჩანაწერების დაარქივებასთან დაკავშირებით ვერ შესრულდა“, – წერია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის პასუხის სანდოობა გარკვეულ კითხვებს აჩენს და ამასთან, ეჭვქვეშ აყენებს პატიმრის ფიზიკური უსაფრთხოების დაცულობას, რომელიც 24 საათის განმავლობაში ელექტრონული მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ყოფილიყო.

„აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატმა საკმაოდ დიდი ტერიტორიის მოცულობის ამსახველი ვიდეოკამერების ჩანაწერების დაარქივება (კონკრეტულ თარიღებში იოსებ გოგაშვილის გადაადგილების მარშრუტი, საკანი, საერთო სივრცე, კორიდორი) მოითხოვა. მიღებული პასუხის თანახმად კი, როგორც ჩანს, N12 დაწესებულების ვიდეომეთვალყურეობის ჩამწერი სისტემის დიდი ნაწილი ფაქტიურად არ ფუნქციონირებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს პენიტენციური დაწესებულების მართვის ეფექტიანობას და პატიმართა უსაფრთხოებას.

შესაბამისად, სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოძიების ფარგლებში შეისწავლოს ხსენებულ პერიოდში N12 დაწესებულებაში არსებული ვიდეოკამერების გაუმართავად მუშაობის მიზეზები, რათა გამოირიცხოს ან დადასტურდეს კამერების ხელოვნურად დაზიანების ან რელევანტური ჩანაწერების წაშლის ეჭვი.

აქვე საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ იოსებ გოგაშვილის ბრალდების საქმის მასალების სრულფასოვნად შესწავლის მიზნით, სახალხო დამცველმა საგამონაკლისო დაშვების თხოვნით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურორს. სამწუხაროდ, გენერალური პროკურატურის 2022 წლის 23 აგვისტოს №13/53158 წერილით სახალხო დამცველის აპარატს უარი ეთქვა მასალების გაცნობაზე. ამრიგად, სახალხო დამცველის აპარატი შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მასალების გაცნობის შედეგად მოახდენს“, – წერია განცხადებაში.


პატიმრობაში მყოფი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მას და მის ოჯახს განადგურებით დაემუქრა, თუ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ივანიშვილისთვის სასურველ ჩვენებას არ მისცემს.

ადვოკატების განცხადებით, პატიმრობაში მყოფ სოსო გოგაშვილს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პირადად დაემუქრა სატელეფონო საუბარში.

ადვოკატები ჰყვებიან, რომ გოგაშვილისგან შს მინისტრი ითხოვდა გაჩუმებასა და რიგ საკითხებზე სასურველი ჩვენების მიცემას. იმავე მიზნით, მათი თქმით, ციხეში ორჯერ შეახვედრეს ოჯახსაც, რაც მანამდე გოგაშვილს აკრძალული ჰქონდა.

უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი 16 ივლისს საკუთარ სახლში, სამი ბრალდებით დააკავეს. გამოძიება მას ედავება პერსონალური მონაცემების ხელყოფას, უფლებამოსილების გადამეტებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას. გოგაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი