სამართალი

ომბუდსმენის აპარატში ანტიდისკრიმინაციული დეპარტამენტის შექმნისთვის 500 000 ლარია საჭირო

1 ივლისი, 2014 • • 1165
ომბუდსმენის აპარატში ანტიდისკრიმინაციული დეპარტამენტის შექმნისთვის 500 000 ლარია საჭირო

პარლამენტმა კანონის აღსრულების პასუხისმგებლობა სახალხო დამცველს კი მინიჭა, მაგრამ მისთვის დამატებითი ფინანსური რესურსები არ გადაუცია. სახალხო დამცველის მოადგილე პაატა ბელთაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ომბუდსმენის აპარატმა საქართველოს მთავრობას, კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს წარუდგინა ბიუჯეტის პროექტი, რაც მათი აზრით, ახალი დეპარტამენტის შექმნისა და მისი მატერიალური თუ ადამიანური რესურსებით აღჭურვისთვისაა საჭირო. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ომბუდსმენს დაახლოებით 500 ათასი ლარი უნდა გადაეცეს.


პაატა ბელთაძე
პაატა ბელთაძე

“ამჟამად ჩვენი წინადადება განხილვის პროცესშია. რამდენდაც ჩვენთვის ცნობილია, უკანასკნელი მონაცემებით, ის უკვე დამუშავებულია ფინანსთა სამინისტროში. არსებობს ზეპირი თანხმობა ჩვენ მიერ მოთხოვნილი დამატებითი ფინანსური ასიგნებების თაობაზე და ჩვენ, ფაქტობრივად, მოლოდინის რეჟიმში ვართ. მას შემდეგ, რაც საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული და მთავრობის ფონდებიდან მოხდება 2014 წლის ბიუჯეტისთვის თანხის დამატება, ჩვენ გვაქვს უკვე გაწერილი კონკრეტული გეგმა, დაიწყება ადამიანური რესურსი მოზიდვა და იმ ყველა კურსის განხორციელება, რაც აღნიშნული კანონით სახალხო დამცველს აქვს მინიჭებული”, – ამბობს პაატა ბელთაძე.

კითხვას, როგორ აპირებს ომბუდსმენის აპარატი ზემოხსენებული თანხის განკარგვას, იგი ასე პასუხობს:

“აქ იგულისხმება ამ ახალ დეპარტამენტში 17 თანამშრომლის აყვანა და გარდა ამისა, იგულისხმება საზღვარგარეთ სასწავლო მივლინებები, რადგან საქართველოში, ფაქტობრივად, არ არსებობს დისკრიმინაციული ფაქტების დადგენის თუ იდენტიფიცირების პრაქტიკა. ეს ჩვენთვის ძალიან ახალი სფეროა და მნიშვნელოვანია გავეცნოთ საზღვაგარეთ არსებული პრაქტიკის საუკეთესო გამოცდილებას. აქ ასევე იგულისხმება საგნმანათლებლო საქმიანობის კუთხით დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხრის თაობაზე კანონმდებლობის შესაბამისად განმარტებითი ბარათის ჩამოყალიბება და უწყებების ინფორმირებულობა, თუ რა წარმოადგენს დისკრიმინაციას… მანამ, სანამ ჩვენ მთელი მოცულობით შევუდგებით საქმიანობას”, – ამბობს იგი და დასძენს, რომ ახალი დეპარტამენტი ომბუდსმენის ოფისში სავარაუდოდ სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში ჩამოყალიბდება.

მისივე თქმით, ანტიდისკრიმინაციულ საკითხებზე მომუშავე დეპარტამენტის ჩვიდმეტსავე თანამშრომელს, მათ შორის ხელმძღვანელს, საჯარო კონკურსის მეშვეობით შეარჩევენ.

იქნება თუ არა საკმარისი 17 თანამშრომელი კანონის აღსრულებისთვის? – ამ კითხვას უჩა ნანუაშვილის მოადგილე ასე პასუხობს:

“საკმარისი იქნება თუ არა, ეს ალბათ არავის შეუძლია იწინასწარმეტყველოს. ჩვენ მიერ დისკრიმინაციის სავარაუდო ფორმებისა და სფეროების ანალიზის შედეგად ჩამოყალიბებულია აზრი, რომ შესაძლებელია საწყის ეტაპზე ამ ადამიანებმა მოახერხონ დისკრიმინაციის გამოწვევებისა და ფაქტების იდენტიფიცირება და ასე შემდეგ. თუმცა აქტიური მუშაობისა და ამ საკითხებთან შემხებლობის შემდეგ თუ დადგება დამატებითი რესურსების საჭიროება, ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვითხოვთ [ბიუჯეტის ]გაზრდას, მაგრამ ამ ეტაპზე შეუძლებელია წინასწარ განჭვრიტო, იქნება თუ არა ეს საკმარისი, თუმცა საწყისი ეტაპისთვის 15 სპეციალისტი და 2 ტექნიკური დამხმარე თანამშრომელი საკმარისია. მომავალი გვიჩვენებს, რა იქნება”.

ბელთაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ომბუდსმენის აპარატში აღნიშნული დეპარტამენტი ჯერ არ არსებობს, ანტიდისკრიმინაციული კანონის საფუძველზე სახალხო დამცველი დისკრიმინაციის იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრისათვის მოქალაქეების განცხადებებს მაინც განიხილავს. მისი თქმით, კანონის ამოქმედების შემდეგ სულ 3 ასეთი განცხადება შევიდა, თუმცა სამივე მათგანი კერძო სექტორს ეხებოდა:

“მაგრამ არც ერთი შემთხვევაში არ იკვეთებოდა დისკრიმინაციის ფაქტი. დისკრიმინაცია- ეს უნდა იყოს ქმედებაში გამოხატული ფორმა, რომელიც არათანაბარ პირობებში აყენებს რაიმე ნიშნით პირებს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი