სამართალი

საია: ჭიაბერაშვილზე თავდასხმის ფაქტი წინასაარჩევნო გარემოს ძაბავს

27 მაისი, 2014 • • 981
საია: ჭიაბერაშვილზე თავდასხმის ფაქტი წინასაარჩევნო გარემოს ძაბავს

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მსგავსი ძალადობრივი ფაქტები მიუღებელია და სახელმწიფოს მხრიდან  სწორ, დროულ და ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს. საიას განცხადებით,  გარდა იმისა, რომ ზემოაღნიშნული ფაქტი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ასეთი ქმედებები წინასაარჩევნო პერიოდში ზრდის დაძაბულობას და საფრთხეს უქმნის არჩევნების თავისუფალ, სამართლიან გარემოში ჩატარებას.

 

“მოვუწოდებთ ყველას, წინასაარჩევნო პერიოდში უარი თქვან პროტესტის ძალადობრივი ფორმით გამოხატვაზე. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მაქსიმალურად სწრაფად, ეფექტიანად და ობიექტურად გამოიძიოს ზურაბ ჭიაბერაშვილზე განხორციელებული თავდასხმა”,- აცხადებს “საია.” 

 

დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ზურაბ ჭიაბერაშვილსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ნოდარ ლადარიას აბაშიძის #22-ში მდებარე ლიტერატურულ კაფეში თავს დაესხნენ რეჟისორი გიორგი მგელაძე და მწერალი რეზო თაბუკაშვილი. ნოდარ ლადარიას ცხელი ჩაი შეასხეს, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილს თავი გაუტეხეს. 

 

ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ერთადერთი, რაც მას თავდამსხმელებმა განუცხადეს, არის შემდეგი: „როგორ ბედავთ ქუჩაში სიარულს, როგორ შემოდიხართ აქ, გაეთრიეთ აქედან.“

 

შსს-ს განცხადებით, ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მიხედვით, რაც სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. 

 

120-ე მუხლი გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია. კანონის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი