სამართალი

თანასწორობის უფლების დარღვევა რეგიონების მიხედვით

12 მარტი, 2015 •
თანასწორობის უფლების დარღვევა რეგიონების მიხედვით

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, პროკურორმა ირაკლი დონდოლაძემ განსასჯელს უთხრა, რომ მას საპროცესო შეთანხმებას არ გაუფორმებდა. პირს ნარკოტიკის შეძენა-შენახვაში ედება ბრალი. ის აღიარებს ბრალდებას და საპროცესო შეთანხმების გაფორმება სურს. იმავე მუხლით ბრალდებულ მეორე ადამიანს, სხვა პროკურორის მონაწილეობით, გასულ კვირას ბათუმის საქალაქო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს, ბრალის აღიარებითა და სასჯელზე შეთანხმებით.

 

ადვოკატ მამუკა ნოზაძის შეფასებით, ადამიანები დღევანდელი სისხლის სამართლის კოდექსისა და მართლმსაჯულების წინაშე თანასწორები არ არიან. მისი დაკვირვებით, შესაძლებელია ერთი და იმავე დანაშაულის ჩამდენს ერთ შემთხვევაში გაუწიონ შეღავათი და გაუფორმონ საპროცესო შეთანხმება, ხოლო მეორე შემთხვევაში ამ შეღავათზე სახელმწიფომ უარი თქვას: “უპირატესობა ენიჭება ფულს, თუ ადამიანი მდიდარია, მისთვის სისხლის სამართლის მართლმსაჯულება არის უფრო ლმობიერი – ბიუჯეტში შედის თანხა. ვისაც არ აქვს საშუალება, რომ სახელმწიფოს ფული გადაუხადოს, მის მიმართ კანონი უფრო მკაცრია“.

 

იურისტი ემზარ პაქსაძე ამბობს, რომ საქართველოს კონსტიტუციით სასჯელის განსაზღვრის პრეროგატივა აქვს სასამართლოს, საპროცესო შეთანხმების შემთხვევაში კი, ადამიანის ბედს პროკურორი წყვეტს: „ეს არის ჩარევა სასამართლოს ხელისუფლებაში, სასამართლო თავად უნდა მივიდეს გადაწყვეტილებამდე, გაუფორმდეს თუ არა ადამიანს საპროცესო შეთანხმება“. 
ემზარ პაქსაძის აზრით, სასჯელის მიზანი უნდა იყოს პრევენცია, რომ ბრალდებულმა შემდეგში არ ჩაიდინოს დანაშაული ან არ იყოს საზოგადოებისთვის საშიში. “როცა პირობებია ისეთი, რომ პროკურატურის გარეშე ამას სასამართლო ვერ ადგენს, ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას”.

 

ადვოკატის შეფასებით, პრობლემაა ის, რომ არ არსებობს კრიტერიუმები, ვის უნდა გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება და ვის _ არა: „ორ ერთნაირი საქმიდან ერთ-ერთზე (მაგალითად, ქურდობა) შესაძლოა პროკურატურამ კეთილი ინებოს და გააფორმოს საპროცესო შეთანხმება იმიტომ, რომ იცნობდეს ადვოკატს, მეორე შემთხვევაში შესაძლოა ადვოკატი ნაკლებად ცნობილი იყოს ან პროკურორმა ვერ მოიცალოს მასთან შესახვედრად და უარი თქვას ამ შეთანხმებაზე. საპროცესო შეთანხმება უნდა არსებობდეს, მაგრამ არა ამ ფორმით“. 
იურისტის შეფასებით, პრობლემაა ისიც, რომ მოსამართლეს არ აქვს ჯარიმის ოდენობის შემცირების უფლება: „სასამართლოს ნოტარიუსის ფუნქცია აქვს _ შებოჭილია მოსამართლე. ის პროცესზე ეკითხება ბრალდებულს, საპროცესოს იძულებით ხომ არ აფორმებს პროკურატურა, ანუ ამოწმებს ძალადობით ხომ არ გააფორმა ეს შეთანხმება სახელმწიფომ მასთან. მოსამართლე ამას ზეპირად უცხადებს ბრალდებულს, იმ პროცესზე, სადაც პროკურორიც არის. თუ ის მართლა ძალადობდა ბრალდებულზე, რომელიც იქვე სხდომათა დარბაზში ზის, რისი მთქმელია განსასჯელი, ესეც, უბრალოდ, ფორმალობაა“.

 

აკაკი თოიძე ათი წელი მოსამართლედ მუშაობდა. სწორედ მაშინ, როცა საქართველოში საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ინერგებოდა, ის მოსამართლე იყო და მივლინებით ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ ინსტიტუტის გასაცნობად გაუშვეს. ამბობს, რომ საქართველოში კანონის ამ ნორმამ მანკიერი სახე მიიღო: „პროკურორი ეუბნება ბრალდებულს, დათანხმდი ჩვენს შემოთავაზებულ პირობებს და აი, სადღაც იქ, იმ საქმეში, რომ, შესაძლოა, თქვენი ბრალეულობა გამოიკვეთოს… ამის სანაცვლოდ გარიგებას სთავაზობს. ვფიქრობ, მოსამართლე უნდა არკვევდეს, საერთოდ ჰქონდა თუ არა დანაშაულის ჩადენას ადგილი, მაგრამ როცა დაცვისა და ბრალდების მხარე სასამართლოში ამბობს, რომ შეთანხმებას მიაღწიეს და ფორმდება საპროცესო შეთანხმება, მოსამართლე სხვა დეტალებს, გარდა ფორმალობისა, არ არკვევს“.

 

ყოფილი მოსამართლის თქმით, “აქილევსის ქუსლი” ისაა, რომ პროკურატურა საპროცესო კოდექსს შერჩევითობის პრინციპით იყენებს, რაც კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანების თანასწორობას არღვევს. მისი ინფორმაციით, ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა ერთი და იმავე ბრალდების დროს აჭარის, გურიის, იმერეთის, კახეთის, ქართლისა თუ სამეგრელოს პროკურორები საპროცესო შეთანხმების სხვადასხვა პირობას სთავაზობენ დაცვის მხარეს: „მაგალითად, ნემსის ქურდს აჭარაში შესაძლოა ჯარიმა ხუთი ათასი ლარი გადაახდევინონ, იმერეთში კი – ორი ათასი ლარი. მსგავსი დიფერენციაცია ერთი და იმავე სტატუსის მქონე პირებთან მიმართებაში მანკიერი პრაქტიკაა, ტერიტორიული საზღვრებით განსხვავებულ მიდგომებს არ უნდა ვაწყდებოდეთ: კანონით ამის უფლება არ უნდა ჰქონდეს პროკურორს, თუმცა, როგორც გავიგე, ეს ყოფილა `მხარეთა შეჯიბრობითობის” პრინციპი მთავარ პროკურატურაში – რომელ რეგიონს რამდენი თანხა შეაქვს ბიუჯეტში“.

 

კიდევ ერთი ადვოკატი- ბესარიონ ბოჭორიშვილი კოლეგებს ეთანხმება და ამბობს, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ადამიანებს არათანაბარ პირობებში აყენებს. მისი შეფასებით, საპროცესო შეთანხმების გაფორმების დროს სასამართლოს რესურსი იზოგება, თუმცა ის არ ემსახურება სამართლის დადგენას. ამ შეთანხმების დროს, ადვოკატის თქმით, ობიექტური ჭეშმარიტება მეორე პლანზე გადადის, მართლმსაჯულების მიზანი კი ეს არ არის.

ბესარიონ ბოჭორიშვილი ამბობს, რომ დედაქალაში წარმოებული პროცესები განსხვავდება რეგიონებში წარმოებული პროცესებისგან: “დედაქალაში უფრო მეტი და უფრო ძლიერი ადვოკატები არიან, შესაბამისად უფრო ანგარიშს უწევენ მხარეები ერთმანეთს, უფრო ძლიერია პროკურატურაც. სასამართლოში მხარეებს შორის შეჯიბრობითობა იგრძნობა, რეგიონებში ხელების გადაგრეხვის პროცესია უფრო – თუ ბრალდებულს ჰყავს კარგი ადვოკატი, რომელსაც აქვს ძლიერი საადვოკატო ბიურო, თუ თანხა დახარჯა მტკიცებულებების მოპოვებაზე, რაც იშვიათია, ბრალდებულს მეტი შანსი აქვს. ასეთ დროს პროკურორი, სახელმწიფო თავადაა ინიციატორი გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება. თუ დაცვის მხარე სუსტია, საპროცესო შეთანხმება შეიძლება არც პროკურორს აინტერესებდეს და სულ არ არის იმაზე საუბარი, ბრალდებული არის თუ არა დამნაშავე, ეს მარათონია, მთავარია ამ შეჯიბრში ვინ ვის აჯობებს. ეს არის მინუსი ამ ინსტიტუტის და ის განსაკუთრებით თვალშისაცემია განვითარებად ქვეყნებში. დასავლეთში მეტია დამცავი მექანიზმი, იქ ბრალდების თვითნებობის საშუალება ნაკლებია”.

 

უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, 2014 წელს პირველი ინსტანციის სასამართლოებმა სულ 15 390 სისხლის სამართლის საქმე განიხილეს, მათ შორის გამამართლებელი განაჩენი 76 საქმეზე დადგა, 11 805 ადამიანს კი, საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს. ამ გზით რამდენი ლარი შევიდა სახელმწიფო ბიუჯეტში? – ეს სტატისტიკური ინფორმაციას მთავარ  პროკურატურაში არ მოგვცეს.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი