სამართალისამხრეთ კავკასიის ამბები

გაზრდილი დანაშაული სომხეთში, “სამართალი ტელეფონით” და კრიმინალური ავტორიტეტები

24 ოქტომბერი, 2014 • • 1472
გაზრდილი დანაშაული სომხეთში, “სამართალი ტელეფონით” და კრიმინალური ავტორიტეტები

რამდენიმე დღის წინ სომხეთის პოლიციამ სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებაზე, რომელიც მიმდინარე წლის ცხრა თვის პერიოდს მოიცავს. ამ მონაცემების მიხედვით, დანაშაული წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.2%-ით (302 კრიმინალური შემთხვევით მეტი) გაიზარდა, სამაგიეროდ 3.6%-ით შემცირდა იმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ. დანაშაულის ზრდასთან ერთად 3.2%-ით შემცირდა მისი გახსნის მაჩვენებელი, თუმცა მაინც  82% შეადგინა.

მიმდინარე წლის ცხრა თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სომხეთში მკვლელობის რაოდენობა 23%-ით გაიზარდა და 42 ასეთი ფაქტი დაფიქსირდა, თუმცა მკვლელობის გახსნის მაჩვენებელი 76.5%-დან 81%-მდე გაიზარდა.

სომხეთის პოლიციის უფროსის პირველმა მოადგილემ უნან პოღოსიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მკვლელობის ყველა შემთხვევა გახსნილია. სომხეთის ახალი ამბების სააგენტოები კი თითქმის ყოველდღე იტყობინებიან იმის შესახებ, რომ ქუჩებში ადგილი აქვს სროლებს, არის ცივი იარაღით დაჭრის შემთხვევები ჩხუბის დროს, რომლებშიც ხშირად ჩართული არიან ქვეყანაში ცნობილი ადამიანების ნათესავები.

მაგალითად, მიმდინარე წლის მაისში ხუთი ადამიანი (მათ შორის შემთხვევითი გამვლელები) დაიჭრა მას შემდეგ, რაც სომხეთის პარლამენტის დეპუტატის, კარო კარაპეტიანის სიძემ პისტოლეტიდან გაისროლა. ჩხუბი ავტოპარკინგის ადგილთან დაკავშირებით დაიწყო.

მანამდე სიუნიკის ოლქის გუბერნატორის, სურიკ ხაჩატრიანის შვილმა და მცველმა ოლქის მეთაურის სახლის წინ ესროლეს ერთ ადამიანს და დაჭრეს სხვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით – ყველაფერი მოხდა თავდაცვისთვის აუცილებელი ზომებიდან გამომდინარე, თავად გუბერნატორი კი რამდენიმე დღის წინ აღადგინეს თანამდებობაზე. სხვათა შორის, სომხეთის პრესა წერს იმაზე, რომ გუბერნატორი სამჯერაა ნასამართლევი.

მთავრობის სახლი ერევანში
მთავრობის სახლი ერევანში

 

ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, 2014 წლის 9 თვეში დანაშაულის სახეობების მიხედვით, ძირითადად, გაზრდილია ისეთი კრიმინალური შემთხვევები, როგორიცაა ცემა, ქურდობა, ჯანმრთელობისთვის განზრახ ზიანის მიყენება, ტრეფიკინგი, ხულიგნობა, საგზაო მოძრაობის წესების დარღევა, სახელმწიფო სახსრების მითვისება, გადასახადებისთვის თავის არიდება, თაღლითობა.

დადებით ტენდენციად პოლიცია გამოყოფს იმას, რომ მიმდინარე წლის 9 თვეში, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 9.9%-ით შემცირდა ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულების რიცხვი და ასევე, 32%-ით – არასრულწლოვნების მიერ ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა.

თუკი ბოლო ხუთი წლის სტატისტიკური მონაცემების დინამიკას შევხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ 25.1%-ითაა გაზრდილი კერძო საკუთრების ხელყოფის ფაქტები, ხოლო ბინის ქურდობების მაჩვენებელი 83%-ით გაიზარდა.

სომხეთის პოლიციის წარმომადგენლები დანაშაულის სტატისტიკის ზრდას იმით ხსნიან, რომ დღეს ყველა დანაშაული რეგისტრირდება, საბჭოთა პერიოდისა ან დამოუკიდებლობის პირველი წლებისგან განსხვავებით, როცა ბევრი დანაშაული უბრალოდ არ აღირიცხებოდა.

სომხეთის პოლიციის ერთ-ერთმა ჩინოსანმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ამ დროისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე ოფიციალურად იმყოფება 12 ე.წ. კანონიერი ქურდი.  კიდევ რამდენიმე გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტი სხვადასხვა სახის სასჯელს იხდის “ზონაში”. სომხეთის კანონმდებლობით, საქართველოსგან განსხვავებით, ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს უწოდებენ “კანონიერ ქურდებს”, არ ისჯებიან მანამ, სანამ ისინი სისხლის სამართლის კანონით დასჯად ქმედებას არ ჩაიდენენ. ეს კი, პოლიციის ჩინოსნის თქმით, რომელსაც ჩვენ ვესაუბრეთ, გავლენას ახდენს ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებაზე: “ცხადია, ეს “კანონიერი ქურდები” აქ ქველმოქმედებას არ ეწევიან”.

პოლიციის ჩინოსანმა ჩვენთან საუბარში გაიხსენა, რომ 1973 წლის 27 მაისს, როდესაც სომხეთის შს მინისტრი იყო ვანო სირადერიანი, ქვეყნიდან გააძევეს “კანონიერი ქურდები” და დიდი ხნის განმავლობაში რესპუბლიკა მათგან გაწმენდილი იყო, მაგრამ ახლა ქვეყანაში მათ არაფერი ემუქრებათ და სავსებით თავისუფლად გრძნობენ თავს. სომეხი კანონიერი ქურდების (სავარაუდოდ, რომ მათი რაოდენობა 60-ს აღწევს) ძირითადი ნაწილი ქვეყნის ფარგლებს გარეთაა, ძირითადად, რუსეთში, დსთ-ს ქვეყნებში და ევროპის ზოგ ქვეყანაში, ან მუდმივად გადადიან ერთიდან მეორე ადგილზე: “როცა ისინი ერევანში ბრუნდებიან, მაგალითად, ნათესავის დაკრძალვაზე ან სხვა შემთხვევაზე, ისინი ამის თაობაზე ინფორმაციას აწვდიან ხელისუფლებას, რათა მათ წინააღმდეგობა არ შეუქმნან”.

სომხეთის მართლმსაჯულების საბჭოს წევრი, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი არმენ თუმანიანი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ ქვეყანაში კრიმინალთან ბრძოლის ძირითადი ინსტრუმენტი სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსია, რომელიც 1993 წელს მიიღეს. მისი თქმით, არსებობს მთელი რიგი საკითხები კოდექსში, რომელთა გადახედვა საჭიროა პერიოდულად: “დანაშაული სომხეთში იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მასთან ბრძოლის ახალი მიდგომებია საჭირო. ახლა დანაშაული, როგორც უნდა ებრძოლო მას და ეცადო მის შემცირებას, ვერასდროს დავა იმ დონეზე, რაც იყო გასული საუკუნის 80-იან წლებში”.

ამასთან, იურისტი დარწმუნებულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის პარალელურად, უნდა მუშაობდეს მთელი რიგი სახელმწიფო სოციალური პროგრამები, რომლებიც მიმართული იქნება სიღარიბის, უმუშევრობის, ჩრდილოვანი ეკონომიკის წინააღმდეგ, უნდა გაძლიერდეს ბავშვთა ადრეული აღზრდის პროგრამები და ა.შ.

“ჩვენ ხომ გვესმის, რომ დანაშაულების ძირითადი საფუძველი ეკონომიკაა?! კერძოდ, დისბალანსი მდიდრებსა და ღარიბებს შორის ხდება დანაშაულის მიზეზი”, – მიიჩნევს არმენ თუმანიანი – “პროგრამები ჩვენთან ხორციელდება, მაგრამ რამდენად ეფექტურად, ძნელი სათქმელია, ალბათ, უფრო ცუდად, რადგან ოფიციალური მონაცემებიც კი ღარიბი და უმუშევარი მოსახლეობის რაოდენობის შესახებ ქვეყანაში ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა”.

“სომხეთის სოციოლოგთა ასოციაციის” ხელმძღვანელი გევორგ პოღოსიანი ქვეყანაში კრიმინალის ზრდას დაძაბული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით და უმუშევრობით ხსნის, რომლის დონე, ოფიციალური მონაცემებით, 35%-ს არ აღემატება. იგი ასევე გამოყოფს ე.წ. “ტელეფონით სამართლის” პრობლემას, რომლითაც, როგორც წესი, სარგებლობენ სამართალდამრღვევები, ვისაც ნათესავები და ახლობლები ჰყავთ ხელისუფლების მაღალ ეშელონებში და რომელთა ზარებითაც ხდება მათთვის პასუხისმგებლობის არიდება.

უნან პოღოსიანი
უნან პოღოსიანი

 

სომხეთის პოლიციის უფროსის პირველი მოადგილე უნან პოღოსიანი ამბობს, რომ დანაშაულის გაზრდილი სტატისტიკური მონაცემების გამო “შეშფოთებული არიან თავად პოლიციაშიც”. ოფიციალური მონაცემებით, დანაშაულთან ბრძოლის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, თავად პოლიციის რიგებშიც განხორციელდა საკადრო “წმენდა”, კერძოდ: საანგარიშო პერიოდში (2014 წლის 9 თვეში) სამსახურებრივი მოკვლევა განხორციელდა 1000-ზე მეტი პოლიციელის მიმართ. რამდენიმე ასეულ პოლიციელს მიეცა გაფრთხილება. 24 პოლიციელი მიჩნეული იქნა თანამდებობისთვის შეუფერებლად. ოთხს დაუქვეითეს წოდება. 72 პოლიციელი დაითხოვეს სისტემიდან.

დანაშაულის ზრდის მიუხედავად, საერთაშორისო კვლევებით, სომხეთი უწინდებურად რჩება იმ ქვეყნების რიცხვში, სადაც შედარებით დაბალია კრიმინალის დონე. გაეროს 2012 წლის მონაცემებით კი, სომხეთი ბოლო ადგილზე იყო დსთ-ში განზრახ მკვლელობების რიცხვით ყოველ 100 ათას ადამიანზე.


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 


მასალების გადაბეჭდვის წესი