კომენტარისამართალი

სამართალდამცავი სისტემა მობიუსის მარყუჟში

29 ოქტომბერი, 2019 • 9297
სამართალდამცავი სისტემა მობიუსის მარყუჟში

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ გამოხატავდეს ნეტგაზეთის პოზიციას

ავტორი: გიორგი მელაძე, ასოცირებული პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

„პროკურატურა ავგიას თავლაა და ერთიანად უნდა გამოიხვეტოს“ – ამ ფრაზით გამოეხმაურა ოპოზიცია ამერიკაში გადახვეწილი პროკურორის ფეისბუქ-განცხადებას, სადაც ის პროკურატურაში არსებულ სამუშაო პირობებს და შრომით კულტურას აკრიტიკებს.

პირველი შემთხვევა არაა, როდესაც პროკურატურა და პოლიცია კრიტიკის სამიზნე ხდება და, როგორც წესი, ეს კრიტიკა საზოგადოების ფართო მხარდაჭერითაც სარგებლობს. საზოგადოების თვალით თუ შევხედავთ, პროკურატურა, სასამართლო და პოლიცია კვლავაც ერთიან მონოლითად აღიქმება. აქ არსებულ განსხვავებულ პრობლემებსაც ერთიანი მარტივი გადაწყვეტით ეხმაურება პოლიტიკური ელიტა და იქნებ ამიტომაცაა, რომ სისტემა უკვე 25 წელია მობიუსის მარყუჟში ტრიალებს და ერთი სიბრტყიდან თავს ვერ აღწევს? მოდით, მოკლედ აღვწეროთ სისტემა და ვნახოთ, რა ძალები ამუშავებს მთავარ მექანიზმებს.

რისგან შედგება გამოძიების სისტემა და რას ემსახურება? გამოძიება სხვადასხვა ინსტიტუტშია გაფანტული, მაგრამ ეს ძირითადად პოლიციის საქმეა და ამ საქმის შესრულებას მრავალი ათასი გამომძიებელი ემსახურება. ვინ არის ჩვეულებრივი გამომძიებელი? იურისტის დიპლომის მქონე ან პოლიციის აკადემიადამთავრებული ახალგაზრდა, დაბალი ხელფასით და ბევრი საქმით. გამოძიებას ევალება ყველანაირი მტკიცებულების მოძიება და როგორ ართმევს თავს თავის საქმეს? სანამ ახალგაზრდაა, თავს ართმევს, არ ეზარება, ძალაუფლების ფლობის განცდა უჩნდება და ამ უპირატესობის შესანარჩუნებლად მზადაა, ანაზღაურების გარეშეც იმუშაოს. ასაკში აღმოაჩენს, რომ ამ საქმის გარდა ბევრი არც არაფერი აქვს ცხოვრებაში დარჩენილი, ძალაუფლების განცდა თითებს შორის გამძვრალი ქვიშასავით ქრება. ამ დროს გამომძიებელი აცნობიერებს, რომ რომელიმე პოლიტიკურად აკუნტრუშებულ, ახლად დანიშნულ უფროსს შეუძლია ჩვეულებრივად დაჩაგროს ისე, რომ უკან არც მოიხედოს, მთელი მისი კარიერა წყალში ჩაყაროს. ამიტომაცაა, რომ გამოძიების მიმართ ინტერესი კლებულობს და მოტივირებული ადამიანები ამ სამსახურში აღარ მიდიან. შედეგად, ძალიან მალე გამოძიება გაივსება მოკლევადიანი დასაქმების მსურველი ახალგაზრდებით, გამოუცდელი და გრძელვადიანი ინტერესის არმქონე კადრებით, რაც მტკიცებულებების შეგროვებას გააძნელებს და სასამართლოში საქმის მსვლელობას შეაფერხებს. ეს გაართულებს ბრძოლას გრძელვადიანი მიზნების მქონე კრიმინალურ სამყაროსთანაც და ეს ყველაფერი რითაც მთავრდება, კარგად ვიცით. მყისიერად დაბრუნდება ქურდული წილები, რეკეტი, კორუფცია.

პროკურატურაში არსებული სიტუაცია სხვაა. პროკურატურა ყველას დამოუკიდებელი იურისტების კლუბი ჰგონია და სინამდვილეში, პოლიტიკური მთავრობის განშტოებაა, სადაც პროფესიონალი იურისტები მთავრობის დაკვეთას ასრულებენ. პროკურორების საქმიანობა დამოკიდებულია კანონზე და მთავრობაში არსებულ პოლიტიკურ შეთანხმებაზე. მთავრობა შეთანხმდა, რომ სურს პოლიტიკური ოპოზიციის დევნა? პროკურორებს დაევალებათ შესაბამისი გამოძიების წარმოება და ბრალის მომზადება. ბრალდების ხარისხზე პასუხისმგებელი პროკურატურის ხელმძღვანელია და ლამის სამხედრო ყაიდაზე მოწყობილ ინსტიტუტში ერთი პროკურორი იძულებით ემორჩილება მის მითითებას. ეს მდგომარეობა კარგად რომ წარმოვიდგინოთ, პარალელს გავავლებთ სამხედრო ოპერაციასთან. სამხედრო ნაწილმა შეიძლება მიიღოს ბრძანება და იძულებული გახდეს იმგვარ სამხედრო ოპერაციაში ჩაერთოს, სადაც ჯარისკაცების უდიდესი ნაწილის დაკარგვის მაღალი რისკი იქნება. პროკურორიც ასეა. შეიძლება იმგვარი სულელური ბრალის დაცვა დაევალოს სასამართლოზე, რომ ზუსტად იცოდეს, მასხრად აიგდებენ ამის გამო, მაგრამ სამხედრო ერთგულებით ცდილობს შეასრულოს საქმე, რადგან… სხვანაირად არ ხდება… რატომ აკეთებს ამას? ძალაუფლების განცდა, განცდა, რომ პროკურორი ხარ, გემსახურება მანქანა, ან გაქვს ჯადოსნური საშვი, ან… და რომელიც ასაკის მატებასთან ერთად ქარწყლდება, რადგან შესაბამისი მატერიალური ანაზღაურება არ მოჰყვება, დაწინაურების პერსპექტივა ძალიან პოლიტიკურია და დროთა განმავლობაში ვიღებთ დაკვეთის მექანიკურად შემსრულებელ პროკურორს, რომელსაც დაკარგული აქვს მგრძნობელობა. პროკურატურიდანაც ძალიან მაღალია კადრების გადინება და პროფესიონალიზმს ესეც დიდ პრობლემას უქმნის.

ადვოკატი ბრალდებულის ინტერესებს იცავს და არსებული კულტურა ისეთია, რომ იცავს ყველაფრის ფასად, საკუთარი სინდისის, რეპუტაციის, ტყუილის თქმის ფასად, გამოძიებას დამოუკიდებლად ვერ ატარებს და სახელმწიფოს გამომძიებლების შეგროვებულ მტკიცებულებებს ეყრდნობა. იშვიათია ადვოკატობა სურდეს დამწყებ იურიტს და თუ სურს, იმიტომ, რომ პირველი გამოცდილება შეიძინოს პროფესიაში. კიდევ უფრო ცოტაა სისხლის სამართლის საქმეებზე მუშაობის მსურველი ადვოკატი. ყოველ წელს სისხლის სამართის ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩამბარებელთა რიცხვი კატასტროფულად მცირეა სამართლის სკოლების მიერ გამოშვებულ სტუდენტების რაოდენობასთან შედარებით.

სასამართლოს კანონი დამოუკიდებლობას აძლევს და ავალებს, ორი მხარის პოზიციის მოსმენის შემდეგ საკუთარი, დამოუკიდებელი, კანონზე და შინაგან რწმენაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება მიიღოს. დანარჩენს ყველა ვხედავთ და ვიცით, რომ მოსამართლეების ნაწილი ასრულებს კანონის მოთხოვნას და ნაწილი – ვერა. აქაც მთავარი მოტივატორი ზოგისთვის ენთუზიაზმი და ზოგისთვისაც ძალაუფლების განცდაა, რადგან მოსამართლის ანაზღაურება დღემდე სასაცილოდ დაბალია და დატვირთვა არაადამიანურად დიდი. სისტემაში მუშაობის სურვილი ბევრს არ უჩნდება და ვაკანტური ადგილებიც ძირითადად თანაშემწეებით ივსება. ეს ხალხი პროფესიული ცხოვრების უდიდეს ნაწილს ერთ შენობაში ატარებს და ადვილად ექცევა კორპორატული კულტურის გავლენის ქვეშ, რაც მათ ლოიალურობას აძლიერებს სისტემის მიმართ. სისტემასთან ემოციური კავშირი ისეთი ძლიერია, რომ ხშირად არაჯანსაღ ფორმებს იღებს, თვითკრიტიკულობას აქრობს და ნებისმიერ კრიტიკას მაშინვე სანგრების თხრა და თავდაცვითი ომი წარმოება მოჰყვება.

ახლა სხვა რამეა საინტერესო. სამართალდამცავი სისტემა უკვე 25 წელია ასეთ დღეშია. საბჭოთა კავშირის მიერ შექმნილი, შიშზე, რეპრესიასა და უსინდსო დევნაზე დაფუძნებული შიდა მენეჯმენტის სისტემა არ იცვლება, არ უმჯობესდება. სამართალდამცავი სისტემის დაფინანსების ნაცვლად, ფინანსდება გამოგონილი სამსახურები თვითმმართველობებში. საქმდებიან არჩევნებში ჩართული კოორდინატორები და გამოძიებას ზოგჯერ ლაბორატორიული კვლევების, მტკიცებულებების მოძიების ფული არ აქვს. განა ასე უფრო მოსახერხებელი არ არის მართვა? იაფი და იორღა! სამაგიეროდ, ამომრჩეველი „დასაქმებულია“ და გამოძიება თუ დაგვჭირდა, ვცემოთ, დავაშინოთ რამდენიმე მოწმე და საქმეც გაკეთდება. „ჩვენიანების“ წინააღმდეგ ისედაც არ ვიძიებთ და ვიგინდარა დამნაშავეების დაჭერა ადვილია.

სისტემური პრობლემების პარალელურად სისხლის სამართლის კოდექსიც მოძველებულია, სანქციები უსამართლოა და კანონის ფუნდამენტურად განახლების ნაცვლად მთავრობა სასამართლო კორპუსთან „ალაგებს“, რომ ასეთი რეპრესიული კანონით კომფორტულად გააგრძელოს საკუთარი პოლიტიკური დაკვეთის განხორციელება. ასეთი სისტემა ხომ ორგანიზებულ დანაშაულთან გარიგების საუცხოო პირობებს ქმნის. გარიგება თუ შედგა, შიდა წინააღმდეგობის რესურსი მინიმალურია, სამართალდამცავი სისტემა ხელს ვერ შეგიშლის.

როგორც ვხედავთ, გარიგება შედგა და საჯარო სკოლებშიც ნელ-ნელა ჩნდება იარაღი, მატულობს სასტიკი დანაშაულების რიცხვი, კრიმინალური სამყარო ახალი კადრებით მდიდრდება, ქურდული წილების აკრეფა გრძელდება. კრიმინალებს ფული საკმარისად აქვთ და საკუთარ „ბრენდსაც“ წარმატებით ყიდიან ახალაგზრდებზე.

ამ ყველაფერზე პოლიტიკური ოპოზიციის პასუხი ერთი ფრაზაა – თავიდანაა გასაკეთებელი. რამდენჯერ უნდა გაკეთდეს თავიდან? ზუსტად ამ ფრაზაზე გამიჩნდა მობიუსის მარყუჟის ასოციაცია. მობიუსის მარყუჟი გერმანელმა მეცნიერმა აღმოაჩინა. ეს არის ნახევრად გადაგრეხილი ლენტი, რომლის ბოლოებიც შეერთებულია. ლენტზე მოძრაობისას გიჩნდებათ განცდა, რომ იცვლით ზედაპირს, თუმცა წახნაგებს არ კვეთთ და საიდანაც იწყებთ სიარულს, კვლავ იმ წერტილში ბრუნდებით.

ასეთ ილუზიაში ხომ არ ვაქცევთ თავს, როცა ფუნდამენტურ რეფორმებზე საუბარს ვარიდებთ თავს? იქნებ ამ მარყუჟზე სიარული მობეზრდა ამომრჩეველს? იქნებ სწორედაც რომ რადიკალურ და ფუნდამენტურ რეფორმებს ითხოვს სისტემა და არა ადამიანების უბრალო ცვლას? რატომ არ ვლაპარაკობთ კერძო გამოძიებაზე? კერძო დევნაზე? ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გაძლიერებაზე? სისხლის სამართლის კოდექსის გადაწერაზე? რატომ უნდა რჩებოდეს ეს თემები პროფესიონალების ვიწრო წრეში გასარჩევ თემებად და რატომ არ გვაქვს ამაზე დისკუსია პოლიტიკურ სივრცეში, როცა დანაშაულების რაოდენობა და ორგანიზებული დანაშაულის გავლენა იზრდება? იქნებ ასეთი დისკუსიების ნაკლებობაცაა ფართოდ გავრცელებული ნიჰილიზმის მიზეზი. კითხვები ბევრია, მობიუსის მარყუჟი კი არსად ქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი