სამართალი

მოწმე მიიჩნევს, რომ მერაბიშვილმა 26 მაისთან დაკავშირებით უკანონო ბრძანება გასცა

6 თებერვალი, 2014 • • 2504
მოწმე მიიჩნევს, რომ მერაბიშვილმა 26 მაისთან დაკავშირებით უკანონო ბრძანება გასცა

“მინისტრმა გასცა ბრძანება დაეკავებინათ მაქსიმალურად მეტი მომიტინგე, ვფიქრობ, რომ მინისტრის ბრძანება უკანონოა, მე ვფიქრობ, ასეთი ბრძანება, რომ დააკავეთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი, ზოგადად არ გაიცემა”, – განაცხადა მოწმემ.

სვიმონ ქარჩაიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2004 წლიდან დღემდე მუშაობს. როგორც მან თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა, 26 მაისის აქციის დაშლისა და რუსთაველის გამზირის დაკავების გეგმა, მინისტრის მოადგილის შალვა ჯანაშვილის დავალებით, სწორედ მან შეადგინა, თუმცა რეალურად მოვლენები გეგმის მიხედვით არ განვითარებულა.

“გეგმა, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, ორზე მეტი ქუჩის გადაკეტვას არ ითვალისწინებდა, მე ამ გეგმას ხელი მოვაწერე, გადავეცი ჯანაშვილს და შემდეგ აღარ მინახავს, ადგილზე კი ცვლილებები მოხდა, გასასვლელები დატოვებული არ იყო”, – აცხადებს ქარჩაიძე.

მისი თქმით, დანაყოფი, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, ხალხს უნდა მიწოლოდა და აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე უნდა დაეკავებინათ, თუმცა ასე არ მომხდარა:

“25 მაისს საღამოს მე უკვე ვიმყოფებოდი რუსთაველზე, დაახლოებით 00:15 საათზე შალვა ჯანაშვილმა მოგვცა ბრძანება, რომ დაგვეწყო ღონისძიება. ჩვენ სპეციალური ხმოვანი მოწყობილობით 3–ჯერ გავაფრთხილეთ მომიტინგეები, რომ დაეტოვებინათ ტერიტორია, შემდეგ კი დავიწყეთ ამოცანის შესრულება. 20–30 მეტრი გვექნებოდა გავლილი, როცა მარჯვნიდან, პარლამენტის გვერდითა ქუჩიდან, გამოვიდნენ მწვანეჟილეტიანი ქვედანაყოფები და ხელკეტებით დაუწყეს მომიტინგეებს ცემა. მე ვიცოდი, რომ აქ არავის არ უნდა ემოქმედა, ამის საჭიროებაც არ იყო. ჩვენ 9 აპრილის მემორიალამდე მივედით და გავჩერდით, რადგან წინიდანაც შსს–ს ქვედანაყოფები შემოგვეჩეხნენ. შემდეგ რომელიღაც ქვედანაყოფმა გამოიყენა გაზი, ხალხის ნაწილი კინოთეატრში შევიდა, ზოგი ღობეებზე გადადიოდა, რადგან გასასვლელი არ ჰქონდათ. ჩემი აზრით, მომიტინგეებს უნდა მისცემოდათ საშუალება დაეტოვებინათ ტერიტორია და შემდეგ, ვინც მობრუნდებოდა, იმათი დაკავება მომხდარყო”, – განაცხადა სვიმონ ქარჩაიძემ.

მისივე თქმით, თავისუფლების მოედინან დანაყოფების დაძვრის შესახებ გამართულ თათბირზე მინისტრს არ უსაუბრია:

“თათბირზე მინისტრმა მხოლოდ ის თქვა, მაქსიმალურად დააკავეთ მომიტინგეებიო, რომ არ გაგრძელებულიყო აქციები, ორივე იყავით მზად[მოადგილეები ჯანაშვილი და ლორთქიფანიძე], დამატებით გეტყვით, რა გააკეთოთო, მეტი არაფერი უთქვამს”, – ამბობს მოწმე.

მისივე თქმით, გაზის გამოყენების ბრძანება მინისტრს არ გაუცია. შეკითხვაზე, იყვნენ თუ არა სამართალდამცავები აღჭურვილი აირწინაღებით, მან განაცხადა, რომ იყვნენ:

“ჩემს დანაყოფში ყველას ჰქონდა აირწინაღი, ამის გარეშე ჩვენი დანაყოფები ღონისძიებაზე არ დადიან, ეს არის ფორმის ნაწილი, მეც მქონდა აირწინაღი.”

ქარჩაიძემ განაცხადა, რომ ოპერაციის მიმდინარეობისას პოლიციელის გარდაცვალების შესახებ არაფერი გაუგია:

“მე მერე გავიგე, რომ პოლიციელი გარდაიცვალა, იქ არ ჩანდა, სანამ შტაბში არ ავედი, ამის შესახებ არაფერი ვიცოდი, შტაბში დილის ოთხ საათზე ავედი”, – აღნიშნა მოწმემ.

სვიმონ ქარჩაიძის თქმით, ოპერაციის დასრულების შემდეგ ის დაინტერესდა იმით, თუ რატომ განვითარდა მოვლენები განსხვავებულად, რის შემდეგაც ჯანაშვილისგან მიიღო პასუხი, რომ მას დანაყოფები არ დაემორჩილნენ, ქარჩაიძის თქმით, მას დამატებითი დეტალების გარკვევა აღარ უცდია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი