სამართალი

თომას ჰამერბერგის რეკომენდაციები მთავრობას

9 ივლისი, 2014 • • 1755
თომას ჰამერბერგის რეკომენდაციები მთავრობას

 

თომას ჰამერბერგი ძირითად გამოწვევად დემოკრატიული ინსტიტუტების რეფორმას და გაძლიერებას ასახელებს, მათ შორის საუბრობს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას პრობლემაზე, პოლიტიკური ნიშნით გამოვლენილ ძალადობის ფაქტებზე და სხვა საკითხებზე :

“სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ზრდის კუთხით მიღწეული წინსვლა ჯერ კიდევ მყიფეა, აუცილებელია ინდივიდუალურ მოსამართლეთა გაძლიერება; სამართალდამცავი ორგანოები კვლავ საჭიროებენ საფუძვლიან რეფორმას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამართალდამცავთა წინააღმდეგ საჩივრების გამოძიების ეფექტური და დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნა; აუცილებელია ფარული მიყურადების შესახებ კანონპროექტზე მუშაობის დასრულება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა;  ძალადობის  გამოვლინების სიხშირე, როგორც პოლიტიკურ ნიადაგზე, ისე ოჯახში ძალადობის შემთხვევების ჩათვლით, საჭიროებს სათანადო რეაგირებას; წარსულში ჩადენილ დანაშაულებზე ეფექტური და დამაჯერებელი რეაგირებაა საჭირო”, – ნათქვამია ჰამერბერგის განცხადებაში.

თომას ჰამერბერგი მიიჩნევს, რომ აუცილებელია შრომის კოდექსი პრაქტიკაში განხორციელდეს და მოხდეს შრომის უსაფრთხოების მონიტორინგი:

“შრომის უსაფრთხოების მონიტორინგის ინსპექციების შექმნასთან ერთად, აუცილებელია არსებობდეს ძირითად შრომით სტანდარტებზე ზედამხედველობის მექანიზმი. ჩამოთვლილი საკითხები კავშირშია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებას (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ შეთანხმების ჩათვლით) და მათი წარმატებით შესრულება ხელს შეუწყობს საქართველოთი  დაინტერესებას ინვესტორებისა, რომლებიც დიდ ყურადღებას აქცევენ საკანონმდებლო და სამართლებრივ გარანტიებს. აუცილებელია წამოწყებული სოციალური პოლიტიკის გამყარება. აქცენტი უნდა გაკეთდეს მოწყვლად ჯგუფებზე, როგორებიცაა იძულებით გადაადგილებული პირები, უმცირესობები, სოფლად მცხოვრები მოსახლეობა, სიღატაკეში მცხოვრები ბავშვები, ხანდაზმულები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები”, – აცხადებს ჰამერბერგი.

საკუთარ განცხადებაში ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი არჩევნების საკითხსაც ეხება და აცხადებს, რომ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ საარჩევნო კოდექსი კვლავ უნდა გაუმჯობესდეს:

“ორწლიანი საცხოვრებელი ცენზის შესახებ ნორმის განმარტება პრობლემურია. აუცილებელია იმ დებულების გაუქმება, რომელიც საკრებულოს ანიჭებს უფლებას, ხმათა ორი მესამედით გაათავისუფლოს პირდაპირი წესით არჩეული მერი”, – აცხადებს ჰამერბერგი.

მისივე თქმით, ეს რეკომენდაციები ჩამონათვალია იმ ნაბიჯებისა, რაც საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას.

ჰამერბერგი ასევე აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ არაერთ სფეროში საქართველოს მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს, მათ შორისაა: ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება; სასამართლოს დამოუკიდებლობის ზრდა; გაუმჯობესებული საარჩევნო გარემო და სახელმწიფოსა და პარტიული ინტერესების ერთმანეთისგან გამიჯვნა (განსხვავებით წარსულში დამკვიდრებული ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების პრაქტიკისაგან); პირადი ცხოვრების დაცვის კუთხით არსებული წინსვლა; პირობების გაუმჯობესება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში; ახალი შრომის კოდექსის მიღება; ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება; არასამთავრობო სექტორთან და თავისუფალ მედიასთან ღია თანამშრომლობა.

 

თომას ჰამერბერგი
თომას ჰამერბერგი

მასალების გადაბეჭდვის წესი