სამართალი

ჟურნალისტების დაჯარიმება

5 თებერვალი, 2010 • 1985
ჟურნალისტების დაჯარიმება

საია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტების დაჯარიმებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიტყვის თავისუფლების მოთხოვნებს – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 5 თებერვალს გაავრცელა გაზეთ “ბათუმელების” საქმესთან დაკავშირებით.

თბილისი საქალაქო სასამართლომ გუშინ გამოიტანა გადაწყვეტილება და არ დააკმაყოფილა შპს” გაზეთ ბათუმელების” დირექტორის მზია ამაღლობელისა და გაზეთის მთავარი რედაქტორის ეთერ თურაძის სარჩელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წინააღმდეგ.

გაზეთის თანამშრომლები იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტის ბათილად ცნობას ითხოვდნენ, რის საფუძველზეც სარფის საბაჟოზე მედიის ორი წარმომადგენელი 1000-1000 ლარით დააჯარიმეს.

გაზეთის ხელმძღვანელებს მიაჩნიათ, რომ საბაჟო მოხელეების მხრიდან მათთვის სანქციის სახით დაკისრებული ჯარიმა უკანონოა და საბაჟოს თანამშრომლებმა  მათ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს.

ეთერ თურაძემ და მზია ამაღლობელმა, 2009 წლის 15 აგვისტოს გადაკვეთეს საქართველო–თურქეთის საზღვარი, რათა ჩაეტარებინათ ჟურნალისტური გამოძიება განბაჟების პროცედურასთან დაკავშირებით.

“სამი კვირის განმავლობაში რედაქციაში რამდენიმე მოქალაქე მოვიდა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მათი უფლებები ირღვევა. მოქალაქეები ამბობდნენ, რომ პირველად გადაკვეთეს საქართველო_თურქეთის საზღვარი და ამის მიუხედავად სარფში მათ მაინც აიძულეს პირადი მოხმარებისთვის შემოტანილი საქონლის განბაჟება, რაც უკანონოა. ჩვენ გადავწყვიტეთ თავად გადაგვემოწმებინა ეს ფაქტები“, _ ამბობს მზია ამაღლობელი.

 როგორც გაზეთის გამომცემელი და მთავარი რედაქტორი აცხადებენ, მათ თურქეთიდან უკან დაბრუნების დროს უპრობლემოდ გაიარეს საბაჟო შემოწმება და გააგრძელეს პროფესიული მოვალეობის შესრულება. „ჩვენ საბაჟოს კონტროლის პროცედურები გვაინტერესებდა… მოქალაქეებთან ინტერვიუები ჩავიწერეთ როგორც ქემალ ფაშას ბაზრობაზე, ისე ტრანსპორტში _ უკან დაბრუნების დროს.

 სავალდებულო საბაჟო შემოწმების პროცედურაზე დაკვირვების დროს კი დავინახეთ, რომ მოქალაქეები ხმამაღლა აპროტესტებდნენ მებაჟეების მხრიდან პირადი მოხმარების მიზნით შეძენილი ნივთების განბაჟების მოთხოვნას. ჩვენ კომენტარი ვთხოვეთ საბაჟოს ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელმაც უარი განაცხადა ლაპარაკზე და ტერიტორია დატოვა… ამის შემდეგ ტერიტორიის დატოვება საბაჟოს არაერთმა წარმომადგენელმა (რიგრიგობით) მოგვთხოვა“, _ აცხადებს ეთერ თურაძე.

ეთერ თურაძის თქმით, მათ არ გაუწევიათ წინააღმდეგობა, საბაჟოს მოხელეებს სთხოვეს მიეთითებინათ ის სამართლებრივი საფუძველი, რაც მათ ავალდებულებდა საბაჟო ტერიტორიის დატოვებას. მათ მიაჩნდათ, რომ ხელს არ უშლიდნენ საბაჟოს ინსპექტორებს თავიანთი მოვალეობის შესრულებაში და არ შეუფერხებიათ სამუშაო პროცესი. 

 

ეთერ თურაძე: “მიუხედავად ჩვენი კანონიერი მოთხოვნისა, საბაჟოს თანამშრომლებმა არაფერი განგვიმარტეს, განუწყვეტლივ იმას იმეორებდნენ, რომ ხელს ვუშლიდით მუშაობაში. ისინი დაუკავშირდნენ ამ გამშვები პუნქტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, საშა ბაღათურიას, რომელმაც ასევე განმარტების გარეშე მოგვთხოვა ტერიტორიის დატოვება. წაგვართვეს პასპორტები, დაუყოვნებლივ გააფორმეს სამართალდარღვევის ოქმი და იძულების წესით დაგვატოვებინეს საბაჟოს ტერიტორია“.

 

გაზეთის ორივე ხელმძღვანელი 1000_1000 ლარით დააჯარიმეს. სწორედ ამ სამართალდარღვევის აქტის გაუქმებას ითხოვენ დაზარალებულები, რომლებმაც სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა არ დააკმაყოფილა  მათი საჩივარი ანალოგიური მოთხოვნით.

სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი ორ კვირაში გახდება ცნობილი. სწორედ ამის შემდეგ გაასაჩივრებენ ჟურნალისტები სასამართლოს გადაწყვეტილებას.

 

საია მიიჩნევს, რომ “(სასამართლოს) გადაწყვეტილება, არ შეესაბამება ევროპის სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას. ევროპის სასამართლომ თავის ერთ-ერთ უახლეს გადაწყვეტილებაში ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ “მე-10 მუხლით დაცული ინტერესების გათვალისწინებით, კანონმა არ შეიძლება დაუშვას თვითნებური შეზღუდვები, რომლებმაც შეიძლება მიიღონ ირიბი ცენზურის რაიმე ფორმა… მაგალითად, ინფორმაციის მოგროვება არსებითი მოსამზადებელი ნაბიჯია ჟურნალისტიკაში და პრესის თავისუფლების განუყოფელი, დაცული ნაწილია”.

 

ჟურნალისტების უფლებებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დახმარების ცენტრის იურისტი თამარ კორძაია იცავს, რომელიც აცხადებს:

 

მასალების გადაბეჭდვის წესი