სამართალი

მოსამართლის დადგენილება აქციის “არა პანორამას” მონაწილეთა საქმეზე

31 ივლისი, 2015 • 1775
მოსამართლის დადგენილება აქციის “არა პანორამას” მონაწილეთა საქმეზე

“ნეტგაზეთი” აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს დადგენილების ნაწილს გთავაზობთ:


“რაც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას:

 

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე მუხლის მიხედვით, სამართალდარღვევას წარმოადგენს წვრილმა ნი ხულიგნობა, ესეიგი საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა–გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ან თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღის ვადით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ წვრილმანი ხულიგნობის ადმინისტრაციულსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი წესრიგი. საზოგადოებრივი წესრიგი არის იმ საზოგადოებრივ ურთიერთობათა ერთობლიობა, რაც უზრუნველყოფს საზოგადოების სიმშვიდესა და ცხოვრების ნორმალურ რიტმს. ეს კი გამოხატულებას პოულობს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოქალაქეთა ღირსეულ ქცევაში. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე მუხლი მიუთითებს, რომ წვრილმან ხულიგნობას წარმოადგენს საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა–გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს. აღნიშნული დეფინიციიდან ნათელია, რომ ქმედების წვრილმან ხულიგნობად მიჩნევისთვის მნიშვნელოვნად განმსაზღვრელია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, ამ დროს პირს გაცნოიერებული აქვს, რომ ჩადის ისეთ ქმედებას, რომლითაც არაფრად აგდებს საზოგადოებას.

 

სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, რომ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიხემული პირების – ირაკლი მგალობლიშვლის, ნატალია ფერაძის, ელენე მალაშევსკი–ჯაყელის, გიორგი მაქარაშვილის, კონსტანტინე ჩაჩანიძის, ვახტანგ ქარელის და ანა მამულაშვილის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას ადგილი არ ჰქონია და მათი ქმედებები ექცეოდა საქართველოს კონსტიტუციით დაცული და გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ირაკლი მგალობლიშვილს, ნატალია ფერაძეს, ელენე მალაშევსკი–ჯაყელს, გიორგი მაქარაშვილს, კონსტანტინე ჩაჩანიძეს, ვახტანგ ქარელს და ანა მამულაშვილს ეკავათ ქაღალდები უცენზურო სიტყვის შემცველი წარწერით, რომელიც იყო როგორც ზოგადი შინაარსის, ასევე მიმართული კონკრეტული პიროვნების მიმართ.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე–10 მუხლის თანახმად, ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, გააჩნდეს საკუთარი შეხედულება, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია ან იდეები საჯარო ხელისუფლებსი ჩაურევლად და სახელმწიფო საზრვრების მიუხედავად. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ისინი განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისგან, შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დადგენილ ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტეროტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისთვის, საზოგადოებრივი უწესრიგობის თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა უფლებების ან ღირსების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავლებსი თავიდან ასაცილებლად, ანდა სასმართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად, ხოლო მე–11 მუხლის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისა, აგრეთვე სხვაბთან გაერთიანების თავისუფლებისა, მათ შორის, უფლება პროფესიული კავშირების შექმნისა და მასში გაერთიანებისა საკუთარი ინტერესების დასაცავად. დაუშვებელია რაიმე შეზღუდვის დაწესება ამ უფლებათა განხორციელებაზე, გარდა ისეთიუ შემთხვევისა, რომელიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობისა თუ მორალის ან სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოს, დააწესოს კანონიერი შეზღუდვები ამ უფლებათა განხორციელებაზე შეიარაღებული ძალების, პოლიციის ან სახელმწიფო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიმართ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. მე–2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო. აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ, ხოლო მე–3 პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს.

 

“სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე–3 მუხლის, პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებითა და თავისუფლებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით, ხოლო პირველი მუხლის “ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, უხამსობა არის განცხადება, რომელსაც არა აქვს პოლიტიკური, კულტურული ან საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ღირებულება და რომელიც უხეშად ლახავს საზოგადოებაში საყოველთაოდ დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს.

 

მოხმობილი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების (ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირებს ეკავათ ქაღალდები უცენზურო სიტყვის შემცველი წარწერებით, რომელიც იყო როგორც ზოგადი შინაარსის, ასევე მიმართული კონკრეტული პიროვნების მიმართ) ანალიზის საფუძველზე სასამართლო მიუთითებს შემდეგს:

 

რაც შეეხება გამოხატვის იმ ფორმებს, რომლების მიმართულია ცალკეული მოქალაქის მიმართ: ამ დროს ორო ინტერესი უპირისპირდება ერთმანეთს. პირველი იმ პირის ინტერესი, რომელსაც სურს საჯაროდ (ბანერის მეშვეობით) თუნდაც დაშვებული კრიტიკის ზღვარს გადასცდეს და შეურაცხყოფა მიაყენოს სხვა პირს და ამით თავისუფლად გამოხატოს მათ შორის შეურაცხმყოფელი აზრი და მეორე იმ პირის ინტერესი, რომელსაც კონვენციის მე–8 მუხლი, საქართველოს კონსტიტუციის მე–17 მუხლთან ერთად იცავს (პატივი და ღირსება).

ზემოაღნიშნული ორი ინტერესის დაპირისპირებისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს მეორე ინტერესს, რადგან თავისუფლად გამოხატული შეურაცხმყოფელი აზრი მინიმუმ საეჭვო მაინც არის, ხოლო ადამიანის პატივი და ღირსება აბსოლუტურად გარანტირებული უფლებაა. რაც შეეხება შეურაცხმყოფელი აზრი გამოხატვის ფორმას, აღნიშნულის დიფერენცირება ნაკლებად მნიშვნელოვანია. ეს არის წერილობითი თუ ხმოვანი საშუალებით, მაგრამ ადგილს დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ სად გამოიხატება ასეთი აზრი. საჯაროდ შეურაცხმყოფელი აზრის გამოხატვა ადრესატისთვის უკიდურესად მძიმე შედეგებთან არის დაკავშირებული, რადგან პირთა განუსაზღვრელი წრე არის მომსწრე იმისა, თუ როგორ ხდება ადრესატის პატივისა და ღირსების შელახვა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის თანახმად, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები და თავისუფლებები.

 

აღნიშნული ნორმის ფართო განმარტებიდან გამომდინარე, დაუშვებელია შეურაცხმყოფელი აზრის გამოხატვა მივიჩნიოთ მართლზომიერად და დასაშვებად. რადგან ასეთ დროს მეორე ინტერესი [პატივისა და ღირსების] დაგვრჩება უპირობოდ დარღვეული.

 

რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას საზოგადოებირივი მორალის დასაცავად: “მორალის” გაგება მთლიანად არის დამოკიდებული შესაბამის საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებებზე. სხვა კანონიერი ინტერესის დასაცავად გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის აუცილებლობისა და თანაზომიერების შეფასებაზე მთლიანობაში არაერთი ფაქტორი ახდენს გავლენას – შეეხებოდა თუ არა შესაბამისი იდეები და ინფორმაცია საზოგადოებრივი ინტერესის საკითხს, რა სფეროს მიეკუთვნებოდა ისინი, ვის მიერ და ვის მიმართ იყო გამოყენებული კრიტიკა, როგორი იყო ინფორმაციის შინაარსი და სხვა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეში მოხსენიებული უხამსი და უცენზურო სიტყვის შემცველი გამონათქვამი, არ იძლევა შესაძლებლობას რომ განხორციელდეს საზოგადოებრივი აზრის ფორმირება კონკრეტულად იმ საკითხზე, რისი გაპროტესტებაც ხდებოდა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირთა მხრიდან. აღნიშნული გამონათქვამი არის უშინაარსო და მასში ყურადღებას იქცევს მხოლოდ უცენზურო სიტყვა. გამონათქვამს არ აქვს პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ღირებულება და იგი უხეშად ლახავს საზოგადოებაში საყოველთაოდ დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს. აღნიშნული უცენზურო სიტყვა  საზოგადოების მხრიდან აღიქმება შეურაცხმყოფლად და მისი აღკვეთით დაცულია საზოგადოებრივი მორალი, დაცულია არასრულწლოვანთა ზნეობრივი განვითარება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლება მხოლოდ ისეთ ფორმებში შეიძლება განხორციელდეს შეუზღუდავი სახით, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებს სხვა პირთა უფლებებს.”


სასამართლოს დადგენილების სრული ვერსია შეგიძლიათ ნახოთ აქ

სასამართლო
სასამართლო

მასალების გადაბეჭდვის წესი