სამართალი

14–მა ყოფილმა პატიმარმა სტაჟირების კურსი გაიარა

11 სექტემბერი, 2014 • • 1165
14–მა ყოფილმა პატიმარმა სტაჟირების კურსი გაიარა

“ყოფილ პატიმარზე ზრუნვა არის საზოგადოების დაცვა განმეორებითი დანაშაულისგან,” – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 11 სექტემბერს იუსტიციის სახლში ყოფილ პატიმართა სტაჟირების პროექტის დასკვნით შეხვედრაზე.

 

მინისტრის თქმით, ისინი სთავაზობდნენ კომპანიებსა და სახელმწიფო დაწესებულებებს, რომ ის ბენეფიციარები, რომელთაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი ნდობას უცხადებდა, სტაჟირებაზე მიეღოთ.

 

“43 კომპანიიდან 10–11 კომპანია გამოგვეხმაურა,”– თქვა წულუკიანმა. ის აღნიშნავს, რომ კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამშორომლობა ამ სფეროში  გადამწყვეტია.

 

დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი ჯონი კვინიკაძე ამბობს, რომ პროგრამაში  მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

 

პროგრამაში 670 ყოფილი პატიმარი არის ინტენსიურად ჩართული, თუმცა სტაჟირების სრული კურსი მხოლოდ 14–მა ბენეფიციარმა დაასრულა.

 

ამას ჯონი კვინიკაძე ფინანსური ფაქტორით ხსნის – სტაჟირების პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს დანაშაულის პრევენციის ცენტრი 150 ლარს უხდიდა, დამსაქმებლისთვის კი სტაჟიორის მუშაობა უფასო იყო.

 

“შესაბამისად, ჩვენ განუსაზღვრელი რაოდენობით ვერ ჩავრთავდით, თუმცა მომავალში იგეგმება, რომ გაიზარდოს სტაჟიორთა რაოდენობა,” – ამბობს ცენტრის დირექტორი.

 

გიორგი ბერიძემ ციხე  ამნისტიით 2013 წლის იანვარში დატოვა. მან დანაშაულის პრევენციის ცენტრის ხელშეწყობით სტაჟირება კომპანია “Geo co–ში” გაიარა და ახლა ამ კომპანიის თანამშრომელია. მისი თქმით, სამუშაო ადგილას პრობლემები არ შექმნია.

 

“თავიდან ძალიან მეშინოდა, მეშინოდა, როგორ დამხვდებოდნენ, როგორ მომმართავდნენ, როგორ დამელაპარაკებოდნენ. შემდეგ, როცა შევხედე, რომ არ იყო ეს საშიშროება, ძალიან ადვილად გადავლახე.

 

ადაპტაციის პრობლემა, რა თქმა უნდა, იქმნება, როდესაც ადამიანი რაღაც სხვას ეჩვევი და მერე უცებ სხვაზე გადადიხარ,”– ამბობს გიორგი ბერიძე.

 

რამდენიმე ბენეფიციარისთვის სტაჟირების პროგრამა ისეთივე წარმატებით არ დასრულებულა, როგორც ეს გიორგის შემთხვევაში მოხდა. ჯონი კვინიკაძე ყვება, რომ თავიდან სტაჟირება 19–მა ბენეფიციარმა დაიწყო, თუმცა სრულად ის მხოლოდ 14–მა დაასრულა.

 

“იქ იყო სწორედ ამ სტიგმასთან და სტერეოტიპებთან დაკავშირებული პრობლემები, რის გამოც  დანარჩენ 5 სტაჟიორს სტაჟირების ადგილის ვადაზე ადრე დატოვება მოუხდა,”– ამბობს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი.

 

ყოფილ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის მიზანი სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა და მათი საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად დაბრუნებაა.

დანაშაულის პრევენციის ცენტრს ფილიალები გორში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში აქვს. ჯონი კვინიკაძე ამბობს, რომ მალე სხვა ფილიალებიც გაიხსნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი