– “მცემეს, სასტიკად მაწამეს”, – უთხრა ბრალდებულმა ბახუნტარაძემ მოსამართლეს ბათუმის სასამართლოში;
– “ქობულეთის პოლიციის უფროსი დავით დვალიშვილი მომექცა არაადამიანურად, მლანძღავდა, მაგინებდა ოჯახის წევრების მისამართით და მაიძულებდა მეღიარებინა დანაშაული, რასაც ვერ გავუძელი და ვაღიარე კიდეც”, – მისწერა გიორგი გიორგაძემ პროკურატურას.
ქვეყნის მასშტაბით კიდევ რამდენიმე შემთხვევაა, როცა პოლიციამ დაკავების დროს თუ შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს სცემა და მათ ამის შესახებ ხმამაღლა თქვეს.
“სინამდვილეში, თითქმის ყველას სცემს პოლიცია დაკავების დროს. ეს არის ტრადიცია, რაზეც უარი პოლიციას არასდროს უთქვამს”, – ამას რამდენიმე ადვოკატი ამტკიცებს. სხვათაშორის, პოლიციის გარდა დაკავებულებთან ყველაზე ხშირად ურთიერთობა სწორედ ადვოკატებს აქვთ. რატომ იკავებენ თავს ადვოკატები ცემის ფაქტების გასაჯაროებისგან?
ერთ-ერთი ასეთი კლიენტის შესახებ ჰყვება საიას აჭარის ფილიალის თავმჯდომარე გია ქარცივაძე. ის ამბობს, რომ 2013 წლის არჩევნების შემდეგ იცავდნენ ადამიანს, რომელიც “ძალიან იყო ნაცემი”. ნაცემს ჰქონდა შესაბამისი მტკიცებულებაც – ტელეფონით გადაღებული ვიდეომასალა, მაგრამ მაინც გაჩუმდა. გია ქარცივაძე დაკავებულის არგუმენტებს ასახელებს:
“მან აღნიშნულ საქმეს მსვლელობა არ მისცა იმის გამო, რომ პირველი – ელოდებოდა უფრო მსუბუქ საპროცესო შეთანხმებას. 2. ის პოლიციელი ისევ პოლიციაში მუშაობს, გამოვალ ციხიდან და კიდევ უარესად მომეპყრობაო – ყოველდღიური კონტროლი, ყოველდღიური გადაყვანა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე არ უნდოდა”.
გია ქარცივაძის კლიენტის არგუმენტებზე და იმაზე, რომ “ისევ იმათ ხელში ხარ” ბათუმში არაერთი ადვოკატი საუბრობს.
ადვოკატი ლია მუხაშავრია კი, რომელიც მხოლოდ სტრასბურგის საქმეებზე მუშაობს, არ ეთანხმება მოსაზრებას – “გაჩუმება არის გამოსავალი”: “ადვოკატები ხანდახან მოქმედებენ იმ პრინციპით, რაც ექიმებს აქვთ – “არ ავნო”. თუ შენი კლიენტი პატიმრობაში რჩება და შანსი არ გაქვს გამოიყვანო, მაშინ შეიძლება იფიქრო, რომ ჯობია არ თქვა. მაგრამ არსებობს მეთოდები, როცა ექსპერტიზას შეუძლია ცემის კვალი აღმოაჩინოს კაი ხნის მერეც. ასე რომ, თუ ეს მეთოდი იცის ადვოკატმა, მაშინ არ არის აუცილებელი იმ წუთასვე დაიწყოს ლაპარაკი ცემაზე. შეიძლება სათანადო დოკუმენტაცია შეადგინო, რასაც სასამართლოზე წარადგენ”.
ლია მუხაშავრიას თქმით, მოქალაქეს იმის სურვილი, რომ ცემის შესახებ თქვას, ძირითადად, ერთ შემთხვევაში არ უჩნდება: ჩადენილი აქვს დანაშაული და ეშინია, რომ რაღაც შეიძლება დაუმტკიცონ: “შემჩნეული მაქვს, პოლიცია არ სცემს იმას, ვისაც ატყობენ, რომ იჩივლებს და არ გადაყლაპავს. ადამიანი როგორც რეაგირებს დაკავებაზე, იმის მიხედვით ექცევა პოლიციაც, იშვიათი გამონაკლისების გარდა. სრულიად უდანაშაულო ადამიანს თუ ტყუილად აკავებენ, სცემენ, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ არ შეარჩინოს”.
ლია მუხაშავრია ადვოკატების პროფესიონალიზმზეც ამახვილებს ყურადღებას: “ადვოკატები უშვებენ შეცდომას, როცა კლიენტის ცემის გამო ჩივიან საქმის იმავე გამომძიებელთან და პროკურორთან. საერთაშორისო პრაქტიკა მოითხოვს, ცემის ფაქტი გახდეს ცალკე შესწავლის საგანი. ცალკე მიმართვა პროკურორისთვის იმას ნიშნავს, რომ მე მივდივარ ზემდგომთან იქამდე, ვიდრე არ ამოვწურავ ყველა მექანიზმს. თუ დადასტურდება, რომ გამოძიების ეტაპზე პატიმარი სცემეს, ეს მის წინააღმდეგ არსებულ საქმეს ხდის დაუშვებელს. პროკურორი, ზემდგომი პროკურორი, რომელიც ჭკვიანია, შეიძლება მიხვდეს, რომ მას ამის პატიმრობა არ უღირს”.
ლია მუხაშავრიას თქმით, “ცემა-ტყეპა ყველგან ხდება. პრობლემა იმაშია, რომ ეგეთი რამე უნდა გამოიძიონ და დასაჯონ პოლიციელი. თუ ამბობ, რომ შენი კლიენტი სცემეს, მაშინ უსაფრთხოებიდან გამომდინარე უნდა მოითხოვო, რომ ის ან გაათავისუფლონ, ან გადაიყვანონ სხვაგან, სადაც იმ ხალხის ზედამხედველობის ქვეშ არ იქნება, ვინც სცემა. თუ ამ მოთხოვნას არ აკმაყოფილებენ, იქამდე მიდიხარ სხვაგან, სანამ პატიმარს არ განარიდებ იმ პირობებსა და იმ ადამიანების ზედამხედველობას, სადაც ის სცემეს”.
“ბათუმელებს” შს სამინისტროდან გასულ კვირას მოაწოდეს ინფორმაცია, რომელიც აჭარა-გურიაში არსებული დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებული პირების ფიზიკურ დაზიანებებს ასახავს. შს სამინისტროს ინფორმაციით, შარშან დროებითი მოთავსების ბათუმის იზოლატორში სულ 1301 ადამიანი იყო მოთავსებული. მათგან სხეულის დაზიანება დაკავებამდე აღენიშნებოდა 337 ადამიანს, დაკავებისას – 30-ს, ხოლო დაკავების შემდეგ – 13-ს. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დაკავებულები პოლიციამ დააზიანა. ეს გამოძიებამ უნდა თქვას, შს სამინისტროს პოზიცია კი ასეთია:
“დროებით მოთავსების იზოლატორში შესახლების შემდგომ დაკავებულთა სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაყვანა ხდება შესაბამისი მომართვის საფუძველზე, სადაც აღნიშნულია, რომ მოხდება დაკავებულის ბადრაგირება საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით. დაკავებულის შესაბამის დაწესებულებაში ბადრაგირებას ახორციელებს დამკავებელი. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ ეგზავნება დროებით მოთავსების იზოლატორებს. აღნიშნულიდან გამომდინარე შს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველო არ ფლობს ინფორმაციას, რამდენ დაკავებულს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა, ასევე რა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებოდათ მათ და რითი იყო გამოწვეული ეს დაზიანებები”.
სამინისტროს კიდევ ერთი განმარტება: “რაც შეეხება დაკავებულთა სხეულის დაზიანებებთან დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეთა რაოდენობას, აღნიშნული ინფორმაციის გაცემა სცილდება შს სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებს. მითითებული ინფორმაციის მისაღებად მიზანშეწონილია მიმართოთ მთავარ პროკურატურას”.
მთავარ პროკურატურაში კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს. პრესსამსახურის თანამშრომლის ეკა ჩიჩუას მოთხოვნაა, ინფორმაციის მისაღებად წერილობით მივმართოთ.










