სამართალი

რას შეცვლის ახალი კანონი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ

13 თებერვალი, 2014 • • 2741
რას შეცვლის ახალი კანონი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ

დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი ნორმები, რომელიც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე მუხლშია მოცემული, ცალკე გამოიყოფა და ერთი ნორმატიული აქტის სახით ჩამოყალიბდება. იმაზე, თუ რა ხარვეზები არსებობს დღეს არსებულ კანონში და როგორ უნდა მოხდეს ამ ხარვეზების გამოსწორება, დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა იმსჯელეს. შეხვედრა ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით მოეწყო.

 

როგორც იურისტი ლინა ღვინიანიძე აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ კანონი, რომელიც დღეს არსებობს, ცუდი არ არის, პრაქტიკამ აჩვენა, რომ მაინც რჩება პრობლემები, რომელთა აღმოფხვრაც აუცილებელია:

 

“არის რამოდენიმე თემა, რაც დაგროვდა და რაც სასამართლო პრაქტიკამაც კი ვერ აღმოფხვრა, მაგალითად, ეს არის ინფორმაციის გავრცელების არეალი. არსებობენ სუბიექტები, რომლებიც არ შედიან ინფორმაციის თავისუფლების არეალში, ანუ გამჭვირვალობის სტანდარტებს არ ექვემდებარებიან. მაგალითად, რელიგიური ორგანიზაციები, მათ შორის საპატრიარქო და სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პრები, რომლებიც დაფინანსებას იღებენ ბიუჯეტიდან. დღეს არსებული კანონი მათზე არ ვრცელდება, არადა უნდა ვრცელდებოდეს, რადგან ჩვენ გვაინტერესებს, რას იღებენ ბიუჯეტიდან და როგორ ხარჯავს ამ ფულს”.

 

როგორც ლინა ღვინიანიძე აცხადებს, არსებული კანონმდებლობა რიგ შემთხვევაში თავის დაძვრენის საშუალებას იძლევა, რაც ახალ კანონში აღარ უნდა განმეორდეს:

 

“არსებობს თბილისის მერიის გამოცდილებაც, რომელიც სიპ–ებს აარსებდა და ამბობდა, სახსრები კი არ მივეცი, მე დავაფუძნე და ქონებით შევედი და ამიტომ არ ვრცელდება კანონი მათზეო. თუმცა ეს არის სახელმწიფოს ქონება, ანუ ფაქტიურად ხდებოდა თავის დაძვრენა”, – ამბობს ლინა ღვინიანიძე. მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემების დარეგულირება ადრე სასამართლოს მეშვეობითაც ვერ ხერხდებოდა, რადგან კანონმდებლობა დასახვეწია, თუმცა კანონთან ერთად სასურველია შეიქმნას ინფორმაციის თავისუფლების დაცვის მაკონტროლებელი ორგანოც:

 

“ეს არის ძალიან ბევრი ქვეყნის ძალიან კარგი გამოცდილება, როცა არსებობს დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც აკონტროლებს ინფორმაციის თავისუფლების დაცვის მდგომარეობას. როგორი ფორმით, სად უნდა არსებობდეს ეს ორგანო და ზუსტად რა უფლებამოსილება ექნება, ეს არის საკითხი, რომელიც უნდა იყოს მსჯელობის საგანი და შემდეგ მოხდეს გადაწყვეტილების მიღება”, – აცხადებს ლინა ღვინიანიძე.

 

იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, რუსუდან მიხელიძის თქმით, მაკონტროლებელი ორგანოს შექმნა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის ერთ–ერთ რეკომენდაციასაც წარმოადგენს და თუკი ასეთი ორგანო შეიქმნება, ის შესაძლოა ცალკე ჩამოყალიბდეს, ან ეს ფუნქცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა შეითავსოს.

 

როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე აცხადებს, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერჯერობით ახალი კანონპროექტი შემუშავებული არ არის და არსებობს მხოლოდ კონცეფცია, კონკრეტულ საკითხებზე სამინისტროს დაზუსტებული პოზიცია არ აქვს, რადგან ნებისმიერი საკითხი შესაძლოა მსჯელობის შემდეგ შეიცვალოს. თუმცა შეხვედრის მსვლელობისას მინისტრის მოადგილემ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა. მაგალითად, ალექსანდრე ბარამიძე მიიჩნევს, რომ საჯარო ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცემა, რაც არასამთავრობო სექტორის ერთ–ერთი მოთხოვნაა, შეუძლებელია:

 

“მოდი, გავუსწოროთ სიმართლეს თვალი და ვთქვათ, რომ დაუყოვნებლივ ინფორმაციის გაცემა არის შეუძლებელი. სულ რომ ლაპარაკი იყოს ერთ ფურცელზე, რომელიც ისედაც დევს და გადამუშავება მას არ ჭირდება, დაუყოვნებლივ ამის გაცემა არის მაინც შეუძლებელი. განცხადება უნდა დარეგისტრირდეს, შემდეგ სადღაც ვიღაცას გადაეგზავნოს, ვიღაცამ შემდეგ სხვას უნდა დააწეროს, ამ ვიღაცა სხვამ კიდევ შეიძლება მესამეს დააწეროს, ამას მიაქვს დრო, საათები, ზოგჯერ დღე და დღეებიც. როდესაც გარედან ვუყურებდი, მეც მეგონა, რომ საჯარო დაწესებულებაა, მე მას ფულს ვუხდი და უნდა მომცეს ინფორმაცია მაშინვე, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. მე გთავაზობთ, რომ 10 დღე იყოს ჩვეულებრივი ვადა, ხოლო როცა მნიშვნელოვან დამუშავებაზეა საუბარი, შესაძლოა ერთ თვემდეც კი გაიზარდოს ეს ვადა”, – განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

 

მინისტრის მოადგილის მოსაზრებას არ ეთანხმება ჟურნალისტი ზვიად ქორიძე:

 

“ჩვენ წინა ხელისუფლების დროსაც გვქონდა ეს შეთავაზება და მაშინ ბატონი ალექსანდრე ბარამიძე ჩვენთან ერთად იყო სამუშაო ჯგუფში, რომ სიტყვა ‘დაუყოვნებლივ’ უნდა განიმარტოს როგორც არაუგვიანეს 7 საათისა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ შევა უწყებაში განცხადება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე დილით – ინფორმაცია დღის ბოლომდე უნდა გაიცეს, ხოლო თუ განცხადება სადილის შემდეგ შევა, მაშინ – მეორე დღეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და პრინცპიული საკითხია”, – აცხადებს ზვიად ქორიძე.

 

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი სულხან სალაძე აცხადებს, რომ საჯარო უწყებები ინფორმაციის გაცემას ისედაც აჭიანურებენ და თუ ინფორმაციის მიწოდების ვადები გაიზრდება, ეს სიტუაციას კიდევ უფრო გააუარესებს:

 

 “დღეს საჯარო უწყებები, რომლებსაც ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცემა ევალებათ, როგორც წესი, 10-დღიან ვადას იყენებენ, ყველაზე ცოტა 2–3 დღეს მაინც ანდომებენ ინფორმაციის გაცემას და თუკი ჩვენ კანონში ჩავწერთ, რომ მინიმალური ვადა იყოს 10 დღე და მაქსიმალური ერთი თვე, მაშინ ისინი პროცესს ბევრად უფრო მეტად გააჭიანურებენ და 2–3 დღეშიც კი ინფორმაციის მიღება პრაქტიკულად წარმოუდგენელი გახდება”, – აცხადებს სულხან სალაძე.

 

დღევანდელ შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ კანონში უნდა გაიწეროს, თუ როგორი უნდა იყოს საჯარო დაწესებულებაში ინფორმაციის საჯარო რეესტრი, რაც დღეს ან არ არსებობს, ან არასრულ ინფორმაციას შეიცავს. ასევე ყველა უწყებას უნდა ჰყავდეს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც გარკვეულწილად დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს და ინფორმაციის გაცემამდე მას არ დაევალება ხელმძღვანელობასთან ყველა საკითხის შეთანხმება. ამ და სხვა თემებზეც მრგვალი მაგიდის მსვლელობისას განსხვავებული მოსაზრებები გამოითქვა. როგორც ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი აცხადებს, მთავარია, რომ კოდექსში არ დარჩეს ბუნდოვანებები, რომელთა განმარტებაც ორაზროვნად იქნება შესაძლებელი:

 

“ის ბუნდოვანებები, რაც აქამდე კოდექსში იყო, ყველა ხელისუფლებამ სათავისოდ გამოიყენა, რათა არ გაეცათ, ან არასრულად გაეცათ საჯარო ინფორმაცია. დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, ჩვენ ერთად ვიწყებთ მუშაობას ფაქტიურად ინფორმაციის თავისუფლების სერიოზულ, სრულმასშტაბიან რეფორმაზე, რაც იმედი გვაქვს წარმატებით განხორციელდება”, – განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი