სამართალი

ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით საქართველომ შედეგი ვერ გააუმჯობესა

28 ივლისი, 2015 • • 2227
ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით საქართველომ შედეგი ვერ გააუმჯობესა

საქართველოს არის როგორც წყარო, ისე ტრანზიტული და მიმღები ქვეყანა ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალების, კაცებისა და ბავშვებისთვის. ანგარიშის მიხედვით, ქალები უფრო მეტად სექსუალური, ხოლო კაცები და ბავშვები შრომითი ექსპლუატაციის ობიექტები არიან. გოგონები და ქალები საქართველოდან არიან სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლნი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – თურქეთში, ჩინეთში, საბერძნეთში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში და რუსეთში. ქალები აზერბაიჯანიდან, უზბეკეთიდან, ყირგიზეთიდან და სხვა ქვეყნებიდან იძულებით არიან ჩართულნი პროსტიტუციასა და სექსინდუსტრიაში საქართველოში, კერძოდ, ისეთ ტურისტულ ადგილებში, როგორიცაა ბათუმი და გონიო.

 

ექსპერტები იუწყებიან, რომ ქალები ჩართული ხდებიან სექს-ტრეფიკინგის მსხვერპლნი საუნებში, სტრიპტიზ-კლუბებში, კაზინოებში, სასტუმროებში. ქართველი მამაკაცები და ქალები არიან იძულებითი შრომის ობიექტები როგორც საქართველოში, ისე თურქეთში, რუსეთში, აზერბაიჯანში, ერაყსა და სხვა ქვეყნებში. ქართველი მიგრანტები სამუშაოს იღებენ სოფლის მეურნეობის და სხვა დაბალკვალიფიციურ სფეროებში, სააგენტოებთან უშუალო კონტაქტის შედეგად და შემდეგ ხდებიან მიმღებ ქვეყნებში მსხვერპლნი. ბოლო წლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეები გამოიყენებოდნენ სოფლის მეურნეობის, მშენებლობის და სხვა საოჯახო ტიპის საქმიანობაში. ზოგ შემთხვევაში ქუჩაში მყოფ ბავშვებს აიძულებენ მოწყალების თხოვნას ან ქურდობას. არ არსებობს ინფორმაცია ტრეფიკინგის შესახებ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში.

 

საქართველოს მთავრობა სრულად ვერ აკმაყოფილებს მინიმალური სტანდარტებს ტრეფიკინგის ფაქტების გამოსავლენად, თუმცა არ იშურებს ძალისხმევას ამისთვის.

ამ პერიოდის განმავლობაში გაიზარდა მსგავს საქმეებზე დაწყებული საგამოძიებების რაოდენობა. პრემიერ- მინისტრმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომ გამკაცრდეს შრომითი ინსპექცია და მოხდეს შრომითი ტრეფიკინგის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღება.

 

მთავრობამ გაზარდა ანტი-ტრეფიკინგის მობილური ერთეულების რაოდენობა სამიდან ოთხამდე და უფრო მეტ რესურსს დებს ტრეფიკინგის შემთხვევების გამოძიებაში. თუმცა სამართალდამცავებს არ აქვთ საკმარისი უნარები, რაც აფერხებს გამოძიების პროცესს. ექსპერტები ამბობენ, რომ გამომძიებლები უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ მსხვერლის დაკითხვის დროს სამხილების შეგროვებას, ვიდრე იმის გამოაშკარავებას, იყვნენ თუ არა ისინი პოტენციური მსხვერპლი.

 

მთავრობას არ აქვს სტრატეგია ქუჩის მათხოვრობასთან გასამკლავებლად. ექსპერტები ამბობენ, რომ პოლიციამ რამდენიმე მსგავსი ფაქტის გამოძიებაზე უარი განაცხადა, რადგან მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ქუჩაში მათხოვრობა ბავშვის უფლებებს არ არღვევს.

 

რეკომენდაცია:

 

ანგარიშის მიხედვით, უნდა გააუმჯობესდეს სამართალდამცავების საგამოძიებო უნარები და ჩატარდეს სპეციალიზებული ტრენინგები ამ თემაზე; შრომითი ინსპექცია უნდა იყოს უფრო მაღალკვალიფიციური პოტენციური ტრეფიკინგის აღმოსაჩენად. ასევე, უნდა გაგრძელდეს ტრეფიკინგის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები.

 

აღსრულება:

 

მთავრობამ გამოიძია 16 ახალი საქმე – 12 სექსუალური და 4 შრომითი ტრეფიკინგის შემთხვევა. 12 შემთხვევის გამოძიება ახლაც მიმდინარეობს. წლის განმავლობაში დაკავებულია 6 ტრეფიკერი. 3 მათგანს 12-ით, ხოლო დანარჩენს 7-ით, 13-ითა და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. წლის განმავლობაში მთავრობამ გამოვალინა 17 ტრეფიკინგის მსხვერპლი – 10 ქალი და 7 კაცი.

 

მთავრობის ანგარიშის მიხედვით, ტრეფიკინგის მსხვერპლ უცხოელებს ჰქონდათ დროებითი საცხოვრებლის მიღების უფლება, მაგრამ ამ უფლებით სარგებლობა საანგარიშო პერიოდში არც ერთ უცხოელ მსხვერპლს არ მოუთხოვია. 

 

მთავრობამ დააფინანსა ორი თავშესაფარი, რომელიც ტრეფიკინგის მსხვერპლებს სამედიცინო, ფსიქოლოგიურ და იურიდიულ დახმარებას უწევს. 16 ადამიანს მთავრობამ ფინანსური დახმარებაც გაუწია. 


პრევენცია:

 

საქართველოს მთავრობა აგრძელებდა საანგარიშო პერიოდში პრევენციის მიზნით ანტიტრეფიკინგულ აქტივობას, ახორციელებდა ფართო საზოგადოებრივ საინფორმაციო კამპანიას მედიის დახმარებით. 2014 წლის აგვისტოში მთავრობამ დააფინანსა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რათა მათ განეხილათ აჭარის რეგიონებიდან თურქეთში შრომითი ტრეფიკინგის მოსალოდნელი რისკები. მთავრობის წარმომადგენლები მხარს უჭერენ ქუჩაში მცხოვრები ბავშვებისათვის, რომლებიც პოტენციური ტრეფიკინგის მსხვერპლი არიან, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სისტემის ჩამოყალიბებას. ბოლო პერიოდის განმავლობაში მთავრობამ 535 ასეთ ბავშვს გაუწია დახმარება.

 

მთავრობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობს. ანტიტრეფიკინგის კამპანიის ფარგლებში 40 000 საინფორმაციო ფლაერი გავრცელდა. მოქმედებს ცხელი ხაზი, რომელზეც გასულ წელს 100-ზე მეტმა ადამიანმა დარეკა დახმარების თხოვნით.

 

შეგახსენებთ, რომ მეორე კალათაში ხვდებიან ქვეყნები, რომლებიც სრულად ვერ აკმაყოფილებენ ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის აქტის მინიმალურ სტანდარტებს, მაგრამ მნიშვნელოვან ძალისხმევას ეწევიან ამ სტანდარტებთან თავსებადობის მიზნით. 2012 წლამდე საქართველო პირველ კალათაში, ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით მოწინავე ქვეყნების სიაში იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი