სამართალი

ომბუდსმენი ხელისუფლებას მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი მექანიზმის შექმნისკენ მოუწოდებს

12 აგვისტო, 2013 • 1961
ომბუდსმენი ხელისუფლებას  მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი მექანიზმის შექმნისკენ მოუწოდებს

უჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი

2013 წლის 26 ივლისს, სასჯელაღსრულების  #17-ე დაწესებულებაში მოშიმშილე მსჯავრდებულებთან შეხვედრისა და მათი პრობლემების გაცნობის შემდეგ, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ აუცილებელია დაჩქარდეს სისხლის სამართლის საქმეების გადახედვის პროცესი, ვინაიდან მართლმსაჯულების ხარვეზის დამდგენი მექანიზმის შექმნის გაჭიანურება უარყოფითად მოქმედებს არაერთი მსჯავრდებულის მდგომარეობაზე. სახალხო დამცველის აზრით, აუცილებელია ისეთი ეფექტური სამართლებრივი მექანიზმის შექმნა, რომელიც რეაგირებას მოახდენს იმ პატიმრების საჩივრებზე, ვისაც ბრალი არ უღიარებია ან/და თავს უდანაშაულოდ, ან უკანონო პატიმრად მიიჩნევს.

 

სახალხო დამცველს დღემდე არაერთი მსჯავრდებული მიმართავს, რომელსაც მიაჩნია, რომ მისი გასამართლება უკანონოდ და შესაბამისი პროცესუალური უფლებების სერიოზული დარღვევით მოხდა. ასობით პატიმარი საუბრობს წამებაზე, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობაზე, როგორც დაკავების, ასევე სასჯელაღსრულების სისტემაში ყოფნის დროს. პატიმართა საჩივრების დიდი ნაწილი შეეხება ბრალის აღიარებისა თუ ბრალდების მხარის მტკიცებულებათა მოპოვების მიზნით, მოწმეებზე განხორციელებულ ზეწოლასა და იძულებას პოლიციისა და პროკურატურის წარმომადგენელთა მხრიდან. ბრალდებულზე ან მოწმეზე ზეწოლის, იძულების თუ არასათანადო მოპყრობის ფაქტების დადასტურება შესაძლებელია მხოლოდ ახალი გამოძიების ჩატარების შემთხვევაში. მოქმედი სამართლებრივი ნორმების პირობებში, შეუძლებელია მსგავსი განცხადებები, თუნდაც სისხლის სამართლის საქმეზე მოწმეთა შეცვლილი ჩვენებები, გახდეს ძალაში შესული განაჩენის გაუქმებისა თუ გადასინჯვის საფუძველი.

 

ფაქტია, რომ ათასობით მსგავსი საჩივრის არსებობის პირობებში მთავარი პროკურატურის მიერ მათი განხილვა საკმაოდ ჭიანურდება.

 

ხშირია შემთხვევები, როცა მოქალაქეები სახალხო დამცველს მომართავენ პრეტენზიით, რომ მათი საჩივრები, ზეწოლის, მუქარის თუ არაადამიანური მოპყრობის თაობაზე განსახილველად იმ გამომძიებლებსა თუ პროკურორებს გადაეცემათ, ვინც მათ საქმეში ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობდა. აღნიშნული გარემოებები კიდევ ერთხელ ადასტურებს მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მექანიზმის შექმნის აუცილებლობას.

 

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ხელისუფლებამ გააქტიუროს თავისი მუშაობა მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი ეფექტური მექანიზმის შექმნის თვალსაზრისით. ამასთან, მსგავსი მექანიზმი უნდა განიხილავდეს არა მხოლოდ სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული, არამედ ყველა იმ პირის საჩივარს, რომელიც თვლის, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელებისას, მის მიმართ დაირღვა  სამართლიანი სასამართლოს უფლება.

 

მნიშვნელოვანია, რომ მექანიზმი, რომელიც შეიქმნება, არ იყოს ამოვარდნილი სახელმწიფოს კონსტიტუციურ–სამართლებრივი სივრციდან. აუცილებელია, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების დადგენის სისტემას გააჩნდეს იმგვარი კონსტიტუციურ–სამართლებრივი ლეგიტიმაცია, რომელიც განაპირობებს მის სრულ დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას.

 

ამგვარ ინსტიტუტად შესაძლებელია განვიხილოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, რომლის კომპეტენციის გაფართოების შემთხვევაში, სახელმწიფო შექმნიდა საკმარისი დამოუკიდებლობითა და მიუკერძოებლობით აღჭურვილ მართლმსაჯულების კონსტიტუციური კონტროლის ეფექტურ ინსტიტუტს. საკონსტიტუციო სასამართლოს საკმაოდ მდიდარი გამოცდილება აქვს, ეფექტურად განახორციელოს, როგორც განვლილ წლებში მართლმსაჯულებაში არსებული ხარვეზების სწორი და კვალიფიციური სამართლებრივი შეფასება, ისე სისტემური პრობლემების სამომავლო პრევენცია. სასამართლო სისტემის ამგვარი რეფორმა უზრუნველყოფდა მართლმსაჯულებაში არსებული ხარვეზების გამოსწორებას, და სამომავლოდ განაპირობებდა იმგვარი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც უზრუნველყოფდა საქართველოს კონსტიტუციის უშუალოდ მოქმედ სამართლად ქცევას.

 

საქართველოს სახალხო დამცველი მიმართავს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს, მაქსიმალურად გააქტიურონ  მუშაობა მართლმსაჯულების, როგორც უკვე არსებული ხარვეზების დადგენისა და გამოსწორების, ისე მათი შემდგომი პრევენციის მიმართულებით. მათ შორის, ამ საკითხების გადაწყვეტაში საკონსტიტუციო კონტროლის მექანიზმის გამოყენების შესაძლებლობის თვალსაზრისით. თავის მხრივ, სახალხო დამცველი გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, ამ საკითხებთან დაკავშირებით აქტიურად ითანამშრომლოს როგორც ხელისუფლებასთან, ისე ყველა დაინტერესებულ პირთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი