პრემიერ–მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხებში თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ ზემოხსენებული დოკუმენტების შექმნა უწყებათაშორის კომისიას დაევალა, რომელიც მთავრობის დადგენილებით შეიქმნა და რომელშიც წარმოდგენილია თითქმის ყველა სამინისტრო მინისტრის მოადგილეების დონეზე, სასამართლო ხელისუფლება, არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები. ასევე, კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესომბუდსმენი, სახალხო დამცველი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი.
ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ სტრატეგია უფრო გრძელვადიანი იქნება, რადგან ის სახელმწიფოს დამოკიდებულებას ასახავს საკითხისადმი და, სავარაუდოდ, 2014–2020 წლებზე გაიწერება, ხოლო სამოქმედო გეგმა, რომელიც პრობლემების მოგვარების კუთხით თითოეული უწყების მიერ გადასადგმელი ნაბიჯებს განსაზღვარვს დეტალურად, შედარებით მოკლევადიანი იქნება და მხოლოდ 2 წლით განისაზღვრება.
მისივე განმარტებით, დოკუმენტების შექმნის საფუძველი იქნება ის ანგარიში, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე ტომას ჰამერბერგმა მოამზადა – “საქართველო გარდამავალ პერიოდში”. ჩუგოშვილის განმარტებით, ეს არის სრულიად ობიექტური და მაღალპროფესიული დასკვნა და სამოქმედო გეგმამ სწორედ იმ გამოწვევებს უნდა უპასუხოს ეფექტურად, რაც ამ დოკუმენტშია ასახული. ჩუგოშვილის განმარტებით, გარდა ჰამერბეგისა, პროცესში აქტიურად არის ჩაბმული გაეროს განვითარების პროგრამა და მისი ექსპერტი ელიზაბეტ აბირაი.
“დარწმუნებული ვარ, როდესაც მთავრობას ექნება ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტის სამოქმედო გეგმა, ყველასთვის უფრო ნათელი გახდება, რომ ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ და ნამდვილად გვსურს საქართველოში დავამკვიდროთ ევროპული სტანდარტების შესაბამისი ადამიანის უფლებები და ავაშენოთ რეალურად მყარი დემოკრატიული ინსტიტუტები”, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 4 დეკემბერს სასტუმრო “რადისონში” გამართულ კონფერენციაზე, რომელიც სწორედ ამ სამოქმედო გეგმის და სტრატეგიის შექმნას უკავშირდებოდა.
“ადამიანის უფლებების სათანადო დაცვა ქართული სახელმწიფოს შექმნას უდრის. მოხარული ვარ, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ეს გააზრებული აქვს. თუ რაიმეზე შეიძლება ითქვას, რომ უნდა იყოს ნულოვანი ტოლერანტობა, ვამბობთ: ნულოვანი ტოლერანტობა ადამიანის უფლებების დარღვევებს. სწორედ ეს იქნება ჩვენი სტრატეგია”, – აცხადებს დავით უსუფაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე, და ვარაუდობს, რომ ზემოხსენებული სტრატეგია მომავალი წლის დასაწყისშივე დამტკიცდება.
“აქ იქნება ძალიან კონკრეტული ვადები, რა საკითხს, რამდენ ხანში გავუმკლავდებით. ყველა უფელბებზე იქნება სათანადო სტანდარტი ჩამოყალიბებული და ამ სტანდარტებს მივყვებით”.
მთავრობის მიერ ზემოხსენებული პროცესის დაწყებას მიესალმება უფლებადამცველი გიორგი გოგია, რომელიც სამხრეთ კავკასიაში Human Rights Watch-ს წარმოადგენს, თუმცა მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რამდენად ხარისხიანად მოხდება იმ გეგმის იმპლემენტაცია, რომელსაც კომისია შეიმუშავებს:
“იმისათვის, რომ ეს არ იყოს რაღაც ზოგადი დოკუმენტი, რომელიც მხოლოდ თაროზე შემოიდება და მისი მნიშვნელობა იქნება ნაკლები, უნდა ჩაიდოს კონკრეტული ინდიკატორები გეგმის თითოეული ნაბიჯის გასწვრივ, რომელიც საშუალებას მისცემს, როგორც ხელისუფლებას, ასევე, ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის თვითონ სამოქალაქო საზოგადოებას, რომ გააკონტროლოს, სრულდება თუ არა გეგმით აღებული ვალდებულებები. ვგულისხმობ ინდიკატორებს, რომლითაც განისაზღვრება, შესრულდა თუ არა ესა თუ ის ნაბიჯი მოცემული პერიოდისთვის. მიმაჩნია, რომ ეს [პროცესის დაწყება] წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის არსებობა თავისთავად პანაცეა არ არის და მნიშვნელოვანია მისი რეალურად განხორციელება და მონიტორინგის მექანიზმი. მე შემიძლია რამდენიმე მაგალითი მოგიყვანოთ, მათ შორის ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანის, რომელსაც სამჯერ ჰქონდა მიღებული ასეთი სახის გეგმა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ წინგადადგუმლი ნაბიჯებიც მოჰყვა ამ ყველაფერს”, – ამბობს გოგია და დასძენს, რომ სამოქმედო გეგმამ ადამიანის უფლებების ფართო სპექტრი და ყველა მიმართულება უნდა მოიცვას:
“უმცირესობების უფლებები ძალიან მნიშვნელოვანია, პატიმრების უფლებები. ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი მექანიზმი, რომელიც შეისწავლიდა სამართალდამცველი სტრუქტურების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს: გადამეტებული ძალის გამოყენება იქნება, თუ არაადამიანური მოპყრობა. ასეთი მექანიზმის შექმნაა ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე, თანასწორობის უფლება, გენდერული თანასწორობა, შეკრების თავისუფლება, სხვადასხვა უმცირესობის უფლებები, რომლებიც ზედაპირზეც ჩანს და რომელთა გადაჭრის გზები ამ გეგმაში უნდა იყოს განსაზღვრული”.
სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით კონკრეტული მოლოდინები აქვს არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობის” წარმომადგენელ ირაკლი ვაჭარაძეს, რომელიც ლგბტ თემთან მუშაობს:
“მე არ მაინტერესებს, რამდენად მაღალ დონეზე გაკეთდება განცხადებები, რადგან თუ პრემიერ–მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე არ არიან ჰომოფობები, ეს სრულიად არ ნიშნავს, რომ ქვედა დონეზე, იქ, სადაც ირღვევა ადამიანის უფლებები, რამე კეთდებოდეს. კარგი იყო, რომ დღეს ღარიბაშვილმა პირდაპირ თქვა, ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობებიო, შეიძლება მექანიკურად გამოუვიდა, მაგრამ ეს სამი ჯგუფი იყო წელს მართლაც, რომლის მიმართაც განსაკუთრებით გამძაფრდა უარყოფითი დამოკიდებულება. მე ვფიქრობ, რომ მომავალ წელს, როდესაც ეს სამოქმედო გეგმა გაიწერება, ამ 3 ჯგუფის უფლებები იქნება პრობლემატიზირებული და წინ წამოწეული. ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნება, თუ ამ სამოქმედო გეგმის ფარგლებში კონკრეტულ სამინისტროებს დაევალებათ თავისი მისიის ფარგლებში რაღაცების გაკეთება. განათლების სფერო, ჯანდაცვა და პოლიცია – მე რომელ თემთანაც ვმუშაობ, ყველაზე მეტად აქ ირღვევა უფლებები. სკოლაში ბულინგი, ექიმების მხრიდან დისკრიმინაცია ძალიან ხშირია. ეს გეგმა თუ ამ გამოწვევებს უპასუხებს, მაშინ – კი, ბატონო”, – აცხადებს ვაჭარაძე.
როგორც ირკვევა, ჯერჯერობით არ არსებობს საერთო აზრი იმის შესახებ, თუ ვინ უნდა განახორციელოს იმის კონტროლი, სრულდება თუ არა სამოქმედო გეგმა: სამთავრობო კომისიამ, პარლამენტმა, სახალხო დამცველის აპარატთან არსებულმა რაიმე საბჭომ, თუ სხვა ორგანიზაციამ. თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ სახალხო დამცველი, პარლამენტი და არასამთავრობო სექტორი ადამიანის უფლებების მონიტორინგს ისედაც ახორციელბენ, შესაბამისად, ზემოხსენებული მექანიზმების მიერ განხორციელებული პარალელური კონტროლი ერთი–მეორესთან წინააღმდეგობაში არ მოდის. დეპუტატები – ეკა ბესელია და მანანა კობახიძე ფიქრობენ, რომ კონტროლი პარლამენტმა უნდა აიღოს ხელში. ამავე აზრს იზიარებს გიორგი გოგიაც, ხოლო საიას თავმჯდომარე კახა კოჟორიძე ფიქრობს, რომ მთავრობის ან პარლამენტის მიერ განხორციელებული კონტროლი ისეთი ეფექტური არ იქნება, როგორიც სახალხო დამცველის ოფისის ბაზაზე დაფუძნებული საბჭოსი, რომელშიც სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები შევლენ. მისი თქმით, პარლამენტში უმრავლესობას იგივე ძალა ფლობს, რომელიც მთავრობაშია. შესაბამისად, ასეთი კონტროლი შედარებით ნაკლებად ეფექტური იქნება.
ზემოხსენებული უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში საია, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო და კონსტიტუციის 42–ე მუხლი მონაწილეობენ, თუმცა, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, კომისია სხვადასხვა საჯარო შეხვედრებისა და კონფერენციების ფორმატებით ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ითანამშრომლებს და წინადადებებს მოისმენს.