სამართალი

ქალთა მკვლელობა საქართველოში – გულგრილი სახელმწიფო და საზოგადოება [ფოტო]

29 ივლისი, 2014 • • 3397
ქალთა მკვლელობა საქართველოში – გულგრილი სახელმწიფო და საზოგადოება [ფოტო]

2014 წლის დაწყებიდან ეს მეთოთხმეტე ფაქტია, როცა ქალს კლავენ. 2013 წელს კი საქართველოში ქალთა მკვლელობის 21 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 8 ქალი ქმარმა მოკლა, ხოლო ერთი – შვილმა.

 

ფემიციდი ქალთა მიმართ ძალადობის ყველაზე ექსტრემალური ფორმაა, როდესაც ადამიანს კლავენ იმის გამო, რომ ის ქალია. როგორც გაერთიანებული ერების აკადემირი საბჭოს წარმომადგენელმა კლერ ლორენმა განაცხადა, ფემიციდი იმ დამოკიდებულების შედეგია, რის მიხედვითაც ქალის სიცოცხლე კაცის სიცოცხლესთან შედარებით ნაკლებ ღირებულებას წარმოადგენს.

 

ქალთა მკვლელობის ფაქტების გამოვლენის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 25 მაისს განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ოჯახში ძალადობის საკითხებზე საქართველოს ყველა რეგიონში სამართალდამცავებს ტრენინგებს ჩაუტარებენ:

 

“ამავე პროექტის ფარგლებში გაიმართა “ღია დისკუსია ოჯახში ძალადობაზე”, რომელსაც დაესწრნენ შს სამინისტროს, პროკურატურის, სოციალურო სამსახურების და სასამართლოს წარმომადგენლები. სამართალდამცველთა ტრეინინგები პროექტით გათვალისწინებულია საქართველოს ყველა რეგიონში. ასევე, კოორდინაციის დახვეწის მიზნით, შესაბამისი უწყებების წარმომადგენელთა მონაწილეობით ჩატარდება დისკუსიები,”- აცხადებენ შსს-ში.

 

მიუხედავად ამისა, ქალის მკვლელობის ბოლო ფაქტი სწორედ პოლიციელმა ჩაიდინა. ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი, რომელიც დღეს გამართული აქციის მონაწილეცაა, ამბობს, რომ სადაც მეტია ძალაუფლება და ამავე დროს არის იარაღი, იქ მსხვერპლის მოძებნის და ჩაგვრის ალბათობა დიდია:

 

“დარწმუნებული ვარ, რომ ძალოვან სტრუქტურებში და იმ ოჯახებში სადაც ამ სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანები ცხოვრობენ ძალადობის ფაქტების რისკი მაღალია. 2 -3 დღიანი ტრენინგი ამას ვერ შეცვლის,  ტრენინგზე გაცნობილი მასალის შეპირისპირება  კულტურასთან და მისი კრიტიკული გააზრება არ ხდება, ამიტომ ასეთი ერთჯერადი ტრენინგებით ეს პრობლემა ვერ მოგვარდება, ეს უნდა იყოს პერმანენტული, ტრენინგის შედეგბი უნდა ექვემდებარებოდეს გამოკვლევას”,- ამბობს გაფრინდაშვილი.

 

აქცია მკვლელი პოლიციელია
აქცია მკვლელი პოლიციელია

 

ფემიციდის მკვლევარები ამბობენ, რომ ქალთა მიმართ ძალადობა ინსტიტუციონალიზებულია ოჯახით, სოციალური და ეკონომიკური ჩარჩოთი, კულტურული და რელიგიური ტრადიციებით. სწორედ ამ ინსტიტუციონალიზაციის გამო, ძალიან ბევრი ადამიანი ქალთა მიმართ ძალადობას არ განიხილავს როგორც დანაშაულს. ამ მიდგომას კი დაუსჯელობის სინდრომამდე მივყავართ, ვითარება იმდენად რთულდება, რომ თავად ქალებისთვისაც კი რთული ხდება იმის აღიარება, რომ მათ არ ექცევიან და არ აღიქვამენ თანასწორად. ფემიციდი არ არის მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში გამოვლენილი ძალადობის ექსტრემალური ფორმა, რომელიც არსაიდან გაჩნდა მოულოდნელად, პირიქით იგი უნდა განვიხილოთ, როგორც ძალადობის უკიდურესი აქტი, რომელიც უფრო ფართო და მუდმივი დისკრიმინაციის და ძალადობის შედეგია.

 

ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წარმომადგენელი, იურისტი ბაია პატარაია, თვლის რომ საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობასა და მათ მკვლელობას კულტურული საფუძვლები აქვს:

 

“ახლა არის პერიოდი, როდესაც ჩვენს მენტალიტეტში ტრანსფორმაცია ხდება, ქალები იწყებენ ნამდვილი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას, იმისთვის რომ შეძლონ გადაწყვეტილებების მიღება, მათ შორის ოჯახთან დაკავშირებით, გაშორდნენ ქმრებს, დამოუკიდებლად იცხოვრონ და ამას ხვდება ძალიან დიდი წინააღმდეგობა. ძირითადად ჩვენ თუ გადავხედავთ ამ ფაქტებს, ვნახავთ რომ სწორედ ასეთი ტიპის საქმეებია. ქმრები და ახლობლები არ აძლევენ საშუალებას ქალს, დამოუკიდებლად დაიწყოს ცხოვრება და რეალურად თავისი ნება გამოიჩინონ, როგორც ადამიანებმა. დღემდე მიიჩნევა, რომ ქალი უნდა იყოს მორჩილი, უნდა დადიოდეს სხვის ჭკუაზე, უნდა ემორჩილებოდეს მამას, ძმას, ან ქმარს, როგორც კი ის იჩენს საკუთარ ინიციატივას, მას ხვდება დიდი წინააღმდეგობა და სამწუხაროდ ისეთი წინააღმდეგობაც, როგორიც არის სიცოცხლის მოსპობა”,- ამბობს პატარაია. 

 

ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილიც მიიჩნევს, რომ ქალთა მკვლელობების მიზეზი კულტურულია და მისი აზრით, არგუმენტი რომ ძალადობის ესკალაციას იწვევს სოციალური და ეკონომიკური ფაქტორები, რომელი ევროპაშიც იყო, როდესაც პირველად იწყებოდა ქალთა მიმართ ძალადობაზე რეფლექსია არასწორი:

 

“ძალადობის მთავარი მიზეზია ადამიანის დაშვება, რომ მას აქვს უფლება იძალადოს მეორე ადამიანზე. სოციალურ პრობლემემბი, სიღარიბე, აგრესიულ ფონი საზოგადოებაში, ეს საბაბია, ხელისშემწყობი ფაქტორია. იმის გამო, რომ ღარიბია, აგრესიულია, რატომ არ ძალადობს, დავუშვათ, ოჯახის წევრ მამაკაცებზე და უმრავლეს შემთხვევაში მისი მეუღლე და ოჯახის წევრი ქალია მსხვერპლი? სწორედ იმიტომ, რომ კულტურა უშვებს ქალზე ძალადობის უფლებას. იმიტომ კი არა, რომ კანონში ასე წერია ან დაწერილ კულტურაში ასეა მიღებული, არამედ ყოველდღიური კულტურა რომლითაც გაჯერებულია აღზრდის და ურთიერთობათა სისტემა, უშვებს ქალებზე ძალადობას”.

 

ფემიციდის სხვადასხვა ფორმა არსებობს, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია  ქალთა მკვლელობები მათი სექსუალური პარტნიორის მიერ. Daphne-ს პროგრამის შედეგების მიხედვით, ევროპაში ყოველწლიურად 3 500 პარტნიორის მიერ ქალის მკვლელობის ფაქტი აღირიცხება. 2010 წელს იტალიაში 127 ქალი მოკლა პარტნიორმა, კვირაში საშუალოდ ორ ქალს კლავს პარტნიორი დიდ ბრიტანეთში. ფემიციდის 60% პარტნიორის ან ოჯახის მამაკაცი წევრის მიერაა ჩადენილი კოსტა-რიკაში. განსაკუთრებულ რისკ ჯგუფს ის ქალები წარმოადგენენ, რომელთა ასაკი 35-44 წლების ფარგლებში მერყეობს. ოჯახში ძალდობა მეტწილად არ არის ხილული, იგი, როგორც წესი, ფართოდ მიღებულია და მას ოჯახური ცხოვრების ლეგიტიმურ ნაწილად მოიაზრებენ.

 

აქცია მკვლელი პოლიციელია
აქცია მკვლელი პოლიციელია

 

ფემიციდის ერთ-ერთი ფორმაა ქალების და გოგონების მკვლელობა “ღირსების” სახელით, ამ შემთხვევაში ქალთა მკვლელობის მიზეზი ისეთი საკითხები ხდება, როგორიცაა ქალის მიერ პარტნიორის საკუთარი სურვილის მიხედვით არჩევა, განათლებისა და დასაქმების სურვილი, ჩაცმისა და ქცევის მანერა, ასეთ დროს ქალის ქცევა განხილულია როგორც ოჯახის შერცხვენა და სწორედ მისი სიკვდილითაა შესაძლებელი თავლაფდასხმული ოჯახის ღირსების აღდგენა. თუ ოჯახი უარს იტყვის ქალის დასჯაზე იგი შესაძლოა საზოგადოებამ გარიყოს.  გაეროს მოსახლეობის ფონდის მონაცემებით, ყოველწლიურად 5 000 ქალს კლავენ მსოფლიოში “ღირსების” აღდგენის სახელით. როგორც წესი, ასეთ მკვლელობების ავტორები ოჯახის მამაკაცი წევრები არიან, რაც კაცის მიერ ქალზე კონტროლის უფლების გამოვლინებაცაა. ცალკეულ შემთხვევებში “ოჯახური საბჭო” წყვეტს უნდა მოკლან თუ არა ქალი.  ასეთი დანაშაულები, ხშირად არ ხმაურდება, შესაბამისად იშვიათად მიდის საქმე გამოძიებამდე და დამნაშავეები დაუსჯელნი რჩებიან..

 

სხვადასხვა ორგანიზაციების რეკომენდაციების მიხედვით, ფემიციდსა  და ქალთა ძალადობაზე პასუხი მრავალმხრივი და ყოვლისმომცველი უნდა იყოს. სახელმწიფო ვალდებულია შეიმუშაოს  გენდერულად სენსიტიური კანონმდებლობა და შეძლოს მისი იმპლემენტაცია, იზრუნოს ცნობიერების ამაღლებაზე, დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ოჯახური ძალადობის გამოცდილება. იზრუნონ ქალის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური უფლებების რეალიზაციაზე და ქალთა და მამაკაცთა განათლებაზე. სახელწიფო ვალდებული დაიცვას ქალები და შეძლოს ფემიციდის პრევენცია, როცა სახელმწიფო ვერ აკონტროლებს ასეთ დანაშაულს და არ სჯის დამნაშავეს არამხოლოდ საკუთარ უუნარობას ამჟღავნებს ძალადობის წინააღმდეგ, ასევე საზოგადოებას უგზავნის მესიჯს, რომ ქალების მიმართ ძალადობა მისაღები და გარდაუვალია.

 

დღევანდელი აქციის მთავარი მიზეზიც სახელმწიფო სტრუქტურის, ამ შემთხვევაში კონკრეტულად შინაგან საქმეთა სამინისტროს უმოქმედობის გაპროტესტება იყო. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ უნდა შეიქმნას გენდერულად სენსიტიური მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც დანაშაულს გამოავლენს და გაითვალისწინებს მსხვერპლი ქალების მდგომარეობას და საჭიროებებს,  შეიქმნას სპეციალური განყოფილება შსს, რომელიც იმუშავებს ოჯახში ძალადობაზე,  პოლიციელებმა აქტიურად გამოიყენონ შემაკავებელი ორდერები, როგორც დანაშაულის პრევენციის და მსხერპლის დაცვის ერთ-ერთი საშუალება, დანაშაულის ნიშნების არსებობისას, გამოიყენონ სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა და 11 პრიმა მუხლები და დაიწყონ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიება და არ შემოიფარგლონ მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებებით, უბნის ინსპექტორებმა ყურადღება მიაქციონ ოჯახურ კონფიქტებს და მოახდინონ პრევენციული ჩარევა დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით და შსს-მ შეიმუშაოს ყველა ის სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც დეტალურად გაუწერს პოლიციელს თუ როგორ მოახდინოს ოჯახში ძალადობის დანაშაულის იდენტიფიცირება და როგორ გამოიყენოს შემაკავებელი ორდერი ან სხვა ეფექტური საშუალება.

 

პოლიციის მხრიდან ოჯახში ძალადობის ფაქტებზე არასათანადო რეაგირების შესახებ ხშირად საუბრობენ ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და ის ადამიანები, რომლებიც თავს ოჯახში ძალადობის მსხვერპლად მიიჩნევენ. მაგალითად პოლიციის მიერ 2013 წელს გაცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა წინა წელთან შედარებით შემცირებულია. შსს-ს ინფორმაციით, 2012 წელს 307 შემაკავებელი ორდერი გამოიცა, 2013 წელს კი – 204. შსს-ს მონაცემებითვე, 2013 წლის განმავლობაში ოჯახში კონფლიქტის 1578 ფაქტი დაფიქსირდა, დაახლოებით 7-ჯერ მეტი, ვიდრე შემაკავებელი ორდერი გაიცა ამავე წელს.

 

აქცია მკვლელი პოლიციელია
აქცია მკვლელი პოლიციელია

 

“პოლიცია თავს იკავებს დაიწყოს სისხლის სამართლის გამოძიება. მათ არ სურს დანაშაულის სტატისტიკა გაიზარდოს და შეიძლება ეს იყოს ერთი მიზეზი. მეორე მიზეზი არის ის, რომ თვითონ პოლიციელები არასერიოზულად ეკიდებიან ოჯახში ჩადენილ დანაშაულს. თვლიან, რომ ეს უბრალო რიგითი კონფლიქტია, რომელზეც არ უნდა მოცდეს პოლიცია. ეს არის ყველაზე სამარცხვინო და მტკივნეული მომენტი. უკვე მესამე აქციაა და ჩვენ კიდევ და კიდევ ჩავატარებთ აქციებს, სანამ არ დავინახავთ ძალიან კონკრეტულ ქმედებებს და შედეგებს”,- ამბობს ბაია პატარაია.

 

ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭიროა შესაძლებლობათა და ძალისხმევათა კონსოლიდაცია, არასამთავრობო სექტორის, მედიის და სახელმწიფოს ჩართულობით, თუმცა ხაზს უსვამს, რომ ამგვარი დანაშაულის პრევენციაზე და რეაგირებაზე მთავარი პასუხისმგებელი სახელმწიფოა:  

 

“ამ პროცესში, ცხადია, ყველა მოქალაქე ვაგებთ პასუხს და მე სულ ვგრძნობდი პასუხისმგებლობას ნებისმიერ ადამიანის მიმართ ძალადობაზე და ვიგრძნობ ამ პასუხისმგებლობას მომავალში. მაგრამ ჩემი რესურსი, რომ გამოვასწორო სიტუაცია ამ მიმართულებით, შეზღუდულია, სახელმწიფო არის მთავარი პასუხისმგებელი და ამავე დროს მისი რესურსები ბევრად მეტია ვიდრე რიგითი მოქალაქის ან არასამთავრობო ორგანიზაციის, ამიტომ მან თავის თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, როგორც საგანმანათლებლო საქმიანობის, ასევე პრევენციული ზომების მიღების და კანონმდებლობის შემუშავების’,- ამბობს ლელა გაფრინდაშვილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი