სამართალი

მაია ნიკოლაიშვილი ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეში ექიმების ბრალეულობაზე საუბრობს

9 სექტემბერი, 2014 • • 2237
მაია ნიკოლაიშვილი ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეში ექიმების ბრალეულობაზე საუბრობს

დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი აცხადებს, რომ ლევან კორტავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით დადგენილი დიაგნოზი არასწორი იყო და ლეტალური შედეგი ექიმების უპასუხისმგებლობამ გამოიწვია. ამ საკითხთან დაკავშირებით მაია ნიკოლაიშვილი ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან შეხვედრას ითხოვს. მისი თქმით, კორტავა პირველივე წუთიდან არ გადაიყვანეს ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, ცხვირის ძვლების მოტეხილობის შედეგად კი – სისხლი მოხვდა სასუნთქ გზებში და აქედან განვითარდა ფილტვების ანთება.

 

ნიკოლაიშვილი თქმით, ის სპეციალისტები, რომლებმაც ლევან კორტავას ექსპერტიზის დასკვნაზე ხელი მოაწერეს, მუშაობდნენ რამდენიმე თვის წინ ნაცემი ბიზნესმენის, დავით კოდუას საქმეზეც:

 

“დავით კოდუასთან იმ წუთასვე მოხდა ეს ყველაფერი. იქაც ცხვირის ძვლების მოტეხილობა იყო, იქაც სისხლის ასპირაცია მიდიოდა, მაგრამ ამის თავიდან ასაცილებლად თავიდანვე გაკეთდა ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანა და ის ადამიანი დაცული იყო. იმიტომ, რომ ინგოროყვას კლინიკაში მოხვდა, იმიტომ, რომ მას აბსოლუტურად სწორად ჩაუტარდა ყველაფერი, არ გართულდა, არ განვითარდა შეშუპება და გადარჩა. აქ [კორტავას შემთხვევაში] არ მოხდა ეს ყველაფერი.”

დალი სულაქველიძე და მაია ნიკოლაიშვილი
დალი სულაქველიძე და მაია ნიკოლაიშვილი

 

მაია ნიკოლაიშვილის თქმით, კოდუას მიღებული ჰქონდა თავის ტვინის ღრმა სტრუქტურების დაზიანება, განსხვავებით ლევან კორტავასგან, რომელთანაც, მისი თქმით, არ იყო ასეთი მძიმე დაზიანება.

 

“მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ,  რომ იქ იყო თავის ტვინის ღრმა სტრუქტურების დაზიანება, განსხვავებით ლევან კორტავასგან, რომელთანაც არ იყო ასეთი მძიმე დაზიანება. თქვენ წარმოიდგინეთ, აქ ეს სპეციალისტები წერენ, რომ ეს არის მძიმე დაზიანება და ასეთ დროს უმეტესობა იღუპება,” – განაცხადა დამოუკიდებელმა სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა.

 

ექსპერტი აცხადებს, რომ სასამართლო მედიცინაში სამართალსა და მედიცინის საზღვარზე ძალიან ბევრი დანაშაული ხდება, რასაც რეგულირების სააგენტო ხელს აფარებს. პრესკონფერენციაზე დამოუკიდებელმა ექსპერტმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.

 

“როგორც წესი, საბოლოო ჯამში, სამი–ოთხი თვის მერე, რეგულირების სააგენტო იძლევა დასკვნას, სადაც ყველაფერი ჩაფარცხულია. არაერთი ფაქტია დაგროვილი და მე მინდა, პირველი იყოს ბატონ დავითთან შეხვედრა, სადაც მე ამ ფაქტების შესახებ მას ვესაუბრები და იმ საკითხებზე, რაც აუცილებლად გამოსასწორებელია,” – განაცხადა მაია ნიკოლაიშვილმა.

 

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, ნებისმიერ შემთხვევაზე, რომელსაც მკურნალობის დროს პაციენტის გარდაცვალება მოჰყვა, არსებობს დადგენილი მექანიზმი, დადგენილი ინსტრუმენტი – რეგულირების სააგენტო და პროფესიონალური ასოციაციები:

 

“არის გამართული სისტემა, რომელსაც შეუძლია კომპეტენტურად შეისწავლოს ასეთი შემთხვევა. ვფიქრობ, რომ ამ ინსტრუმენტის გამოყენება იქნება სწორი, რათა პროფესიონალებმა, დარგის სპეციალისტებმა შეისწავლონ და კომპეტენტური დასკვნა დადონ”,

– განაცხადა სერგეენკომ.

ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეზე ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ 2013 წლის 12 მაისს, დაახლოებით 20:00 საათზე, სად-ის N14 დაწესებულებაში  ქურდული წესების მიმდევარმა კრიმინალურმა ავტორიტეტებმა – ლაშა კვანტალიანმა, სოლომონ დაშნიანმა, გელა უშხვანმა, თეიმურაზ გურეშიძემ, გიორგი შემაზაშვილმა, შოთა სინაურიძემ და ნუგზარ ბუჩუაძემ, „კრიმინალური ავტორიტეტისათვის“, კერძოდ,  შოთა სინაურიძისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, განსაკუთრებული სისასტიკით, ჯგუფურად სცემეს მსჯავრდებული ლევან კორტავა, რომელიც საბოლოოდ ზურაბ ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი