სამართალი

სასამართლოს ნებართვა არანებაყოფლობითი ნარკოტესტირებისთვის – გოგა ხაჩიძის კანონპროექტი

3 აგვისტო, 2015 • 1003
სასამართლოს ნებართვა არანებაყოფლობითი ნარკოტესტირებისთვის – გოგა ხაჩიძის კანონპროექტი

ხაჩიძე ამბობს, რომ კანონის მიღების აუცილებლობა ევროკომისიის 2015 წლის 8 მაისის ანგარიშიდან გამომდინარეობს.  

 

ევროკომისიის მიერ მოწოდებული ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ერთ–ერთი რეკომენდაციის თანახმად, პოლიციის მიერ დაუგეგმავად განხორციელებულ ნარკოშემოწმებებზე სამართლებრივი კონტროლი უნდა დაწესდეს.

 

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, თუ პოლიციელს ექნება დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა მოიხმარა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიუკული ნივთიერება, იგი უფლებამოსილი იქნება, ეს პირი დააკავოს. დაკავების შემდეგ თუ პირი ნარკოტესტირებაზე თანხმობას განაცხადებს, პოლიციელი მას წარუდგენს გამოკლვევისთვის უფლებამოსილ პირს; ხოლო, თუ დაკავების შემდეგ პირი არ იქნება თანახმა, პოლიციელი შეადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს და დაუყოვნებლივ წარადგენს სასამართლოში.

 

სასამართლოში წარდგენის შემდეგ, კანონპროექტის თანახმად, თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ დასაბუთებულია ვარაუდი, რომ პირმა ნარკოტიკული ნივთიერება მოიხმარა ექიმის დანიშნულების გარეშე, მას უფლება ექნება გამოიტანოს განჩინება არანებაყოფლობითი გამოკვლევის ჩასატარებლად ექსპერტის მოწვევის შესახებ.

 

“პოლიციელის მიერ სამართალდამრღვევის არანებაყოფილობითი გამოკვლევისთვის საამისოდ უფლებამოსილ პირთან წარდგენა განხორციელდება მხოლოდ სასამართლოს განჩინების საფუძველზე. სასამართლოში წარდგენის შემდეგ თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია ვარაუდი, რომ პირმა ნარკოტიკული ნივთიერება მოიხმარა ექიმის დანიშნულების გარეშე, იგი უფლებამოსილი იქნება შეწყვიტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება და გაათავისუფლოს დაკავებული,”– აღნუშნულია განმარტებით ბარათში.

 

ასევე, განმარტებითი ბარათის თანახმად, სასამართლო საქმეს განიხილავს დაუყოვნებლივ. საქმის განხილვა არ უნდა აღემატებოდეს დაკავებიდან 12 საათს.

 

გოგა ხაჩიძე ასევე წერს, რომ ადიქტოლოგიის კვლევითი ცენტრის, “ალტერნატივა ჯორჯიას” მონაცემებით,  2013 წელს, ბიოლოგიურ სითხეში ნარკოტიკებისა და მეტაბოლიტებზე ჯამში – 60196 ადამიანის ტესტირება მოხდა; მათგან 37485 (62%) პირს არ დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.

 

იძულებითი ნარკოტესტირების შეწყვეტას მოითხოვენ მოძრაობა 2.06–ის წევრებიც. ისინი ამბობენ, რომ ეს “საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამო, ცივილიზებული სახელმწიფოსთვის შეუფერებელი და სამარცხვინო” პრაქტიკაა.

 

“კანონმდებლობის დახვეწა ამ მიმართულებით და სასამართლოს მხრიდან კონტროლის მექანიზმის შემოღება შეამცირებს დაუსაბუთებლად პირთა იძულებით წარდგენას ნარკოლოგიურ შემოწმებაზე,”– წერს გოგა ხაჩიძე. 

 



! ! !ახალი პოლიტიკური ცენტრის მიერ მომზადდა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც არანებაყოფლობითი ნარკოლოგიური შემოწმება შე…

Posted by Goga Khachidze on Monday, August 3, 2015

მასალების გადაბეჭდვის წესი