სამართალი

სააკაშვილი ამბობს, რომ მზადაა შიმშილობის შესაწყვეტად, ოღონდ, ერთი პირობით

11 ნოემბერი, 2021 • 5448
სააკაშვილი ამბობს, რომ მზადაა შიმშილობის შესაწყვეტად, ოღონდ, ერთი პირობით

მიხეილ სააკაშვილმა თავისი ადვოკატის, ნიკა გვარამიას საშუალებით ციხიდან წერილი გაავრცელა, სადაც წერს, რომ ითვალისწინებს სტრასბურგის სასამართლოს მოწოდებას და წყვეტს შიმშილობას, ოღონდ იმ პირობით, რომ რეაბილიტაციას სამოქალაქო ტიპის სამკურნალო დაწესებულებაში გააგრძელებს.

სააკაშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს:

„მივმართავ ყველა ქართველს, ხელისუფლების ქმედებები ჩემი შიმშილობის პირველი დღიდან დღემდე მიზანმიმართული, მკვლელობის დაგეგმილი ოპერაციაა. დამკვეთი ერთადერთია — ვლადიმერ პუტინი. დღეს გავრცელებული კადრები, რომელიც კარგად ასახავს, ვინ არის გამარჯვებული და ვინ ბნელეთის მხარეს, უმძიმესად აზიანებს თავად ხელისუფლებას. ამიტომ, თითქოს პარადოქსია, რატომ გამოაქვეყნა ხელისუფლებამ ეს კადრები.

თუმცა ამ პარადოქსს ცხადი ახსნა აქვს: მოხდეს ქართველი პატრიოტების უკიდურესი გაბრაზება იმდენად, რომ ხელისუფლების მომდევნო პროვოკაციებმა გამოიწვიოს სამოქალაქო დაპირისპირება, რასაც მოჰყვება რუსეთის შემოსვლა და ქვეყნის ოკუპაცოა, მათ მიერ „საზღვართან მიმდინარე საფრთხეების განეიტრალების“  საფარქვეშ.

შესაბამისად, მე, როგორც ამ ქვეყნის თავგადაკლული პატრიოტი და დამფუძნებელი თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოსი, არ მაქვს უფლება, არ შევეწინააღმდეგო ამ კატასტროფული სცენარის განვითარებას. ჩემი შიმშილობა უკვე ხდება რუსების და მოქმედი ხელისუფლების იარაღი ჩემი ქვეყნის საწინააღმდეგოდ.

ზემოთქმულიდან გამომდინარე:

  1. მივიღე გადაწყვეტილება, გავითვალისწინო სტრასბურგისა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდება და შევწყვიტო შიმშილობა;
  2. შიმშილობის შეწყვეტას აქვს დათქმა: შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე შიმშილობის მართვის პროცესი. გლდანის საავადმყოფოში ამის არც ტექნოლოგიური პირობებია და არც პერსონალი. ამასთანავე, წარმოუდგენელია ვენდო იმ დაწესებულების თანამშრომლებს, ვინც წამების პირობებში მამყოფებს და მათი ძალადობის კადრებიც დღეს იხილეთ, ამასთანავე, აქ არ არსებობს უსაფრთხოებისა და ფსიქოლოგიური ზეწოლისგან დაცვის არანაირი გარანტია, რაც სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნაცაა. ასევე, საფრთხედ მიმაჩნია გორის ჰოსპიტალი, რადგან რუსული საოკუპაციო ჯარისა და სპეცდანაყოფების რაზმები იმყოფება რამდენიმე კილომეტრში, რუსეთის, რომელიც ჩემი სიკვდილის მთავარი დამკვეთია. ვითხოვ, ექიმთა კონსილიუმის მიერ მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება, რომელ მულტიფუნქციურ კლინიკაში და მკურნალობის რა პირობებში ვიქნები პოსტშიმშილობის რეაბილიტაციის დროს. კონსილიუმი მხოლოდ პროფესიონალებით უნდა იყოს დაკომპლექტებული, ჩემი წარმომადგენლებისა და სახელმწიფოს დანიშნული წევრებით თანაბრად დაკომპლექტებული. მისი გადაწყვეტილება უნდა იყოს არა სარეკომენდაციო ხასიათის, არამედ სავალდებულო, რასაც მე დავემორჩილები და უნდა დაემორჩილოს ხელისუფლება. როგორც კი გადამიყვანენ სათანადო დაწესებულებაში, შიმშილობას შევწყვეტ“, — აცხადებს სააკაშვილი.

ნიკა გვარამიას თქმით, სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის საკითხი უახლოეს საათებში უნდა გადაწყდეს, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია:

“მიხეილ სააკაშვილს უკვე დაკლებული აქვს 25 კილოგრამი. მას ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს კალიუმთან დაკავშირებით. მისი დღევანდელი მაჩვენებელია 2.7 და 2 არის უკვე ის მაჩვენებელი, რომელზეც ვითარდება უკვე ინფარქტი ან ინსულტი. ასევე, დღეს მას ჩემს შესვლამდე ჰქონდა ჰიპერტონიული კრიზი, ძალიან მაღალი წნევა, შესაბამისად, ყოველი საათი მნიშვნელოვანია.

მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფოებრივად ისტორიული და უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ აღსრულდება, რაც ხელისუფლება შეასრულებს არა მიხეილ სააკაშვილის ულტიმატუმს, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებებს და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამას ნამდვილად არ სცდება მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა”, – განაცხადა გვარამიამ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილი მაღალკვალიფიციურ კლინიკაში გადაიყვანონ შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციისთვის, რადგან ყველა კლინიკას ამის რესურსი არ აქვს.

„ამაზე ხელისუფლების პასუხი თუ არ იქნება ადეკვატური, ეს საბოლოო სასიკვდილო განაჩენი იქნება მიხეილ სააკაშვილისთვის“, – ამბობს გვარამია.

მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის დაუყონებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდა „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას, რომელიც მე-9 დღეა, პარლამენტის შენობაში შიმშილობს. ხოშტარიას თქმით, მისი შიმშილობის მთავარი მოთხოვნა სააკაშვილის სამოქალაქო ტიპის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანაა.


მიხეილ სააკაშვილი პირველი ოქტომბრიდან ციხეში შიმშილობს. ხელისუფლება ამ დრომდე უარს აცხადებს მის გადაყვანაზე სამოქალაქო ტიპის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი რამდენიმე დღის წინ მისივე ნების საწინააღდმეგოდ გადაიყვანეს გლდანის ციხის ტერიტორიაზე, ციხის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი