სამართალი

ანგარიშსწორების კოდექსი

15 მარტი, 2010 • 2002
ანგარიშსწორების კოდექსი

მე არ ვცდილობდი ხელისუფლებასთან სიახლოვით პრივილეგია მიმეღო. ამ ხალხს ვარდების რევოლუციამდე დიდი ხნით ადრე ძალიან ახლოს ვიცნობდი. სანამ ისინი მოვიდოდნენ ხელისუფლებაში, მანამდე ვმეგობრობდი მათთან. მიშა სააკაშვილის გარდა, თითქმის ყველას ვიცნობდი, დაწყებული ოქრუაშვილით. ის თავისი კომპანიით იურიდიულ მომსახურებას გვიწევდა. ამის შემდეგ გავიცანი მისი სამეგობრო წრე. ძალიან ვახლობლობდი ზურა ადეიშვილთან, კოტე კუბლაშვილთან, ასევე მერაბიშვილთან, გივი თარგამაძესთან.

ქიბარ ხალვაში: როდესაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ოქრუაშვილი მათი ოპონენტი იყო, დამიკავშირდა კეზერაშვილი და გორში წასვლა შემომთავაზა ობიექტის დასათვალიერებლად. მეც სიამოვნებით დავთანხმდი. უკან წამოსვლისას კეზერაშვილმა მითხრა, დავკავშირებოდი ოქრუაშვილს და მეთქვა, რომ ის შეშვებოდა ოპოზიციონერობას, არ წასულიყო ოპოზიციაში, ანუ არ დაეწყო პარტიული მოძრაობა, სამაგიეროდ მივიღებდით კარტბლანშს ბიზნესში – რაც გვინდოდა, იმას გავაკეთებდით.

კეზერაშვილთან ამ საუბრის შინაარსი ოქრუაშვილს გადავეცი. მან მთხოვა, არ ჩავრეულიყავი პარტიულ და პირად ურთიერთობებში. მითხრა, მათ იციან ჩემი ტელეფონი, დამიკავშირდებიან და შესაბამის პასუხს გავცემო. ხელისუფლება გრძნობდა, რომ ოქრუაშვილი აპირებდა ოპოზიციაში გადასვლას.

20 სექტემბერს ისევ მქონდა კეზერაშვილთან შეხვედრა, რომლის შინაარსიც ასეთი იყო: თუ მე ვიქნებოდი ოქრუაშვილის მეგობარი და ოპოზიციონერი, მაშინ სახელმწიფო ჩემს წინააღმდეგ შესაბამის ზომებს გაატარებდა. მე კეზერაშვილს ვუთხარი, რომ აპოლიტიკური ადამიანი ვარ. ამის მტკიცებულებად მოვიყვანე ის, რომ მანამდე ხელისუფლებისგან ძალიან ბევრ თანამდებობაზე მუშაობის შემოთავაზება მქონდა, მინისტრის თანამდებობის ჩათვლით. მე პოლიტიკით დაინტერესებული რომ ვყოფილიყავი, მაშინ მივიღებდი ამ გადაწყვეტილებას, როცა თქვენ მეგობრობდით-მეთქი. და მეორეც, არამარტო საქართველოში, არამედ სხვაგანაც გვქონია ბიზნესი და არ ყოფილა ისე, რომ რომელიმე ხელისუფლებისთვის საჩუქრებისა და ძღვენის მირთმევით გვეკეთებინა საქმე. ეს კეზერაშვილს ავუხსენი. იმან მითხრა, რომ ეგრე არ ხდება, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ბიზნესი ქვეყანაში დამოუკიდებელი არ არის, აქედან გამომდინარე, ან _ აქეთ, ან _ იქეთ.

2004 წელი, ვარდების რევოლუციის შემდგომი პერიოდი

ქიბარ ხალვაში: მე დამიკავშირდა საქართველოს თავდაცვის იმჟამინდელი მინისტრი ოქრუაშვილი და მითხრა, რომ საქართველოში არსებული სამშენებლო კომპანიების რესურსი არ არის საკმარისი იმისთვის, რა მასშტაბის სამუშაოების შესრულებასაც ისინი აპირებდნენ. თურქეთი ცნობილია მშენებლობის სწრაფი ტექნოლოგიებით, ამიტომ მთხოვა, იქნებ ჩემი ნაცნობებით დამედგინა თურქეთში სამშენებლო კომპანია და საქართველოში თავდაცვის სამინისტროს დაკვეთის შესასრულებლად ჩამომეყვანა. ფაქტობრივად, სახელმწიფოს მხრიდან მოთხოვნა იყო, რომ ამ კომპანიას სამუშაო ტენდერის გარეშე შეესრულებინა. ეს იმიტომ, რომ ხელისუფლება არ იყო გარკვეული, რის აშენებას აპირებდა. როდესაც მითხრეს, ამ კომპანიას რა სამუშაო უნდა შეესრულებინა, ვუთხარი, რომ მოტივაციის გარეშე ამის შესრულება ძნელია და მე ძალიან მიჭირს სახელმწიფოს შუამავლის როლის თამაში-მეთქი. ამიტომ, ერთ-ერთი კომპანიის 25-პროცენტიანი წილი შევისყიდე. ეს მერე ხელისუფლებამ გამოიყენა საკუთარი პიარისთვის ოქრუაშვილის წინააღმდეგ, თითქოს, ოქრუაშვილმა თავის მეგობარს დაკვეთები ტენდერის გარეშე გადასცა. ერთ მაგალითს ვიტყვი, თუ რატომ იყო ტენდერების ჩატარება შეუძლებელი: როდესაც გლდანის ციხის მშენებლობა დაიწყო, ის გათვლილი ჰქონდათ სამი ათას პატიმარზე, როდესაც დამთავრდა _ იყო ოთხი ათას პატიმარზე. ერთ-ერთ კორპუსში კეთდებოდა სამზარეულო, შემდეგ სამზარეულოს გარეთ გატანა გადაწყვიტეს, ახალი შენობა უნდა დაგვედგა. ეს არ იყო უბრალო სამუშაო, ყოველ კამერას სჭირდებოდა დამცავი არმირება იმისათვის, რომ კამერებს შორის არ ყოფილიყო კომუნიკაცია. ურთულეს პირობებში ვიმუშავეთ, მაგრამ ვთვლი, რომ ძალიან სწრაფად და ხარისხიანად შესრულდა ეს სამუშაოები. მადლობა პირადად პრეზიდენტმა გადაიხადა.

პრობლემები აგვისტოდან დაიწყო _ დააპატიმრეს ერთ-ერთი პარტნიორი რურუა, “აიბისი”-ის დირექტორი მეტრეველი, უპატიოსნესი და მშრომელი ადამიანია. მას შემდეგ, რაც ახალაიას ციხეში იმყოფებოდა, ცოტა არ იყოს, თავს ჯანმრთელად ვერ გრძნობს, ასე ვთქვათ, აწამეს. შემოწმება შევიდა ჯერ “აიბისი”-ში, შემდეგ _ “არტში” და იქვე “პრიზაში”. ამ კომპანიებში დაიწყეს აქტების შედგენა. ფინანსური პოლიციის ჯგუფს ხელმძღვანელობდა დავით კირკიტაძის ძმა, სახელი არ ვიცი, რომელიც გამოირჩეოდა უხამსობით, უზრდელობით და აგრესიით. ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი, ჩვენი ერთ-ერთი კომპანიის ბუღალტერს გაუპატიურებით დაემუქრა, თუ არ მოაწერდა ხელს იმ ჩვენებაზე, რაც დაუდეს ხელმოსაწერად ამ ქალბატონს.

მალხაზ ოსაძე _ ინჟინერ-მშენებელი: 2006 წლიდან იყო “ინტერნეიშენალ ბილდინგ კომპანის” მთავარი ინჟინერი. 2007 წლიდან ამ კომპანიის დირექტორი: შემოცვივდნენ კომპანიაში, ყველა დოკუმენტაცია _ ბუღალტრული, იურიდიული _ ჩაყარეს ტომრებში და ფინანსურ პოლიციაში წაიღეს.

ციხის მშენებლობაზეც ჯარით შემოვიდნენ და ყველაფერი წაგვართვეს. შემოვიდნენ გორის სამხედრო ბაზის მშენებლობაზე და იქაც წაგვართვეს ყველაფერი. გამოცხადდა ძებნა ქიბარ ხალვაშზე, გამოცხადდა ძებნა “პრიზის” დირექტორ ვანო რუაძეზე… მოკლედ, ტერორი ხორციელდებოდა ჩვენი კომპანიების მიმართ. ცოტა ხანში დაიჭირეს ქიბარ ხალვაშის ძმა ნიაზ ხალვაში.

ნიაზ ხალვაში. პირადი მონაცემები: ავტომექანიკოსი. შპს “არტის” 7 პროცენტის და ძმასთან ერთად შპს `”პრიზას” 51 პროცენტის მფლობელი: სახლთან ორი კაცი დამეწია, ნიაზ, გაჩერდი, საქმე გვაქვსო. აჭარის კონსტიტუციური დეპარტამენტის უფროსი იღებდა მონაწილეობას ჩემს დაკავებაში. პირველი შეკითხვა იყო, შენი ძმა სად არისო და მერე, ფულია საჭიროო. მე, პრაქტიკულად, მძევლად ამიყვანეს. მეუბნებოდნენ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის გირაოს თანხა იყო გადასახდელი, რომ ეს აუცილებელი და სასწრაფოა და ჩვენ იმისათვის ვისჯებოდით, რომ ასეთ ცუდ ადამიანთან ვმეგობრობდით, ეს თვითონ დათა ახალაიამ მითხრა.

ქიბარ ხალვაში: ოქრუაშვილი 25 სექტემბერს დააკავეს. სახელმწიფო აცხადებდა, რომ ჩემზე ძებნა იყო გამოცხადებული, მაგრამ როდესაც დასჭირდათ, მომძებნეს, შეხვედრა კეზერაშვილთან დაინიშნა. მან მითხრა, რომ მე უნდა გადამეხადა 10 მილიონი გირაოს საფასური და 7 მილიონი ჩვენი კომპანიების ჯარიმა, რომელიც მისივე თქმით, ის თანხა იყო, რომელიც ჩვენმა კომპანიებმა, სავარაუდოდ, 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ გამოიმუშავეს. მისი თქმით, ჩვენ არ ვიყავით ღირსი, რადგან არ ვიყავით მხარდამჭერები ხელისუფლების და არ ვიმსახურებდით არავითარ მოგებას

ნიაზ ხალვაში: საღამოს 9 საათზე დამაკავეს, თანხაზე საუბარი მეორე დღეს, ღამის პირველ საათამდე მიდიოდა: სასწრაფოდ, ორ დღეში უნდა გადაგვეხადა და მერე ვიქნებოდით ხელშეუხებელი, ქიბარზე ძებნა შეწყდებოდა, ანუ საქმიანობას ჩვეულებრივ გავაგრძელებდით. ამას თვითონ დათა ახალაია მეუბნებოდა. ის ყოველ ნახევარ საათში მიკავშირდებოდა და მეკითხებოდა, რა ხდება, რაიმეს იმედი გაქვს თუ არა, თუ არ გაქვს, მეცოდები, რადგან ჩვენ მაგ ფულს თქვენგან მაინც წამოვიღებთო. ასეთი მუქარა მოდიოდა. გარკვეული დრო გავიდა ჩემი დაკავებიდან და დაინახეს, რომ ჩემი დაკავება ფულის შოვნის საშუალება არ იყო, ასე იოლად და სწრაფად ფულს ვერ მიიღებდნენ. შემდეგ წამოიწია მანქანის თემა, დამკითხეს მანქანის თაობაზე, როგორ შევიძინე, ვისგან შევიძინე, როდის გავყიდე, რამდენად გავყიდე. თხოვნის, რჩევის სახითაც გაიჟღერა მეღიარებინა, რომ მანქანა იყო მოპარული და ასეთი მანქანა შეგნებულად გავყიდე. ამაზე კატეგორიული უარი ვთქვი. დღემდე მეეჭვება, რომ მანქანა მოპარული იყო. მანქანის ექსპერტად ნამდვილად არ გამოვდგები, მაგრამ ამ მანქანით დავდიოდი თურქეთში, სერვისცენტრშიც შევდიოდი და არანაირი პრობლემა არასდროს შემქმნია მანქანასთან დაკავშირებით.

ქიბარ ხალვაში: ედავებიან იმას, თითქოს მოპარული მანქანა იყიდა. ვინც ჩემს ძმას მანქანა მიყიდა, ის თავისუფალია. არც შემდგომი მყიდველია დაკავებული. რატომღაც მარტო ჩემი ძმაა დამნაშავე.

ნიაზ ხალვაში: ვინმე სპარტაკა იყო გამომძიებელი, კუდის თანამშრომელი. ამომხედა, გამიღიმა და მითხრა, გერჩივნოს, რომ ამ ბრალდებით დაგაკავეთ, თუ უარს იტყვი, უარესს ელოდეო. უარესის მოლოდინმა ბევრი არ დააყოვნა. ღამის პირველ საათზე ფინანსური პოლიციის გამომძიებლები ამოვიდნენ კუდის შენობაში ახალი ბრალდებით, ფინანსურ მაქინაციებთან დაკავშირებით. თურმე,  `არტის~ ბათუმის ფილიალის დირექტორი ასლან დუმბაძე ჰყავდათ წაყვანილი.

ასლან დუმბაძე: მითხრეს, თბილისში უნდა წამოხვიდე და დღესვე დაგაბრუნებთო. ჩვენს ადვოკატს გზიდან დავუკავშირდი. მითხრა, როგორც ჩამოხვალ, დამირეკეო, მაგრამ, როცა ჩავედით, დარეკვის საშუალება აღარ მომცეს, უნდოდათ, რომ ჩვენება მიმეცა. ეს ეხებოდა სესხს, რომელიც აღებული ჰქონდა ნიაზს _ 341 ათასი ლარი. მათ აინტერესებდათ, ეს ფალსიფიკაცია ხომ არ იყო, ხელშეკრულება თუ არსებობდა. ისეთი ჩვენება მივეცი, რომ ფალსიფიკაცია გამოვიდა. ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს… კრიმინალურ პოლიციაში თუ ასეთი რამ მოხდებოდა, წარმოდგენაც არ მქონდა, თორემ არ დავთანხმდებოდი შუაღამეში წასვლაზე, ყოველ შემთხვევაში, დამალვა შემეძლო.

ქიბარ ხალვაში: პარალელურად, ბათუმში, ციხეში ჩემს ძმას ეუბნებოდნენ, დაერეკა თურქეთში და აეხსნა ჩემი პარტნიორებისთვის. ისიც ურეკავდა და ეუბნებოდა, რომ თუ გადავიხდიდით ოქრუაშვილის გირაოს, მას გამოუშვებდნენ.

ნიაზ ხალვაში: ვიცოდი, რომ იქედან დახმარება არ იქნებოდა, მაგრამ ამის მიუხედავად, რამდენჯერმე ჩემი ტელეფონით დავრეკე. ტელეფონი ჯერ ჩამომართვეს და ნომრების გადამოწმების შემდეგ დამიბრუნეს. ტელეფონს გამომიჩოჩებდნენ მაგიდაზე და აბა ეხლა გადარეკე, რას გეტყვიან, აბა გადარეკე, რას გეტყვიანო. ციხეში რომ გადამიყვანეს, იმ დღესაც კუდის თანამშრომელი ალიკ ბალაძე ჩემი მობილურით ამოვიდა და ისევ თურქეთში დამარეკინეს, ფულის საშოვნელად. მეოთხე თუ მეხუთე დღეს ამოვიდა თემურ პატარიძე, ციხის უფროსის კაბინეტში დამიბარეს და დამემუქრნენ, ვინ გგონივართო. აქ, ციხეში სასათბურე პირობები რომ შეგიქმენით და კარგად გამყოფებთ, ხომ არ ფიქრობ, რომ მაგ ფულს არ გადაიხდიო. პირობების გაუარესებით დამემუქრა.

ქიბარ ხალვაში: მე გადავწყვიტე, რომ ამდენი ხალხის ტანჯვას, მით უმეტეს, რომ ეტყობოდა ხელისუფლება შესრულებულ სამუშაოს საფასურს არ გადაუხდიდა “აიბისი”-ს, ეს კომპანია შემეთავაზებინა. ახალაიას სატელეფონო საუბარში ვუთხარი, რომ დავუთმობდი ამ კომპანიას, რაზეც სიამოვნებით დამთანხმდა.

იუჯარ კარდი, “ინტერნეიშენალ ბილდინგ კომპანის” თურქი პარტნიორების იურისტი: 2007 წლის სექტემბრის ერთ ღამეს, საქართველოს ხელისუფლებამ, ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და წინასწარი შეტყობინების გარეშე, ჩვენს კომპანიას ყველა აქტივი ჩამოართვა. ამასთან, სახელმწიფომ უარი განაცხადა ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებაზე, რაც დაახლოებით 13 მილიონ ლარს შეადგენდა. კომპანიის კაპიტალის გადასარჩენად ხალვაშმა შემოგვთავაზა კომპანიის გადაცემა ხელისუფლების მიერ მითითებულ პირისთვის. საკომპენსაციოდ ქიბარ ხალვაშს თურქი პარტნიორებისთვის უნდა დაეთმო წილები მისი სხვა კომპანიებიდან. ხალვაშის შეთავაზებას თურქი პარტნიორები დასთანხმდნენ და ღამის სამ საათზე ხელისუფლებისთვის სასურველ პირებს წილი გადაუფორმეს.

ქიბარ ხალვაში: თურქ პარტნიორებს, რომლებიც კომპანიის 75 პროცენტის მფლობელები იყვნენ, მოველაპარაკე, რომ ესენი დათმობდნენ წილს “აიბისი”-ში და “პრიზაში”, რომელიც იყო ჩემი ძმის და გოგუას კომპანია. შესაბამისად, მე უნდა დამეთმო წილი “არტიში”. ჩამოვიდა იმათი წარმომადგენელი თავისი მინდობილობით და “აიბისი”-ს წილები გადააფორმეს ვისზეც უნდოდათ, მაგრამ `არტის~ წილები არ გადააფორმეს. ფაქტობრივად, მე მომატყუებინეს ჩემი პარტნიორები, ანუ წამოვიღე თურქული მხარის წილი, მაგრამ თურქებმა თავიანთი წილები ვერ მიიღეს.

იუჯარ კარდი: ხალვაშმა დატოვა საქართველო, მაგრამ მას არ გადაუფორმებია წილები თურქი პარტნიორებისთვის… სახელმწიფოს არ დაუბრუნებია ჩვენი კუთვნილი აღჭურვილობა, რის შედეგად, თურქმა პარტნიორებმა დაკარგეს უამრავი ფული, დაკარგეს რეპუტაცია, როგორც თურქეთში, ისე მის საზღვრებს გარეთ, მათი საკრედიტო ურთიერთობის გამო ბანკებთან. ეს ინვესტორს უმკვიდრებს არასასურველ იმიჯს კომერციულ და არაკომერციულ წრეებში.

ქიბარ ხალვაში: სანამ თავიანთ ჩანაფიქრს არ განახორციელებდნენ, არც ჩემს ძმას და არც მეტრეველს ციხიდან არ უშვებდნენ, რაზეც მოლაპარაკება იყო. 22 ოქტომბერს ჩვენ დავწერეთ მინდობილობა, იმავე საღამოს ეს კომპანია გადააფორმეს. 23-ში დილით, თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებმა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ `აიბისი~ არის დამნაშავე, მეტრეველი არის დამნაშავე, რომ ჩვენ სახელმწიფოს ვატყუებდით და ა.შ. გადაიხადეს `აიბისი~-ის დავალიანების ნაწილი, ორი ტრანში _ 6,5 მილიონი და ხუთასი ათასი ლარი. ეს გაკეთდა 25-მდე, შესაბამისად, 25-მდე ეს თანხა ოქრუაშვილის გირაოს ანგარიშზე გადაირიცხა. ჩემი ძმა და მეტრეველი ამის შემდეგ დააბრუნეს და დაიწყო შემდგომი ეტაპი.

ინტერნეიშენალ ბილდინგ კომპანის რევიზიის აქტი

მალხაზ ოსაძე: შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ ამ აქტს ფინანსურ აქტთან საერთო არაფერი აქვს, ეს პოლიტიკური აქტია. ჩვენ გამოგვიშვეს ციხის მშენებლობიდან, მაგრამ რა მასალები, ძირითადი საშუალებებიც გვქონდა, უბრალოდ, წაგვართვეს. ეს ცოტა არ იყო. ციხის მშენებლობაზე ერთი მილიონი ლარის მასალები და ნახევარი მილიონის ღირებულების ძირითადი საშუალებები გვქონდა. ასევე, ერთი მილიონის ოთხი გენერატორი იყო. დენის არმიწოდების შემთხვევაში ამ გენერატორებმა ციხის განათება უნდა უზრუნველყოს. ეს გენერატორები დღესაც ჩვენ გვაწერია, მაგრამ არ გვაძლევენ. ფულის გადახდაზე ხომ საუბარი ზედმეტია.

ასევე მოიქცნენ გორშიც: წაგვართვეს 4,5 მილიონი ლარის სამშენებლო მასალები, 1,5 მილიონი ლარის ძირითადი საშუალებები, წაგვართვეს ტექნიკის ნაწილი. 1,5 მილიონის მასალები, რომელსაც ზედმეტობაში გვაწერენ, ბუღალტრულად აღრიცხული იყო, ყველაფერზე არსებობს ანგარიშფაქტურები. როდესაც ნახეს, რომ მილიონ-ნახევრის მასალა გატანილია ობიექტებზე, დანადგარები გატანილი და დამონტაჟებულია, ეს ყველაფერი ჩათვალეს ზედმეტობაში. საწყობის ნაშთების სია ამათაც მივეცით. ამ სიაში ნახეს, რომ სამზარეულო აღარ არის საწყობის ნაშთი, მაგრამ ბუღალტრულად გატარებულია. მაინც გვითხრეს, რომ ესეც ზედმეტიაო.

მოგეხსენებათ, ციხის ფანჯრები შედგება ფანჯრისა და გისოსისგან. მონტაჟის დროს ფანჯრის ნაწილები ზიანდება, ამიტომ, პროცესში ამას ხსნი. ეს გისოსები დროებით იყო მოხსნილი. ნაშთში როგორ იქნებოდა გისოსები, როცა ის ფანჯრის შემადგენელი  ნაწილია? ყველა გისოსი, დაახლოებით 160 ათასი ლარის ღირებულების, ჩაგვითვალეს ზედმეტობაში. ამას გარდა, გორში სამხედრო ბაზაზე მიღებული გვქონდა 300 დუშკაბინა, რომელიც შეფუთული იყო. ზურაბიშვილმა, სად არის დუშკაბინებიო, ვუთხარით, სადაც იყო… მე ვერ ვხედავ დუშკაბინებსო. 300 დუშკაბინა ჩაგვითვალა დანაკლისში და რაც შეფუთული იყო, ჩაგვითვალა ზედმეტობაში. ე.ი. ერთი და იგივე დუშკაბინა გვაქვს როგორც დანაკლისში, ისე ზედმეტობაში. ასე შეადგინა ბატონმა ზურაბიშვილმა მილიონ-ნახევარი ზედმეტობა, რაც კომპანიას ბიუჯეტის სასარგებლოდ ეკისრება. სინამდვილეში, ზედმეტობა ერთი თეთრი არაა, ყველა მათგანზე არსებობს ანგარიშფაქტურა. საგადასახადო კოდექსი გვეუბნება, რომ თუნდაც ბუღალტრულად აღურიცხავ პროდუქციაზე თუ არსებობს მისი დამადასტურებელი ანგარიშფაქტურა, არ შეიძლება ეს მასალა და დანადგარები ჩაითვალოს ზედმეტობაში.

“ინტერნეიშენალ ბილდინგ კომპანი~ 17 მილიონი ლარით დაჯარიმდა. ქიბარ ხალვაშის კომპანიებს, ერთობლივად, ბიუჯეტში 60 მილიონ ლარზე მეტის გადახდა დაეკისრათ. ეს ამ კომპანიების გაკოტრებას ნიშნავდა.

მალხაზ ოსაძე: სასამართლოში მოსამართლე მირანდა ერემაძეს 600 ათასი ლარის ღირებულების სამზარეულოს ფაქტურები წარვუდგინეთ და ვუთხარით, რომ ამ მილიონ ნახევარზე ყველა საბუთის წარდგენა შეგვეძლო. ვაჩვენეთ საგადასახადო კოდექსი, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ თუ არსებობს ფაქტურა არ შეიძლება იმაზე გავრცელდეს სანქცია. მაგრამ მოსამართლემ არც საგადასახადო კოდექსი იღო ყურად და არც ჩვენი ფაქტურები მიიღო მხედველობაში.

არტი ჯგუფი

მარტინ ვეცვანგასი _ `პროქტერ ენდ გემბელის~ მენეჯერი საქართველოსა და სომხეთში. `არტი ჯგუფის~ გენერალური დირექტორი: კომპანია `არტი~ 1996 წელს შეიქმნა. 2000 წელს მან მიიღო `პროქტერ ენდ გემბელის~ პროდუქციის დისტრიბუციის უფლება აზერბაიჯანში. ორი-სამი წლის შემდეგ კი _ იმავე პროდუქციის დისტრიბუციის უფლება სომხეთში.

ქიბარ ხალვაშმა 2005 წელს გენერალური დირექტორის თანამდებობა შემომთავაზა და მალე სამუშაოდ თბილისში გადმოვბარგდი. კომპანია შექმნილი იყო ვარდების რევოლუციამდე დიდი ხნით ადრე და მისი წარმატების ძირითადი პარამეტრები არანაირად არ უკავშირდებოდა ვარდების ხელისუფლებას. 24 სექტემბერს `არტი ჯგუფის~ ოფისში შემოვიდა ფინანსური პოლიცია, დაახლოებით ასი შეიარაღებული ადამიანი. პრობლემები მას შემდეგ დაიწყო.

როგორც მახსოვს, ოქმის მიხედვით, ჩხრეკის მიზეზი იყო ეჭვი იმის შესახებ, რომ თავს ვარიდებდით საბაჟო გადასახადებს. რეალურად კი, იმ დროისთვის საბაჟო გადასახადები ორი წლის გაუქმებული იყო, ყოველ შემთხვევაში, იმ საქონელზე, რომლის იმპორტსაც ჩვენ ვაწარმოებდით. ანუ თავს ვერ ავარიდებდით იმ გადასახადს, რომელიც არ არსებობდა. და იმ შემთხვევაშიც კი, თუ `არტიმ~ ასეთი ქმედება ჩაიდინა გადასახადის გაუქმებამდე, მაინც გაუგებარია კომპანიის დალუქვის მოტივი, რადგან ორი წლის წინანდელი საქონელი უკვე გაყიდული იყო და საბუთების შემოწმებას კომპანიის საქმიანობის შეჩერება არ სჭირდებოდა.

თუმცა, კომპანიის დალუქვის მოტივზე თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლები ალაპარაკდნენ. მათი აზრით, `არტი~ ფინანსურად ეხმარებოდა ოპოზიციას და ჩვენ წინააღმდეგ სანქციები ამიტომ აამოქმედეს. მე გენერალური დირექტორი ვიყავი და ვიცი, რომ კომპანია არანაირ პოლიტიკურ დაფინანსებას არ აწარმოებდა და რომც დაეფინანსებინა, ეს არ შეიძლება ყოფილიყო `არტის~ წინააღმდეგ განხორციელებული სანქციების სამართლებრივი საფუძველი. ალბათ, კომპანიაში შემოჭრის გამართლების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩვენი კომპანია მონოპოლისტი იყო, ირაკლი ოქრუაშვილი თითქმის ტანკებით იცავდა ჩვენს ინტერესებს, სხვა კომპანიებს კონკურენცია რომ ვერ გაეწიათ. მე უკვე ვთქვი, რომ ჩვენმა კომპანიამ მანამდე დიდი ხნით ადრე მიაღწია წარმატებას, ვიდრე სააკაშვილი გამოჩნდებოდა პოლიტიკის მაღალ არენაზე.

ქიბარ ხალვაში: ადამიანმა განსაზღვრება გააკეთა, რომ ერთ-ერთი კომპანია, რომელსაც ოქრუაშვილი ტანკებით იცავდა, ყიდის ყველაფერს _ კბილის პასტიდან პამპერსებამდე. თურმე ის მონოპოლისტი ყოფილა, რადგან მრავალი სახეობის პროდუქციას ყიდის. ქვეყნის პრეზიდენტმა არ იცის, რა არის მონოპოლია. მონოპოლია მაშინაა, როდესაც ერთი კომპანია ერთი სახეობის პროდუქციას ყიდის ქვეყანაში.

ხანძარი “არტის” საწყობში

ქიბარ ხალვაში: 19 ნოემბერი იყო, სახლში ვიყავი. ფინანსური პოლიციის თანამშრომელმა მომიტანა უწყება _ დაბარებული ვიყავი სასამართლოში, თურმე სახელმწიფო რაღაცას მედავებოდა. არ მინდოდა ძალადობისა და ტყუილების ობიექტი ვყოფილიყავი და საქართველო დავტოვე. როდესაც გაარკვიეს, რომ გერმანიაში ვიყავი, მოძებნეს მიმალვაში მყოფი ერთ-ერთი დირექტორი და უთხრეს: ქიბარი საქართველოში დაბრუნდეს, ახლა საპრეზიდენტო არჩევნებია მოსალოდნელი, პრეზიდენტს მხარში ამოუდგეს და თქვენ ისევ აღორძინდებითო. სააკაშვილის მხარდამჭერად მე არასდროს აღარ გამოვდგები. აქედან გამომდინარე, უარი ვუთხარი. ეს არ მოეწონათ და დაიმუქრნენ, რომ გაგვანადგურებდნენ. ჩემი აზრით, ამის საბაბით, დეკემბრის ბოლოს, დაახლოებით 25 რიცხვში შპს “არტის” საწყობები დაიწვა. ზარალმა ხუთი მილიონი დოლარი შეადგინა.

მარტინ ვეცვანგასი: როცა პირველი ორი სახანძრო მანქანა მოვიდა, საწყობიდან მოშორებით მხოლოდ ხის ცარიელი პალეტები იწვოდა. როდესაც მეხანძრეებს წყალი გაუთავდათ, კომპანიის ტერიტორიაზე არსებულ სახანძრო სისტემაზე მიერთება გადაწყვიტეს. აღმოჩნდა, რომ სისტემაში წყალი არ იყო. ამიტომ წყლის ხელმეორედ ასავსებად წავიდნენ. და სახანძრო მანქანები უკან 40 წუთის შემდეგ დაბრუნდნენ. ღამის საათებში, როცა საცობები არ არის, სახანძრო 40 წუთის განმავლობაში არ მოვიდა. სანამ მეხანძრეები მოვიდოდნენ, ხანძარი გაძლიერდა და საწყობებზე გადავიდა. მათი მოსვლის შემდეგ საწყობის გადარჩენა შეუძლებელი იყო.

ხანძრის შემდეგ კომპანია `თბილისის წყლისგან~ მივიღეთ ოფიციალური დოკუმენტი, რომ წყალი ხანძრის დროს გადაკეტილი არ ყოფილა. ისმის კითხვა, მაშინ რატომ ვერ ჩააქრეს ცეცხლი მეხანძრეებმა? ჯერ გამოძიებამ ხის პალეტებთან, ანუ ხანძრის კერასთან ახლოს იპოვა საწვავის ჭურჭელი და ხელთათმანები. მერე ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ჭურჭელში აალებადი ნივთიერება არ იყო. მაგრამ გაჩნდა უამრავი კითხვა, რატომ არ იყო სისტემაში წყალი თუ “თბილწყალს” ის გადაკეტილი არ ჰქონდა? რატომ არ მოვიდნენ სახანძრო მანქანები 40 წუთის განმავლობაში? და ა.შ.
 
უარი სადაზღვევო ანაზღაურებაზე მარტინ ვეცვანგასი: ბუნებრივია, ყველა ვიმედოვნებდით, რომ ზარალს სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებდა. მზღვეველი შემოწმებისა და გარკვეული პროცედურების შემდეგ აცხადებდა, რომ ექვსი თვე იყო მაქსიმალური ვადა, რა დროშიც მათ ზარალი უნდა აენაზღაურებინათ. მზღვეველს რისკები გადაზღვეული ჰქონდა საერთაშორისო კომპანიაში. თითქოს ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობდა, მაგრამ სადაზღვევო თანხა დღემდე გადახდილი არ არის.

ქიბარ ხალვაში: სადაზღვევო კომპანია, ფაქტობრივად, ახალაიების კონტროლს ექვემდებარებოდა. ახალაიებმა ისინი გააფრთხილეს, რომ ჩვენ ვერ ავიღებდით იმ სადაზღვევო თანხას, რომელიც გვეკუთვნოდა და ეს შესრულდა. კომპანიას ეს თანხა დღემდე არ გადაუხდია. სადაზღვევო კომპანიას, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას უსმენს, ეს შეიძლება დიდ ტვირთად და იმიჯის შელახვად დაუჯდეს.

მარტინ ვეცვანგასი: ეს იყო სადაზღვევო კომპანია `ბსი~-ი, რომელიც უკავშირდებოდა საქართველოს ბანკს, რომელიც, თავის მხრივ, დაკავშირებული იყო საქართველოს ხელისუფლებასთან. სხვა ახსნას ჩვენ ვერ ვპოულობთ. სადაზღვევო კომპანია ვერ ასახელებს ვერანაირ მიზეზს, თუ რატომ არ გვინაზღაურებს სადაზღვევო გარიგებით გათვალისწინებულ თანხას.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”

“რუსთავი 2”  იყო ჩემი ბიზნესშეცდომა. იმათ თხოვნას არ უნდა დავთანხმებოდი. სარგებლობდნენ ჩემი მეგობრობით და ხშირი იყო სარედაქციო საქმიანობაში ჩარევა. საწყის ეტაპზე, როდესაც საქმეს კარგად აკეთებდნენ, შესაბამისად, ხელისუფლების კარგი მუშაობა აისახებოდა და “რუსთავი 2”-საც არ ჰქონდა პრობლემა. როგორც კი დაიწყო ხელისუფლებამ შეცდომების დაშვება, პრეზიდენტმა და მისმა ჯგუფმა ამის დაბრალება ჩვენზე დაიწყეს, თითქოს საქმეს ჩვენ ვაფუჭებდით. ძალიან მარტივ მაგალითს ვიტყვი: დაახლოებით გირგვლიანის საქმის გახმაურების შემდეგ, ხელისუფლება ცდილობდა შეზღუდვები დაეწესებინა. შეხვედრა მოითხოვა სააკაშვილმა და პრეტენზიები წამოგვიყენა, რომ “რუსთავი 2” ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდას ეწეოდა. მაშინ მითხრა, მე მეგონა ამ ქვეყანას ავაშენებდი, მაგრამ არ გამომდისო. ის დამრჩა, ოსეთში წავალ, ვიომებ და ბომბები რომ ჩამოგივარდება ეზოში, მაშინ მიხვდები, თურმე რას აშავებდით თქვენ და თქვენი “რუსთავი 2”-იო. ასე მითხრა პრეზიდენტმა.

შურისძიება სკოლის რემონტით

ქიბარ ხალვაში: ძალიან საინტერესო ეპიზოდია, უნდა მოვყვე აუცილებლად. 2004 წლის მაისში, ბატონ ლევან ვარშალომიძეს თხოვნით მივმართე, რომ ჩემი სოფლის სკოლის გარემონტების ნება მოეცათ. მდინარის პირას განლაგებული სკოლა სავალალო მდგომარეობაში იყო, ერთი ფლიგელი ჩამონგრეული ჰქონდა. ჩემი თანასოფლელი ბავშვები დაახლოებით ორი-სამი წელი ამ გვერდჩამონგრეულ სკოლაში დადიოდნენ. ჩემი დაფინანსებით და ჩემი ძმის ხელმძღვანელობით ამ სკოლას რესტავრაცია ჩაუტარდა.

ეთერ ლორთქიფანიძე – სკოლის დირექტორი: სკოლა ავარიულ მდგომარეობაში იყო. წყალდიდობის შედეგად ჩამოინგრა, ბათქაში საშინლად იყო დაზიანებული. ვის არ ვთხოვე, მაგრამ ყური არავინ მათხოვა. უცებ, საიდანღაც გამოჩნდა ჩვენი სოფლის მკვიდრი ქიბარ ხალვაში, რომელმაც თავისი სახსრებით სკოლა გაგვირემონტა. სკოლას ყველაფერი გამოუცვალა _ იატაკი, ფანჯრები, კარები. სკოლა იმავე წლის 8 ნოემბერს გაიხსნა, აქ იმყოფებოდა განათლების მინისტრი, რაიონის უფროსობაც. 

 

ქიბარ ხალვაში: 2008 წლის არჩევნების დროს გაარკვიეს, რომ ჩემი სოფლელები ხელისუფლებას, თურმე, მხარს არ უჭერდნენ. მე ვთვლი, რომ საქართველოს არც ერთი სოფელი არ უჭერს მხარს ხელისუფლებას, მაგრამ პროტესტის გრძნობა აქ ეტყობა ძალიან მაღალი იყო. ჩემი თანასოფლელების მოსყიდვის მიზნით, მიშა სააკაშვილმა ჩემი გარემონტებული სკოლა გადაღება. ამას სხვა რამეს ვერ დავარქმევ, რადგან ჩემი სოფლის მეზობლად არის გორგაძეების სკოლა, რომელიც არც 2004 წელს გარემონტებულა და არც დღეს…

 

 

 

შპს “ლივო”

 

ქიბარ ხალვაშს ეკუთვნოდა კომპანიის 60 პროცენტი, რომელიც ფლობდა სუპერმარკეტების ქსელს. ხელისუფლებამ კომპანიის ქონება დააყადაღა. ამ დროს ქსელში დიდი რაოდენობით სასურსათო პროდუქცია ინახებოდა.

 

ქიბარ ხალვაში: აგვისტოს მოვლენების დროს, როცა საქართველოში ტრაგედია დატრიალდა, “ლივოს” ადმინისტრაციამ ხელისუფლებას მიმართა, რომ დაყადაღებული პროდუქცია, რომელსაც ერთ თვეში შეიძლება ვადა გასვლოდა, საუბარია კვების პროდუქტებზე, ლტოლვილებისთვის გადაეცათ. მაშინ სურსათის პრობლემა იყო. ხელისუფლებას შეეშინდა, ქიბარმა ლტოლვილებისთვის ამის გადაცემით სიმპათია არ დაიმსახუროსო. მოვიდნენ, ბოქლომებით დაკეტეს ობიექტები, ჯიბეში ჩაიდეს გასაღებები და დღესაც სურსათი იქ ფუჭდება.

 

 

 

პიარი თავშესაფრის ნაცვლად

 

ქიბარ ხალვაში: საქართველოს პრეზიდენტის მოთხოვნით, ორივე ბაზაზე _ სენაკსა და გორში აშენებულია სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, რომლის საპროექტო ღირებულება მილიონ ლარზე მეტია. ჩვენ ვთვლიდით და შეთავაზებაც იყო, რომ ამის ნაცვლად დაბომბვის საწინააღმდეგო თავშესაფარი აშენებულიყო პერსონალისთვის. ეს არ გაითვალისწინეს. ასეთი ობიექტების მშენებლობა მხოლოდ პიარს ითვალისწინებდა. ის, რაც მიწის ქვეშ იმალებოდა, იმათ არ აინტერესებდათ.

 

ამ ამბავმა თურქ პარტნიორებს საქართველოში ბიზნესპარტნიორობის მოტივაცია დაუკარგა.

 

იუჯარ კარდი: ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ყველა უწყებას იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი უფლებები. ინვესტიციები ეხმარებოდა ქართულ ეკონომიკას, კომპანია იხდიდა უამრავ გადასახადს და პოზიტიურად წარმოაჩენდა საქართველოს როგორც თურქეთში, ასევე იმ ქვეყნებში, რომლებთანაც ურთიერთობა ჰქონდა ამ კომპანიას. მაქვს ერთი კითხვა – როგორ მოხდა, რომ ჩვენი ინვესტიცია შეჩერებულია და კომპანიის აღჭურვილობა კონდიცირებული. ეს მინდა ვკითხო როგორც ოფიციალურ საქართველოს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას.

 

ვახტანგ კომახიძე,
სტუდია “რეპორტიორის” დამფუძნებელი და ჟურნალისტი
გადაცემა “60” წუთის ყოფილი ჟურნალისტი

მასალების გადაბეჭდვის წესი