სამართალი

სამინისტრო: მოშიმშილე პატიმარი და მისი ოჯახი მცდარ ინფორმაციას ავრცელებენ

2 მაისი, 2014 • • 1163
სამინისტრო: მოშიმშილე პატიმარი და მისი ოჯახი მცდარ ინფორმაციას ავრცელებენ

სამინისტროში ასევე მცდარს უწოდებენ გენადი ჯელაძის ოჯახის წევრების განცახდებებს იმის თაობაზე, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე ექმნება და #17–ე დაწესებულებიდან #6–ე დახურულ დაწესებულებაში ის იძულების წესით, ღირსებაშემლახავ ვითარებაში გადაიყვანეს.

 

 

“სამინისტროს არაერთხელ განუცხადებია და ვიმეორებთ, რომ მსჯავრდებულის ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანას წყვეტს ადმინისტრაცია და ამ გადაწყვეტილებაში ვერ ჩაერევა ვერავინ, მათ შორის ვერც მსჯავრდებული და მისი ოჯახის წევრი”, – აცხადებენ სასჯელაღსრულების სამინისტროში.

 

 

მათივე განცხადებით, მსჯავრდებულის ჯერ საკნის ტიპის სადგომში, შემდეგ კი #6 დაწესებულებაში გადაყვანა რამდენიმე მიზეზით მოხდა. მსჯავრდებულის ექვს თვემდე ვადით საკნის ტიპის სადგომში გადაიყვანეს იმის გამო, რომ გრძელვადიანი პაემნის დროს, მისი მეუღლე ლილიანა წიკლაური დაწესებულების ტერიტორიაზე გაურკვეველი მიზეზით შეიყვანა და იქ პატიმართა საკნების ერთობლივად მოინახულეს. სამინისტროში აცხადებენ, რომ ამის გამო დაისაჯა როგორც გენადი ჯელაძე, აგრეთვე, დაწესებულების ხელმძღვანელი.

“ვინაიდან დისციპლინური სასჯელის მოქმედების პერიოდში აღნიშნული მსჯავრდებული ვერ სარგებლობდა გრძელვადიანი პაემნით, იგი უკმაყოფილებას გამოთქვამდა და არ ემორჩილებოდა დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულებისათვის განსაზღვრულ დღის განრიგს, არღვევდა სარეჟიმო მოთხოვნებს, არ ცხადდებოდა დილის და საღამოს შემოწმებაზე, რამაც ბოლო პერიოდში მიიღო სისტემატური ხასიათი. გარდა ამისა, იგი ფარულად მოუწოდებდა სხვა პატიმრებს, რომ მაქსიმალურად თავი აერიდებინათ დაწესებულების შინაგანაწესის შესრულებისთვის”, – ნათქვამია სამინისტროს განცახდებაში.

 

 

მათივე განცხადებით, გენადი ჯელაძეს დაპირისპირება ჰქონდა რამდენიმე მსჯავრდებულთანაც, რის გამოც 2014 წლის 28 აპრილს სასჯელის შემდგომი მოხდისა და  უსაფრთხოების მიზნით იგი #6 დაწესებულებაში გადაიყვანეს და ამ დაწესებულებაში მის ჯანმრთელობას ისეთივე ყურადღება ექცევა, როგორც ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში ყოფნის შემთხვევაში:

“მსჯავრდებულს ნებისმიერ დაწესებულებაში, იქნება ის ნახევრად ღია თუ დახურული, ხელი მიუწვდება სრულ სამედიცინო სერვისზე, რომლის სტანდარტი იდენტურია ყველა დაწესებულებაში. რაც შეეხება დახურული დაწესებულების გავლენას მსჯავრდებულის კონკრეტულ დაავადებაზე, მათ შორის კორელაცია სამედიცინო თვალსაზრისით დადგენილი არ არის. იმ შემთხვევაში, თუ გენადი ჯელაძე გააგრძელებს შიმშილობას და უარს იტყვის მედიკამენტების მიღებაზე, ცხადია, მისი მდგომარეობა დამძიმდება. შესაბამისად, მასზე გაძლიერებულია სამედიცინო მეთვალყურეობა. დაწესებულების სამედიცინო პერსონალისგან მსჯავრდებულს შეეთავაზა შიმშილობის შეწყვეტა, თუმცა პროტესტის ამგვარის ფორმით გაგრძელებას მას ვერავინ აუკრძალავს”, – აცხადებენ სამინისტროში.

ოჯახის ინფორმაციით, გენადი ჯელაძე დიაბეტითა და C ჰეპატიტითაა დაავადებული. მას მშრალი შიმშილობა აქვს გამოცხადებული.

გლდანის ციხე
გლდანის ციხე

მასალების გადაბეჭდვის წესი