სამართალი

დამოუკიდებელი მექანიზმი სამართალდამცავ სისტემაში ჩადენილ დანაშაულებათა გამოსაძიებლად

26 თებერვალი, 2015 • 1601
დამოუკიდებელი მექანიზმი სამართალდამცავ სისტემაში ჩადენილ დანაშაულებათა გამოსაძიებლად

ამ  მექანიზმის მოდელი ფონდ ღია საზოგადოება საქართველოსა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით მომზადდა.

რას ითვალისწინებს შემოთავაზებული მოდელი?

შემოთავაზებული მოდელის თანახმად, ეს საგამოძიებო მექანიზმი იქნება დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც არ დაექვემდებარება არც ერთ თანამდებობის პირს, სამინისტროს თუ პროკურატურას. მის საქმიანობაში ჩარევა კანონით დაისჯება.

საგამოძიებო მექანიზმის ხელმძღვანელი, რომელსაც, კანონპროექტის მიხედვით, პირობითად კომისარი ჰქვია, აირჩევა 7 წლის ვადით. მის დასამტკიცებლად პარლამენტის წევრთა  3/5–ის, ანუ 90 დეპუტატის მხარდაჭერა მაინც იქნება საჭირო. მოდელის თანახმად, საგამოძიებო მექანიზმი პარლამენტის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული.

დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის მოდელის პრეზენტაცია. ფოტო  –  ფონდი ღია საზოგადოება საქართველო 25.02.2015
დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის მოდელის პრეზენტაცია. ფოტო – ფონდი ღია საზოგადოება საქართველო 25.02.2015

“არ უნდა შევქმნათ მონსტრი, რომელიც იქნება უკონტროლო, რომლიც იქნება დამოუკიდებელი, რომელსაც ვერავინ გააკოტროლებს და რომელმაც შეიძლება უკუშედეგი მოგვცეს, საბოლოო ჯამში. ჩვენ მიზანია, ეს ორგანო იყოს ასევე ანგარიშვალდებული, ოღონდ ამ ანგარიშვალდებულებამ არ ხელყოს მისი დამოუკიდებლობა,” – განაცხადა ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს წარმომადგენელმა გიორგი ბურჯანაძემ მოდელის პრეზენტაციისას.

კანონპროექტში ორი სახის იურისდიქცია არის შემოთავაზებული:

ექკლუზიური იურისდიქცია გულისხმობს საგამოძიებო და სისხლის სამართლებრივი დევნის ფუნქციის მინიჭებას იმ შემთხვევაში, თუ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენია სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფი პირი ან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი.

პირდაპირი იურისდიქციის შემთხვევაში კი, დამოუკიდებელ სტრუქტურას უნდა ჰქონდეს სისხლის სამართლებრივი დევნისა და გამოძიების უფლებამოსილება მაშინ, როდესაც არსებობს ინტერესთა კონფლიქტის დასაბუთებული ვარაუდი, რომლის მიხედვით, გამოძიება ვერ იქნება წარმართული ობიექტურად სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი საგამოძიებო სტრუქტურების მიერ.

ღია საზოგადოება –  საქართველოს ადამიანის უფლებათა პროგრამის მენეჯერმა ნიკა ჯეირანაშვილმა განაცხადა, რომ ამ მოდელის შექმნისას რამდენიმე ქვეყნის გამოცდილება შეისწავლეს და ის მოდელი შექმნეს, რაც, მისი თქმით, საქართველოში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის არსებობას უზრუნველყოფს.

დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის მოდელის პრეზენტაცია. ფოტო  –  ფონდი ღია საზოგადოება საქართველო 25.02.2015
დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის მოდელის პრეზენტაცია. ფოტო – ფონდი ღია საზოგადოება საქართველო 25.02.2015

რატომ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი?

ნიკა ჯეირანაშვილი ამბობს, რომ საგამოძიებო მექანიზმი მოხსნის ინტერესთა კონფლიქტის საკითხს და სისტემის თანამშრომელი მეორე თანამშრომლის მიერ ჩადენილ დანაშაულს აღარ გამოიძიებს.

“ჩვენ გვინდა, რომ ამ ორგანოს შეეძლოს გამოიძიოს ის საქმეები, სადაც სამრთალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ფიგურირებენ,”– თქვა მან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.

კანონპროექტის პრეზენტაციის შემდეგ სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივანმა, ეკა ფოფხაძემ განაცხადა, რომ 2014 წლის განმავლობაში სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულებისა და სამართალდამცავ ორგანოებში უფლებამოსილების გადამეტებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე რეაგირებისთვის პროკურატურას 25–მდე წერილით მიმართა.

“ჩვენი მონაცემებით, ამ ეტაპზე არც ერთ ჩვენს წინადადებაზე არ მომხდარა სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება. ანუ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს არ არსებობს ქეყანაში სისტემა, რომელიც მოახდენს ასეთ საჩივრებზე ეფექტურ რეაგირებას და ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ასეთი დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნა არის მნიშვნელოვანი,”– ამბობს ეკა ფოფხაძე.

ნიკა ჯეირანაშვილმა პრეზენტაციის დაწყებამდე განაცხადა, რომ საქართველოს სწორედ დღეს აქვს რეალური შანსი, რომ მომავალი უკეთესობისკენ შეცვალოს და წამების აღმოფხვრისკენ რეალური ნაბიჯები გადადგას.

“მიმაჩნია, რომ ვინც დღეს დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნის წინააღმდეგია, ის არის მომხრე წამებისა,”– თქვა მან.

“პოლიტიკური ნება”

ევროსაბჭოს ექსპერტმა, მანფრედ ნოვაკმა, რომელიც საქართველოში სწორედ ამ მოდელის შეფასების მიზნით არის ჩამოსული, პრეზენტაციის დაწყებამდე ჟურნალისტებთან მოდელი შეაფასა, როგორც “ამბიციური”.

“მიმაჩნია, რომ შეიძლება ცოტა ნაკლებად ამბიციური იყოს იმისთვის, რომ ადვლად მივაღწიოთ პოლიტიკურ კონსენსუსს და სწრაფად მოხდეს კანონის მიღება,”– თქვა მან.

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი გიორგი ტუღუში საგამოძიებო მექანიზმის მოდელის შექმნას პოზიტიურად აფასებს, თუმცა ამბობს, რომ კომისრის დასამტკიცებლად გათვალისწინებულმა მექანიზმებმა შეიძლება ისიც გამოიწვიოს, რომ კომისარი საერთად არ გვყავდეს.

“ალბათ, 3/5–ით კომისრის არჩევა დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ცოტა სათუოა,“– თქვა მან “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ხელისუფლების მხრიდან დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნისთვის საჭირო პოლიტიკური ნების არარსებობაზე საუბრობს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ჩიორა თაქთაქიშვილი. ის ამბობს, რომ პოლიტიკურად დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნა მთავრობას არ სურს.

“ფაქტია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, როდესაც ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ წააგო 2012 წლის არჩევნები იმასთან დაკავშირებით, რომ ის ინსტიტუციური მენქანიზმები, რომლებიც მანამდე არსებობდა, სამართალდამცავი სტრუქტურების კონტროლისა, არ იყო ეფექტური. ერთადერთი სწორი გზა ამ საკითხის ინსტიტუციური გადაწყვეწტისა არის დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა,”- ამბობს თაქთაქიშვილი.

საიას თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი კი მიიჩნევს, რომ ასეთი მექანიზმის შექმნა ხელისუფლების ინტერესშიც შედის, რადგან მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის ნდობის დამყარების პროცესს წაადგება.

“ძალიან მნშვნელოვანია მოქალაქეს ჰქონდეს რწმენა იმ სისტემის მიმართ, რომელიც შექმნილია მისი უფლებების დასაცავად და როდესაც ზუსტად ეს სისტემა და ამ სისტემის წარმომადგენელი არღვევს ადამიანის უფლებებს, ეს ორმაგად აზარალებს ამ სისტემის მიმართ საზოგადოეების ნდობას და სახელმწიფოს მიმართ საზოგადოების ნდობას,” – თქვა მან “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

თავად საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია ამბობს, რომ პარლამენტის როლის ზრდას მიესალმება და შემოთავაზებულ მოდელს “საინტერესო იდეად” აფასებს. მისი თქმით, ამ მოდელის შემუშავებაში უმრავლესობა არ იყო ჩართული და ახლა საჭიროა მსჯელობა, რათა ისეთ მოდელზე შეთანხმდნენ, რაც მიზანს ემსახურება.

“ეს მიზანი არის ის, რომ სისტემური დანაშაულების შემთხვევაში ინტერსთა კონფლიქტი გამოირიცხოს, მაღალი ნდობა არსებობდეს გამოძიების მიმართ, რომ ის, რაც ხდებოდა, არასდროს თეორიულად არ უნდა დავუშვათ, არათუ პრაქტიკულად”.


ბესელიას განცხადებით, ამ იდეაზე უწყებათაშორისი რეფორმის ჯგუფებში უნდა გაგრძელდეს მუშაობა. ამ დროისთვის 4 ასეთი ჯგუფია შექმნილი: სიხლის სამართლის რეფორმის, შსს–ს, პროკურატურის და საკონსტიტუციო რეფორმის ჯგუფი.

 

შეხვედრას პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძეც ესწრებოდა. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის მსგავსად, ისიც მიიჩნევს, რომ თუ რომელი მოდელი იქნება მისაღები, ეს შემდგომი მსჯელობის საგანი უნდა გახდეს.
 

რადგანაც შემოთავაზებული მოდელი საგამოძებო ორგანოს ანგარიშვალდებულებას არა მთავრობის, არამედ პარლამენტის წინაშე ითვალისწინებს, “ნეტგაზეთმა” სოფო ჯაფარიძეს ჰკითხა, აქვთ თუ არ ამასთან დაკავშირებით პრინციპული პოზიცია. 
 

“ამასთან დაკავშირებით პრინციპული პოზიციის ამ ეტაპზე გამოთქმა ცოტა ნაადრევია. ეს არის ის საკითხი, რომელზეც კომპლექსურად, ერთობლივად უნდა იმსჯელოს ყველა დაინტერესებულმა მხარემ და ყველა იმ უწყებამ, რომელსაც ეხება ეს რეფორმა, ვგულისხმობ ძირითადად სამართალდამცავ ორგანოებს და მის წარმომადგენლებს,” – გვიპასუხა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი