სამართალი

ქართველი მეზღვაურების პრობლემები

8 აგვისტო, 2011 • 1788
ქართველი მეზღვაურების პრობლემები

დახმარებას ითხოვენ თურქული კომპანიის გემის ეკიპაჟის წევრები,  რომლებსაც  ექვსი თვის სახელფასო დავალიანება აქვს. არც ერთ მეზღვაურს ხელშეკრულება გაფორმებული არ აქვს, რის გამოც ადვოკატებმა მათ დაცვაზე უარი განაცხადეს. გემზე, რომელიც ბათუმის პორტშია გაჩერებული, რამდენიმე წუთში უკრაინის კონსულს ელოდებიან.  მეზღვაურთა საერთაშორისო ფედერაცის წარმომადგენელი საქართველოში გამოსავალს გემის გაყიდვაში ხედავს და თვლის რომ მეზღვაურებს მთავრობა უნდა დაეხმაროს.

 

“გემი, რომელიც ბათუმში შემოვიდა, პანამის დროში ქვეშ ცურავს, მეპატრონე თურქი ბიზნესმენია. ჩემი მეუღლე, გენადი შერვაშიძე ოთხი თვეა სამუშაოდ წავიდა, იგი კაპიტნის თანაშემწეა და ჯერ ხელფასი არ აუღია”_ უთხრა “ნეტგაზეთს” მეზღვაურის მეუღლე იამზე სურმანიძემ. იგი ამბობს რომ მის ქმარს ხელშეკრულება ერთი მიზეზის გამო არ აქვს– მეზღვაური მოატყუეს: “უთხრეს  რომ ხელშეკრულებას გემზე ასვლის შემდეგ გაუფორმებდნენ”.

მეზღვაურთა საერთაშორისო ფედერაციის  წარმომადგენელის  მერაბ ჯიჯავაძის ინფორმაციით, გემზე სამი ქართველია, ხუთი აზერბაიჯანელი, მზარეული ქალბატონი  კი უკრაინის მოქალაქეა.

 “გამოსავალი ერთია – თუ გემთმფლობელს ფული არ აქვს, მთავრობამ უნდა მიხედოს, გემი წაართვას მფლობელს, გაყიდოს და ეკიპაჟის წევრებს დავალიანება გადაუხადოს. გადამოწმებული ინფორმაციაა, ვიცი გემის მფლობელს ბანკებიდან ვალი აქვს აღებული, გემი მიტოვებული ყავს პატრონს, ოფიციალურ წერილებზე პასუხი არ მომდის”,– აცხადებს ჯიჯავაძე.

ჯიჯავაძე ამბობს, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ მეზღვაურები ხელშეკრულების გარეშე მიდიან გემზე სამუშაოდ.

მერაბ ჯიჯავაძის თქმით, ფედერაციასF საქართველოში შემოსული ნებისმიერი გემის გაჩერება შეუძლია 72 საათის განმავლობაში. ამისთვის კი წარმომადგენელი წერილობით პორტის კაპიტანს მიმართავს. მერაბ ჯიჯავაძე დამსაქმებელსა და მეზღვაურს შორის არსებული პრობლემების მოგვარებას ცდილობს, რადგან ქართული სასამართლოები ამ ტიპის საჩივრებს არ იხილავენ. ძირითადი პრობლემა კი ხელფასის გაუცემლობა, ცუდი პირობები და ხელშეკრულების უქონლობაა.

 ჯიჯავაძე  მოქმედ თუ მომავალ მეზღვაურებს ურჩევს ხელშეკრულების გარეშე ნუ დათანხმდებიან გემზე სამუშაოდ წასვლას.

ერთ-ერთი სასამართლოს თანაშემწის, დავით კვიციანისგანმარტებით, თუ მოპასუხის იურიდიული მისამართი თურქეთია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საერთაშორისო სამართლის თანახმად კი, საქართველოს სასამართლოები საქმეებს განიხილავენ იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხეს საქართველოში საცხოვრებელი ადგილი აქვს. საერთაშორისო სტანდარტებით მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ დავის შემთხვევაში საქართველოს სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციაზე, ოღონდ ეს შეთანხმება წერილობით, ხელშეკრულებით უნდა იყოს გათვალისწინებული. თუ ეს შეთანხმება არსებობს ხელშეკრულებაში, ქართული სასამართლო საქართველოში შემოსული მეზღვაურების საჩივარს განიხილავს.

მეზღვაურთა პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილის ოთარ დავითიანის თქმით, ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ გემთმფლობელები არ არიან დაინტერესებულნი მეზღვაურებთან ხელშეკრულებები გააფორმონ: “ეს არ შედის მათი ნტერესებში, რადგან ზედმეტ ხარჯებთანაა დაკავშირებული, თან პასუხისმგებლობას გაურბიან”.

ამასთან დაკავშირებით საქართველოს მეზღვაურთა პროფკავშირის თავმჯდომარემ, ანატოლი ჯიჯავაძემ  რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის საზღვაო დეპარტამენტის უფროსს _ ბადრი ფარტენაძეს აცნობა. წერილში ნათქვამია, რომ ქართველი მეზღვაურები პრობლემის წინაშე დგანან: “ხშირად დამსაქმებლების მხრიდან არის უპასუხისმგებლობა, ცუდი შრომის პირობები, მუშაობის ხანგრძლივობა და ანაზღაურება არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მოთხოვნას. აუცილებელია გაირკვეს მეზღვაურთა რაოდენობა და შეიქმნას მათი მონაცემთა ბაზა”.

ბადრი ფარტენაძის პასუხიდან ირკვევა, რომ 2009 წლის ბოლოს, ქართული დროშის ქვეშ მცურავი გემებზე დასაქმებული იყო 150-200 მეზღვაური: “2008 წლის ომმა რუსეთის ნავსადგურებში ქართული დროშის ქვეშ მცურავ გემებს ხელოვნურად შეუქმნა პრობლემა, რამაც აიძულა გემთმფლობელები, შეეცვალათ  ქართული დროშა სხვა დროშებით, ამიტომაც გემები, რომლებიც ქართული დროშით დაცურავდნენ,  420-დან 280-მდე შემცირდა. ომამდე ამ გემებზე სულ 400 ქართველი იყო დასაქმებული. ამას დაემატა ისიც, რომ ქართველი მეზღვაურები განსაკუთრებით თურქეთისა და სირიის გემებზე მუშაობენ ყალბი დიპლომებითა და სერტიფიკატებით, რამაც პრობლემები შეუქმნა გემთმფლობელებს”. 

საზღვაო აკადემიის რექტორის, ნადიმ ვარშანიძის ინფორმაციით, ყოველწლიურად  ბათუმის საზღვაო აკადემიას 100-120 მეზღვაური ამთავრებს. სტუდენტები პრაქტიკას იმ გემებზე გადიან, რომლებთანაც აკადემიას ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, ესენია: “კოლუმბია”, “ისტვინდი”, “ბი ჯი აი”, “იბერია ნავიგეიშენ”. ვარშანიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში 4-5-ათასამდე მეზღვაურია და მათ წლის განმავლობაში, ხელფასის სახით, 15-დან 20 მილიონამდე დოლარი შემოაქვთ საქართველოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი