სამართალი

სახელმწიფო სისტემურ წამებას ადასტურებს, მაგრამ მსხვერპლები უყურადღებობაზე ჩივიან

26 ივნისი, 2014 • • 1859
სახელმწიფო სისტემურ წამებას ადასტურებს, მაგრამ მსხვერპლები უყურადღებობაზე ჩივიან

არავინ დასჯილა იმ პატიმართა დიდი ნაწილის წამების გამოც, ვინც 2012 წლამდე სასჯელს საქართველოს სხვადასხვა ციხეში იხდიდა.

 

“ისტორიები საქართველოს ციხეებიდან” , – ამ სათაურის ქვეშ გააერთიანა “საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრმა” (GCRT) პატიმართა ისტორიები და ერთ წიგნად გამოსცა. თუმცა, როგორც იდეის ავტორები აცხადებენ, წიგნის გამოცემა არ ემსახურება იმას, რომ ისტორიებმა ვინმეს თანაგრძნობა გამოიწვიოს, რადგან პატიმრებს არა თანაგრძნობა, არამედ ამ საქმეებზე სახელმწიფოს რეაგირება სჭირდებათ.

“მე სიბრალული არ მჭირდება, მე მინდა, რომ ის ხალხი, ვინც ჩვენს წამებაში მონაწილეობდა, გასამართლდეს და ჩემი შვილის თაობამ ჩვენ “ცოცხების თაობა” არ დაგვიძახოს. რას აკეთებს სახელმწიფო ამისთვის? ციხიდან გამოსვლის შემდეგ პირველად პროკურატურაში მივედი, მაგრამ ჩემი საქმე იცით, ვის დააწერეს? იმ პროკურორის თანაშემწეს, ვინც ჩემზე საბრალდებო დასკვნა დაწერა. ავდექი და უკან წამოვიღე ჩემი საქმე”, – ამბობს გაგა.

იურისტი თამარ გურჩიანი აცხადებს, რომ თუკი სახელმწიფო ამ საქმეებს არ გამოიძიებს, ყოველთვის იარსებებს შანსი, რომ მსგავსი რამ განმეორდეს:

“ეს იყო კატასტროფა, რომელზეც სახელმწიფოს პასუხი არ აქვს. ეს ისტორიები, რომელსაც წაიკთხავთ, თავზარდამცემია, მაგრამ უფრო თავზარდამცემია ის, რომ სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ მოუხდენია ამაზე რეაგირება. თითქმის ყველა ციხეში ყოფნის იმ პერიოდს საკონცენტრაციო ბანაკს ადარებს და ეს არ არის მხატვრული ლიტერატურა, ეს არის ფაქტები, რომელიც გამოძიების საგანი უნდა იყოს”.

GCRT–ის აღმასრულებელი დირექტორი, ლელა ცისკარიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო არაფერს აკეთებს არც წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციისთვის:

“ერთადერთი არის დანაშაულის პრევენციის ცენტრი იუსტიციის სამინისტროსი, რომელსაც აქვს გარკვეული ტიპის პროგრამები ამ ხალხისთვის, თუმცა ამ ცენტრის მთავარი ფუნქცია არის გადამისამართება ამ ხალხის არასამთავრობო სექტორში. ამ ხალხს მხოლოდ ეხმარება არასამთავრობო სექტორი, სახელმწიფოს კი მათზე აქვს აღებული მინიმალური პასუხისმგებლობა, მაშინ, როცა ეს არის მათი ვალდებულება. ისინი ამბობენ, რომ ქვეყანაში იყო სისტემური წამება და ფაქტობრივად არანაირ დახმარებას არ უწევენ წამების მსხვერპლს”, – აცხადებს ლელა ცისკარიშვილი.

ლელა ცისკარიშვილი, თამარ გურჩიანი
ლელა ცისკარიშვილი, თამარ გურჩიანი

“ნეტგაზეთის” შეკითხვაზე რას აკეთებს სახელმწიფო იმ ადამიანების დასახმარებლად, ვინც წამების მსხვერპლი გახდა, საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე პასუხობს:

“თქვენ იცით, რომ ამაში ძალიან დიდი წვილი აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებს, მე, მაგალითად, “ემპათიას” განვიხილავ ისეთ კვალიფიციურ ორგანიზაციად, რომელიც წლების განმავლობაში ეხმარებოდა სწორედ წამების მსხვერპლებს რეაბილიტაციისთვის. გარდა ამისა, არის სასჯელაღსრულების სისტემაში შექმნილი გარკვეული სამსახური, რომელიც მუშაობს თუნდაც პრობაციის ეტაპზე გადასული, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებული ადამიანების ფსიქო–სოციალური რეაბილიტაციის, რესოციალიზაციის საკითხზე იუსტიციის სამინისტროსთან ერთად. ვიცი, რომ ამ პრობლემებზე მუშაობს სახელმწიფო და ჩვენი პრიორიტეტია, რომ ადამიანი, თუკი ის გახდა წამების მსხვერპლი, ბოლომდე დაუბრუნდნეს საზოგადოებას და რესოციალიზაცია მოხდეს გარკვეული პერიოდის შემდეგ მაინც”.

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე კახა კოჟორიძე კი ახალი მთავრობის პირობებში მომხდარი სავარაუდო წამების გამოუძიებელ ფაქტებზე საუბრობს:

“შეგვიძლია გავიხსენოთ შიო კობიძის საქმე, რომელიც, როგორც თვითონ აცხადებს, 2013 წლის 27 ოქტომბერს პოლიციელებმა სასტიკად ცემეს და აწამეს მთელი ღამის განმავლობაში და მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი თვეების განმავლობაში ცდილობდა გამოძიების დაწყებას, მიმართა არაერთხელ სამართალდამცავ ორგანოებს ადვოკატის მეშვეობით. არათუ ეფექტური გამოძიება, იმასაც ვერ მიაღწია, რომ ფორმალურად მაინც დაწყებულიყო გამოძიება და მხოლოდ მას შემდეგ, რაც რამოდენიმე თვის შემდეგ საიაში ჩატარდა პრესკონფერენცია უშუალოდ ამ საკითხზე, სამართლდამცავმა ორგანოებმა დაიწყეს გამოძიება, თუმცა ეს გამოძიება დღემდე ძალიან არაეფექტურად მიმდინარეობს და ერთ–ერთი თვალსაჩინო მაგალითია არაეფექტური რეაგირების”.

კოჟორიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, აუცილებელია ხელისუფლებამ ეფექტურად იმოქმედოს, რომ წამების პრევენცია მოხდეს და მსგავსი შემთხვევების განმეორების საფრთხე არ არსებობდეს.

მთავრობისთვის რეკომენდაციების შემუშავების საკითხზე სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი “ემპათია”. როგორც ცენტრის დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, სახელმწიფომ მთელი რიგი ცვლილებები უნდა განახორციელოს, მთავარი რეკომენდაცია კი წამების მსხვერპლთა საქმეების შემსწავლელი დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნაა:

“ერთ–ერთი მნიშვნელოვანი და ძირითადი რეკომენდაცია არის ის, რომ წამების შემთხვევების გამოსაძიებლად არსებობდეს სპეციალური მიუკერძოებელი საგამოძიებო ორგანო. გარდა ამისა, წამების განმარტება სისხლის სამართლის კოდექსში უნდა მოვიდეს შესაბამისობაში გაეროს წამების საწინააღმდეგო კონვენციის პირველ მუხლთან. საპროცესო კოდექსისთვის გვაქვს რეკომენდაციები, რომ იყოს სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარება წამებაზე ეჭვის შემთხვევაში, ასევე ექსპერტიზის დრო იყოს შეზღუდული, ანუ ეს მოხდეს 24 საათის, ან 48 საათის განმავლობაში, რადგან ჩვენთან, სამწუხაროდ, გვიან ტარდება, როცა შეიძლება აღარ იყოს ფიზიკური ძალადობის კვალი. ეს და სხვა რეკომენდაციები სახელმწიფო უწყებებს აუცილებლად გაეგზავნებათ”, – აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.

 

ის ადამიანები კი, ვინც წამების მსხვერპლი გახდნენ, კვლავ რეაგირებას ელოდებიან:

“ციხის კადრებში რაც ნახეთ, ეს იყო ციხეში ჩვენი ცხოვრების 1 დღე. მე ასეთი 3–ჯერ 365 დღე მაქვს გავლილი, სხვებს -უფრო მეტი. ველოდებით, რა პასუხს გაგვცემს სახელმწიფო.”

მასალების გადაბეჭდვის წესი