სამართალი

ქალის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობის მუხლით

14 ნოემბერი, 2013 •
ქალის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობის მუხლით

განზრახ მკვლელობა დამამცირებელ გარემოებაში, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, ჯგუფურად, ანგარებით და შეკვეთით – პროკურატურის მიერ წაყენებული ამ ბრალდების არსი კახა და ანზორ დიასამიძეებს, სასამართლო დარბაზში მყოფ 30-მდე მათ ახლობელსა და ჰაიოტ რაჯაბოვს, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა კიდევ ერთხელ დეტალურად აუხსნა.

 

მოსამართლემ კახა დიასამიძესა და უზბეკეთის მოქალაქე ჰაიოტ რაჯაბოვს განუმარტა, რომ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ 16-20 წლით ან სამუდამო პატიმრობა ემუქრება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი, ანზორ დიასამიძეს დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ელის.

 

პროცესზე 33 წლის კახა დიასამიძემ მოსამართლეს განუმარტა, რომ თავს ნაწილობრივ ცნობს დამნაშავედ.

 

“შემაცდინა პიროვნებამ [ჰაიოტ რაჯაბოვმა] მე დაშინება მინდოდა, ქვა ჩაარტყა იმან და მე მაბრალებს”, – უთხრა მან მოსამართლეს.

 

წინასწარი გამოძიების მასალებით, კახა დიასამიძემ უმწეო მდგომარეობაში მყოფს “კისერი მოტეხა”. დაკავებამდე კახა დიასამიძე ბათუმის სამაშველო სამსახურში მუშაობდა.

 

კახა დიასამიძის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არის აგვისტოს ომის მონაწილე. ადვოკატმა მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა საქმეზე დაერთო კახა დიასამიძის ყოფილი სამსახურიდან მოტანილი დახასიათება. მოსამართლემ მისი შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

 

უზბეკეთის მოქალაქემ, 30 წლის ჰაიოტ რაჯაბოვმა, თამარ ბეჟანიშვილს უთხრა, რომ მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას სრულად აღიარებს, ერთი გამონაკლისით. მან მოსამართლეს თარჯიმნის მეშვეობით ამ გამონაკლისის შესახებ არაერთგზის გაუმეორა:

 

“ეს არ არის მკვლელობა შეკვეთით და ჯგუფის მიერ. მე ჩავიდინე განზრახვით და ისინი [დიასამიძეები] არ არიან დამნაშავეები. მოტივი მქონდა მკვლელობის. ისინი საქმის კურსში არ იყვნენ, მე ჩავიდინე დანაშაული”.

 

სასამართლო გამოძიებისგან განსხვავებით, ჰაიოტ რაჯაბოვს წინასწარი გამოძიებასთან ნათქვამი აქვს, რომ გარდაცვლილს ქვა თავში კახა დიასამიძემ ჩაარტყა.

 

პროკურორი რამაზ შავაძე მიიჩნევს, რომ გოგონა ორივე ბრალდებულმა მოკლა. პროკურორი 10 წუთის განმავლობაში კითხულობდა საქმეში არსებულ მტკიცებულებების ჩამონათვალს. ამ ჩამონათვალში ფიგურირებს გარდაცვლილის რამდენიმე თმის ღერი, რომელიც ძიებამ ეჭვმიტანილების ფეხსაცმლიდან ამოიღო.

 

ძიების ვერსიით, გოგონას მოკვლაზე დაკვეთა ჰაიოტ რაჯაბოვმა უზბეკეთის მოქალაქე ნარგიზ რახმანოვასგან მიიღო. რაჯაბოვმა, თავისმხრივ, “დასახმარებლად” კახა დიასამიძეს მიმართა. კახა დიასამიძემ საქმეში ჩართო თავისი ბიძაშვილი, ანზორ დიასამიძე, რომელიც ტაქსის მძღოლად მუშაობდა.

 

ანზორ დიასამიძის ტაქსით ჯგუფმა გოგონა მოტყუებით წაიყვანა თბილისის მიმართულებით – თითქოსდა თბილისის აეროპორტიდან სამშობლოში გამგზავრების მოტივით (ძიების ვერსიით, გოგონამ ვერ გაუძლო პროსტიტუციაში ჩართვას. ის ნარგიზა რახმანოვას მხილებით ემუქრებოდა, ამიტომ მისი მოცილება გადაწყდა). სურამში ივახშმეს, ხაშურიდან კი ტაქსმა მიმართულება შეიცვალა და ბეშუმში წავიდა.

 

რაიხონ კურანბაევა 2013 წლის 23 მაისს, ღამის ორ საათზე, ბეშუმში მოკლეს, გვამი კი მკვლელობის ადგილზე დატოვეს. გახრწნილი ცხედარი გამვლელმა ორი თვის შემდეგ, შემთხვევით შენიშნა.

 

ძიების ვერსიით, ნარგიზ რახმანოვას მიერ 25 წლის გოგოს მოკვლისთვის გადახდილი 2000 დოლარი კახა დიასამიძემ და ჰაიოტ რაჯაბოვმა გაიყვეს, ანზორ დიასამიძემ კი მომსახურებაში 200 დოლარი და ბენზინი მიიღო.

 

რაც შეეხება ნარგიზ რახმანოვას, ის მკვლელობის შემდეგ გაიქცა. საქართველოში მას ტრეფიკინგის ბრალდებით ეძებენ. ძიებას ჰყავს ოთხი მოწმე, რომლებიც ამბობენ, რომ რახმანოვამ მათ წაართვა პასპორტები და იძულებით ჩართო პროსტიტუციაში. ოთხივე მოწმე საქართველომ ტრეფიკინგის მსხვერპლად აღიარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი