სამართალი

პოლიციის არასათანადო რეაგირება ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე

31 იანვარი, 2014 • • 1878
პოლიციის არასათანადო რეაგირება ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე

„ბოლო დროს გაზრდილია იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც მოგვმართავს და გვეუბნება, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტებზე პოლიცია შემაკავებელ ორდერს არ წერს,“ – ამბობს ელისო ამირეჯიბი, “ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის” წარმომადგენელი.

 

შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები განისაზღვრება.  შემაკავებელი ორდერი მისი გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად სასამართლოს უნდა წარედგინოს, რის შედეგადაც სასამართლო გასცემს დამცავ ორდერს.

 

პოლიციის მიერ 2013 წელს გაცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა წინა წელთან შედარებით შემცირებულია: შსს-ს ინფორმაციით, 2012 წელს 307 შემაკავებელი ორდერი გამოიცა,  2013 წელს კი – 204. შსს-ს მონაცემებითვე, 2013 წლის განმავლობაში ოჯახში კონფლიქტის სულ 1578 ფაქტი დაფიქსირდა, დაახლოებით 7-ჯერ მეტი, ვიდრე შემაკავებელი ორდერი გაიცა ამავე წელს.

 

“ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელში” განმარტავენ, რომ ასეთი პრაქტიკით სამართლადამცავები დარტყმის ქვეშ აყენებენ არა მხოლოდ მსხვერპლს, არამედ ოჯახში ძალადობის შესახებ 2006 წელს მიღებული კანონის იმპლემენტაციის  საკითხს.

 

ოჯახში ძალადობის ერთ-ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია გრძელდება, დროული რეაგირებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს 2013 წლის 30 დეკემებერს მორიგი განცხადებით მიმართა “ძალადობისგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა”.

 

ნანა [სახელი შეცვლილია] 2002 წლიდან მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია. იმის მიუხედავად, რომ მის პრობლემას კარგად იცნობენ ადგილობრივი და ცენტრალური სამართალდამცავი ორგანოები, ყოფილი ქმარი ცოლზე ისევ ძალადობს.

 

ნანას, როგორც ოჯახში ძალადობის მსხვერპლის, სამართლებრივ დახმარებას ორ წელზე მეტია არასამთავრობო ორგანიზაცია “ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი” ახორციელებს. ბოლო წერილით ორგანიზაციის იურისტმა ნანას საქმეზე შსს-ს, პროკურატურას და სახალხო დამცველს 2013 წლის 12 დეკემბერს მიმართა.

 

“მცემდა 2 თვის ფეხმძიმეს. მიზეზი ასეთი ქცევის იყო პათოლოგიური სიმთვრალე, რის გამოც არაერთხელ გავხდი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. 3 თვის იყო ბავშვი, როდესაც პირველად წამოვედი ქმრის ოჯახიდან. მალევე მეუღლემ მომაკითხა ნათესავთან ერთად და ბავშვი წაიყვანეს. მეორე დღესვე ბავშვს მივაკითხე და მოხდა შერიგება,” – ამბობს ნანა.

 

მეორედ ნანა ქმრის ოჯახიდან 2 წლის შემდეგ წამოვიდა.

 

“ამჯერად 9 თვე მშობლებთან ვცხოვრობდი. ამ პერიოდში მან დაჭრა მამაჩემი. ეს ფაქტი მაშინ ოჯახმა სამართალდამცავებს დავუმალეთ იმ იმედით, რომ მეუღლე გამოსწორდებოდა. ვამჯობინე, ოჯახური კონფლიქტი შერიგებით გადამეჭრა.”

 

2008 წელს ნანას მეორე შვილი შეეძინა, თუმცა, 2010 წელს მეუღლეს საბოლოოდ დაშორდა. განქორწინების შემდეგ, 2011 წლიდან დღემდე, ნანა და მისი ოჯახი კვლავ ყოფილი მეუღლის ძალადობის მსხვერპლია.

 

2012 წელს ნანამ ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობა დაიწყო. ეს სამსახური ერთადერთი შემოსავლის წყაროა მისთვის და მისი ორი მცირეწლოვანი შვილისთვის. ყოფილი მეუღლე დღემდე აიძულებს, რომ დატოვოს სამსახური და, როგორც ნანა ამბობს, ამისთვის ყველა მეთოდს იყენებს.

 

“მძღოლებს, რომლებსაც დავყავარ სამსახურში, “აშანტაჟებს”, ემუქრება [აგიფეთქებ მანქანას, დაგიჩეხავ მგზავრებს, შეგივარდები ბორბლებში]. ამის მომსწრე არიან მგზავრებიც, თუმცა მოწმედ არავინ მიდგება. ყველა მეუბნება, მართლა რომ შეასრულოს მუქარა, შენ ამინაზღაურებ ზარალსო?”

 

2012 წლამდე ყოფილი ცოლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე სამართალდამცავების მიერ სამი შემაკავებელი ორდერი გაიცა, ასევე გამოცემული იყო დამცავი ორდერიც, თუმცა ძალადობის ფაქტები ისევ მეორდებოდა.

 

მორიგი ძალადობის ფაქტი 2012 წლის 2 დეკემბერს მოხდა. ყოფილმა მეუღლემ ნანა და მისი 9 წლის შვილი სამარშრუტო ტაქსიდან ძალის გამოყენებით ჩამოიყვანა და სცემა. როგორც ნანა ამბობს, მაშინ არც მძღოლს და არც მგზავრებს პოლიცია არ გამოუძახებიათ:

 

“ნაცემი სახლში ჩემი ფეხით მივედი და პოლიცია გამოვიძახე. მიუხედავად იმისა, რომ დამცავი ორდერი ხელში მეჭირა, როგორც გამოძიების მასალებიდან შევიტყვე, საქმე, როგორც  ყოფილი მეუღლის, ასევე, ჩემ მიმართაც ყოფილა აღძრული.”

 

პოლიციამ ცემის ფაქტიდან ერთ კვირაში ნანა დაკითხა. დაკითხვის ოქმში წერია, რომ ნანა “ყოფილი მეუღლისგან არაფერს ითხოვდა” და რომ “მათ ერთმანეთის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ”, თუმცა ამ ფრაზით ძალადობის მსხვერპლი მოძალადის პასუხისმგებლობის საკითხს არ გულისხმოდა და ეს იმავე ოქმშიც განმარტებული აქვს. ამის მიუხედავად, სწორედ ეს დაკითხვის ოქმი გახდა იმის მიზეზი, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა ორივეს მიმართ შეწყდა. თუმცა ნანას მაშინდელი დაზიანებები იმდენად რთული იყო [ეს დაადასტურა ექსპერტიზამაც], რომ რამდენიმე თვეში საკვერცხის გახეთქვის გამო მას სასწრაფო ოპერაცია დაჭირდა.

 

„[ნანას] შუბლისა და ლოყის არეში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები და ნაკაწრები, ტორსის დაჟეჟილობა. არსებული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად,” – წერია 2013 წლის 28 იანვრის ბათუმის სასამართლოს დადგენილებაში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზე დაყრდნობით.

 

“ნეტგაზეთთან” საუბარში შსს-ში განმარტავენ, რომ სწორედ იმის გამო, რომ პრეტენზიები არ გააჩნდათ მხარეებს ერთმანეთის მიმართ და ქალს ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანებები არ აღმოაჩნდა, სწორედ ამიტომ შეწყდა სისხლის სამართლის საქმე.

 

“ამ ფაქტის შემდეგ პერიოდულად ისევ მივარდებოდა სახლში, აწყობდა სცენებს, ბავშვებს ღამით აშინებდა, სახლს ქვებს ესროდა, რაზეც სოციალური სააგენტოს ფსიქოლოგიც კი ჩავრთეთ საქმეში. ვიძახებდი პოლიციას [არსებობს ოქმები]. თუმცა ჩემი საშველი მაინც არ ჩანდა. 2013 წლის 13 სექტემბერს დედაჩემმა გამოიძახა პოლიცია. პოლიციის მხრიდან არანაირი რეაგირება, გარდა გამოკითხვის ოქმის შედგენისა, არ მოყოლია. ამ ფაქტს მალევე მოყვა მეორე, უკვე უფრო მძიმე ფაქტი, 2013 წლის 6 ოქტომბერს პირად საქმეზე ოზურგეთში მიმავალს გზაში მთვრალი დამხვდა მაღაზიასთან, ყოველგვარი ახსნა- განმარტების გარეშე დამეტაკა, წამაქცია, უმოწყალოდ მცემა ფეხებით,” – ამბობს ნანა.

 

სისხლის სამართლის საქმე ისევ აღიძრა, თუმცა არ დაკითხულა არც ერთი მოწმე, გარდა დაზარალებულისა.

 

“2013 წლის ნოემბრის ბოლოს ისევ ჰქონდა ადგილი ოჯახში მოვარდნას, წიხლებს უშენდა კარს, მოვახერხე პოლიციის გამოძახება, პოლიციამ კი, იმის მაგივრად, რომ დაეკავებინათ მოძალადე, პიკაპის ავტომობილით პატივით მიაცილა სახლამდე. მეორე დღესაც დამხვდა სახლთან, ისევ შევატყობინე  გამომძიებელს ბ. მგელაძეს, თუმცა არანაირი რეაგირება არ მოუხდენია ფაქტზე. იქამდე ასე მომახსენა, „ყარაულად ხომ ვერ დაგიდგებით ეხლა შენო“.

 

ნანას საკითხზე 2013 წლის 2 დეკემბერს სამხარეო პროკურორს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ოზურგეთის ფილიალის ხელმძღვანელი თამაზ ტრაპაიძე და  ორგანიზაციის – ქალები რეგიონის განვითარებისთვის” წარმომადგენელი ქეთევან ხიდაშელი შეხვდნენ. შეხვედრის დროს  გადაწყდა, რომ მის საქმეზე ხელახლა გამოიცემოდა დამცავი ორდერი, თუმცა 12 დეკემბერს ჩატარებული სასამართლოზე მტკიცებულებების არარსებობის გამო განცხადება ნანას უკან დაუბრუნდა და დამცავი ორდერის გამოცემაზე უარი უთხრეს.

 

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით “ნეტგაზეთთან” საუბარში შსს-ში აცხადებენ, რომ „ოჯახური კონფლიქტები ხშირად ხდება და პოლიცია ყოველთვის ადეკვატურად რეაგირებს“.

 

„ამ ქალბატონთან ხშირად ხდება ხოლმე ოჯახური კონფლიქტები. იყო რამდენიმე გამოძახება. პოლიცია ყოველთვის ახდენდა რეაგირებას. სასამართლომ რამდენჯერმე გამოსცა დამცავი ორდერი. ბოლოჯერ ამ პიროვნებამ დაარღვია დამცავი ორდერის პირობები და აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 381-ე პრიმა მუხლით [დამცავი ან შემაკავებელი ორდერის მოთხოვნების შეუსრულებლობა]. საქმე დასრულებული არ არის, გამოძიება მიმდინარეობს,” – განმარტავენ შსს-ს პრესსამსახურში.

მასალების გადაბეჭდვის წესი