სამართალი

საჭიროებს თუ არა დახვეწას ე.წ. ქურდული სამყაროს შესახებ კანონმდებლობა

10 იანვარი, 2014 • 1191
საჭიროებს თუ არა დახვეწას ე.წ. ქურდული სამყაროს შესახებ კანონმდებლობა

ხმალაძე
ხმალაძე

ხმალაძეს “ნეტგაზეთი” იმიტომ დაუკავშირდა, რომ სწორედ მან ისაუბრა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე კანონში არსებული ხარვეზის შესახებ, რასაც შემდეგ ოპოზიციის კრიტიკა მოყვა. ამ თემაზე საუბრით დაიწყო დღეს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომა და განაცხადა, რომ კანონი არ გადაიხედება.

“რატომ იქმნება არაფრისგან, ბუზისგან სპილო, ეს ჩემთვის გაუგებარია”, – ამბობს ხმალაძე და დასძენს, რომ მედიის ნაწილმა მისი განცხადება არასწორად გააშუქა.

 

“კანონს აქვს ერთი ხარვეზი, რომელიც იმთავითვე ჰქონდა და ეს უკავშირდება განსაზღვრულობის პრინციპის დაუცველობას. კერძოდ, წერია, რომ ქურდული სამყაროს წევრობა ისჯება და არ არის განმარტებული, რას ნიშნავს ქურდული სამყაროს წევრობა, რაც ქმნის იმის საშიშროებას, რომ შეიძლება ეს ცნება ფართოდ იქნეს განმარტებული. ამიტომ სასურველია, რომ ეს იყოს დაზუსტებული. თუმცა ასეთი გაფართოებული ინტერპრეტაცია კანონის დღემდე არ მომხდარა, აქედან გამომდინარე, საფრთხის ალბათობა არის მცირე, ამიტომ არ მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა დადგეს ამ ნორმის გადახედვის საკითხი”, – უთხრა ხმალაძემ ნეტგაზეთს 10 იანვარს.

 

ხედავს თუ არა ანალოგიურ პრობლემას კანონმდებლობაში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია? ამ კითხვით “ნეტგაზეთმა” საიას თავმჯდომარე კახა კოჭორიძეს მიმართა.

 

“ჩვენ არ ვუჭერთ იმ იდეას მხარს, რომ დეკრიმინილიზაცია მოხდეს ქურდული სამყაროს წევრობის და აღარ ჩაითვალოს დანაშაულად. რაც შეეხება იმას, რომ რაღაც ნათლად ჩამოყალიბდეს, არც ამ მუხლთან და არც სხვა მუხლებთან დაკავშირებით პრობლემას ვერ ვხედავთ. პირიქით, უკეთესიცაა, რადგან დანაშაულზე და სასჯელზეა საუბარი და თუ ადამიანს უკეთესად ეცოდინება, რომ რა შემთხვევაში შეიძლება მას მოუწიოს პასუხისგებაში მიცემა, რა თქმა უნდა, ეს უკეთესი იქნება” , – ამბობს კახა კოჭორიძე.

 

კახა კოჭორიძე
კახა კოჭორიძე

“ახლა, რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას  – სისხლის სამართლის კოდექსში 223 პრიმა მუხლში წერია ქურდული სამყაროს წევრობა და პირდაპირ გადავდივართ, რომ ისჯება ამდენით. რას ნიშნავს ქურდული სამყაროს წევრობა, სისხლის სამართლის კოდექსში არ წერია. ეს წერია ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ კანონში. ამ კანონში განმარტებულია ქურდული სამყაროს წევრობა რას ნიშნავს და, შესაბამისად, როცა განმარტება მოხდება, მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსით კი არ უნდა იხელმძღვანელოს განმმარტებელმა, არამედ აღნიშნული კანონითაც. საუბარი იმაზე, რომ იმ კანონში არსებული განმარტება დაიხვეწოს, ის განმარტება გადმოვიდეს სისხლის სამართლის კოდექსში – ეს შეძლება მსჯელობის საგანი იყოს, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ და ამ ამბავს არ აღვიქვამ როგორც ქურდული სამყაროს წევრობის დეკრიმინილიზაციის იდეის ლობირებად”.

 

კოჭორიძე ასევე ამბობს, რომ ამ თვალსაზრისით საინტერესოა პრაქტიკის ანალიზიც. მისი თქმით, იმ მცირე განაჩენების მიხედვით, რაც საიას  აქვს ქურდული სამყაროს წევრობასთან დაკავშირებით, პრობლემური იყო არა კანონი, არამედ გამოძიება და სასამართლო მიდგომა.

 

ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ კანონში ქურდული სამყაროს წევრობა ასეა განმარტებული:   ნებისმიერი პირი, რომელიც აღიარებს ქურდულ სამყაროს და აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად.

 

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ქურდული სამყაროს წევრობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ, ხოლო  კანონიერი ქურდობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი