სამართალი

როცა პატიმართან ერთად ოჯახის წევრებიც ისჯებიან

21 ივნისი, 2014 • • 1618
როცა პატიმართან ერთად ოჯახის წევრებიც ისჯებიან

სააღსრულებო ბიურომ კი, პატიმრის მშობლების მოძრავი ნივთები დააყადაღა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ამბობს, რომ მოსამართლის ამ გადაწყვეტილებით პატიმართან ერთად ოჯახის სხვა წევრებიც დაისაჯნენ.

 

სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სააღსრულებო ბიურომ დააყადაღა პატიმრის მშობლების სახელზე რეგისტრირებულ სახლში სარეცხი მანქანა, ტელევიზორი, გაზქურა და სატელიტური ანტენა. ეს ფაქტი პატიმრობაში მყოფის დედამ და ცოლმა სასამართლოში გაასაჩივრეს. სამოქალაქო წესით დავის დროს კი, მოსამართლემ დაყადაღებული მოძრავი ნივთებიდან რამდენიმეს ყადაღა მოხსნა. ცოლსა და დედას სასამართლოში იმის მტკიცება მოუწიათ, რომ დაყადაღებული ქონება პატიმრის კუთვნილება არ იყო.

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გია ქარცივაძე ამბობს, რომ ბევრია ისეთი შემთხვევა, როცა ოჯახი სასამართლოს გზით ვერ დავობს, რადგან არ აქვთ ბაჟის გადასახდელი თანხა. მისივე ინფორმაციით, მხოლოდ საიას აჭარის ბიუროს მსგავს ფაქტებზე, საშუალოდ, თვეში სასამართლოში ორი საქმე მაინც აქვს.

 

როგორია კანონია? მაგალითად, სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლში ბრალდებული (პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პროკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ან ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება) ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ვადით 130-180 საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

 

გია ქარცივაძე ამბობს, რომ ამ სახის დანაშაულისთვის უმეტეს შემთხვევაში მოსამართლე პატიმრობასთან ერთად ბრალდებულს ჯარიმის გადახდას აკისრებს, რაც, მისი აზრით, არასამართლიანია:

 

„ასეთ დროს სასჯელი ვრცელდება პატიმრის ოჯახზე, ოჯახს ექმნება პრობლემები იმის გამო, რომ ვერ იხდის ჯარიმას. ეს აგდებს ოჯახს მძიმე მდგომარეობაში, ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა სოციალურად დაუცველებს დააკისრეს ჯარიმა სასჯელთან ერთად, ჯარიმა ალტერნატიული სასჯელია და პატიმრობასთან ერთად მის დაკისრებას კანონი არ ითხოვს, ასეთ დროს მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას დამატებითი სასჯელის შესახებ“.

 

კანონი, მაგალითად, პირის ცემის ფაქტზეც ჯარიმას ითვალისწინებს, თუმცა ქარცივაძის ინფორმაციით, 99% ისეთი ფაქტია, როცა ჯარიმა არა ალტერნატიული, არამედ დამატებითი სასჯელია. ასეთი იყო, მაგალითად, გასულ კვირას მოსამართლე დავით მამისეიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, როცა სასჯელთან ერთად ბრალდებულ თემურ ბახუნტარაძესა და იუსუფ ლაკაევს პატიმრობასთან ერთად ჯარიმის გადახდა დააკისრა.

 

საიას თავმჯდომარე ამბობს, რომ პრობლემა ძირითადად ისეთ ოჯახებს ექმნებათ, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არიან რეგისტრირებული. ასეთ დროს, ერთი მხრივ, სახელმწიფო ეხმარება ოჯახს ყოველთვიურად, სასამართლოს გადაწყვეტილება კი მათ აიძულებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხა გადაიხადონ:

 

„ოჯახმა ციხეში პატიმარი უნდა არჩინოს, ნივთების მოვლა-პატრონობაზე უნდა იფიქროს, თუ ისევ სასამართლოში ირბინოს ჭურჭლისა და საყოფაცხოვრებო ნივთების შესანარჩუნებლად?“ – კითხულობს იურისტი.

 

მისივე ინფორმაციით, მოსამართლე ჯარიმას სასჯელთან ერთად ძირითადად ნარკოტიკების შეძენა, შენახვასა და მოხმარებაში ბრალდებულებს, ასევე ეკონომიკური დანაშაულის ჩადენისთვის უფარდებს.

 

როცა ჯარიმას პატიმარი ვერ იხდის, მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ან მოძრავ ქონებას აყადაღებენ, თუ მის სახელზე ქონება არ არის რეგისტრირებული, სააღსრულებო ბიურო, სასამართლოს განაჩენის საფუძველზე, მოძრავ ნივთებს იმ სახლში აყადაღებს, სადაც ბოლოს ბრალდებული იყო რეგისტრირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი