“მოხალისეობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს აქტიური დემოკრატიული სისტემის კონსოლიდირების გზაზე”, წერია “მოხალისეობის შესახებ” კანონპროექტის განმარტებით ბარათში, თუმცა ამ “მნიშვნელოვანი როლს”, ამავე კანონპროექტის მიხედვით, პოლიტიკური პარტიები მოკლებული არიან.
კანონპროექტში პოლიტიკურ გაერთიანებებს შეზღუდული აქვთ მოხალისეებით სარგებლობის უფლება, რადგან ისინი არ შედიან იმ იურიდიული პირების ჩამონათვალში, რომელთაც მოხალისის საქმიანობით სარგებლობის უფლება აქვთ.
საქართველოს პარლამენტის წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” მარიამ საჯაია ამბობს, რომ მოხალისედ ითვლება პარტიის არაწევრი, რომელიც პოლიტიკური გაერთიანების სასარგებლოდ რაიმე სამუშაოს ასრულებს, იქნება ეს საარჩევო თუ სხვა სახის კამპანიაში მონაწილეობა.
“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები ძირითადად მოხალისეების საქმიანობაზე დგანან, ეს არის შეზღუდვა როგორც მოქალაქეთა თავისუფალი ნების, ასევე პოლიტიკური გაერთიანებების საქმიანობის. ზარალდება როგორც ერთი მხარე, ისე მეორე მხარე და საზოგადოება”, – ამბობს მარიამ საჯაია.
მარიამ საჯაია ამბობს, რომ კანონპროექტის ამგვარი შეზღუდვები მოქალაქეებს გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს და საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო პრაქტიკას ეწინააღმდეგება.
მარიამ საჯაიას აზრით, ამ კანონის მიღება არის იმ შეცდომის შენიღბვის მცდელობა, რაც დაუშვეს მაშინ, როცა მდინარე ვერეში საკანალიზაციო წყალი მოხალისეების გაფრთხილების გარეშე ჩაუშვეს.
პარლამენტარის აზრით, საპარლამენტო უმრავლესობა იმიტომ იღებს ამ კანონს, რომ აჩვენოს როგორ ზრუნავს მოხალისეებზე.
პარლამენტარი და კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი ანი მიროტაძე, რომელიც ამ კანონპროექტის მომხსენებელია პარლამენტში, ამბობს, რომ საკანონმდებლო წინადადების მიზანი არა რომელიმე სუბიექტისთვის მოხალისეებით სარგებლობის უფლების ჩამორთმევაა, არამედ მოხალისესა და ორგანიზაციებს შორის უფლებამოვალეობების ნათლად გაწერა.
მისი თქმით, პარლამენტში ახლა მიმდინარეობს კანონპროექტის განხილვა და არსებობს დრო იმისთვის, რომ შენიშვნები გაითვალისწინონ.
რაც შეეხება თავად კანონპროექტს, მისი მიხედვით, მოხალისე შეიძლება იყოს პიროვნება 16 წლის ზემოთ, ხოლო არასრულწლოვნის შემთხვევაში საჭიროა მისი მეურვის ნებართვა იმისთვის, რომ მოხალისე გახდეს.
ასევე, კანონპროექტში არის განმარტებული, რომ მოხალისე არ შეიძლება ჩაითვალოს დასაქმებულად და მას უნარჩუნდება უფლება ისარგებლოს იმ შეღავათებით, რაც განკუთვნილია უმუშევრისთვის.
რაც შეეხება ორგანიზაციას, ის ვალდებულია შეუქმნას მოხალისეს უსაფრთხო გარემო და ჯანმრთებლობის დაზიანების ან სხვა შემთხვევაში აუნაზღაუროს მიყნეებული ზიანი.
ასევე, ორგანიზაცია ვალდებულია, რომ აანაზღაუროს ის ხარჯები, რაც სჭირდება მოხალისის მიერ შესრულებულ სამუშაოს (ბინის, მგზავრობის, კვების და სხვა ხარჯები).
კანონპროექტის მიხედვით, მასპინძელ ორგანიზაციასა და მოსალიხეს შორის უნდა დაიდოს ხელშეკრულება და ორგანიზაცია ვალდებულია იზრუნოს მოხალისის კვალიფიკაციის ამაღლებაზე.
რაც შეეეხება მასპინძელ ორგანიზაციებს, კანონპროეტის მე-3 მუხლის მე-7 თავის მიხედვით, “მასპინძელი ორგანიზაცია არ შეიძლება იყოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება.”
ამ ჩანაწერის არსებობის მიუხედავად, ანი მიროტაძე ამტკიცებს, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა არც ერთ სფეროს არ უკრძალავს იმას, რომ მოხალისეების შრომა გამოიყენოს.
“კანონპროექტი აწესრგებს ურთიერთობას მასპინძელი ორგანიზაციის და მოხალისეების, მაგრამ არ ზღუდავს არც ერთ სფეროს და არც ერთ ორგანიზაციას, რომ ასეთი ნებაყოფლობითი უანგარო შრომა ჩადოს ამა თუ იმ საქმიანობაში,” – ამბობს ანი მიროტაძე.
მარიამ საჯაია კი ამბობს, რომ ასეთი მტკიცება ბუნდოვანია მაშინ, როცა კანონში ცალსახად წერია, რომ პოლიტიკურ გაერთანებას მოხალისის საქმიანობით სარგებლობის უფლება არ ექნება.
პოლიტიკური გაერთიანებებისგან განსხვავებით, მოხალისეების შრომით სარგებლობის მიღება შეუძლიათ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სსიპ-ებსა და ააიპ-ებს.
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, აღნიშნული აკრძალვა პოლიტიკურ პროცესებზე უარყოფითად აისახება. ამავდროულად, ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების” შესახებ.
“ეს აკრძალვა პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მოქმედ კანონთან პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ. თუ ეს ნორმა ამოქმედდება, ის უარყოფით ზეგავლენას მოახდენს პარტიული ცხოვრების და პოლიტიკური ცხოვრების განვითარებაზე. რატომ უნდა აიკრძალოს ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის, არის დაუსაბუთებელი”, განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ოციაციის თავმჯდომარემ “რუსთავი 2”-თან საუბრისას.
კანონპროექტის განხილვა კომიტეტების დონეზე პარლამენტში ახლა მიმდინარეობს. ანი მიროტაძის განმარტებით, ეს ინიციატივა ერთ წლის წინ შევიდა პარლამენტში. მასზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იმსჯელეს და კანონპროექტის ინიციატორი თავად ირიდიულ საკითხთა კომიტეტია.