მთავარმა პროკურორმა მადლობის სიგელი გადასცა ანზორ უსტიაძეს, აჭარის საოლქო პროკურატურის უფროს პროკურორს და ფრიდონ ქარცივაძეს, აჭარის პროკურატურის განყოფილების პროკურორს. „ბათუმელების“ კითხვას, რატომ უხდის მადლობას მთავარი პროკურორი ანზორ უსტიაძეს, ბადაშვილმა არ უპასუხა. მან დაცვის თანხლებით დატოვა ტერიტორია.
მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსის, თემურ დოლიძის დაპირების მიუხედავად, „ბათუმელებმა“ ვერ მიიღო პროკურატურისგან ინფორმაცია, წახალისებულმა პროკურორებმა კონკრეტულად რომელი საქმეები გამოიძიეს ან რა დამსახურებისთვის წახალისდნენ ისინი.

რა დამსახურებისთვის დაგაჯილდოვეს? – ამ კითხვაზე ანზორ უსტიაძემ გვიპასუხა: „ოცი წელია ვმუშაობ პროკურატურაში“. პროკურორი ანზორ უსტიაძე ძირითადად ფინანსურ საქმეებს იძიებს. სახელმწიფომ ანზორ უსტიაძის პროკურორობით, 2010 წელს გაასამართლა ბიზნესმენი ზურაბ ლობჟანიძე იმ ქონების უკანონო გზით გაყიდვის გამო, რომლითაც ახალი ხელისუფლების გამოძიების ვერსიით, ივანე მერაბიშვილი უკანონოდ სარგებლობდა, როცა ის შს მინისტრი იყო. სწორედ ამ აგარაკის უკანონო სარგებლობისთვის 2013 წელს ვანო მერაბიშვილს ბრალი წარუდგინეს.
ანზორ უსტიაძეს სახელმწიფომ 2013 წელს დაავალა ივანე მერაბიშვილის მეგობრის, ლუხუმ კაპანაძისთვის ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის მიყიდვის კანონიერების შესწავლა. ანზორ უსტიაძე 2013 წლის 10 მარტს ირწმუნებოდა, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორი ყოფილი მოხელის – აბესალომ გურგენიძისა და თამაზ მღებრიშვილის ქმედებამ სახელმწიფო მინიმუმ 3 233 856 ლარით დააზარალა.
ანზორ უსტიაძე ახლა ბათუმის თოჯინების თეატრის საქმეს იძიებს. თოჯინების თეატრის დირექტორს მედეა ჩარკვიანს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისებაში დახმარება. ბრალდებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.
პროკურორ ფრიდონ ქარცივაძის სამსახურებრივი მანქანა რამდენიმე კვირის წინ ბათუმში, პროკურორის საცხოვრებელ სახლთან დაწვეს. სამართალდამცავები დამნაშავეს ამ დრომდე ეძებენ. ფრიდონ ქარცივაძემ გააფორმა საპროცესო შეთანხმება იმ ადამიანებთან, რომლებმაც გამოძიების ვერსიით, აჭარის ტელევიზიის ხელში ჩაგდება სცადეს და პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს 2011 წელს.
„ცოტნე ანანიძემ და სხვა ბრალდებულებმა გადაწყვიტეს ტელევიზიის ხელში ჩაგდება, რადგან განზრახული ჰქონდათ ხელისუფლების არაკანონიერი გზით შეცვლა”, – თქვა პროკურორმა ქარცივაძემ მაშინ სასამართლო პროცესზე. ქარცივაძის მტკიცებით, 21 მაისს აქციაზე სტუდენტმა ცოტნე ანანიძემ და სხვებმა ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს პოლიციელებს. ცოტნე ანანიძე და მასთან ერთად დაკავებული სხვა პირები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს. პოლიტპატიმრებმა ბოლო ბრიფინგი 2014 წლის 21 მაისს, ანუ რამდენიმე დღის წინ გამართეს და მათი საქმის ხელახალი გამოძიება მოითხოვეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვან ნ.ბ.-ს 11 წლითა და 1 თვით პატიმრობა მიუსაჯა. 16 წლის მოზარდი პოლიციის თანამშრომლის, მალხაზ გაბაიძის სხეულის დაზიანების ბრალდებით გაასამართლეს. შემთხვევა 2009 წლის 17 ნოემბერს ბათუმში, ჯაფარიძისა და ჭავჭავაძის ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა. პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე სასამართლოში ამტკიცებდა, რომ დაზარალებული პოლიციელი მალხაზ გაბაიძე ინციდენტის დროს მუცლის არეში რკინის საგნით მოზარდმა დაიჭრა. დაპატიმრებულ მოზარდს ციხეში ყოფნისას სათესლე ჯირკვლის ოპერაცია გაუკეთეს. არასრულწლოვანის დედა ირწმუნებოდა, რომ მისი შვილი სასურველი ჩვენების მიღების გამო აწამეს.

მთავარმა პროკურორმა სამახსოვრო საჩუქარი გადასცა გიორგი თორდიას, საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსს; გიორგი თორდია 2011 წლიდან ზედამხედველობს ბათუმში მოკლული ჯარისკაცის, სერჟანტი როინ შავაძის მკვლელობის საქმეს. საქმის გამოძიება „გონივრულ ვადებში“ საჯაროდ თორდიამ შავაძის ცოლს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მალევე შეჰპირდა. ამ განცხადებიდან ორი წლის შემდეგაც სერჟანტის ოჯახისთვის გამოძიების ახალი დეტალები უცნობია. ადვოკატი ვარაუდობს, რომ გამოძიება „შეგნებულად“ ჭიანურდება. როინ შავაძე აგვისტოს ომის დამთავრებიდან რამდენიმე დღეში მოკლეს. მისი ნაწამები ცხედარი ბათუმის პროზექტურაში 16 აგვისტოს იპოვეს. საქმე გაგზავნილია სტრასბურგის სასამართლოში.
რომეო ტყაბლაძე იმ პროკურორთაგან ერთ-ერთია, რომლის გადადგომასაც მოითხოვდნენ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ბათუმში ყოფილი პატიმრები, მათი ოჯახის წევრები და ზოგიერთი ადვოკატი. მაშინ პროკურორების საქმიანობის შემსწავლელი კომისია მთავარმა პროკურატურამ ბათუმში გამოგზავნა, თუმცა ამ კომისიის მუშაობის შედეგი საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია. სამართლიანობის აღდგენის იმედად ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აჭარის პროკურატურაში ათეულობით საჩივარი შევიდა, თუმცა საქმეები გამოსაძიებლად ისევ იმ პროკურორებს დაეწერათ, რომლებსაც მოქალაქეები თავიანთი საქმეების არაობიექტურად და მიკერძოებულად გამოძიებაში ადანაშაულებდნენ.







