სამართალი

მოსამართლე ჩხიკვაძის კომენტარი აშშ-ში პროგრამიდან მოხსნაზე

20 მაისი, 2022 • 3792
მოსამართლე ჩხიკვაძის კომენტარი აშშ-ში პროგრამიდან მოხსნაზე

ტელეკომპანია „ფორმულამ“ წყაროზე დაყრდნობით დღეს, 20 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ამერიკის შეერთებული შტატებში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნეს. აღნიშნული ინფორმაცია ასევე ცნობილი გახდა ნეტგაზეთისთვისაც.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს, რომელმაც ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო:

„ამ თემაზე კომენტარს არ ვაკეთებ, მიმართეთ აშშ-ის საელჩოს“.

აშშ-ის საელჩოში კი აცხადებენ, რომ ზოგადად, პროგრამის მონაწილეების შერჩევის პროცესზე კომენტარი ან ახსნა არასდროს არ კეთდება.

ქართველ მოსამართლეებს პერიოდულად აქვთ შესაძლებლობა, აშშ-ის დაფინანსებით ეწვიონ შტატებს და გაეცნონ ამერიკელი მოსამართლეების საქმიანობის პრაქტიკას, ამერიკული მართლმსაჯულების სხვადასხვა ასპექტს და ა.შ.

რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ქართული მედიის წინაშე არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა მედიამენეჯერებთან. მედიამენეჯერთა ნაწილმა აშშ-ის საელჩოში დააყენა გვარამიას საქმის მოსამართლის სანქცირების, ან როგორც მინიმუმ, ამერიკელი ხალხის ფულით დაფინანსებული პროგრამებიდან ჩახსნის საკითხი.

„მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 16 მაისს 3.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა „რუსთავი 2-ის“ დირექტორობისას მიღებული მენეჯერული გადაწყვეტილების გამო. გავლენიანი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, გვარამიას საქმე გასცდა სამართლებრივ ჩარჩოებს და მისი დაპატიმრების გადაწყვეტილება პოლიტიკურია.

მასალების გადაბეჭდვის წესი