2014 წლის დეკემბრიდან დღემდე შპს „დემეტრე 96“-ში საწარმოო პროცესი შეჩერებულია და 450 მუშა ხელფასს ვერ იღებს. მოქმედი შრომის კოდექსის მიხედვით, დასაქმებულმა საწარმოს მიზეზით გამოწვეული მოცდენის შემთხვევაში ანაზღაურება უნდა მიიღოს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შპს „დემეტრე 96“-სა და დასაქმებულს შორის გაფორმებულ ბოლო კონტრაქტში მოცდენაზე ერთი სიტყვაც არ არის ნახსენები.
მფლობელის მიერ სამკერვალოს თანადირექტორად დანიშნული თამარ (თათა) ვარდანაშვილი კი ამბობს, რომ სახელმწიფოს სამკერვალოს ინვესტორისთვის გადაცემა უნდა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო კომპანიის პარტნიორია და ევალება საწარმოს შესახებ სრულ ინფორმაციას ფლობდეს. სააგენტოსგან მიღებული წერილიდან ირკვევა, რომ კომპანიის პრივატიზების დამადასტურებელი დოკუმენტი დღემდე არ არსებობს. მაგრამ არც სამომავლო გეგმაა ცნობილი.
„რაში გვჭირდება ინვესტიცია, როცა სახელმწიფოს აქვს თავის გამართული სამკერვალო, სადაც შეიძლება ჯარისთვის საჭირო პროდუქცია აწარმოოს დაბალ ფასად? ინვესტიცია არ გვჭირდება, ნაჭერი გვჭირდება, რომ ვკეროთ და ხელფასი სჭირდება ხალხს, სხვა არაფერი,“ ამბობს ვარდანაშვილი.
როდესაც შპს „დემეტრე 96“-ში დასაქმებულები რეგულარულად მუშაობდნენ, საწარმოში შრომის კოდექსის რამდენიმე პუნქტი ირღვეოდა:
– კვირაში 6 სამუშაო დღე, ჯამში, 57 სამუშაო საათს უდრიდა, რაც 17-საათიან ზეგანაკვეთურ შრომას ნიშნავს;
– ზეგანაკვეთური შრომა არ ნაზღაურდებოდა. ხელშეკრულების მიხედვით, დასაქმებულებს ზეგანაკვეთური შრომის სანაცვლოდ 30-წუთიანი შესვენების დრო ეძლეოდათ;
– ხელშეკრულებაში მითითებული 1-საათიანი შესვენების ნაცვლად დღეში მხოლოდ 30 წუთი ისვენებდნენ;
– წელიწადში რამდენიმე თვე მკერავების დიდი ნაწილისთვის მუშაობა ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე შეჩერებულია;
-პერსონალი ვერ სარგებლობდა კუთვნილი 24-დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით.
დასაქმებულის ყოველთვიური ხელფასი გამომუშავებაზე დამოკიდებული, რაც საშუალოდ 300-350 ლარია.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს, დიმიტრი ქუმსიშვილს საწარმოში არსებული ვითარების შესახებ მუშათა კოლექტივმა და პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ 2013 წლის ბოლოსა და 2014 წლის დასაწყისში რამდენჯერმე წერილობითაც მიმართეს, თუმცა მან განცხადებები თამარ ვარდანაშვილს გადაუგზავნა განსახილველად. ვარდანაშვილმა კი უარყო შრომის კოდექსის დარღვევის ფაქტები. თავად სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს საწარმო სიტუაციის შესწავლის მიზნით არ შეუმოწმებიათ. სამკერვალო სააგენტოს შენობიდან 6 კმ-ში მდებარეობს.
შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, პაატა ჟორჟოლიანი 2014 წლის 19 თებერვალს პროფკავშირების თავმჯდომარისთვის მიწერილ წერილში აღნიშნავს, რომ საწარმოს ადმინისტრაციამ შრომის კოდექსი დაარღვია, როცა დასაქმებულები ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაათავისუფლა. ჟორჟოლიანი იმავე წერილში წერს:
„საწარმოს დირექტორი თამარ ვარდანაშვილი აცხადებს, რომ არ არის ვალდებული ახსნა-განმარტება გააკეთოს საკუთარ ქმედებებზე. მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, საწარმოს ხელმძღვანელობასთან დიალოგის გზით გაგვეკრვია შრომითი დავის წარმოქმნის მიზეზები, კომუნიკაცია ვერ განხორციელდა ქ-ნ თამარ ვარდანაშვილის მოლაპარაკების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამო.“
დღეს კი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ჩვენ გვპასუხობს, რომ საწარმოში შრომის კანონმდებლობა არ ირღვევა, რადგან ვარდანაშვილმა მათ ასე მისწერა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ლამარა მაჭარაშვილი ამბობს, რომ მათაც სცადეს საწარმოში სიტუაციის შესწავლა, თუმცა თამარ ვარდანაშვილის აგრესიული დამოკიდებულების გამო ეს ვერ მოახერხეს.
„თავდაცვის სამინისტრო ქირაობდა ამ ხალხს, გარიგებულია სამინისტრო არა იმ წესით, რომ შრომის კოდექსი ვრცელდებოდეს მასზე, არამედ სამინისტრო გეუბნება, გიხდი ამდენს და უნდა იმუშაო ამდენი ხანი, გინდა – გინდა, თუ არადა – არა. პროფკავშირების წარმომადგენლები რომ მოდიოდნენ აქ, რამდენჯერმე გავყარე. რატომ მებრძვიან მე? ახლა თანამშრომლებს კონტრაქტის ვადა ამოეწურა და ჩვენი მუშა-ხელი არ არიან,“ – გვითხრა ვარდანაშვილმა. შპს „დემეტრე 96“ დიზაინერმა თამარ ვარდანაშვილმა 2007 წელს სს „ქართუ ჯგუფისგან“ შეიძინა. მოგვიანებით მან პრეზიდენტის გაცემული დადგენილებით სასწავლებლის შესაქმნელად მიწის ნაკვეთი იმ ტერიტორიაზე მიიღო, სადაც ახლა სამკერვალო მდებარეობს. შემდეგ სასწავლებელიც დააარსა, სადაც სტუდენტები ტანსაცმლის შექმნას სწავლობდნენ. 2010 წელს კი ვარდანაშვილმა სამკერვალო და სასწავლებელი „თავისი ნებით“ თავდაცვის სამინისტროს გადასცა. როგორც თავად ამბობს, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დაპირდნენ, რომ სასწავლებელსა და სამკერვალოს ერთმანეთისგან გამიჯნავდნენ და სასწავლებელს ისევ უკან დაუბრუნებდნენ. თუმცა ასე არ მოხდა.
2010 წლიდან 2013 წლის ოქტომბრამდე სამკერვალოს თავდაცვის სამინისტრო მართავდა და ჯარისთვის საჭირო ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის აწარმოებდა. მკერავები ამბობენ, რომ იმ დროს მათ მუშაობის ნორმალური პირობები ჰქონდათ: ფიქსირებული ხელფასი 600 ლარის ოდენობით, უფასო კვება და გარანტირებული საქმე. კმაყოფილი იყვნენ მიუხედავად იმისა, რომ დილის 9 საათიდან საღამოს 7 საათამდე მუშაობდნენ, დღეში 30 წუთი ისვენებდნენ და ხანდახან შაბათ-კვირასაც უწევდათ საწარმოში მისვლა.
2013 წლის ოქტომბრიდან კი საწარმოს მართვის უფლება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცა. გადაწყვეტილების მიზეზს არც ერთი სამინისტრო ასახელებს. დასაქმებულთა უკმაყოფილებაც ამ დროიდან იწყება. ფიქსირებული ხელფასიდან გამომუშავებაზე გადავიდნენ, პროდუქციის წარმოების დონემ იკლო, დაიწყო არაანაზღაურებადი მოცდენები, რადგან საწარმოს საკმარისი დაკვეთა აღარ ჰქონდა. ამ მდგომარეობით შეწუხებულმა მკერავებმა 2013 წლის ნოემბერში საწარმოს ეზოში საპროტესტო აქცია გამართეს, მიმართეს დარგის პროფესიულ კავშირს, პრემიერ- მინისტრს, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს. თუმცა დასაქმებულთათვის სიტუაცია არ შეცვლილა.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლმა ხათუნა თეთუნაშვილმა ჩვენს კითხვას, თუ რატომ არ ზრუნავს მათი უწყება საწარმოს სრული დატვირთვით მუშაობაზე, ასე უპასუხა: „დღესდღეობით ორგანიზაცია მუშაობს, ახორციელებს პროდუქციის წარმოებას. ორგანიზაცია ელოდება ტენდერის გამოცხადებას, რომელიც გამოცხადდება იანვრის ბოლოსათვის. ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საწარმო განაგრძობს უფრო აქტიურ მუშაობას.“
ვარდანაშვილი კი ამბობს, რომ 2015 წლის თებერვალში თავდაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდა და სამკერვალოს პრობლემებზე ისაუბრეს. თუმცა დღემდე არ იცის, რა ბედი ეწევა კომპანიასა და მის თანამშრომლებს.
„იძულებით“ არაანაზღაურებად შვებულებაში მყოფი მკერავები კი ამბობენ, რომ მათ სრული დატვირთვით მუშაობა უნდათ, რადგან ხალხს ბანკის ვალი აქვს, რომელსაც თავიანთი ანაზღაურებით ძლივს ფარავდნენ. 2014 წლის ოქტომბერსა და ნოემბერშიც ხელფასი ორჯერ, თვის ბოლოსა და შუა რიცხვებში ჩაერიცხათ, რაც ხელშეკრულების დარღვევაა. სწორედ ამ დარღვევას მოჰყვა დაპირისპირება თამარ ვარდანაშვილსა და უკვე ყოფილ თანამშრომელს, გულნარა ლომაშვილს შორის, რომელიც დირექტორისგან აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციას ითხოვდა. ლომაშვილი ამბობს, რომ ვარდანაშვილი მისმა თხოვნამ ძალიან გააბრაზა და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მხრებში სწვდა და ანჯღრევდა. ლომაშვილმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პატრული გამოიძახა. იმავეს ამბობს ფაქტის ერთ-ერთი თვითმხილველი, რომელიც გამომძიებელს არ დაუკითხავს და რომელმაც გვთხოვა, მისი ვინაობა არ დაგვესახელებინა.
პოლიციამ დაწყებული გამოძიება მალევე შეწყვიტა. როგორც გამომძიებელი ამბობს, ლომაშვილს პრეტენზიები არ გააჩნდა მოწინააღმდეგე მხარის მიმართ. ამ ფაქტს ლომაშვილი უარყოფს. ვარდანაშვილი კი ამბობს, რომ დაპირისპირება ლომაშვილის აგრესიული დამოკიდებულების გამო დაიწყო. „ჯერ რა წესია, დირექტორისკენ საცემად რომ იწევ სხვა თანამშრომლების თანდასწრებით, ქუჩაა თუ ნავთლუღის ბაზარი? თვითმხილველები ჰყავდა ამ ამბავს, რომლებიც გამომძიებელმა დაკითხა და შეწყდა გამოძიება.“
***
თამარ ვარდანაშვილის ყოველთვიური ხელფასი 5 000 ლარია. 2015 წლის 2 მარტს შევსებულ დეკლარაციაში მას მითითებული აქვს მხოლოდ თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე სახლი. ის და მისი ოჯახის წევრები დედაქალაქსა და რეგიონებში 7 ბინასა და სახლს ფლობენ. ვარდანაშვილის ვაჟი, 19 წლის დემეტრე მაღრაძე ფლობს ბინას ბაკურიანსა და თბილისში. მიუხედავად იმისა, რომ ვარდანაშვილს ვაჟი დეკლარაციაში ნახსენები ჰყავს, არაფერია ნათქვამი მის ქონებაზე. ამასთან, თამარ ვარდანაშვილმა ცინცაძის ქუჩაზე მდებარე სახლი შპს „დემეტრე 96“-ს თვეში 1,920 დოლარად მიაქირავა. როგორც თავად ამბობს, ამ სახლში საწარმოს საკუთრებაში მყოფი მანქანა-დანადგარები ინახება.
„დიზაინერი რომ ვიყავი, ჩემს ფეხსაცმელებს ვყიდდი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და უფლება ხომ მქონდა, რაღაც ქონება დამეგროვებინა? არ ვიყიდე კარგი მანქანა და ვიყიდე ბინა ბაკურიანში იმიტომ, რომ ჩემი შვილის ჯანმრთელობას სჭირდებოდა. 500 თანამშრომელი რომ გყავს სამართავი და მათ უნდა უკარნახო როგორ მოიქცნენ, თან არაფერი უნდა შეგეშალოს, ამის ფონზე რა ხელფასი გგონიათ 4000 ლარი თვეში? მე 19 წელია ვშრომობ და ჩემი შემოსავლით რასაც მინდა იმას გავაკეთებ. მე არ ვმალავ ჩემს ქონებას, მე ღარიბი არ ვარ და არ მინდა ვინმეს ვეცოდებოდე. მე ამაყი ვარ, რომ ჩემი შრომით მოვიპოვე ყველაფერი.“
ინფორმაცია ვარდანაშვილისა და მისი ოჯახის წევრების სახელზე არსებული საკუთრების შესახებ იხილეთ ინტერაქტიულ რუკაზე.