ცვლილებები სასჯელაღსრულების სამინისტრომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტთან ერთად შეიმუშავა. როგორც სასჯელაღსრულების მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე აცხადებს, საკანონმდებლო ცვლილებები ახალი ხელისუფლების რეფორმების განსახორციელებლად აუცილებელი იყო:
“ჩვენ მიერ გაცხადებული რეფორმების განხორციელებას, ბუნებრივია, სჭირდება სამართლებრივი უზრუნველყოფა. პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ მოხდება პატიმრების კლასიფიცირება, იქნება ორი ახალი ტიპის დაწესებულება. ეს იქნება დაბალი რისკის დაწესებულება, ე.წ. საწარმოო ზოლი, სადაც არაკრიმინალური სამყაროს პატიმრები დასაქმდებიან და შეისწავლიან პროფესიებს და ასევე იქმნება მკაცრი მეთვალყურეობის დაწესებულება მაღალი რისკის მატარებელი პატიმრებისათვის, მათთვის, ვინც არღვევს შინაგანაწესს, ვინც ცდილობს კრიმინალური სამყაროს გავლენის გაძლიერებას ციხეებში. ასევე შედის სხვა მრავალი ცვლილება, რომელიც პატიმართა უფლებრივ მდგომარეობას აუმჯობესებს. ამ ყველაფრს თაობაზე ჩვენ დღეს არასამთავრობო სექტორისგან შენიშვნებს და რეკომენდაციებს მივიღებთ”, – აცხადებს გიორგაძე.
საკუთარი რეკომენდაციები სამინისტროს უკვე წარუდგინა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. როგორც საიას აღმასრულებელი დირექტორი ეკა ფოფხაძე აცხადებს, საერთო ჯამში, ცვლილებები პოზიტიურია, თუმცა არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია:
“ჩვენ გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი, პრინციპული შენიშვნა. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ დღეს, სამწუხაროდ,
საზოგადოებრივ ორგანიზაციებს არ აქვთ ბერკეტი ციხეებში შესვლისა და მონიტორინგის განხორციელების, ამიტომ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია არის ის, რომ პატიმრობის კოდექსმა დაარეგულიროს და სამოქალაქო მონიტორინგი და საზოგადოებრივი კონტროლი განხორციელდეს სასჯელაღსრულებით დაწესებულებებზე. გარდა ამისა ჩვენ გვაქვს რეკომენდაციები წამებისა და არასათანადო მოპყრობის ბრძოლის კუთხით, რა უნდა გაუმჯობესდეს, რა მექანიზმები უნდა შეიმუშაოს კანონმდებლობამ, რომ აღკვეთილ იქნას ასეთი შემთხვევები”, – აცხადებს ეკა ფოფხაძე.
საიას კიდევ ერთი რეკომენდაცია ლეტალური და არალეტალური იარაღის გამოყენებას ეხება:
“ჩვენ ვფიქრობთ, რომ უფრო მკაცრად უნდა განისაზღვროს კანონმდებლობაში ნორმები ამ სახის იარაღის გამოყენებაზე, რადგან მაინც დახურული ტიპის დაწესებულებაში ამ იარაღის გამოყენებას შეიძლება დიდი საფრთხე მოჰყვეს პატიმართა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მიმართ”
საიას რეკომენდაცია შეეხო ვიდეო და აუდიოკონტროლსაც. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ უნდა განისაზღვროს ის ადგილები, სადაც პატიმრებს პირადი ცხოვრების დაცვის მაღალი მოლოდინი ექნებათ და სადაც დაუშვებელი იქნება ვიდეო და აუდიოკონტროლის განხორციელება.
“არის კიდევ სხვა კონკრეტული რეკომენდაციები, შეიძლება ითქვას, უფრო სპეციფიკური, მაგალითად ის, რომ პატიმარი საკუთარ ხარჯზე თვეში რამდენჯერმე ახორციელებს სატელეფონო საუბარს კანონმდებლობით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ კანონმდებლობა, სამწუხაროდ, არ ითვალისწინებს იმას, რომ არსებობენ სოციალურად დაუცველი ოჯახები და პატიმრები, რომლებიც საკუთარ ხარჯზე ამას ვერ განახორციელებენ და ასეთ გამონაკლისებს კანონმდებლობა უნდა უშვებდეს, რომ სახელმწიფო ხარჯით განხორციელდეს ეს”, – ამბობს ფოფხაძე.