სამართალი

17–დან –17–მდე: როგორ დევნიან სექსუალურ უმცირესობებს საქართველოში

22 მაისი, 2014 •
17–დან –17–მდე: როგორ დევნიან სექსუალურ უმცირესობებს საქართველოში

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დევნის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა 2014 წელს, მათ შორის რამდენიმე პირი მათი სექსუალური ორიენტაციის გამო სამსახურიდან დაითხოვეს, მოცემულია შემთხვევებიც, როდესაც ლგბტ თემის წარმომადგენლებს შეურაცხყოფა მიაყენეს და არასათანადო სამედიცინო დახმარება გაუწიეს საავადმყოფოებში.

სამსახურიდან დათხოვნის ერთ–ერთი შემთხვევა 2014 წლის მარტში დაფიქსირდა: გ.ზ–მ, რომელიც ბარში მიმტანად მუშაობდა, “იდენტობის” საველე ოფიცერს განუცხადა, რომ სექსუალური ორიენტაციის გამო დაითხოვეს. მეორე შემთხვევაში კი, რომელიც ასევე 2014 წელსაა დაფიქსირებული, სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებელზე მუქარის გამო მოხდა. როგორც თ.გ. აცხადებს, ის ერთ–ერთ სილამაზის სალონში სტილისტად მუშაობდა და მას შემდეგ დაითხოვეს, რაც მის დამსაქმებელს უბნის მაცხოვრებლები დაემუქრნენ.

არც ერთ შემთხვევაში დაზარალებულებს უფლებების დარღვევის ფაქტზე სასამართლოსთვის არ მიუმართავთ.

როგორც ორგანიზაცია “იდენტობის” იურისტი ნინო ბოლქვაძე ამბობს, ორივე შემთხვევაში მტკიცების ტვირთი თავად დაზარალებულებს დაეკისრებოდათ და სასამართლოში საქმის მოგების შანსი ძალიან მცირე იყო:

“ორივე შემთხვევაში არ იყო წერილობითი კონტრაქტი, იყო მხოლოდ ზეპირი. ზეპირ კონტრაქტს იცნობს სამოქალაქო კოდექსი, თუმცა ამ შემთხვევაში, ზოგადად, მოსარჩელეზეა მტკიცების ტვირთი.

ის, რომ ერთ შემთხვევაში დამსაქმებელს ემუქრებოდნენ, პოლიციას არ დაუფიქსირებია, ეს ჩვენ თავად დამსაქმებლისგან ვიცოდით, ისიც ზეპირსიტყვიერად და სასამართლოში ეს ადამიანი ამას, რა თქმა უნდა, არ იტყოდა”, – აცხადებს ნინო ბოლქვაძე.

მისივე თქმით, ხშირ შემთხვევაში თავად ბენეფიციარებიც არ ინდომებენ, რომ სასამართლოს მიმართონ, რადგან მათ იმ ადამიანების წინააღმდეგ უწევთ წასვლა, ვის გვერდითაც უნდა იცხოვრონ:

“როდესაც წაგების ალბათობა არის ძალიან დიდი, ძალიან ძლიერი უნდა იყო ადამიანი, რომ ამაზე მიდიოდე. უნდა აცნობიერებდე, რომ ეს პირადად შენთვის კი არა, საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ხვალ სხვა დაფიქრდება, მოსამართლეები დაფიქრდებიან. მაგრამ ამას მე ვერ მოვთხოვ ჩემს ბენეფიციარს, რომელსაც თავისი გასჭირვებია, არის სტილისტი ან მიმტანი და იმ უბანში უნდა იცხოვროს”, – ამბობს ნინო ბოლქვაძე.

“იდენტობის” იურისტი ამბობს, რომ როდესაც ეს ორი შემთხვევა მოხდა, ანტიდისკრიმინაციული კანონი ჯერ კიდევ არ იყო მიღებული. კანონი რომ მიღებული ყოფილიყო, ის აუცილებლად მიმართავდა სახალხო დამცველს:

“ანტიდისკრიმინაციული კანონი იმ დროს არ იყო მიღებული, ამ კანონს კი უკუძალა არ აქვს. რომ ყოფილიყო მიღებული, აუცილებლად მივმართავდით სახალხო დამცველს. სანქციას ვერ დავაკისრებდით, მაგრამ მედიაციის საშუალება იქნებოდა ომბუდსმენის მხრიდან. დაიბარებდა სახალხო დამცველი და გააძლიერებდა დამსაქმებელსაც, ეტყოდა, რომ დააბრუნე სამსახურში და თუ ვინმე დაგემუქრება, სახელმწიფო შენს გვერდითაა”.

სამსახურიდან დათხოვნის გარდა, “იდენტობამ” უფრო მძიმე შემთხვევებიც დააფიქსირა, მათ შორისაა ტრანსგენდერი პირის, პ.ფ–ს შემთხვევა, მას 2014 წლის 11 თებერვალს არასათანადო სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

პ.ფ, რომელმაც თვითდაზიანება მიიყენა, საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს. საავადმყოფოს მიმღების ექიმი მას უხეშად დაელაპარაკა, რის გამოც პ.ფ–მ სხვა საავადმყოფოში წასვლა გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ მას არტერიიდან სისხლდენა ჰქონდა, ექიმმა მას უთხრა, რომ წასულიყო, სადაც უნდოდა. დაზარალებულს სამედიცინო დახმარება მხოლოდ მას შემდეგ გაუწიეს, როდესაც ის საავადმყოფოს ეზოში გამოვიდა და წაიქცა. “იდენტობის” ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებოდნენ პატრულის თანამშრომლებიც, რომლებიც ყვიროდნენ, “მიხედეთ, თორემ ყველას დაგიჭერთო”. საბოლოოდ დაზარალებულს 15 ნაკერის დადება დასჭირდა.

როგორც “იდენტობის” იურისტი ნინო ბოლქვაძე აცხადებს, აღნიშნული ფაქტი ვიდეოზეც არის დაფიქსირებული, რომელსაც დაზარალებულის მეგობარი იღებდა. მიუხედავად ამისა, ამ შემთხვევის შემდეგ მიმღების ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. ნინო ბოლქვაძე განმარტავს, რომ ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა:

“ვიდეოზე ის არ ყოფილა გადაღებული, რომ ექიმმა გამოიჩინა გულგრილობა, ვიდეოს გადაღება დაიწყო მას შემდეგ, რაც ტრანსგენდერი პირი საავადმყოფოდან გარეთ გამოვიდა და ცუდად გახდა. ექიმს შესაძლოა ეთქვა, რომ პაციენტმა არ მოინდომა, არ გაასინჯინა თავი და სიმართლის მტკიცება ცოტა ძნელი იქნებოდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამოძიება არ უნდა დაწყებულიყო.

პოლიციას ინფორმაცია ამ შემთხვევაში ნამდვილად ჰქონდა და გამოძიება უნდა დაეწყოთ, თუმცა ჩვენი პრაქტიკიდან და დაკვირვებიდან გამომდინარე, ვხედავთ, რომ პოლიცია ცდილობს არ დაიწყოს გამოძიება. მაქსიმალურად თავს არიდებენ სისხლის სამართლის საქმის წარმოებას, რითაც ხელს უწყობენ მოძალადეებს”, – აცხადებს ნინო ბოლქვაძე.

მისივე თქმით, გამოძიების დაწყება არც დაზარალებულს მოუთხოვია, რადგან ის შესაძლოა უარესი პრობლემის წინაშე დამდგარიყო:

“ეს ადამიანი არის სექს-მუშაკი, პროსტიტუცია ჩვენს ქვეყანაში დეკრიმინალიზებული არ არის, ეს არის მისი შემოსავალი, მას განათლება არ აქვს, სახლიდან ადრეულ ასაკშია გამოგდებული, დედამიწის ზურგზე არანაირი ქონება არ გააჩნია, არანაირი მეგობრები, ნათესავები არ ჰყავს, გაწყვეტილი აქვს ყველასთან კავშირი და შეიძლებოდა გაცილებით მეტი პრობლემა შექმნოდა”, – ამბობს ნინო ბოლქვაძე.

მისივე განცხადებით, ლგბტ თემის ნდობა პოლიციისადმი ძალიან დაბალია, რადგან მათ ეშინიათ, რომ მათ უფლებებს კი არ დაიცავენ, არამედ დაარღვევენ და შესაძლოა ისინი უსამართლოდ მოხვდნენ ციხეში.

2013 წლის 17 მაისი, კონტრდემონსტრანტებმა პოლიციის კორდონი გამოარღვიეს
2013 წლის 17 მაისი, კონტრდემონსტრანტებმა პოლიციის კორდონი გამოარღვიეს

 

18 მაისის აქცია ძალადობის წინააღმდეგ
18 მაისის აქცია ძალადობის წინააღმდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი