სამართალი

პროექტი ინფორმაციის თავისუფლების ახალი სტანდარტის დასამკვიდრებლად

25 ივნისი, 2014 • • 1849
პროექტი ინფორმაციის თავისუფლების ახალი სტანდარტის დასამკვიდრებლად

სამუშაო ჯგუფში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, კანონპროექტის არსებული ვარიანტის მიღების შემთხვევაში, საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების ერთ–ერთი ყველაზე მაღალი სტანდარტი დამკვიდრდება.


ამჟამად ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი ნორმები ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე მუხლშია მოცემული, დაგეგმილი ცვლილებები კი ამ ნორმების თავმოყრას და ერთი ნორმატიული აქტის სახით ჩამოყალიბებას გულისხმობს.

 

ცვლილებების შედეგად, გარდა იმისა, რომ დაზუსტდება კანონში აქამდე არსებული განმარტებები, საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადები, რეესტრის წარმოების წესები და ინფორმაციის დამუშავების კრიტერიუმები, შემოდის ახალი ინსტიტუტი – ინფორმაციის თავისუფლების კომისიონერი, რომელიც ინფორმაციის გაცემაზე საზედამხედველო ორგანო იქნება.

როგორც ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” პროგრამის კოორდინატორი ვაკო ნაცვლიშვილი აცხადებს, ამჟამად საზედამხედველო ორგანოს შექმნის სამი ვარიანტი განიხილება:

“ერთი ვარიანტის თანახმად, ეს უნდა გაერთიანდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან და ერთი დაწესებულება იყოს პასუხისმგებელი; მეორე არის, რომ სახალხო დამცველმა შეითავსოს ეს ფუნქცია და მესამე არის სრულიად დამოუკიდებელი ორგანოს შექმნა. სამუშაო ჯგუფი ემხრობა დამოუკიდებელი ორგანოს შექმნას იმისთვის, რომ სახალხო დამცველის შემთხვევაში, ვფიქრობთ, რომ ჩაიკარგება ეს ფუნქცია. რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორთან მიბმას, ასეთი პრაქტიკა არსებობს, მაგრამ აქ არის პრობლემა და არსებობს რისკი, რომ ერთი დაწესებულება, ერთი მხრივ, პერსონალურ მონაცემებზე და, მეორე მხრივ, ინფორმაციის თავისუფლებაზე ვერ იმუშავებს. დამოუკიდებელი ორგანო კი იმიტომ არის კარგი, რომ ორიენტირებულია საჯაროობაზე და არ ემორჩილება არც ერთ სახელმწიფო ორგანოს”.

სამუშაო ჯგუფის წევრები მიიჩნევენ, რომ ინფორმაციის თავისუფლების კომისიონერი უნდა აირჩიოს პარლამენტმა და ანგარიშვალდებული უნდა იყოს მხოლოდ პარლამენტის წინაშე.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორი გიორგი კლდიაშვილი ამბობს, რომ კომისიონერის ინსტიტუტი ბევრ ქვეყანაში არსებობს და კარგი პრაქტიკის მაჩვენებელია:

“ინფორმაციის თავისუფლების კომისიონერი არის ჩვენი რეკომენდაცია და ეს არის კარგი საერთაშორისო პრაქტიკა. საბოლოოდ, ჩვენ უნდა მივიღოთ ფართომასშტაბიანი რეფორმა, რომელმაც უნდა შეცვალოს არა მხოლოდ კანონმდებლობა, არამედ ტრადიცია, კულტურა საჯარო სამსახურში, რომელიც ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობას და ინფორმაციის თავისუფლებას უკავშირდება”, – აცხადებს გიორგი კლდიაშვილი.

ასევე კანონმდებლობაზე მომუშავე პირები მიიჩნევენ, რომ საზედამხედველო ორგანოს მიერ მიღებული რეკომენდაციები შესასრულებლად სავალდებულო უნდა იყოს.

როგორც ვაკო ნაცვლიშვილი ამბობს, წინააღმდეგ შემთხვევაში რეკომენდაციები შესაძლოა უბრალოდ არ შესრულდეს:

“თუ ვინმე გადაწყვეტილებას არ ემორჩილება, ამ შემთხვევაში უნდა იყოს დაჯარიმების მექანიზმი, რომ აღსრულება განხორციელდეს. სანქცირება თითქმის ყველა ქვეყანაში მოქმედებს. ცხადია, არის შემთხვევები, როდესაც მხოლოდ სარეკომენდაციო ძალა აქვს, მაგრამ ჩვენ სწორება გვაქვს იმ ქვეყნებზე, სადაც  გადაწყვეტილების აღუსრულებლობის შემთხვევაში კომისიონერს უფლება აქვს გამოიყენოს სანქცია”.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე აცხადებს, რომ სპეციალური მაკონტროლებელი ორგანოს არსებობა საჭიროა, ხოლო იმაზე, თუ რა ფორმით იარსებებს ეს ორგანო და რა ფუნქციები ექნება, მსჯელობა უნდა გაგრძელდეს.

გარდა მაკონტროლებელი ორგანოს შემოღებისა, ახალი კანონპროექტის თანახმად, იცვლება საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადები. კერძოდ, კანონში არსებული ჩანაწერი, რომ საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა გაიცეს, დაზუსტებას საჭიროებს და სიტყვა “დაუყოვნებლივ” უნდა განიმარტოს, როგორც არაუმეტეს 3 სამუშაო დღისა.

ასევე, თუკი ინფორმაციის მიღება განსაკუთრებით საჩქაროა, რადგან ეს დაკავშირებულია რაიმე მყისიერ საფრთხესთან, ან კანონით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი სიკეთის ხელყოფასთან, ინფორმაცია 48 საათში უნდა გაიცეს.

 

გარდა ამ შეთხვევებისა, ინფორმაციის გაცემისთვის კვლავ 10 დღე იქნება დაწესებული, თუმცა ასევე შემოდის 15 დღიანი ვადა, რომელსაც საჯარო უწყებები გამოიყენებენ იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა მნიშვნელოვანი მოცულობის ინფორმაციის მოძიება და დამუშავება ან/და საიდუმლო ინფორმაციის გამოცალკევება.

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი სულხან სალაძე მიიჩნევს, რომ ეს 15 დღიანი ვადა შესაძლოა საჯარო ინფორმაციის გაცემის პრაქტიკაზე უარყოფითად აისახოს:

“ამ ვადის შემოღების შემთხვევაში შესაძლოა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სწორება გააკეთონ 15 დღიან ვადაზე, ისე, როგორც ახლა აკეთებენ 10-დღიან ვადაზე. ჩვენ ხშირად გვაქვს შემთხვევები, როდესაც 10 დღის შემდეგ ვიღებთ მხოლოდ ორხაზიან ინფორმაციას, რის დამუშავებასაც რეალურად ამდენი დრო არ სჭირდება, ახლა შეიძლება ეს ვადები 15 დღემდე გაიზარდოს”, – აცხადებს სულხან სალაძე.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე კი მიიჩნევს, რომ უფრო მცირეხნიანი ვადების დაწესება მაინც არაეფექტური იქნება:

“მთავარია კანონი იყოს რეალურად შესრულებადი, რადგან თუკი იარსებებს კანონი, რომელიც რეალობაში არ იმუშავებს, ეს იქნება ცუდი კანონი. ჩემი აზრით, კანონში სიტყვა “დაუყოვნებლივ” ასევე უნდა შეიცვალოს. თქვენ ვერ დამისახელებთ შემთხვევას, როცა ინფორმაცია მოგცეს დაუყოვნებლივ, რადგან ეს ნიშნავს, რომ ახლავე უნდა მოგცენ და ეს შეუძლებელია. ჩემი აზრით, უნდა ჩაიწეროს – “რაც შეიძლება სწრაფად”, ან რაიმე სხვა სიტყვა”, – აცხადებს სანდრო ბარამიძე.

ცვლილებების მიხედვით, ფართოვდება იმ უწყებების არეალიც, ვისაც საჯარო ინფორმაციის გაცემა დაევალება. ეს ვალდებულება, გარდა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა, ექნებათ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს (სსიპ), მათ შორის იმ რელიგიურ გაერთიანებებს, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. აღნიშნულ გაერთიანებებს საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება ექნებათ იმ თანხების მოძრაობასთან დაკავშირებით, რასაც ისინი ბიუჯეტიდან იღებენ.

ასევე, ამ რიცხვში შევლენ კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებენ საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს დაფინანსების ფარგლებში; სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაფუძნებული და/ან 50% წილობრივი მონწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირები; ასევე, კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებზეც პირდაპირ ან ირიბად კონტროლს ახორციელებს საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი დაწესებულება, ან მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი.

ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის ქეთი ხუციშვილის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო ინფორმაციის სრულყოფილად გაცემის მაჩვენებელმა იკლო, აუცილებელია ქვეყანამ დროულად მიიღოს აღნიშნული კანონი და მოახდინოს იმპლემენტაცია:

“ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ გაზრდილი იყო სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების მაჩვენებელი, თუმცა წელს ჩვენ ვხედავთ, რომ ეს მაჩვენებლი კვლავ შემცირებულია. ჯერ საუბარი ტენდენციაზე ნაადრევია, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ტენდენციად არ იქცეს, ამიტომ უნდა არსებობდეს ძლიერი კანონმდებლობა, რომ მხოლოდ უწყებების კეთილ ნებაზე არ იყოს დამოკიდებული ინფორმაციის მიწოდება. ასეთი კანონი არსებობს როგორც აღმოსავლეთ ევრობის, ასევე, დასავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში და აწესებს ინფორმაციის თავისუფლების უფრო მაღალ სტანდარტს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი