სამართალი

ბრძოლა მუდმივი მოსამართლეობისთვის

17 სექტემბერი, 2013 •
ბრძოლა მუდმივი მოსამართლეობისთვის

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ წარმოადგინა სამი ახალი კანონპროექტი, რომელიც სასამართლო სისტემაში ცვლილებებს ეხება. სამინისტრო ყველა დაინტერესებული პირისგან ორი კვირის ვადაში ელოდება შენიშვნებს, რის შემდეგაც ხელახლა დამუშავებულ კანონპროექტებს ოქტომბრის დასაწყისში წარუდგენს მთავრობას, შემდეგ კი – პარლამენტს.

 

იუსტიციის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძე „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ხელისუფლებას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, გაუგზავნის თუ არა აღნიშნულ კანონპროექტებს შესაფასებლად ვენეციის კომისიას და გაითვალისწინებს თუ არა მათ დასკვნებს. ბარამიძის თქმით, ამაზე გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებენ.

 

„ამ ცვლილებების მიზანი არის ის, რომ განვსაზღვროთ მოსამართლეთა თანამდებობაზე გამწესების, საკონსტიტუციო ცვლილების ამოქმედებასთან დაკავშირებული საკითხები. მაგალითად, მნიშვნელოვანია კანონმდებლობა მოვიდეს შესაბამისობაში კონსტიტუციის იმ რედაქციასთან, რომელიც ამოქმედდება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოსამართლეთა უვადო დანიშვნამდე, რასაც კონსტიტუცია ითვალისწინებს, მოსამართლეები უნდა
დაინიშნონ სამწლიანი ვადით, რასაც ასევე ითვალისწინებს ის საკონსტიტუციო ჩანაწერი, რომელიც ამოქმედდება და ამის შემდეგ შეიძლება იმსჯელოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, გაამწესოს თუ არა მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ, საპენსიო ასაკის დადგომამდე“, – აცხადებს სანდრო ბარამიძე.

 

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის იდეას ეწინააღმდეგება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე, რომელიც ასევე არის იმ არასამთავრობოთა კოალიციის ხელმძღვანელი, რომელმაც იუსტიციის სამინისტროს ამ კანონპროექტებზე დასკვნა უნდა წარუდგინოს.

 

„მოსამართლეები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ის წევრები, რომლებიც მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არიან არჩეულები, ამბობენ, რომ მოსამართლეთა სრული შემადგენლობა უვადოდ უნდა დაინიშნონ და როგორც კი ეს ნორმა ამოქმედდება, ავტომატურად უვადოდ დაინიშნონ. უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა 65 წლამდე უნდა გაუგრძელდეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არ უნდა მოხდეს, რადგან საქართველოს კონსტიტუციურ კანონის
გარდამავალ დებულებაში, რომლითაც ცვლილება შევიდა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით, წერია, რომ ეს წესი არ შეეხოს მოქმედ მოსამართლეებს. ანუ, ამ კონსტიტუციური ცვლილების გარდამავალი დებულების
არსია – ვინც დაინიშნება ამ ნორმის ამოქმედების შემდეგ, ის იყოს უვადოდ დანიშნული”, – მიიჩნევს იურისტი კახა კოჟორიძე.

 

მისივე მოსაზრებით, დღეს მოქმედი წესები, რომლებიც არეგულირებს მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის საკითხს, არ არის სრულყოფილი, კონკურენტული და, შესაბამისად, დასახვეწია, რადგან ასეთი დაუხვეწავი წესებით მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა არ იქნება სწორი.

 

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესის გაუქმებას ეწინააღმდეგება პარლამენტარი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით საყვარელიძე, რომელიც აცხადებს, რომ ხელისუფლებამ არა რეფორმის მეორე ტალღა, არამედ სასამართლოზე ზეწოლის მეორე ეტაპი დაიწყო.

 

„პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც უარყოფითად ვუყურებ, ცვლიან მოსამართლეთა სამუდამოდ დანიშვნის წესს. ჩვენ რასაც წლების განმავლობაში მივაღწიეთ, ეს იყო მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა – მათი თავისუფლების
ერთ-ერთი გარანტია. ამის მერე მოსამართლეს ვერანაირი პოლიტიკური ბალანსის შეცვლა ვერ აიძულებს შეიცვალოს ქმედება“, – მიიჩნევს დავით საყვარელიძე და ამბობს, რომ ხელისუფლებას ამ გზით სურს მისთვის არასასურველი, ამჟამად მოქმედი მოსამართლეების ჩამოშორება.

 

„საქართველოს მოსამართლეთა ერთობის“ თავმჯდომარემ, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ნათია გუჯაბიძემ „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ, მისი მოსაზრებით, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა ნამდვილად არის მათი დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი და თუ ამის პოლიტიკური ნება იქნება, ხელისუფლებამ ეს საკონსტიტუციო ცვლილებით უნდა დაამტკიცოს და არა მისი ქვემდგომი ორგანული კანონით, როგორც ამას ითხოვს
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი.

 

დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებით „ნეტგაზეთს“ სურდა მოესმინა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებისა და სასამართლო ადმინისტრაციის, ასევე, სასამართლოების თავმჯდომარეების პოზიციები, თუცა, მათ ამ ეტაპზე საკითხის შეფასებისგან თავი შეიკავეს.

 

რაც შეეხება წარმოდგენილ კანონპროექტებს – ამის მიხედვით სასამართლოში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდება. მოსამართლე ნათია გუჯაბიძე ამბობს, რომ ის მიესალმება რეფორმის პირველი ტალღის შედეგად განხორციელებულ, მისი აზრით, დემოკრატიულ ცვლილებებს, ასევე, მეორე ტალღას. მისივე თქმით, ეს პროცესი იმით არის გამორჩეული, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება კანონპროექტებზე მუშაობის პროცესში დაინტერესდა მოსამართლეთა მოსაზრებებით, მათი შენიშვნებისა და მოსაზრებების მნიშვნელოვანი ნაწილი გაითვალისწინა.

 

„ჩვენი, მოსამართლეთა იდეა იყო, რომ საქმის განაწილების წესი შეცვლილიყო კანონის ცვლილების შედეგად. დღეს მოქმედი საერთო სასამართლოების შესახებ კანონის თანახმად, საქმის განაწილების უფლებამოსილი პირი გახლავთ სასამართლოს თავმჯდომარე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უფრო დემოკრატიული და ყოველგვარი კითხვის ნიშნის გამომრიცხველი წესი იქნებოდა საქმის განაწილების ელექტრონული პროგრამა. ამ პროგრამაში სასამართლოს არც ერთ თანამშრომელს ხელი არ მიუწვდება ჩაანაცვლოს, რიგითობა დაარღვიოს, ან სასურველ მოსამართლეს დაუქვემდებაროს ესა თუ ის საქმე. ეს ობიექტური კრიტერიუმია საქმეთა განაწილების. თუ ეს დაინერგება, ეს იქნება სერიოზული მიღწევა. ყოველგვარი კითხვის ნიშანი, ესა თუ ის საქმე ობიექტურად მოხვდა თუ არა მოსამართლესთან, გამოირიცხება“, – ამბობს ნათია გუჯაბიძე. მისივე განმარტებით, ეს კითხვის ნიშნები ლოგიკურად ჩნდებოდა წლების განმავლობაში.

 

ნათია გუჯაბიძის თქმით, მათი რეკომენდაციის შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტით იზღუდება სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები.

 

„ჩვენ გვინდა, რომ თავმჯდომარის ინსტიტუტი იყოს არა პრივილეგია, არამედ ვალდებულება, რომელსაც ყველა მოსამართლე იტვირთებს. ეს ნიშნავს, რომ სასამართლო მესამე პირებთან წარმოადგინო ურთიერთობებში, ასევე, განიხილავდე საქმეებს. ეს, რა თქმა უნდა, დიდ დროს მოითხოვს და არის ტვირთი. დღეს ეს პრივილეგია რომ არის, ამას სხვადასხვა შეღავათი მოწმობს, რაც სასამართლოს თავმჯდომარეებს აქვთ. მაგალითად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს რიგით მოსამართლესთან შედარებით 1700 ლარით მაღალი ხელფასი აქვს. მას ემსახურება პირადი მანქანა, აქვს სხვა შეღავათები, განსხვავებულად მოწყობილი სამუშაო გარემო და ა.შ. გარდა ამისა, საქართველოში
დამკვიდრებულია მანკიერი პრაქტიკა, – დიდი სასამართლოს თავმჯდომარეები თვითონ არ განიხილავენ საქმეებს“, – უთხრა „ნეტგაზეთს“ ნათია გუჯაბიძემ.

 

მოსამართლის თქმით, ასევე დემოკრატიულია ნორმა, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევას იმ მოსამართლეების მიერ, რომელ სასამართლოს თავმჯდომარეც უნდა გახდეს აღნიშნული პირი. თუმცა ნათია გუჯაბიძე ამბობს, რომ მოსამართლეთა ნაწილს სურდა, სასამართლოების თავმჯდომარეები შერჩეულიყვნენ წილისყრით.


ერთ-ერთი ცვლილება, რასაც შემოთავაზებული კანონპროექტი ეხება, არის მოსამართლეთა მივლინების წესის შეცვლა. კანონპროექტის მიხედვით, მოსამართლის მივლინებისთვის აუცილებელი იქნება მისი თანხმობა და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, ყველა რესურსის ამოწურვის შემდეგ, გაუშვებენ მას მივლინებით სხვა სასამართლოში. ეს სასამართლო იქნება ახლომდებარე და იმავე ინსტანციის.


მოსამართლე ნათია გუჯაბიძე იხსენებს, რომ მივლინების ინსტიტუტი არაერთხელ ყოფილა გამოყენებული მოსამართლეთა ირიბი დასჯის მიზნით და ეს ცვლილება მნიშვნელოვანია.


„ეს შეიძლება ყოფილიყო ირიბი დასჯა, რასაც ხშირ შემთხვევაში აქტიურად იყენებდნენ სასამართლოს მესვეურები. უნდა შეიქმნას ისეთი სისტემა, რომ ობიექტურად იქნეს შესაძლებელი მოსამართლის მივლინება ერთი სასამართლოდან მეორეში“, – ამბობს ნათია გუჯაბიძე.


მოსამართლეთა მივლინების წესის შეცვლას, ასევე, სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევის წესის შემოღებას, დადებითად აფასებს როგორც საია-ს თავმჯდომარე, ისე მოსამართლე ნათია გუჯაბიძე. მივლინების წესის შეცვლას ასევე ეთანხმება „ნაცმოძრაობის“ წევრი დავით საყვარელიძე, რომელიც ამბობს, რომ მოსამართლის თანხმობის გარეშე ის მივლინებით სხვაგან არ უნდა გაუშვან სამუშაოდ. თუმცა, საყვარელიძის აზრით, მსგავსი საკითხები ნაკლებმნიშვნელოვანია და მთავარია რეფორმის ძირითადი არსი, რომლის მიხედვითაც, მოსამართლეები უვადოდ არ დაინიშნებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი