სამართალი

ვაჩერებ მედიკამენტოზურ მკურნალობას — ხოშტარია

19 ნოემბერი, 2021 • 875
ვაჩერებ მედიკამენტოზურ მკურნალობას — ხოშტარია

“დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც მე-17 დღეა, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტში შიმშილობს, აცხადებს, რომ აჩერებს მედიკამენტოზურ მკურნალობას კრიტიკული მაჩვენებლების წინააღმდეგ.

“გუშინ მთელი ღამე ველოდებოდი იმ კადრს ან ფრაზას, რომ გადაჰყავთ ამდენი ექიმის რეკომენდაციის და პანიკის შემდეგ. საბოლოო ჯამში, ღამიდან დავასკვენი, რომ იმ დროს, როცა სააკაშვილის თავში, და არამარტო, მიდის საშიში პროცესები და კრიტიკულ რამდენიმე საათში გამოკვლეულიც კი არ არის ბოლომდე.

დრო არათუ აღარაა, შეიძლება დაგვიანებულია. ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ ვაჩერებ მედიკამენტოზურ მკურნალობას კრიტიკული მაჩვენებლების წინააღმდეგ და სანამ არ გადაიყვანენ, არაფერს არ გადავისხამ და არ მივიღებ. მე სხვა გზა არ მაქვს. ვერ ვიჯდები უმოქმედოდ გადამწყვეტ წუთებში. გადაიყვანეთ სააკაშვილი კლინიკაში სასწრაფოდ!”, — აცხადებს ხოშტარია.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა შიმშილობს. ის ამბობს, რომ შეწყვეტს შიმშილობას სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში.

სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილმა დამოუკიდებელ ექიმთა ჯგუფმა ისევე, როგორც მთავრობის მიერ შექმნილმა და ალტერნატიულმა კონსილიუმებმა, მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცეს, რასაც მთავრობა ამ დრომდე არ ასრულებს.

პენიტენციური სამსახური, უსაფრთხოების ზომებიდან და ჯანმრთელობის გაუარესების საფრთხის მოტივით, უარს აცხადებს სააკაშვილის მიყვანაზე სასამართლო პროცესებზე, სადაც ექს-პრეზიდენტის საქმეები განიხილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი