სამართალი

რა შეღავათები მოუმზადა იუსტიციის სამინისტრომ საქართველოში მცხოვრებ უცხოელებს

12 ნოემბერი, 2014 • • 1436
რა შეღავათები მოუმზადა იუსტიციის სამინისტრომ საქართველოში მცხოვრებ უცხოელებს

იუსიტიციის მინისტრის მოადგილემ, სანდრო ბარამიძემ განმარტა, რომ “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის ამოქმედების შემდეგ საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეექმნათ პრობლემები, რის გამოც იუსტიციის სამინისტრომ მათთვის შეღავათიანი პერიოდისა და პირობების დაწესება გადაწყვიტა.

 

ცვლილების მიხედვით, უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებიც უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის მიღების დროს- 2014 წლის 17 მარტსა და კანონის ამოქმედების დღეს – 1 სექტემბერს საქართველოში იმყოფებოდნენ, ვიზის მისაღებად შეუძლიათ მიმართონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ხოლო ბინადრობის ნებართვის მისაღებად – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.  

 

იმ შემთხვევაში, თუ 2014 წლის 17 მარტს მიღებულ კანონში ცვლილება არ შევა, მაშინ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ვიზის ასაღებად იმ ქვეყანაში დაბრუნება მოუწევთ, რომლის მოქალაქეობას ფლობენ და იქ მოქმედ საქართველოს საკონსულოს მიმართონ.

 

თუ საქართველოს საკონსულო არ მდებარეობს ქვეყანაში, რომლის მოქალაქეობას ფლობს საქართველოს ვიზის მიღების მსურველი უცხოელი, მაშინ მან მეზობელ ქვეყანაში მდებარე საქართველოს საკონსულოს უნდა მიმართოს.  

 

კანონპროექტის მიხედვით, საშეღავათო პერიოდი 2015 წლის 1 მარტამდე გაგრძელდება. მოქალაქეებმა უნდა გაითვალსიწონონ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვიზის ან სხვა ტიპის დოკუმენტის, რომელიც მიიჩნევა მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოში სამართლებრივად ყოფნის საფუძლად, ვადის ამოწურვამდე 45 დღით ადრე უნდა მიმართონ.

 

საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, სატრანზიტო ვიზის მოქმედების ვადა 5 დღიდან 10 დღემდე გაიზრდება. იუსტიციის სამინსიტრო განმარტავს, რომ ამ გზით იოლდება სატრანზიტო ვიზის მოქმედების პროცედურები.

 

ალექსანდრე ბარამიძე ამბობს, რომ საკანონმდებლო ცვლილებებში თანამემამულის სტატუსის მქონე ადამიანებისთვისაც არის სიახლე. მათ სპეციალური ბინადრობის ნებართვის აღება შეეძლებათ.

 

მინისტრის მოადგილის განმარტებით, სპეციალური ბინადრობის მოწმობის აღება შეუძლიათ ინგილოებს და საქართველოში დაბადებულ პირებს, რომლებიც ცხოვრობენ სხვა ქვეყანაში.

 

მოქმედი კანონის მიხედვით, სასწავლო ვიზის მქონე პირებს მხოლოდ სასწავლო ბინადრობის ნებართვის მიღება შეუძლიათ, შრომითი ვიზის მქონეს კი, მხოლოდ შრომითი ბინადრობის უფლების. საშეღავათო პერიოდში კი სასწავლო ვიზის მქონე პირებს შეეძლებათ შრომითი და სხვა მიზნის მქონე ბინადრობის ნებართვის მიღება მოითხოვონ, განმარტავს ბარამიძე.

 

ვიზა
ვიზა

კანონის პროექტი 27 ოქტომბერს დარეგისტრირდა პარლამენტში, 11-14 ნოემბრამდე პარლამენტის კომიტეტები დაჩქარებული წესით განიხილავენ. აღნიშნული ცვლილებები მოიწონა წამყვანი – საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად კვაჭანტირაძემ.

 

პარლამენტარის აზრით, მთავარია, იუსტიციის სამინისტრომ იზრუნოს საზოგადოების ინფორმირებაზე, რომ ახალი კანონის მიზანი არა ამერიკელი და ევროპელი კოლეგების საქართველოდან “გაყრა”, არამედ “ვიზალიბერალიზაციის” მოთხოვენის ნაწილია და მიგრაციის პროცესის გაკონტროლებას ისახავს მიზნად.

 

“ამაზე ცოტა მეტი განმარტება რომ გავუკეთოთ საზოგადოებრიობას, რომ ცოტა ლამაზად და დეტალურად იყოს ახსნილი, თუნდაც იმ უცხოელებისთვის, რომლებსაც კითხვა ეზარებათ”, – ამბობს ზვიად კვაჭანტირაძე.

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ცვლილებებს ზოგადად დადებითად აფასებს, თუმცა მიაჩნია, რომ კანონის რამდენიმე პუნქტი შესწორებას საჭიროებს. ორგანიზაციამ პარლამენტს შესთავაზა საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ეხება, როგორც უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს, ასევე კანონის იმ ნაწილსაც, რომელზეც იუსტიციის სამინისტროს მომზადებული კანონპროექტი არ ვრცელდება.

 

“საერთაშორისო-გამჭვირვალობის” საპარლამენტო მდივანი ლიკა საჯაია ამბობს, რომ კანონმა უნდა დაარეგულიროს აპლიკანტების უფლება, საკონსულოს ელექტრონულად მიმართონ ვიზის მისაღებად.

 

იურისტის აზრით, იმ შემთხვევში, თუ აპლიკანტის ქვეყანაში არ იქნება საქართველოს საკონსულო, მაშინ მას მეზობელ ქვეყანაში ჩასვლა და იქ ლოდინი მოუწევს, რაც შესაძლოა 30 დღემდე გაგრძელდეს, ან იძულებული იქნება თავის ქვყანაში დაბრუნდეს და გასაუბრებისთვის ისევ მეზობელ ქვეყანაში მდებარე საქართველოს საკონსულოში მივიდეს.

 

საჯაია იხსენებს მისი მეგობრის დედამთილს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა და სურს საპენსიო ასაკი საქართველოში გაატაროს. თუმცა კანონში არსებული ჩანაწერი, რომ მხოლოდ იმათ მიეცემათ ბინადრობის ნებართვა, რომლებიც 300 ათასი ლარის ინვესტიციას განახორციელებენ, სურვილის ასრულებაში ხელს უშლის.

 

“საერთაშორიოს გამჭვირვალობის” შეთავაზებით, კანონის მე-18 მუხლში ნახსენები “კომპტენტური ორგანო”, რომლის დასკვნაც შესაძლოა გახდეს იმის საფუძველი, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ მისცენ ბინადრობის ნებართვა, ბუნდოვანია.

“ბუნდოვანება უნდა მოშორდეს ამ კანონს, რადგან პირი, რომელიც ითხოვს ბინადრობის ნებართვას, ვიზის გაცემის დროს არის შემოწმებული, საზღვარზე არის შემოწმებული და კიდევ დამატებითი საფუძველი [საჭირო არაა]”, – მიაჩნია საჯაიას.

ზვიად კვაჭანტირაძე კი კონკრეტულ მოსაზრებებზე კომენტარს ჯერ არ აკეთებს და “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ შეთავაზებულ პაკეტს განიხილავს ორგანიზაციის წარმომადგელებთან ერთად, რომლის შემდეგაც კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი