სამართალი

უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფა, უარი “ოდეერებზე” და სხვა საკითხები შსს-ს რეფორმისთვის

11 თებერვალი, 2015 • 1533
უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფა, უარი “ოდეერებზე” და სხვა საკითხები შსს-ს რეფორმისთვის

პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროდან უშიშროების სამსახურის გამოყოფის ინიციატივით გასული წლის დეკემბერში გამოვიდა. მან ამ საკითხთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს დაავალა.

 

პრემიერის განცხადებამდე, ნოემბერში, ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით დავით უსუფაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას შსს–ს გარდაქმნის შესახებ “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირება გაიხსენა:

 

“რას ვთავაზობდით ჩვენ საზოგადოებას, რატომ მოგვცეს ჩვენ ხმა: აუცილებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაქმნა საშინაო საქმეთა სამინისტროდ და სამოქალაქო სამსახურად ჩამოყალიბება, რომელიც მმართველობას განახორციელებს საშინაო პოლიტიკის მნიშვნელოვან სფეროებში, აუცილებელია პოლიციის საქმიანობის საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმის უზრუნველყოფა, აუცილებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან გამოიყოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურები და შეიქმნას ერთიანი, დამოუკიდებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახალი შინაარსით, სტრუქტურით, ფორმით, ოპტიმალური რაოდენობით კვალიფიციური თანამშრომლებით,”– განაცხადა მაშინ პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

შსს–სა და პროკურატურასთან დაკავშირებით რეკომენდაციები “კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის” (რომელიც 30–მდე არასამთავრობო ორგანიზაციისგან შედგება) 9 თებერვალს მთავრობისა და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცნო. ამ შეხვედრის დროს დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ადრეც ბევრი რამ შეიძლებოდა გაკეთებულიყო, მაგრამ 2015 წლის თებერვლიდან (“ქართული ოცნების”) კოალიციის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე “ზუსტად იმდენი დროა დარჩენილი, რაც საჭიროა ყველა ამ საკითხის ერთხელ და სამუდამოს სწორად მოსაგვარებლად”.

 

უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა, დავით სუჯაშვილმა ამავე ფორუმზე განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე შსს–ს რეფორმირების კომისია შეიქმნება, რომელიც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება. მისი განცხადებით, ამ ჯგუფის ფარგლებში მოხდება სხვადასხვა სამუშაო ჯგუფის მიერ წარდგენილი მოსაზრების შეჯერება.

ცენტრალიზაცია და პოლიტიზირება 

 

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია შსს–ში ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად მკვეთრი ცენტრალიზაციის პირობებში პოლიტიკური ვერტიკალის გაძლიერებას მიიჩნევს.

 

კოალიციის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ შს მინისტრი აღარ იყოს უფლებამოსილი, ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება სისტემის ზოგადი პოლიტიკისა და საქმიანობის წესების განსაზღვრის შესახებ. მათი თქმით, მინისტრის ხელში განსაკუთრებულ ბერკეტს წარმოადგენს გენერალური ინსპექცია, რომელიც ასევე მინისტრის წინაშე არის ანგარიშვალდებული.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის წარმომადგენელი სოფო ვერძეული აცხადებს, რომ მკვეთრი ცენტრალიზაციის პირობებში ძლიერდება პოლიტიკური ვერტიკალი, რაც საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტებზე პოლიტიკური ზეწოლის რისკს აძლიერებს, რადგანაც ეს დეპარტამენტები არ არიან დისტანცირებულნი მართვის ცენტრალური რგოლიდან. ვერძეულის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შემთხვევაში, საქმე გვავს ერთი უწყების ხელში ჭარბი ძალაუფლების კონცენტრაციასთან, რაც გამორიცხავს ამ უწყების დაბალანსებასა და კონტროლს სხვა ინსტიტუტების მხრიდან.

 

კოალიციის პოზიციის თნახმად, მნიშვნელოვანია, შსს-ში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში ძალაუფლების დეცენტრალიზაცია განხორციელდეს, რისი ერთ-ერთი საშუალება შესაძლოა, ადგილობრივი თვითმმართველობების როლის გაძლიერება იყოს.  

 

სოფო ვერძეული მიიჩნევს, რომ საპატრულო დეპარტამენტის ნაწილში შესაძლოა ადგილობრივი თვითმმართველობების პროცესში შემოყვანა ყველაზე ეფექტური იყოს:

 

“ეს შეიძლება იყოს ანგარიშვალდებულების კუთხით, როდესაც მაგალითად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ექნება შესაძლებლობა კონკრეტულად იმ ტერიტორიის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის მიმართ ჰქონდეს ანგარიშვალდებულების მოთხოვნის უფლება, ანუ დაიბაროს, შეკითხვები ან ახსნა-განმარტება მოთხოვოს. ასევე, შესაძლებელია ვიფიქროთ დანიშვნის პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობაზე,“- ამბობს EMC-ის წარმომადგენელი.

შსს-დან უსაფრთხოების სამსახურების გამოყოფა

 

EMC-ის განცხადებით, ის, რომ, ერთ სისტემაში იყრის თავს მნიშვნელოვანი ადამიანური, ინფორმაციული და მატერიალური რესურსი, ერთი უწყების ხელში დაუბალანსებლად დიდ ძალაუფლებას წარმოშობს. მათი განცხადებით, ამ პირობებში შსს სათანადო მეთვალყყრეობის გარეშე რჩება, რაც ზრდის ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შანსს.

 

ამიტომაც, მათი განცხადებით, შსს-ს უშიშროების სამსახურები უნდა გამოეყოს. თუმცა, სოფო ვერძეული ამბობს, რომ უშიშროების სამსახურების შსს-დან გამოყოფა არ იქნება საკმარისი და „გამოყოფა არ ნიშნავს იმას, რომ თუ მას სხვაგან წავიღებთ, იქ პრობლემა არ იქნება“. ის მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, უშიშროების სამსახურების მარეგულირებელი კანონმდებლობა გადაიხედოს და მისი დამოუკიდებლობის ხარისხი მაღალი იყოს.

შს მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას თქმით, რეფორმამ უნდა შექმნას მყარი ინსტიტუციონალური საფუძველი იმისთვის, რომ ერთმა უწყებამ განახორციელოს ფუნქციები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოებასთან იქნება დაკავშირებული, ხოლო მეორე უწყებამ, რომელიც სამოქალაქო ხასიათის იქნება – პოლიტიკური და სხვა სამოქალაქო ფუნქციები.

 

“მთავარი ამოსავალი პრინციპი არის ის, რომ გაიმიჯნოს პოლიტიკური და უსაფრთხოების ფუნქციები და ეს მოხდეს 2 ინსტიტუტის საფუძველზე,”- განაცხადა იზორიამ.

ინფორმაციის თავისუფლება და “ოდეერები”

 

არასამთავრობო ორგანიზაცია TI-ს წარმომადგენელმა ლიკა საჯაიამ ფორუმზე განაცხადა, რომ სახელმწიფო საიდუმლოებად არის მიჩნეული ის ნორმატიული აქტები, რომლებიც მჭიდრო კავშირშია ადამიანის უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობებთან. “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონპროექტით” კი ფართოვდება იმ ნორმატიული აქტების წრე, რომლებიც შეიძლებბა სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნებოდეს.

 

TI-ს რეკომენდაციით, მკაცრად უნდა შეიზღუდოს იმ ნორმატული აქტების წრე, რომლების შეიძლება გასაიდუმლოვდეს, ასევე, ყველა ნორმატიული აქტის სათაური გახდეს საჯარო.

რაც შეეხება ე.წ “ოფიცრებს უსაფრთხოების საკითხებში” (ოდეერებს),  შს მინისტრი განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო დაწესებულებებსა და ორგანოებში ნიშნავს უსაფრთხოების საკითხთა ოფიცრებს (საქართველოს მთავრობის დადგენილება №337, 2013 წლის 13 დეკემბერი, თავი III, მუხლი 5, ჟ ნაწილი). TI მიიჩნევს, რომ სახელმეწიფომ უარი უნდა თქვას ოდეერების ინსტიტუტზე, რადგანაც, მათი განცხადებით, დემოკრატიულ სახელმწიფოში მოუღებელია სხვა საჯარო თუ კერძო დაწესებულებებში ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელთა არსებობა.

 

ლევან იზორიამ “ოდეერის” ინსტიტუტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მსგავსი პრეცედენტები სხვა ქვეყნებშიც არსებობს.

 

“ჩვენ შევისწავლეთ სერთაშორისო პრაქტიკა და მერწმუნეთ, არაფერს ისეთს არც მოდელის სახით არ შევიმუშავებთ, რაც არ არის აპრობირებული სხვა ქვეყნებში, პრეცედენტები არ არსებობს,”- თქვა იზორიამ.

მისი განცხადებით, აუცილებელია განისაზღვროს კონკრეტულად იმ კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და ობიექტების ჩამონათვალი, სადაც “აუცილებლობა დგას დღის წერსიგში იმისა, რომ ვთქვათ საიდუმლოების რეჟიმი იქნეს დაცული და სახელმწიფოს უსაფრთხოებას ჭირდება”. იზორიას განცხადებით, მოდერნიზებაზე, შეიძლება მუშაობა მხოლოდ იმ პირობებში, თუ კონკრეტულად იქნება ცნობილი ის კრიტიკული ინფრასტრუქტურა, სადაც “უსაფრთხოების ოფიცრების” არსებობის აუცილებლობა დგას დღის წესრიგში.

 

ეფექტური პასუხისმგებლობის სისტემა


EMC–ის განცხადებით, სისტემა ვერ უზრუნველყოფს სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის კანონიერების კონტროლის ეფექტური მენანიზმების არსებობსას. კოალიციის პოზიციით, შიდა მონიტორინგის მექანიზმი ვერ ჩაითვლება ზედამხედველობის განმახორციელებელ სათანადო საშუალებად, გენერალური ინსპექცია კი – შს მინისტრის დაქვემდებარებაში იმყოფება. 

 

სოფო ვერძეულის განცხადებით, ერთ–ერთი საჯარო შეხვედრისას ცნობილი გახდა, რომ საქმე საქმეზე, რომელიც პოლიციელის მიერ ჩადენილ დანაშაულს ეხება, პროკურატურა ფორმალურად იწყებს გამოძიებას, თუმცა მიმართავს გენერალურ ინსპექციას და მას თხოვს სინამდვილეში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას, “რაც ნიშნავს წმინდა ინტერესთა კონფლიქტს, შეუძლებელია პოლიციელები ერთმანეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებებს იძიებდნენ”.

 

EMC-ის რეკომანდაციით, უნდა  შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რომელიც იქნება დისტანცირებული არსებული საგამოძიებო ორგანოებისგან და პროკურატურისგანაც. ასევე, იქნება დამოუკიდებელი აღმასრულებელი ხელისუფლებისგან.


არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, მნიშვნელოვანია განხორციელდეს გერალური ინსპექციის რეფორმა და გადაიხედოს მინისტრის გავლენის ფარგლები მის საქმიანობაზე.

 

როგორ უყურებს რეფორმას შსს

 

მიუკერძოებლობა, ანგარიშვალდებულება, ეფექტიანობა – შს მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას განმარტებით, ამ პრინციპების განხორციელება უზრუნველყოფს რეფორმის ინსტიტუციონალურ საფუძვლებს.

 

იზორიამ განაცხადა, რომ შსს–ს რეფორმის ფარგლებში პოლიტიკური თანამდებობის პირები მაქსიმალურად გაემიჯნებიან ოპერატიულ დონეს, თუმცა ოპერატიული დონე კვლავ იქნება ანგარიშვალდებული პოლიტიკური დონის მიმართ. 

 

“აქაც მთავარია, დაბალანსებული იყოს ეს ძალაუფლება და გამიჯნული იყოს ეს ძალაუფლება. ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს მოხდება ინსტიტუციონალურ დონეზე, თუმცა ერთი ინსტიტუტის ფარგლებშიც არის ეს შესაძელებელი, და ამის მაგალითები ძალიან ბევრია ევროპაში, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა სწორედ რომ სხვადასხვა ინსტიტუციონალურ დონეზე მოხდეს ამ გამიჯვნის უზრუნველყოფა და ამას აუცილებლად გავაკეთებთ,”– განაცხადა იზორიამ.

 

შს მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ შსს–ს დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებით ის გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, რაც ეფექტიანობის მიხედვით ყველაზე ოპტიმალური იქნება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი