სამართალი

შშმ პატიმრების პრობლემები – სახალხო დამცველის პირველი სპეციალური ანგარიში

9 ივნისი, 2014 • • 1292
შშმ პატიმრების პრობლემები – სახალხო დამცველის პირველი სპეციალური ანგარიში

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, შშმ პატიმართა მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს პარლამენტის მიერ გაეროს შეზღუდული  შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების 2006 წლის კონვენციის (UN CRPD) რატიფიცირების ფონზე.

 

სახალხო დამცველის განცხადებით, პრევენციის ეროვნული მექანიზმის მუშაობა აღნიშნული კუთხით პირველად განხორციელდა საქართველოში. ეს პირველი სპეციალიზებული ანგარიშია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ – სხვა მრავალი ქვეყნისთვის, რომლებიც კონვენციის მონაწილე მხარეებს წარმოადგენენ.

 

სპეციალური ანგარიშში ნათქვამია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში, დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და არანებაყოფლობით ფსიქიატრიული მკურნალობის დაწესებულებაში მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებები გათვალისწინებული არ არის. ანგარიშის თანახმად, არც ინფრასტრუქტურა და არც პერსონალის დამოკიდებულება შშმ პირების მიმართ საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ ნორმებს არ შეესაბამება.


“სისტემა არ არის მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე, არ არის გათვალისწინებული ის სპეციფიკა, ის მოთხოვნები და საჭიროებები, რაც ამ პირებს გააჩნიათ. აქ იგულისხმება არა მხოლოდ ინფრასტრუქტურა, არამედ დამოკიდებულებაც და ამ მხრივ საკმაოდ ბევრი რეკომენდაციაა ჩვენი მხრიდან მომზადებული. მე იმედი მაქვს, რომ ეს რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება და მდგომარეობა რეალურად შეიცვლება, მით უმეტეს, რომ სტატისტიკაც არ არსებობს, ამ დაწესებულებებში რამდენი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია დღეის მდგომარეობით”,- აცხადებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.


მონიტორინგის ანგარიში, რომელიც 2013 წლის 21 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში განხორციელდა.

პრევენციის ეროვნული მექანიზმის მოწვეული ექსპერტი, ექიმი თეიმურაზ რეხვიაშვილი მიიჩნევს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობა მრავალ პრობლემას მოიცავს. მისი თქმით, ზოგადად სისტემა არ არის ადაპტირებული ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ შეზღუდული შესაძლებლობები.

 

“ამ კვლევის დროს გამოვლინდა, რომ სისტემაში  საკმაოდ არიან ადამიანები, რომლებიც განიცდიან მსგავს პრობლემებს ჯანმრთელობის მხრივ და ერთ-ერთი ძირითადი შედეგი, რაც უნდა მოყვეს ამ ანგარიშს, არის ის, რომ  ამ ადამიანების საჭიროებებს მიექცეს საერთოდ  ყურადღება, იმიტომ, რომ, პრინციპში, სისტემა არ არის ადაპტირებული მსგავსი ადამიანების მისაღებად და მათთვის სრულფასოვანი სერვისების გასაწევად”.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფო უწყებები არ ფლობენ შშმ პატიმართა შესახებ რაიმე სტატისტიკას. შესაბამისად, სისტემაში არ გააჩნიათ მექანიზმი ამ პატიმართა იდენტიფიცირებისა და მათი საჭიროებების შეფასებისთვის.


მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ როგორც პენიტენციურ დაწესებულებებში, ასევე, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში სამედიცინო მომსახურება არ ითვალისწინებს შშმ პირთა ჯანმრთელობის სპეციალური საჭიროებებს, არ არის დანერგილი შეზღუდული შესაძლებლობების შესაბამისი სპეციალიზებული მომსახურება, არ მუშაობს რაიმე სარეაბილიტაციო პროგრამა, რის გამოც შშმ პაციენტების მდგომარეობა მძიმდება და ისინი ხდებიან ქრონიკულად მწოლიარე ავადმყოფები.


ნათქვამია, რომ დაწესებულებების სრულ უმრავლესობაში მწოლიარე პატიმრებს არ ჰყავთ პერსონალური დამხმარე და მათ მხოლოდ თანამესაკნეები ეხმარებიან:

“შშმ პირები დამოკიდებულები არიან თანამესაკნეებზე, რათა დაკმაყოფილდეს მათი ფიზიოლოგიური და სხვა სახის მოთხოვნილებები. აღნიშნული შეზღუდვა ლოგიკური შედეგია იმ ფაქტისა, რომ სად-ის დაწესებულების ადმინისტრაციის უმრავლესობას ამგვარი დამხმარის საშტატო ერთეულის არსებობა არარეალისტურ პრივილეგიად მიაჩნია შშმ პატიმრებისათვის.”

ანგარიშში ნათქვამია, რომ სასჯელაღსრულების ბევრ დაწესებულებაში დარღვეულია ჰიგიენური ნორმები, კერძოდ, საკნების საპირფარეშო და პირსაბანი არ აკმაყოფილებს ისეთ პირობებს, რომ შშმ პატიმარმა შეძლოს ფიზიოლოგიური მოთხოვნების დაკმაყოფილება და პირადი ჰიგიენის დაცვა. თეთრეულის და ტანსაცმლის ჰიგიენაზე  და ადმინისტრაციის ან მედპერსონალის მიერ მეთვალყურეობა არ ხორციელდება და მას თავად პატიმრები აკონტროლებენ.  

ანგარიშში ხაზგასმულია ასევე შშმ პატიმრებისა და პაციენტების მიერ საინექციო- ფსიქოტროპული მედიკამენტების ჭარბი რაოდენობით მიღება და პაციენტების ფიზიკური შეზღუდვა. მონიტორინგის ჯგუფის ინფორმაციით, პაციენტების ფიზიკური შეზღუდვისთვის გამოიყენება სპეციალური თოკები.

სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშით გამოკვეთილი პრობლემების მიუხედავად, სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებები ბევრად უფრო მეტად არის დაკმაყოფილებული, ვიდრე ოდესმე.

“ჩვენ გავაკეთეთ თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი განყოფილება სასჯელაღსრულების ცენტრალურ საავადმყოფოში, სადაც მძიმე ხარისხის შეზღუდულობის მქონე ადამიანები იქნებიან ადაპტირებულ პირობებში და მათ ექნებათ სპეციალური მომსახურება, ეყოლებათ მეტი ექთანი, მეტი სანიტარი და მეტი მოვლა. რაც შეეხება პერიფერიებს, იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც სავარძლებს იყვნენ მიჯაჭვულები, 254-დან 20-მდე ჩამოვიდა. ყველა არის მომარაგებული და უზრუნველყოფილი შესაბამისი ინვენტარით, ეს არის სავარძელი თუ ხელჯოხები და უახლოეს მომავალში, ისევე, როგორც მოვახდინეთ ამ საავადმყოფოს ადაპტირება, ყველა ახალ პროექტში იქნება გათვალისწინებული პირობები, რომლებიც სჭირდებათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს”,- განაცხადა თალაკვაძემ.

ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე სახალხო დამცველის აპარატმა შესაბამისი უწყებებისთვის სპეციალური რეკომენდაციები მოამზადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი