სამართალი

აშშ: საქართველოში მედიის თავისუფლების მიმართ პატივისცემამ იკლო

8 აგვისტო, 2011 • 1092
აშშ:  საქართველოში მედიის თავისუფლების მიმართ პატივისცემამ იკლო

საქართველოს სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის თქმით, აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის 2009 წლის ანგარიში ისევე კრიტიკულია, როგორც 2008 წლის.

2009 წლის ანგარიშის თანახმად, მთავარ მიღწევებად ადამიანის უფლებათა სფეროში გამოიყო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი შესწორება და ასევე შესწორება საარჩევნო კოდექსში, რომელიც თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევას გულისხმობს.

ამერიკის სახელწიფო დეპარტამენტის ანგარიში, უმეტესად, არ შეიცავს შეფასებებს. ძირითადად, მოყვანილია ფაქტები, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი აგროვებს საქართველოში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების მიერ მოზადებული ანგარიშების, მთავრობისა და  მედიის მიერ მიწოდებული ინფორმაციით. თვითონ სახელწიფო დეპარტმანეტის წარმომადგენლები საქართველოში სიტუაციის მონიტორინგის მიზნით არ ჩამოდიან.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებული ადამიანის უფლებათა ანგარიში იმ ინფორმაციის ნაკრებია, რომელიც წლის განმავლობაში მიეწოდებოდა სახელმწიფო დეპარტამენტს აღნიშნული წყაროების საშუალებით.

აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველისა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებული ანგარიშები ბევრ ასპექტში ერთმანეთს ჰგავს. ძირითადი განსხვავება ისაა, რომ სახალხო დამცველის ანგარიში მოიცავს ფაქტების ანალიზსაც, რომელიც შემდეგ კონკრეტული რეკომენდაციების საფუძველი ხდება.

დევნილების მდგომარეობა  

დევნილებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატი, ტუღუშის თქმით, აქტიურად მუშაობს. აპარატი სტუმრობდა თითქმის ყველა დასახლებას და ანგარიში დევნილთა მდგომარეობის შესახებ მზად იქნება აპრილში. ამჟამად კი ძირითადი პრობლემები, ტუღუშის თქმით, არის მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, სოციალური ინტეგრაცია, უფლებების დაცვა და უფლების შესახებ ინფორმირებულობა.

“ხშირად დევნილებმა არ იციან, რისი მოთხოვნის უფლება აქვთ,”–ამბობს ტუღუში.

იდენტურ პრობლემებზე საუბრობს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიც.

ანგარიში ასევე ახსენებს გაეროს დევნილთა უმაღლესი კომისრის  2008 წლის ანგარიშს, რომ ქვეყნის კანონმდებლობა დამატებითი პუნქტების ჩამატებას მოითხოვს დევნილების უფლებების დასაცავად და თავშესაფრის მაძიებელთათვის სწრაფი რეაგირების უზრუნველყოფას. საქართველოს სახელმწიფომ 2008 წლის კონფლიქტის დროს იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას თავშესაფარი და სტატუსი მიანიჭა. სახელმწიფომ ასევე მოახდინა მათი კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაცია, იყიდა ახალი სახლები. თუმცა, სახლების მდგომარეობა, თვით დევნილებისვე თქმით, ცუდი იყო და რჩება დღემდე.

დევნილებზე ცალკე ანგარიში  2008 წელს ადამიანის უფლებათა საბჭოს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა ვალტერ კელინმა გამოსცა. მის ანგარიშში საუბარია ზნაურის, ცხინვალის და ახალგორის მიტოვებული სახლების უკიდურესად ცუდ მდგომარეობაზე. ანგარიშში კელინი აღნიშნავს, რომ  მიუხედავად იმისა, თუ რას აირჩევენ დევნილები – აქ დარჩენას თუ სახლებში დაბრუნებას, მათი სახლების რეაბილიტაცია და ქონების დაბრუნება მაინც უნდა მოხდეს, თუნდაც კომპენსაციის სახით. 

კელინის რეკომენდაციით, პირველი  ნაბიჯი კონფლიქტის ორივე მხარის მიერ უნდა იყოს ინიცირებული და ადგილობრივ მოსახლეობას უნდა მისცენ საშუალება მშვიდად გადაადგილდნენ ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს. 

რაც შეეხება აფხაზეთის კონფლიქტის დროინდელ დევნილებს, ტუღუში აღნიშნავს, რომ მათი დაყოფა ძველ (1192-93) დ ახალ (2008 წლის კონფლიქტის შედეგად) დევნილებად მიუღებელია.

აფხაზეთის დევნილებზე საუბრისას კი, სხვა პრობლემებთან ერთად, შეერთებული შტატების ანგარიში მათი ქონებრივი უფლებების შელახვაზე აკეთებს აქცენტს.

2006 წელს აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც დე-ფაქტო სასამართლოებს ეკრძალებათ განიხილონ იმ ეთნიკური ქართველების ქონების საჩივრები, რომლებმაც აფხაზეთი დატოვეს 1992-93 წლის ომამდე, ომის დროს, თუ ომის შემდეგ. თუმცა, ანგარიშის თანახმად, აფხაზები დევნილებს თავისუფლად ართმევენ მათ ქონებას, რომელიც დევნილებს აფხაზეთში დარჩათ. ანგარიშის თანახმად, ყველა ეთნიკური ქართველის მანამდე არსებული ან ახლა განხილვაში მყოფ ქონებასთან დაკავშირებული სასამართლო საქმე ანულირებულ იქნა. ანგარიში აღნიშნავს, რომ დე ფაქტო სასამართლომ არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ფაქტები შეეგროვებინა და პირდაპირ პროკურორების მითითებით მოქმედებდა.

საქართველოს მთავრობა იქ მცხოვრებ თავის მოქალაქეთა უფლებებს ვერ იცავს. რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათი მანდატი რუსეთის ფედერაციის მიერ ამჟამად შეწყვეტილია.

“მე ვერ ვატყობ არც რუსულ და არც დე ფაფქტო ხელისუფლებას, რომ სურვილი ჰქონდეთ აფხაზეთში ადამიანის უფლებების ეფექტური მონიტორინგი განხორციელდეს, რომელიც ადგილზე დააკვირდება ადამიანის უფლებათა მდგომარეობას,“ –აღნიშნავს ტუღუში.

ეუთოს სამხედრო სადამკვირვებლო მისიას მანდატი სამხრეთ ოსეთში ივნისამდე გაუგრძელდა, მაგრამ მანდატის განახლებასთან დაკავშირებით  შეთანხმებაზე რუსეთმა უარი განაცხადა და ეუთოს მისიაც შეწყდა მისი არსებობიდან 17 წლის შემდეგ. მოლაპარაკებები სამხრეთ ოსეთში ეუთოს მისიის აღდგენის შესახებ წარუმატებლად დამთავრდა.  

“თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ დროთა განმავლობაში მიხვდება დე ფაქტო ხელისუფლება, რომ ამის გაკეთება დაუშვებელია და ეს ყველა საერთაშორისო ნორმას ეწინააღმდეგება,” – ამბობს ტუღუში.

წამება 

საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს ადამიანის წამებას. ანგარიში კი ამბობს, რომ არის მთელი რიგი შემთხვევები, როცა ადგილი ჰქონდა მსგავს შემთხვევებს. 

საქართველოში ადამიანების წამების ფაქტები ერთ-ერთი თემა იყო სახალხო დამცველისა, როცა ის მოხსენებით წარსდგა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წინაშე.

ტუღუშმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ წამებას არა აქვს ისეთი “სისტემური ხასიათი“, როგორც წარსულში, თუმცა იკვეთება ცალკეული შემთხვევები.

ტუღუშის თქმით, წამება მანამადე, ძირითადად, დაკავების მომენტში ხორციელდებოდა და აღიარებისა და სხვადასხვა სახის საბუთებზე ხელის მოწერის იძულების მიზნით ხორციელდებოდა. თუმცა, ასევე საუბარი იყო ადამიანთა წამებაზე თავისუფლების შეზღუდვის ადგილას, რაზეც სახალხო დამცველი თავის მარტის ანგარიშში დაწვრილებით აპირებს საუბარს. 

წამების ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა ნუგზარ ოთანაძის სასტიკად ცემა­ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ. საქართველოს ადამიანის უფლებათა ცენტრის მონაცემებით, ოთანაძეს მკლავში მოტეხილობა ჰქონდა და ცემის დროს გონება დაკარგა. მისი დაკავება მოხდა იმის გამო, რომ ის მუხროვანის ამბოხების ერთ-ერთი ეჭვნიტანილის – კობა ოთანაძის ნათესავი იყო. სახალხო დამცველმა აღრიცხა ეს ფაქტი და მოითხოვა, რომ ეს საქმე პროკურატურას გამოეძიებინა. გამოძიება ახლაც მიმდინარეობს.

საქართველოში კვლევა წამების შესახებ გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა მანფრედ ნოვაკმა გააკეთა 2005 წელს. მაშინ, ტუღუშის თქმით, მდგომარეობა უფრო მძიმე იყო წამების თვალსაზრისით. თავის ანგარიშში ნოვაკი ძირითად ყურადღებას ამახვილებდა მონიტორინგსა და წამების პრევენციის მექანიზმებზე და თავის რეკომენდაციაში სახალხო დამცველს წამების ფაქტების თავიდან აცილების საქმეში მთავარი როლი დააკისრა. 

მდგომარეობა ციხეებში

ციხეში არსებულ მდგომარეობათაგან ანგარიში გამოყოფს ცუდ საცხოვრებელ პირობებს, რაც შორს დგას საერთაშორისო სტანდარტებისგან. სხვადასხვა ქართული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ ახალ ციხეებში მდგომარეობა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. პრობლემა ძველ ციხეებშია. 

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, ტუღუშის თქმით, არის ციხეების გადატვირთვა.

ფართის მოცულობა ერთ სულ პატიმარზე დაბალია, რომელიც მკაცრი და საშუალო რეჟიმის განყოფილებებში შეადგენს 2 კვადრატულ მეტრს, ქალების კოლონიაში – 3, ხოლო მოზარდთა კოლონიაში – 3,5 კვადრატულ მეტრს.

თუმცა კანონით გათვალისწინებული სტანდარტი ხშირად დაცული  არ არის.  მაგალითად ქსნის კოლონიაში ხანძრის გაჩენამდე  2954 პატიმარი იმყოფებოდა, დაშვებული 1600-ის ნაცვლად.

ციხეების გადატვირთვა ასევე იწვევს რეჟიმის გამკაცრებას დისციპლინის დაცვის მიზნით, რის შედეგადაც ირღვევა პატიმრების უფლებები და მცირდება გასეირნების სიხშირე.  

ქსანში ამჟამად ახალი ციხის მშენებლობა მიმდინარეობს.

“უნდა მოხდეს ძველი ციხეების სრული ლიკვიდაცია,” – ამბობს ტუღუში. 

სისტემის გაუმართაობა ასევე აისახება პატიმრების ჯანმრთელობაზე. ციხეებში შეინიშნება C ჰეპატიტის გავრცელება, თუმცა ანგარიშში ავადობის ზუსტი სტატისტიკა არ არის მითითებული.

2009 წლის 25 ივნისს ხელი მოეწერა დადგენილებას საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების მიერ. დადგენილება მიზნად ისახავს C ჰეპატიტით დაავადებულ პატიმართა მკურნალობას. პატიმრების მკურნალობა უკვე აღარ დაექვემდებარება სადაზღვევო სისტემას სადაზღვევო კომპანიების მხრიდან ცუდი მომსახურების გამო.

პოლიტიკური პატიმრები 

აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს წყაროდ მოჰყავს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის ანგარიში, რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველოს ჰყავს პოლიტიკური პატიმრები. ფედერაციას აქვს რვა პოლიტიკური პატიმრის სია.

შეერთებული შტატების ანგარიშის შემდგენლებს პოლიტიკური პატიმრების რაოდენობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ორგანიზაციებიდან განსხვავებული მონაცემები ჰქონდათ, რომელთა რიცხვი “ნულიდან ათასამდე” მერყეობდა. სახალხო დამცველის წინა ანგარიშში არაა საუბარი პოლიტიკურ პატიმრებზე.

“მე ვერ ვიტყვი ვინმეზე, რომ ის არის პოლიტიკური  პატიმარი,” – ამბობს გიორგი ტუღუში: “ჩემი ამოსავალი წერტილებია მივუთითო სამართლებრივი დარღვევები, რომელიც დაადგინა ევროპულმა სასამართლომ.”

სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაზეა საუბარი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის ანგარიშში ნახსენებ 8 პოლიტიკური პატიმრის საქმეებში. თითქმის ყველამ გააგზავნა საქმე ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში. მათ შორისაა მერაბ რატიშვილიც. მის მიმართ ევროპის სასამართლოში გაგზავნილ საჩივარში წერია, რომ “სასამართლოს განაჩენი იყო დაუსაბუთებელი, ხოლო საქმის განხილვა მთლიანობაში – არასამართლიანი”. 

სამართლიანი სასამართლოს საკითხზე დეტალურ საუბარს საქართველოს სახალხო დამცველი მის წლის  მეორე ნახევრის ანგარიშში აპირებს.  

მოსამართლეების კომპეტენტურობის დონე 

საქართველო კონსტიტუცია უზრუნველყოფს დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოს, მაგრამ ანგარიში ეჭვის ქვეშ აყენებს მოსამართლეების პროფესიონალიზმსა და მიუკერძოებლობას.

2009 წელს მოსამართლეების ხელფასები გაიზარდა.

“როცა მაღალია ხელფასი, ნაკლებია კორუფციის ალბათობა,” – ამბობს გიორგი ტუღუში.  

ბოლო დროს სახალხო დამცველმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მისცა რეკომენდაცია ერთ-ერთი კონკრეტული მოსამართლის დისციპლინარული დევნის შესახებ შემჩნეული პროცესუალური დარღვევების გამო.  ეს მოსამართლე დღეს მოქმედია.

“ჩვენ არაერთხელ ვაწყდებით ისეთ საქმეს, როცა მოსამართლემ გამოავლინა არაკომპეტენტურობა,” – ამბობს ტუღუში. მისივე თქმით, ის ყოველთვის იყენებს თავის უფლებას, მიმართოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რეკომენდაციით კონტრეტული მოსამართლის მიმართ, თუკი  მან ჩაიდინა ესა თუ ის დანაშაული. ასეთ რეკომენდაციაში ყოველთვის მითითებულია თითოეული გარემოება, რაც გახდა საფუძველი მსგავსი საქმის გადახედვისა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ორგანო, რომელიც შედგება იურისტებისგან, რომელთაც შეუძლიათ დაიწყონ დისციპლინარული წარმოება და პასუხი აგებინონ მოსამართლეს კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში.

 

მედია და გამოხატვის თავისუფლება

საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა უზრუველყოფს გამოხატვისა და პრესის თავისუფლებას. თუმცა, აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, არსებობს ფაქტები, რის საფუძველზეც შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება ზღუდავს გამოხატვისა და მედიის თავისუფლებას.

ანგარიშის მედიის თავში წერია, რომ “მედიის თავისეფლების ხარისხის მიმართ პატივისცემა დაეცა.”

არასამთავრობო ორგანიზაციები, დამოუკიდებელი ანალიტიკოსები და ჟურნალისტები  მთავრობასა  და ოპოზიციურ პარტიებს სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლაში ადანაშაულებდნენ. ასევე ჰქონდა ადგილი ჟურნალისტების ცემის ფაქტებს. 200 დამოუკიდებელ გაზეთს შორის თითქმის ყველა რეგიონული იყო და ცირკულაცია და გავლენაც ცოტა ჰქონდათ. ბეჭდური მედია ხშირად აკრიტიკებდა მთავრობის წარმომადგენლებს, რის გამოც ხშირად მათი ზეწოლის, დაშინებისა და ძალადობის მსხვერპლი ხდებოდნენ.

30 ნოემბერს გაზეთ ბათუმელების გამომცემელმა მზია ამაღლობელმა გაავრცელა განცხადება, სადაც ის საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დაცვას სთხოვდა. ამაღლობელი  აცხადებდა, რომ შსს-ს ბათუმის განყოფილება ცდილობდა გაზეთის საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელის დაშანტაჟებას. ამაღლობლი ასევე აღნიშნავდა, რომ წინა მუქარების გათვალისწინებით, გაზეთი არასოდეს ყოფილა ასეთი წნეხის ქვეშ.

თუმცა, 1 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თვითონვე წამოიწყო ამ საქმის გამოძიება, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

2008 წლის ივლისში გაზეთმა მიიღო ელექტრონული წერილი, სადაც გაზეთის რედაქტორს – ეთერ თურაძეს და ერთ-ერთ თანამშრომელს მოკვლით ემუქრებოდნენ. “ბათუმელებმა ეს ამბავი სახალხოდ გამოაცხადა და პროკურატურასა და სახალხო დამცველს მომხდარის შესახებ აცნობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ტექნიკური განყოფილების მიერ გამოძიება წლის ბოლომდე გრძელდებოდა.  საქმის გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ქვეყნის ყველაზე ყურებადი არხებიდან მესამე იყო ორგანიზაციაა საერთაშორისო გამჭირვალობის მონაცემებით.

22 სექტემბერს, პარლამენტმა დაამტკიცა დადგენილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 9 წევრიდან 15-მდე გაზრდის შესახებ. ამის მიზანი იყო, რომ ოპოზიციურ პარტიებს შვიდი ვაკანტური ადგილისთვის თავიანთი კანდიდატები წარედგინათ, ერთი კანდიდატი კი სამოქალაქო საზოგადოებიდან ყოფილიყო. მაშინ ახლადჩამოყალიბებულმა ორგანიზაცია “მედია-საბჭომ” სამოქალაქო საზოგადოებას მოუწოდა, რომ უფრო მეტი აქტივობა გამოეჩინათ და საზოგადოებრივი მაუწყებელი პოლიტიკისაგან მაქსიმალურად გაენეიტრელებინათ, რაც მათი კანდიდატების შეთავაზებით უნდა მომხდარიყო.  საბოლოოდ, მედია კლუბის მიერ წარმოდგენილი ხუთი წევრიდან სამი – მედია მკვლევრები ნინო დანელია და ლიკა ჩახუნაშვილი და ჟურნალ ცხელი შოკოლადის დამფუძნებელი შორენა შავერდაშვილი აირჩია პარლამენტმა.

“ეს არის ნაბიჯი პოზიტივისკენ, როცა მაუწყებლის საბჭოს სიაში მედიის წარმომადგენლები არიან,” –ამბობს ტუღუში.

სახალხო დამცველის ერთ-ერთი რეკომედაციით, 25 დეკემბერს პარლამენტმა შეიტანა ცვლილება, რის თანახმადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.12 პროცენტს უნდა შეადგენდეს.

“ამით ტელევიზიას მიეცა დამოუკიდებლობის მეტი განარანტია. ტელევიზიას არ უნდა უხდებოდეს ვაჭრობა ფინანსთა სამინისტროსთან, “ –ამბობს სახალხო დამცველი.

თუმცა, გია ჭანტურიამ, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, ტუღუშთან საუბრისას განაცხადა, რომ ფინანსური სიდუხჭირის გამო მათ კადრების შემცირება მოუწიათ. ტუღუშის თქმით, არსებული ბიუჯეტი მართლა არაა საკმარისი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის.

გიორგი ტუღუში ასევე საუბრობს, რომ მეტი გამჭირვალობისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ამა თუ იმ კერძო მედია-საშუალების მფლობელის ვინაობა.

“კანონი ცალსახად უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია ლიცენზიის მფლობელი პირის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელის შესახებ, “ – ამბობს გიორგი ტუღუში.

 რელიგიის თავისუფლება

საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს რელიგიის თავისუფლებას.  

თუმცა, ანგარიში ასკვნის, რომ მთავრობის წევრები ხშირად სათანადო ყურადღებას არ აქცევდნენ რელიგიურ უმცირესობათა მოთხოვნებს. 

კონსტიტუცია აღიარებს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებულ როლს ქვეყნის ისტორიაში ქვეყნის პატრიარქთან ერთად, მაგრამ ეკლესია და სახელმწიფო მაინც გამოიყოფა ერთმანეთისაგან. კონკორდატი (კონსტიტუციური შეთანხმება), რომელსაც ხელი საქართველოს პრეზიდენტმა და პატრიარქმა მოაწერეს, ეკლესიას კანონიერ სტატუსს ანიჭებს. ანგარიშის მიხედვით, ეს კონკორდატი ბევრ ურთიერგამომრიცხავ ფაქტს შეიცავს, რაც პარტიარქს კანონიერ იმუნიტეტს ანიჭებს, ათავისუფლებს სამღვდელოებას სამხედრო სამსახურისაგან, ასევე ეკლესიას აძლევს უფლებას სახელმწიფოსთვის ერთადერთი საკონსულტაციო პირი იყოს, განსაკუთრებით, განათლების სფეროში.

საგადასახადო კოდექსი მართლმადიდებელ ეკლესიას სარიტუალო ნივთების (ჯვრების, სანთლების, ხატების, საეკლესიო წიგნებისა და კალენდრების) იმპორტის დროს დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან ათავისუფლებს. სხვა კონფესიების წარმომადგენლები კი ვალდებულნი არიან დამატებითი ღირებულების გადასახადი გადაიხადონ და კომპენსაციის საბუთები მოამზადონ. 

თავის ანგარიშში სახალხო დამცველმა ამაზე განაცხადა, რომ სხვა რელიგიის წარმომადგენლებიც უნდა სარგებლობდნენ ამ უფლებით. თუმცა, ლიტერატურა, რომელიც მათ შემოაქვთ, არ იბეგრება, რადგან  ისინი დარეგისტრირებულნი არიან, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები.

რეგისტრაციის სტატუსი ქმნის მეორე პრობლემას. ანგარიში ამბობს, რომ ამის გამო რომის კათოლიკური ეკლესიისა და სომხეთის აპოსტოლური ეკლესიის წარმომადგენლები ეწინააღდმეგებოდნენ რეგისტრაციის სტატუსს. რომის კათოლიკური ეკლესიისა და სომხეთის აპოსტოლური ეკლესიის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ისინი საქართველოში ოდითგანვე რეგისტრირდებოდნენ, როგორ ეკლესიები და მათი სტატუსი, როგორც ფონდი ან ასოციაცია, აკნინებდა მათ მდგომარეობას.

ასევე შეინიშნებოდა თავდასხმები რელიგიურ უმცირესობებზე, პოლიციის მხრიდან რელიგიურ უმცირესობებისთვის ქონების განადგურების დროს იყო არასათანადო რეაგირება, რაც ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა სახალხო დამცველის აზრით.

რაც შეეხება სკოლებში რელიგიის სწავლებას, საჯარო სკოლები ბავშვებს რელიგიის ისტორიაზე საგანს ასარჩევად სთავაზობენ. მაგრამ მშობლები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რომ მასწავლებლები რელიგიის ისტორიის სწავლების დროს უფრო მართლმადიდებლობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას. წლის გამნავლობაში განათლების სამინისტრო ასეთი მშობლების საჩივრებზე ახდენდა რეაგირებას. შემდეგ სამინისტროს პრობლემები შეექმნა ამ საგნის ცალკედ და სავალდებულო საგნად აღიარებასთან დაკავშირებით. საბოლოოდ, ხელისუფლებამ შეძლო, რომ ეს საგანი გამხდარიყო არასავალდებულო. ამჟამად საჯარო სკოლა სთავაზობს მოსწავლეებს რელიგიის ისტორიის საგანს და მათ შეუძლიათ ეს საგანი ან აირჩიონ, ან – არა.  

“სკოლებში პროზელიტიზმს ადგილი არ უნდა ჰქონდეს,” – ამბობს გიორგი ტუღუში – “ბავშვები ყველა რელიგიის ისტორიას უნდა ფლობდნენ და რომელიმე რელიგია არ უნდა დომინირებდეს.”

აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა 2009 წლის ანგარიშს ბევრი აქვს საერთო 2008 წლის ანგარიშთან. თუმცა, გიორგი ტუღუში აღნიშნავს, რომ ცალსახა შედარება რთულია. შეიძლება გამოიყოს ის ფაქტი, რომ ეს ანგარიში უფრო მოცულობითია. საერთო ჯამში, საუბარია სამართლიანი სასამართლოს უფლებების დარღვევაზე, გამოუძიებელ საქმეებზე, ქალთა უფლებებზე (ოჯახურ ძალადობასა და გაუპატიურებაზე).

“სახელწიფო დეპარტამენტი ვერ ასახავს ადამიანის უფლებათა დარღვევის ყველა იმ ფაქტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოს ტერიტორიაზე, “ –ამბობს გიორგი ტუღუში–  “ძალიან რთულია იმის თქმაც, თუ რა გამორჩათ. “

 

გიორგი ტუღუში, ჯონ ბასი
გიორგი ტუღუში, ჯონ ბასი

მასალების გადაბეჭდვის წესი